იულონ გაგოშიძე: ,,მე და ჩემი მეუღლე 4 წელი დევნილობაში ვიყავით”

იულონ გაგოშიძე: ,,მე და ჩემი მეუღლე 4 წელი დევნილობაში ვიყავით",,სარკე”

,,1991 წლის თებერვლის დასაწყისში დამიბარა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ (ჯერ პრეზიდენტად არ იყო არჩეული) და, ჩემდა გასაოცრად, შემომთავაზა მცხეთის პრეფექტობა. დამარწმუნა, რომ ეს საჭირო იყო საქართველოსათვის და მეც დავთანხმდი, მხოლოდ ერთი პირობით – ვთხოვე, რომ ჩვენ შორის არასდროს ჩამდგარიყო მესამე პირი. ეს შეთანხმება არც ერთხელ დარღვეულა… მთავრობის დამხობის შემდეგ ვინც ჩემი ადგილი დაიკავა, მან ჩემი სავარძელი ავტომატით დაცხრილა. მე და ჩემი მეუღლე 4 წელი დევნილობაში ვიყავით”, – ყვება ცნობილი არქეოლოგი იულონ გაგოშიძე სხვადასხვა ინტერვიუში.

მეცნიერი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თვისუფლებისთვის, წელს 26 მაისს იმ ფურცლით ხელში შეხვდა, რომელზეც ბრძანებაა დაბეჭდილი მისი გათავისუფლების შესახებ მუზეუმიდან, სადაც 64 წელი გაატარა. 72 წლის იყო, როცა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. ამ უწყებას უცხოეთში ქართული დიასპორის პრობლემების მოგვარება ევალებოდა. მიხეილ სააკაშვილთან ნაცნობობაზე და პოსტის შეთავაზებაზე მხცოვანი მეცნიერი ,,სარკესთან” ყვება:

– მიხეილ სააკაშვილს საკმაო ხანია ვიცნობ, იმ დროიდან, როცა შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა. საკრებულოს არჩევნებისთვის სია რომ შეადგინა, იმ სიაში ვიყავი და ორი წელი თბილისის საკრებულოს წევრი გახლდით. ორივეს ერთნაირი მიზნები გვქონდა – ორივე საქართველოს ფეხზე დაყენებაზე ვოცნებობდით, თუმცა სააკაშვილთან ძალიან ახლოს არ ვყოფილვარ. სახელმწიფო მინისტრობა რომ შემომთავაზეს, გამიკვირდა. სააკაშვილმა დამარწმუნა, რომ საჭირო ვიყავი.

– ბატონო იულონ, არქეოლოგიური გათხრებისას რა გიპოვიათ ყველაზე მნიშვნელოვანი?

– არქეოლოგიაში მუშაობა ძალიან მძიმეა. პოვნა კი არა, მოპოვებაა. მაგალითად, ოთარ ლორთქიფანიძემ ვანში გათხარა მდიდრული სამარხი. ის კი არ იპოვა, მოიპოვა დიდი ხნის მუშაობის შემდეგ.

– თქვენი მონაპოვარი რომელია?

– რამდენიმე ნამუშევარი მაქვს. ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერიოდი და ქართველების ურთიერთობა გარე სამყაროსთან ჩემი ძირითადი სფეროა. ჩემი ძირითადი მიღწევა სამადლოს ნამოსახლარის გათხრაა, რამაც აჩვენა, თუ რას წარმოადგენდა ქართლი ფარნავაზის დროს და როგორ ცხოვრობდნენ, როგორი ჭურჭელი ჰქონდათ, რა ეცვათ… ამან მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმ პერიოდზე.

მეორე საინტერესო რამ, რაც ცხოვრებაში გამომივიდა, დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსია. ამბობდნენ, რომ სატაძრო ხუროთმოძღვრება საქართველოში პირველად ქრისტიანობამ მოიტანა. ამ გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ასე არ ყოფილა და წინარე ქრისტიანულ ხანაში წარმართული ტაძრები არებობდა. არქეოლოგია მთელი ჩემი ცხოვრებაა, ის ჩემშია და ვერასოდეს შეველევი.

– იულონი ვინ დაგარქვათ?

– ჩემმა ნათლიამ.

– თქვენი სახელის ისტორია იცით?

– როგორ არ ვიცი?! ჩემს საქმესთან ძალიან ახლოს არის. ჩემი სახელი რომაული წარმოშობისაა. იულიუს კეისარი ალბათ ყველას გაგიგონიათ. მისგან მოდის ეს საქართველოში. ჩემი მოსახელე წმინდანი და მოწამე საქართველოში საკმაოდ ბევრია. 17 ჩემი მოსახელე მოწამის ხსოვნას აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია. ეს სახელი ამ მხრივ მხოლოდ გიორგის და დავითს ჩამორჩება. ერეკლე მეფის ვაჟს, დარეჯან დედოფლის უფროს შვილს, იულონი ერქვა. მე რომ დავიბადე, ეს სახელი მაშინ პოპულარული იყო. დასავლეთ საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია.

– წარმოშობით რაჭველი ხართ. ხასიათში რა გაქვთ რაჭული?

– კი, წარმოშობით რაჭველი ვარ, სოფლიდან პირველი ტოლა. ხარაგაულშიც ცხოვრობენ გაგოშიძეები, წყალტუბოშიც არიან, მაგრამ ალბათ რაჭიდან არიან წამოსულები. რაჭული რა მაქვს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი წინაპრები, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან, სულ მღვდლები იყვნენ, თუმცა ორივე პაპა სამხედრო მყავდა. ორივე სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მაგრამ წესი იყო ასეთი, რომ 30-დან ერთი კენჭისყრით უნდა გამხდარიყო სამხედრო. ორივე ასე მოხვდა სამხედროში, თორემ მღვდლობა ერჩივნათ.

– თქვენს მეუღლეზე გვიამბეთ.

– ისტორიკოსი ნუმიზმატიკოსია. ერთად ვსწავლობდით და ერთად ვმუშაობდით. ხანდახან მგონია, რომ ცოლიანი დავიბადე, რადგან ძალიან ადრე შევირთე ცოლი. 21 წლის ვიყავი.

– მეუღლის რჩევებს ითვალისწინებთ?

– არ იცით, რომ ქალს უნდა შეეკითხო აბსოლუტურად ყველაფერი და, როგორც აღმოსავლელი ბრძენი ადამიანები ამბობენ, საწინააღმდეგო უნდა გააკეთო? ხანდახან მართლა ასე ვიქცევი.

– ასაკის გათვალისწინებით საკმაოდ მხნედ გამოიყურებით. რისი დამსახურებაა ეს, როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობთ?

– ცხოვრებაში არაფერზე მითქვამს უარი, მხოლოდ სიგარეტს არ ვეწევი. ბევრჯერ ვცადე დაწყება, მაგრამ არ გამომივიდა. ღვინო მიყვარს, მაგრამ ლოთი არ ვარ. დროსტარებაც მიყვარს. ადრე ვვარჯიშობდი, მერე – აღარ.