მოულოდნელი დიაგნოზი და საბედისწერო მეორე ოპერაცია – როგორი იყო თემურ ჩხეიძის უკანასკნელი დღეები

მოულოდნელი დიაგნოზი და საბედისწერო მეორე ოპერაცია - როგორი იყო თემურ ჩხეიძის უკანასკნელი დღეები,,სარკე”, ია ქუთათელაძე

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე, არა მარტო უმაღლესი პროფესიონალიზმით იყო გამოჩენილი, არამედ საუკეთესო ადამიანური თვისებებით, ინტელექტით, კეთილშობილებით. ცხოვრების გზა სიცოცხლის ბოლო წუთამდე შემოქმედებითი ძიებით, ახალგაზრდებთან მუშაობით და შესანიშნავი შედევრების შექმნით განვლო.

მისი გარდაცვალება მძიმე დარტყმა იყო ქართული კულტურისთვის და მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის. დიდი კულტურის და დიდი ადამიანობის უკანასაკნელი მოჰიკანი წავიდა – ასე გამოეხმაურა ქართველი ხალხი საყვარელი რეჟისორის გარდაცვალებას.

ჟურნალი ,,სარკე” ესაუბრა თემურ ჩხეიძის ქალიშვილს, მსახიობ ეკა ჩხეიძეს, რომელიც მამასთან ურთიერთობასა და სიცოცხლის ბოლო დღეებზე მოგვითხრობს.

– ქალბატონო ეკა, ბატონი თემურის ბოლო ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიის ,,პირველი არხით” გავიდა. შესანიშნავ ფორმაში იყო, ჩვეული იუმორით, ძალზედ საინტერესოდ საუბრობდა. რა გახდა მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი?

– მამა თავს ჩვეულებრივად გრძნობდა, არაფერი საგანგაშო არ შეგვინიშნავს. მორიგი რეპეტიციის დამთავრების შემდეგ მანქანით სახლში ბრუნდებოდა, მოულოდნელად ხელების დაბუჟება იგრძნო, მანქანა გადააყენა და დარეკა. მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ანევრიზმა აორტაზე.

ასეთი ოპერაციის გაკეთება სარისკოა, ქართველი ექიმები ვერც აიღებდნენ საკუთარ თავზე. დაემთხვა ისე, რომ ანზორ მელიას კლინიკაში მოწვევით ჩამოსული იყო ავსტრიელი ქირურგი, რომელმაც ეს ოპერაცია გააკეთა. როცა გაჭრეს, გაირკვა, რომ შუნტირებაც სასწრაფოდ სჭირდებოდა. ურთულესი პროცესი 8 საათს გაგრძელდა.

ექიმი თავადაც განცვიფრებული იყო, რომ ასეთი ზომის ანევრიზმა არ გასკდა. თქვა, ღმერთს ჰყვარებია, აქამდე ინფარქტი რომ არ განუვითარდაო, ანუ თავად ძალიან კმაყოფილი იყო, იმდენად წარმატებით გაკეთდა ოპერაცია. ჩვენც იმედიანად ვიყავით. პოსტოპერაციულ პერიოდში, ორი კვირის თავზე, მდგომარეობა დამძიმდა, დაეწყო სისხლდენა, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, რაც ვეღარ გადაიტანა.

– ამ ორი კვირის განმავლობაში გქონდათ საშუალება მისი ნახვის, შეეძლო თქვენთან საუბარი?

– მოგეხსენებათ, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო, ვნახულობდით, მაგრამ ძირითადად გათიშული იყო, უფრო სწორად, ხელოვნურად აძინებდნენ, რომ ტკივილებს არ შეეწუხებინა, ამიტომ მასთან საუბრის საშუალება არ მოგვეცა.

– ყველა მსახიობი ოცნებობდა, ემუშავა ბატონ თემურთან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა აზრი მისი სიმკაცრის შესახებ, განსაკუთრებით ოჯახის წევრი მსახიობების მიმართ. თქვენ რამდენად ხშირად იყავით მისი სპექტაკლების მონაწილე?

– მამა არ იყო მკაცრი, იყო მომთხოვნი და ეს სამართლიანია. ოჯახის წევრებთან კიდევ უფრო მომთხოვნი იყო იმიტომ, რომ თუ ნათესავებთან დაუშვებ შეღავათებს, შემდეგ სხვას ვერ მოსთხოვ, დაემორჩილოს შენს მითითებებს.

ნამდვილად იყო ასეთი შემთხვევა, როცა ბებიაჩემს, მედეა ჩახავას, კარი დაუკეტა. იცოდა, რომ მედეა როლს ბრწყინვალედ შეასრულებდა, მაგრამ დაიგვიანა რეპეტიციაზე და ამის გამო მოხსნა როლიდან. მის ოთხ სპექტაკლში ვიმუშავე, პანდემიამდე კიდევ ერთ სპექტაკლზე გვქონდა დაწყებული მუშაობა. დეკორაციებიც გაკეთებული იყო მხატვარ გოგი მესხიშვილის მიერ, მაგრამ მოგვისწრო პანდემიამ და გავჩერდით, შემდეგ კი ვეღარ გაგრძელდა. სამწუხაროა, თორემ კიდევ ერთხელ შედგებოდა ჩვენი ერთობლივი სპექტაკლი.

თქვენ მიამბეთ ერთხელ, მამამ მითხრა, შენ ჩხეიძე ხარ და ის, რაც სხვას ეპატიება, შენ არ გეპატიებაო. ალბათ ყოველთვის გახსენებთ თავს ეს სიტყვები.

– დიახ, ასე იყო, მითხრა, ყველაფერი, რასაც იმსახურებ, რაც გიწერია, აუცილებლად მოვა, წარმატებაც იქნება თავის დროზე, შეიძლება რთული გზა გქონდეს გასავლელი, შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ არ იჩქარო, ჩხეიძე ხარ და მიზნის მისაღწევად ყველაფრის კადრება არ შეიძლებაო. ამაში იგულისხმა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მიზნის მისაღწევად ბევრ რამეს კადრულობენ, არ შეიძლება სხვას გადაუარო, ჯობია, იყო ჰუმანური, გულწრფელი. მიუღებელი მეთოდებით ბრძოლა მამაჩემისთვის უცხო იყო და ამას მასწავლიდა მეც.

ალბათ ამასვე ასწავლიდა თავის სტუდენტებს.

მის ლექციებს არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, როგორი მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა ახალგაზრდებთან. მათაც ძალიან უყვარდათ, მოსწონდათ, უხაროდათ მასთან ურთიერთობა. ისე დაიტირეს მისმა სტუდენტებმა, ჩვენთვის მათი გულწრფელი ცრემლი ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.

– ხელოვან მშობლებს ხშირად არ უნდათ, შვილი იმავე გზას დაადგეს. ხომ არ გქონიათ წინააღმდეგობა ბატონი თემურის მხრიდან, როცა მსახიობობა გადაწყვიტეთ?

– პირიქით, მამის რჩევით გადავწყვიტე მსახიობობა. მე კატეგორიულად არ მინდოდა, ვფიქრობდი, რატომ ვაკეთო იგივე, რასაც მთელი ოჯახი აკეთებს-მეთქი. უფრო ხელოვნებათმცოდნე მინდოდა გამოვსულიყავი, მხატვრობის განხრით. თემურმა საუბრებით, შეგონებით დამიყოლია, მაძლევდა წიგნებს წასაკითხად, დავყავდი სპექტაკლებზე. მოკლედ, პირდაპირ და დაჟინებით არ მთხოვდა, მაგრამ თავისი ქცევით მიბიძგა ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ. იმანაც იქონია გავლენა, რომ იმ წელს მიხეილ თუმანიშვილს აჰყავდა ჯგუფი. თუმანიშვილი კი მამისთვის ნომერი პირველი რეჟისორი და პედაგოგი იყო.

– ახლა, წლების გასვლის შემდეგ, ხომ არ ნანობთ, რომ მსახიობი გახდით?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პროფესიაა, დამოკიდებული ხარ რეჟისორებზე, პარტნიორებზე, თან მეც არ ვარ მებრძოლი, თუ კარს არ მიღებენ, იმ კარზე არ ვაკაკუნებ, ამიტომ რაოდენობრივად როლების მხრივ შეიძლება წავაგე, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. არ მაქვს ის თვისება, რაც ამ პროფესიას სჭირდება, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას გავჩნდე, ვიღაცას თავიც უნდა შესთავაზო, ვიღაცას სთხოვო, ვიღაცას მოსთხოვო, ვიღაცას თავზე გადაუარო.

ჩემს თავთან მართალი ვარ, რადგან როგორც მამამ მითხრა, ჩხეიძე ხარ და არ გეკადრებაო, ამ პრინციპით ვცხოვრობ დღემდე. იმიტომ, რომ დავითმინე, ვიღაცას დავუთმე, ვიღაც გავატარე, რაღაც არ ვიკადრე, მომერიდა, შემრცხვა, თავმდაბალი ვიყავი, უამრავი როლი არ არის ჩემ უკან, მაგრამ დღეს ეს პროფესია ჩემთვის შეუცვლელია და ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება ვყოფილიყავი მსახიობის გარდა.

– სატელევიზიო გადაცემის წამყვანი იყავით, რომელიც  დაიხურა. ნამდვილად უხდებოდით ეკრანს და ზოგადად ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებით.

– ვფიქრობ, რომ ქალი, მით უმეტეს, თუ საჯარო პირია, რომელიც ხან ეკრანზეა და ხან სცენაზე, ვალდებულია, იყოს ფორმაში, მოწესრიგებული და შეძლებისდაგვარად კარგად გამოიყურებოდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მუდმივად გაპრანჭვას კი არ ვგულისხმობ, არამდე თავის მოვლას.

როცა გცნობენ, არ გაქვს უფლება, მოეშვა. ხალხს არ აინტერესებს, შენ რა განწყობაზე ხარ – სევდიანი, გაბრაზებული თუ გახარებული. როგორც სპექტაკლის წინ ყველა შენი განცდა უნდა დატოვო სახლში და მთლიანად სპექტაკლმა დაიპყროს შენი გონება, ასევეა შენი გარეგნობაც. როცა გარეთ გამოხვალ, პატივი უნდა სცე საზოგადოებას. თუნდაც მაღაზიაში შედიოდე, იქ გამყიდველი გიცნობს, მოლარე გაგიღიმებს, შენი მაყურებელი შეგხვდება.

პანდემიის დროსაც ნიღბის ქვეშ პომადას ვისვამდი. მართალია, არ ჩანდა შეღებილი ტუჩები, მაგრამ თავად მე სიამოვნებას მანიჭებდა.

– ხშირად აღნიშნავენ, რომ თქვენს ცნობილ ბებიას, კინოსა და თეატრის ვარსკვლავ მედეა ჩახავას ჰგავხართ. პიროვნული თვისებებიდან რა გადმოგეცათ მისგან?

– ბევრი მამსგავსებს. მართალი რომ გითხრათ, მე დიდად ვერ ვპოულობ მსგავსებას, ალბათ რაღაც საერთო შტრიხები არის იერში. მედიკო ყველგან აგვიანებდა, მე არ მიყვარს დაგვიანება. ერთი, რაშიც ძალიან მინდა, ვგავდე და ამას  ვცდილობ, ის არის, რომ უზომოდ მიმტევებელი იყო. რაიმე წყენის ან კონფლიქტის დროს არ ბრაზობდა იმ ადამიანზე. ამბობდა, ეგღა მაკლია, ახლა თავი დავიბერო, ზედმეტი ჭაღარა მომემატოსო. საერთოდ არ იმახსოვრებდა საწყენს, უბრალოდ დისტანციას გაზრდიდა.

მე იოლად ვბრაზდები, იოლად მწყინს ყველაფერი, მერე ძალიან ვნერვიულობ, დიდხანს ვფიქრობ, ჩემს თავში ვეძებ მიზეზს, თუ რატომ მოხდა ასე. ამ დროს ვიხსენებ მედიკოს და ვატყობ, ნელ-ნელა ვემსგავსები, რადგან არასდროს არავისთვის სამაგიერო არ გადამიხდია. ღმერთმა დამიფაროს, გულში ბოღმა ჩავიტოვო.

– თქვენ პირველი შვილიშვილი იყავით, ალბათ განსაკუთრებით განებივრებდათ.

– ვიყავი პირველი შვილიშვილი, მაგრამ მალე გავიზარდე, რადგან შემდეგ სხვა პატარა დაიბადა, შემდეგ -სხვა და უკვე მათ ეფერებოდნენ, მე კი ამაზე ვეჭვიანობდი.

– ბატონი თემური წლები მუშაობდა პეტერბურგში. იქ თუ გაიგეს რეჟისორის გარდაცვალება და რა ფორმით გამოხატეს სამძიმარი?

– გაიგეს და ძალიან განიცადეს, რადგან დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. მთელმა პეტერბურგმა და რუსმა თეატრალურმა საზოგადოებამ უამრავი სამძიმრის დეპეშა გამოგზავნა. დღემდე არ წყდება სატელეფონო ზარები, ჩამოსულებიც იყვნენ, რეჟისორ კირილ ლავროვის ქალიშვილი, მაშა ლავროვა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, ბევრი სხვაც. ნამდვილად ვიცი, რომ მამა ძალიან უყვარდა ყველას.