ირაკლი ლომაია: ,,94 წლის გავხდი და უკვე 145-ზე მეტი ქვეყანა ვნახეო”

ირაკლი ლომაია: ,,94 წლის გავხდი და უკვე 145-ზე მეტი ქვეყანა ვნახეო"უცხოეთში მცხოვრები ირაკლი ლომაია წერს 94 წლის ქალზე, რომელსაც შემთხვევით შეხვდა და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
,,ეს ქალბატონო გავიცანი გემზე. იმდენად აქტიური და ენერგიული იყო, ერთი კვირა არ გაჩერებულა, ყოველ ღამე დისკოთეკაზე ძიგძიგებდა. თან ისეთი თბილი და საყვარელი ქალი იყო, აი, ძალიან პოზიტიური.
დილით ჩამოვედი სან დიეგოში, გავიხედე და ეს ქალიც იმ ,,მარშუტკაში” არ გაიჩითა, სადაც მე ვიჯექი პორტოდან, რომელსაც ქალაქში უნდა გავეყვანე? დამინახა თუ არა, ძალიან გაუხარდა და უმალ ჩამეხუტა, რასაკვირველია, მეც გამიხარდა მისი დანახვა.
მერე გზაზე ბევრი ვიჭორავეთ და ბოლოს მეუბნება, მთელი ცხოვრება ვმოგზაურობ, ჩემი ჰობიაო. მეც ვგიჟდები მოგზაურობაზე და წანწალზე-მეთქი. ჰოდა, მირჩია, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ რაც შეიძლება ბევრი იმოგზაურეო და როგორ ფიქრობ, რამდენი წლის ვიქნებიო.
ვიფიქრე, გული არ ვატკინო და დიდი ასაკი არ ვუთხრა-მეთქი და ვეუბნები,  დაახლოებით 70 წელს შემოგკადრებთ-მეთქი და უცებ ქალი შემომობრინდა და მეუბნება, 94 წლის გავხდი გემზე გუშინწინ. მსოფლიოს 145- ზე მეტი ქვეყანა ვნახე უკვე და კიდევ არ ვაპირებ გაჩერებას. სხვათა შორის, 10 წლის წინ შენს ქვეყანაშიც ვარ ნამყოფი, თბილისში. კრუიზით კი ზუსტად 76-ჯერ შემოვიარე მსოფლიოს ქვეყნებიო. წელს კიდევ ერთი კრუიზი მაქვს და მომავალ წელს 7 კრუიზიო.
ა, ქალი! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ამას ჰქვია, ცხოვრება გენაცვალე და აქ თქვენ ზოგიერთები რომ აკომენტარებთ, ასაკი არ მიწყობს ხელს, რომ ვიმოგზაუროო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით! პირიქით, ასაკში იწყებენ კრუიზით მოგზაურობას და სწორედ ასაკშია ის ,,საკრუიზო ბარხატნი სეზონი”,  როდესაც პენსიაზე გასული იწყებ სიამოვნების მიღებას და იხანგრძლივებ მოგზაურობით ბედნიერ ცხოვრებას…”.