კირა ანდრონიკაშვილი: „თამარის გარდაცვალება უცნაურად გავიგეთ, სიზმარი ვნახე..“

კირა ანდრონიკაშვილი: „თამარის გარდაცვალება უცნაურად გავიგეთ, სიზმარი ვნახე..“„სარკე“, ლიკა ოსაძე

მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი „სარკესთან“ ყვება დედის მამიდაზე, რომლის ბედიც საქართველოს ბედს ტრაგიკულად გადაეჯაჭვა:

_ დედაჩემის მამიდა, თიკო ჯორჯაძე, 1924 წელს იძულებული გახდა, საფრანგეთში წასულიყო. მას ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. საფრანგეთში რომ მიდიოდა, 16 წლის ძმამ, გოგი ჯორჯაძემ, ანუ დედაჩემის მამამ, გააცილა. თბილისიდან ჯერ ბათუმში ჩავიდა, მერე _ სტამბოლში, იქიდან პარიზში გადავიდა. ბათუმში რომ მიდიოდა, თიკომ  მატარებლიდან დაუძახა ძმას, სახლში დამრჩა ის სამკაული, პარიზში რომ უნდა გავყიდოო. გოგი ფეხით გამოიქცა სახლში, ის სამკაული მოძებნა და მატარებელს მიუსწრო, ფანჯრიდან მიაწოდა სამკაული.

თიკო ჯორჯაძეს ერთი შვილი ჰყავდა _ ნინო და გემზე ტიფით გარდაეცვალა. წარმოიდგინეთ, როგორი ტრაგიკული ბედი ჰქონდა. ჯერ ოჯახი მიატოვა, მერე გზაში ერთადერთი შვილი დაეღუპა.

მამიდაჩემი, თამარი, საფრანგეთში გათხოვდა, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. მერე მეუღლემ უღალატა და ერთმანეთს გაშორდნენ. ერთი პერიოდი თამარს ნოსტალგია მძიმე ფორმით დაემართა და მკურნალობდა. მერე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო სახლში დააბინავეს, რომელსაც „ტოლსტოის სახლი“ ერქვა. თამარი მამიდა ძალიან უბედური ქალი იყო. პოლიტიკური სიტუაცია ცოტა რომ დათბა, წერილებს ვწერდით. საფრანგეთიდან ვინც ჩამოდიოდა, თამარი ჩვენთან ყველას ატანდა წერილებს… დედას უნდოდა, ჩამოგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა.

თამარის გარდაცვალება უცნაურად გავიგეთ. სიზმარი ვნახე, ვითომ ოთახის შუაში სასახლე იდგა და შიგ ლამაზი ქალბატონი ესვენა, რომელსაც მარგალიტის მძივი ეკეთა. მე ამ მიცვალებულს  ვუვლიდი, თან ვფიქრობდი, ნეტავ, ვინ არის, ასე რომ ვუვლი, მაგრამ არ ვიცნობ-მეთქი. რომ გავიღვიძე, თამარის გარდაცვალება გავიგეთ. ასე გამაგებინა თავისი ამქვეყნიდან წასვლა. სამივე მამიდა ულამაზესი მყავდა, მაგრამ ყველას ტრაგიკული ბედი ჰქონდა…

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“