,,სარკე”, ია ქუთათელაძე
31 წლის ნიჭიერი მომღერალი, ლევან კბილაშვილი, მოულოდნელად გარდაიცვალა სამშობლოსგან შორს, საზღვარგარეთ, სადაც თავის მუსიკალურ კარიერას ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის ფასად აშენებდა. მას ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კარგად იცნობდნენ, საკუთარ ბენდთან ერთად საკონცერტო ტურნეებს მართავდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
პირველად მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” გამოჩნდა და ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრი, მარინა ბერიძე, მაშინვე მოხიბლა შეუდარებლად ლამაზი ხმით, შესრულების მანერით და გულწრფელობით. მერე მძიმე ავარიის გამო კონკურსს გამოეთიშა. მაშინ გაუმართლა, მედიკოსებმა, რომ იტყვიან, წვეთ-წვეთად შეაგროვეს მისი სიცოცხლის ნამსხვრევები და ფეხზე დააყენეს. მომავალ წელს კი “ჯეოსტარის” ორგანიზატორებმა თავად მიიწვიეს კონკურსში, სადაც მარიტა როხვაძესთან ერთად ფინალში გავიდა. იმ წელს მარიტა გახდა გამარჯვებული, ლევანი გულით იზიარებდა კონკურსის დროს დამეგობრებული გოგონას სიხარულს.
პროფესიის არჩევის დროს ოჯახური ტრადიცია გააგრძელა, იურისტი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, მაგრამ რაღაც აკლდა, სულს უხუთავდა, თავის თავს ეძებდა. სიმღერის გარეშე სუნთქვა არ შემიძლიაო, უთხრა მშობლებს და სამსახური დატოვა.
უცხოურ ,,ვოისში” მონაწილეობა გახდა დიდი გზის დასაწყისი. ბევრს შრომობდა, უძლებდა მარტოობას. ოჯახის, მეგობრების, სამშობლოს მონატრებას, სიხარულს, სევდას, ტკივილს, ემოციებს სიმღერაში აქსოვდა. სწორედ ამიტომ იყო მისი სიმღერა ასეთი ახლობელი, მიმზიდველი, ამაღელვებელი მსმენელისთვის, თითოეულს საკუთარ ისტორიას ახსენებდა, სანუკვარ მოგონებებს უღვიძებდა, ლამაზ მომავალზე ოცნებას ფრთებს ასხამდა.
პარალელურად ქართულ რეპერტუარზე მუშაობდა. როგორც კი დროს იპოვიდა, საქართველოში ჩამოდიოდა, მეგობარ მუსიკოსებთან ერთად ათენებდა და აღამებდა, ძველ, გემრიელ ქართულ სიმღერებს თავისებური, განუმეორებელი ინტერპრეტაციით ასრულებდა, თავადაც ტკბებოდა და მსმენელსაც ატკბობდა.
,,სარკე” ესაუბრა ადამიანებს, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ, მეგობრობდნენ ლევან კბილაშვილთან. მათ უდიდესი გულისტკივილით გაიხსენეს მომღერალი, რომლის სიცოცხლე მის სიმღერებში გაგრძელდება და არასდროს დაავიწყდება ქართველ მსმენელს.
მარინა ბერიძე, მუსიკოსი, პროდიუსერი: ლევანი იყო ძალიან სუფთა და გულწრფელი ადამიანი, მსგავსი ნამდვილად არავინ შემხვედრია ცხოვრებაში. აბსოლუტურად გამორჩეული ნიჭიერებით. როგორც კი მოვისმინეთ, იმ წამს ავიყვანეთ “ჯეოსტარში”. შემდეგ მოხვდა საშინელ ავტოკატასტროფაში და გამოეთიშა კონკურსს. მეორე წელს დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ მოუთმენლად ველოდებოდით. ყველას უყვარდა.
ჩემზე გავრცელებული ხმები, რომ ძალიან მკაცრი ვიყავი და ყველას ვერჩოდი, მითი იყო. კონკურსანტებს მხოლოდ იმიტომ ვაკრიტიკებდი, მინდოდა, შედეგი მიმეღო. ლევანი ითვალისწინებდა შენიშვნებს, ტურიდან ტურამდე იზრდებოდა, დამსახურებულად მიდიოდა გამარჯვებისკენ. ის და მარიტა როხვაძე გამორჩეულები იყვნენ. ფინალში ორივე ძლიერი იყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შემოსული ზარების მიხედვით ვიღებდით. მარიტას პირველმა ლევანმა მიულოცა, შურის ნატამალი არ გააჩნდა. შემდეგ ძალიან ბევრი შეძლო, ბევრი იმუშავა.
კონკურსის განმავლობაში ერთი საწინააღმდეგო სიტყვა არ მახსოვს მისგან, გარდა ორი სუფთა თვალისა და უზარმაზარი ნიჭისა. მორიდებულიც იყო. სულ ვეჩხუბებოდი, მეტი გამოიტანე სცენაზე, მეტი სითამამე გქონდეს, ნუ მიყურებ ბოჩოლას თვალებით, ძლიერი ძარღვი ჩადე სიმღერაში-მეთქი. ჰოდა, ისეთი ძარღვი გაუჩნდა, ხმას ამოიღებდა და დაგაჟრიალებდა, საუკეთესო მომღერალი დადგა!
ის ჟანრი, რომელსაც მღეროდა, უდიდესი გემოვნებით აავსო. როგორი გაცვეთილი სიმღერაც უნდა აეღო, ისეთი სიმართლით მღეროდა, მაშინვე ხარისხიანი ხდებოდა. უდიდესი დანაკლისია როგორც ადამიანური, ისე მუსიკალური თვალსაზრისით.
გიორგი ცხვარიაშვილი, მომღერალი: ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ერთად დავდიოდით რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში. იქიდან მოყოლებული დღემდე განუყრელად ერთად ვიყავით. მხიარული, კეთილი, გულიანი, როგორც მღეროდა, ისეთივე დიდი გულის იყო. ჯერ ჩემი გულშემატკივარი გახლდათ “ჯეოსტარში”, შემდეგ მე ვიყავი მისი. ერთად გამოვდიოდით კონცერტებზე.
საქართველოდან როცა წავიდა და კარიერის აწყობა დაიწყო, მუდმივი სატელეფონო კავშირი გვქონდა. დიდხანს ვერ ძლებდა, ხშირად ჩამოდიოდა, სულ გზაში იყო. ბოლოს 12 ივნისს ვესაუბრე, დაბადების დღე მივულოცე. მალე უნდა ჩამოსულიყო, დიდი გეგმები გვქონდა საზაფხულო კონცერტების. კოვიდის შემდეგ ფეხი აწუხებდა. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა რომ ჰქონოდა, აუცილებლად მეცოდინებოდა… რა გითხრათ, თავზარდაცემული ვარ, საუბარი მიჭირს. ვისთანაც ლევანს შეხება ჰქონია, ყველა ჩემს მდგომარეობაშია.
დათო ლონდარიძე, მუსიკოსი: მე და ლევანმა 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი “ჯეოსტარში”. ერთი წელი დიდი ურთიერთობა არ გვქონია, ერთი წლის შემდეგ საერთო მეგობრებთან მოვხვდით სუფრასთან. იქ ერთ ჯგუფს უთქვამს ჩემზე, მაგარი მუსიკოსი უნდა მოვიყვანოთო. მეორე ჯგუფს კი, ნეტავ, ვინ არის, ჩვენ უფრო მაგარს ვიცნობთ და იმას მოვიყვანთო. მათ ლევანი მოიყვანეს. ასე შევხვდით ერთმანეთს, ჩავეხუტეთ, ვიმღერეთ. მერე დავტოვეთ სუფრა, წავედით და მთელი ღამე საუბარში გავათენეთ.
ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა აღარ გაწყვეტილა. ზუსტად მაგ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, მეუბნებოდა, დათო, სიმღერა მენატრებაო. ბოლოს წამოვიდა, ჯგუფი გავაკეთეთ და ახალ-ახალ სიმღერებს ვქმნიდით.
ამას დაემთხვა ერთი გოგონას გაცნობა, რომელიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. მათ შორის რომანი გაჩაღდა და ერთობლივად გადაწყვიტეს, უცხოურ “ვოისში” მიეღო მონაწილეობა. დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა გამოსვლამ. იმ ქვეყანაში 6 წელი დაჰყო, ამასობაში იმ გოგონას გაშორდა.
უნდოდა, განსხვავებული ყოფილიყო. ზოდიაქოთი ტყუპები იყო, ამიტომ გაორება სჩვეოდა, ხშირად ორჭოფობდა. ერთი მხრივ, ძალიან ჩამოყალიბებული იყო, მეორე მხრივ – დაბნეული. სულ რჩევას მეკითხებოდა. მაინც ახერხებდა, სწორი გზით ევლო. დიდ წარმატებას შრომის ფასად მიაღწია. ძალიან დაფასებული იყო, დარბაზებს ავსებდა. საუკეთესო ბენდი ჩამოაყალიბა, ალბომიც ჩაწერა, რომელიც მალე მივა მსმენელამდე.
უყვარდა საქართველო, სულ აქეთ მოუწევდა გული. მეგობრების კაცი იყო, მშობლების, ნათესავების პატივისმცემელი. რამდენიმე ხნის წინ თავისი ნათესავის დაბადების დღეზე ბენდთან ერთად ჩამოვიდა და ყვარელში კონცერტი ჩაუტარა. ეს მშობლებისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო.
მისი რეპერტუარის უმეტესობა ერთად გვაქვს გაკეთებული. წინასწარ არასდროს გავდიოდით რეპეტიციებს. ვახშამზე, სუფრასთან ან სულაც ქუჩაში ერთად ყოფნის დროს უცებ მოგვივიდოდა იდეა, ერთმანეთს ვავსებდით. ისე ჩაახვევდა სიმღერას, გაგაოცებდა. მამუკა ჩარკვიანმა გვაჩუქა თავისი სიმღერა “სატრფიალო”. ჩემი მუსიკალური ვერსიით ვასრულებდით. ბევრს უნდოდა ამ ვერსიის მღერა, მაგრამ ვამბობდი, არავის გამოუვა ასე, რადგან ეს არის ჩემი და ლევანის მეგობრობის ისტორია-მეთქი.
მას თავისი ნიშა ნაპოვნი ჰქონდა. სამწუხაროდ, ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. ბოლო დროს სულ ფიქრობდა, არჩევანში იყო. უნდოდა, ოჯახი გაეხარებინა, რაღაც ვერ მოაბა თავი, ვერ დაკონკრეტდა.
თავს არ ზოგავდა, უზომოდ ბევრს შრომობდა. სულ კონცერტები ჰქონდა, ღამეები არ ეძინა. გადაიღალა. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდა. ამ ზაფხულისთვის უამრავი რამ გვქონდა დაგეგმილი. ბრეგოვიჩის კონცერტის დასაწყისში ჩვენი გამოსვლა უნდა ყოფილიყო.
ბოლოს თებერვალში იყო ჩამოსული. წასვლამდე ტაძარში მისულა, მამა შალვასთვის აღსარება ჩაუბა-რებია. ბოლო დღეს კონცერტი ჰქონდა, გვიან წასულა სახლში, დავიღალეო, უთქვამს. დილით პროდიუსერმა დაურეკა, არ უპასუხა, მერე, დიდხანს რომ არ გასცა პასუხი, მისულა მის საცხოვრებელ სახლში. მას ჰქონდა ლევანის ბინის გასაღები, მაგრამ კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. სერიოზულად შეშფოთებულმა კარი შეანგრია და გარდაცვლილი დახვდა.
ლევანი მოსკოვში ქართულ ეკლესიაში გალობდა, ამიტომ მთელი ქართული ემიგრაცია კარგად იცნობდა და აფასებდა. იმავე ტაძრიდან გამოასვენეს და თბილისში ტაშით და ცრემლით გამოაცილა ქართველობამ ჩემი მეგობარი. ყველანი განადგურებულები ვართ.
მარიტა როხვაძე, მომღერალი: ლევანი და მე ერთად გავედით “ჯეოსტარის” ფინალში. მისგან ერთი წუთითაც არ მიგრძვნია ქიშპობა, ჯიბრი, სულ მამხნევებდა, მხარს მიჭერდა. იმდენად გახარებული იყო ჩემი გამარჯვებით, ისეთი გულით მილოცავდა, თითქოს მას მოეგოს ეს კონკურსი.
განსაკუთრებით ნიჭიერი იყო, გასაოცარი ხმა ჰქონდა, უფრო გასაოცარი – გული, უანგარო მეგობრობა იცოდა. დასაყრდენი ადამიანი იყო, ვერც კი ვიჯერებ, რომ წარსულ დროში ვახსენებ. ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს იმ მწუხარებას, რასაც განვიცდი.
მერიკო კარტოზია, ტელეპროექტის “სიკეთე მარტივია” წამყვანი და ავტორი: ბოლო ინტერვიუ ჩემს გადაცემაში შედგა. ლევანი ხელჯოხით მოვიდა, ფეხი ძალიან აწუხებდა. კოვიდი რამდენჯერმე გადაიტანა, მენჯის ძვლის პრობლემები ჰქონდა, ეშლებოდა, საოპერაციო იყო, რაც დატვირთული გრაფიკის გამო რამდენჯერმე გადადო. სტუდიაში ხელჯოხი არ შემოიტანა, ჩემს მაყურებელს ჯოხით ნამდვილად არ დავენახვებიო.
ასეთ ადამიანს ბევრს არ ვიცნობდი, ძალიან თავმდაბალი, მორიდებული იყო, მიუხედავად პოპულარობისა და სიმაღლეზე ყოფნისა. ვარსკვლავები, ბრეგოვიჩი, კუშტურიცა, დიდი მომღერლები იცნობდნენ, პატივს სცემდნენ.
ინტერვიუში ამბობდა, ზოგჯერ ისე ვიღლები, მინდა, დავტოვო ყველაფერი და ჩამოვიდე, ისევ სიმღერის სიყვარული და უფლის რწმენა მაძლიერებს. როგორც კი სამშობლოში ჩამოვდივარ, მონასტერში მივდივარ, იქ უფალს ვესაუბრები, ახალი ენერგიით ვივსები, ისევ ვბრუნდები და კვლავ ჩემს საქმეს ვაკეთებო.
ნამდვილად არ არის ადვილი, უცხო მიწაზე ნულიდან დაიწყო და იმდენს მიაღწიო, უზარმაზარი არმია გაიჩინო შენი ხელოვნების მოყვარულებისა. არა მარტო იქაური ქართველები, არამედ სომხები, აზერბაიჯანელები, შუააზიელები, კავკასიელები, რუსები უსმენდნენ მის სიმღერებს. ბევრი აამღერა ქართულად. ამის მიღმა გათენებული ღამეები იყო, ძიება, ფიქრი, შრომა, გულისტკენა, ხელისშეშლაც. ამბობდა, როცა ისეთ წინააღმდეგობას წავაწყდები, მგონია, საშველი აღარ არის, უცებ განათდება, შემხვდება ადამიანი, ვინც ხელს გამომიწოდებს, საცალფეხო ხიდს გადამატარებს და სამშვიდობოზე გამიყვანსო.
ცნობილ მომღერალ ლუბა უსპენსკაიასთან მეგობრობდა. ლუბას დაბადების დღეზე მოხვედრილა, იქ უმღერა იუბილარს, რომელიც ისე მოიხიბლა მისი ხმით, შესრულებით, გალანატურობით, ვაჟკაცურობით, მაშინვე დაუმეგობრდა. მასთან ერთად დუეტი ჩაწერა, პატარა ძმას ეძახდა და მის გარდაცვალებას სულისშემძვრელი პოსტიც მიუძღვნა.
ინტერვიუს ჩაწერის შემდეგაც რამდენჯერმე ვნახე. პირად საუბრებში ძალიან სევდიანი იყო. მეგონა, ფეხის ტკივილის გამო იყო ასე. ეტყობა, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა. ამბობდა, სულ საქართველო მენატრება, ქართული ურთიერთობები, ჩემი ოჯახი, მიუხედავად უამრავი ნაცნობისა, კოლეგისა, იქ თავს მარტო ვგრძნობ, ზოგჯერ ისე გადის დღე, ტელეფონიც არ დარეკავს. ყველაზე ბედნიერი ვარ, დედაჩემის ნომერს რომ ვხედავ, დედის ხმა ყველა წუხილს ფანტავს, დედის ხმის გაგონებისთვის ღირს ცხოვრებაო.
თავის თავს კონკიას ადარებდა, ჩემს ცხოვრებაში კონკიას ისტორია განმეორდაო. უპატრონოდ ჩავედი უცნობი ბიჭი უცხო ქვეყანაში და ზღაპარი ამიხდაო. მართლაც ასე იყო. იყო ერთი ლამაზი, ერთგული, ნიჭიერი, მშრომელი, თბილი, კეთილი ბიჭი, გაიზარდა, შეუსრულდა ოცნებები, გახდა უფლისწული, აღიარა, შეიყვარა ყველამ და უცებ – იყო და არა იყო რა…