„სარკე“, მოამზადა თათია ბოჭორიძემ
პომიდორი მთელი წლის განმავლობაში სუფრის უცვლელი წევრია. მიირთმევენ ცოცხალს, მოშუშულს, მწნილის სახით, ამზადებენ ტომატს, საწებელს, კეტჩუპს, წვენს, ხოლო იაპონურ რესტორნებში დაშაქრულსაც მოგართმევენ დესერტად მწვანე ჩაისთან ერთად. ის კულინარიის ფავორიტია.
გაგიკვირდებათ და, პომიდორი კენკრაა, რომელსაც ჩვენ ბოსტნეულს ვუწოდებთ. ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს.
პომიდვრის წითელი ფერი მასში შემავალი ანტიოქსიდანტ ლიკოპენის დამსახურებაა. ამ ძლიერ ანტიოქსიდანტს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას აბრკოლებს. გარდა ამისა, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც ახასიათებს, რადგან ფიტონციდებს შეიცავს.
პომიდორს, როგორც საკვებ პროდუქტს, დიდი ხნის ისტორია არ აქვს. მის სამშობლოდ მექსიკა და პერუ ითვლება, სადაც ის ველურად იზრდება. ველური პომიდორი ნაპოვნია აგრეთვე ვესტინდოეთში, ეკვადორში, ჩილეში, კანარის კუნძულებსა და ფილიპინებზე. ანდების მთიანეთში ამჟამადაც არის გავრცელებული მისი ველური სახეობები. საოცარია, მაგრამ პომიდორი ყოველთვის ისეთი პოპულარული საკვები პროდუქტი არ იყო, როგორიც დღესაა. მას საკმაოდ ცუდი, შხამიანი მცენარის რეპუტაცია ჰქონდა.
1776 წელს ამერიკის პირველ პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონს მადისაღმძვრელი შემწვარი ხორცი მიართვეს, რომელიც უხვად იყო მორთული პომიდვრებით. პრეზიდენტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ გემრიელი წითელი ბოსტნეულით მის მოწამვლას აპირებდნენ.
ვაშინგტონის მოკვლის ასეთი ვერაგი გეგმა მზარეულმა ჯეიმს ბესტლიმ მოიფიქრა. ის აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ პომიდორი კოლონიალისტების არმიის ბელადს აუცილებლად გამოასალმებდა სიცოცხლეს და ამის შესახებ ინგლისის სამეფოს არმიის მთავარსარდალსაც კი მისწერა. სამწუხაროდ, ამ წერილმა ადრესატამდე ვერ ჩააღწია და 40 წელზე მეტი საიდუმლო საცავში იდო. მხოლოდ 1820 წელს გაიგო მსოფლიომ, როგორი მნიშვნელოვანი როლი დააკისრა პომიდორს დივერსანტმა მზარეულმა.
საბედნიეროდ, პომიდორმა ვერ გაამართლა მზარეულის მიერ მასზე დაკისრებული უზარმაზარი “პასუხისმგებლობა” და ამ შემთხვევის შემდეგ პრეზიდენტმა ვაშინგტონმა კიდევ 23 წელი იცოცხლა.
დღეს ეს ისტორია კურიოზად აღიქმება, მაგრამ 200 წლის წინ პომიდორი მართლაც შხამიან, მომწამვლელ ნაყოფად ითვლებოდა. აი, როგორი შეფასება აქვს მას 1774 წელს დანიაში გამოცემულ წიგნში “მებაღეობის სრული სახელმძღვანელო”: “მისი ნაყოფი უზომოდ შხამიანია, რადგან ჭკუიდან გადაჰყავს ყველა, ვინც მას იგემებს”.
პომიდვრის კულტურული ფორმები ევროპაში ამერიკის აღმოჩენის შემდეგ მე-16 საუკუნეში გავრცელდა. ევროპაში ის ესპანელმა კონკისტადორებმა ჩაიტანეს და მას დეკორატიული დატვირთვა ჰქონდა. მე-18 საუკუნეში, როცა ოთახის ყვავილებმა მოქალაქეების გულების მონადირება დაიწყეს, ყველაზე პოპულარული პომიდორი გახლდათ, რომელიც ორანჟერეებში გამოჰყავდათ პატარა ყვითელი ყვავილების გამო.
დრო იცვლება, მაგრამ ადამიანის სურვილი, სახლი სხვადასხვა მცენარით გაალამაზოს, უცვლელი რჩება. ასი წლის წინ ნახავდით ქოთანში ჩარგულ პომიდორს ფანჯრის რაფაზე სხვა ოთახის ყვავილებს შორის. აივნების მორთვის გარდა, ამ მცენარეს ფარმაცევტები წამლების დასამზადებლადაც იყენებდნენ, მაგრამ დადგა დღე, როცა მითი შხამიანი პომიდვრის შესახებ დაიმსხვრა.
ახალმა ხილმა დიდი მოწონება დაიმსახურა და, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მსოფლიო კულინარიაში. დღესდღეობით იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ბოსტნეულია, ფართოდ გამოიყენება ხორცითა და ბოსტნეულით მომზადებულ კერძებში. ძირითადად ხმარობენ კანგაცლილი და დაჭყლეტილი პომიდვრის პიურეს, რომელსაც ზამთრისთვისაც ინახავენ მწვანილთან და სხვა სანელებლებთან ერთად.
მე-17 საუკუნის კულინარიულ წიგნებში გამოჩნდა რეცეპტები, რომელთა შემადგენლობაში პომიდორიც შედიოდა. მას შემდეგ ამ წითელმა ლამაზმანმა მსოფლიო დაიპყრო. რუსეთში ცნობილი გახდა 1780 წლიდან, საქართველოში კი – მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამჟამად პომიდორი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
დღეს მსოფლიოში პომიდვრის საწებლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სახეობაა კეტჩუპი. მისი მოხმარების მხრივ ამერიკას ვერავინ შეედრება. ოჯახების 97%-ის სამზარეულო კეტჩუპის გარეშე წარმოუდგენელია. სიტყვა “კეტჩუპი” ჩინური “კე ტსიაპ”-იდან მოდის, რაც თევზის საწებელს ნიშნავს. ჩინეთიდან ის მალაიზიასა და ინდონეზიაში გავრცელდა, სადაც სახელიც შეიცვალა და გახდა “კეცჰაპ”.
მე-17 საუკუნეში ინგლისელმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს ეს საწებელი და მისი ინგრედიენტები ევროპაში წაიღეს. კეტჩუპი ისტორიულ წყაროებში პირველად 1690 წელსაა მოხსენიებული.
თავად სახელწოდება პომიდორი მოდის მისი იტალიური დასახელებიდან “ომო დ ორო”, რაც იტალიურად ოქროს ვაშლს ნიშნავს, ხოლო აცტეკები ამ მცენარეს “ტომატლს” ანუ მსხვილ კენკრას (ბოტანიკური კლასიფიკაციით, ის არის კიდეც კენკრა) უწოდებდნენ. ძველმექსიკურად კი “ტომატი” ჰქვია.
მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ტომატს პომიდვრის საწებელს ეძახიან, ხოლო თავად ბოსტნეული პომიდვრის სახელითაა ცნობილი. ჩვეულებრივ, პომიდვრის ნაყოფი წითელი ფერისაა, მაგრამ არსებობს ყვითელი და იისფერი ჯიშებიც. პომიდვრის მწიფე ნაყოფი უხვად შეიცავს ცე ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.
პომიდვრის სალათა კორსიკულად
მასალა:
პომიდორი – 6 ცალი.
ხახვი – 2 თავი.
ნიორი – 4 კბილი.
ზეთი – 4 ს.კ.
კაპერსი – 3 ს.კ.
ზეთისხილი – 10 ცალი.
თხის ყველი, ოხრახუში, პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: პომიდორი გარეცხეთ, მოაჭერით თავი, რგოლებად დაჭერით და ლანგარზე მოაწყვეთ. ცალკე ჯამში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, აკეპილი ოხრახუში, კაპერსი, შუაზე გაჭრილი ზეთისხილი, შეაზავეთ მარილით, პილპილით, მოასხით ზეთი და აურიეთ. შემდეგ ეს მასა პომიდორზე გადაანაწილეთ და ზემოდან თხის ყველის კუბიკებით მორთეთ.
…
პომიდორი ნივრით
მასალა:
პომიდორი – 800 გ.
ნიორი – 4 კბილი.
მზესუმზირის ზეთი – 20 გ.
მარილი – გემოვნებით.
მომზადება: პომიდორი გარეცხეთ, მოაჭერით თავი და წვრილ ზოლებად დაჭერით. დააწყვეთ ლანგარზე.
ნიორი დანაყეთ, გადაიტანეთ ჯამში, მოასხით ზეთი, შეაზავეთ მარილით, მოურიეთ და ეს მასა პომიდვრებს გადაუსვით.

