რუსმა ოკუპანტებმა წლინახევრის ბავშვი მოკლეს – რატომ უტევენ განსაკუთრებული სისასტიკით მარიუპოლს

რუსმა ოკუპანტებმა წლინახევრის ბავშვი მოკლეს - რატომ უტევენ განსაკუთრებული სისასტიკით მარიუპოლს,,ასოშიეიტედ პრესის” ჟურნალისტები მარიუპოლის საავადმყოფოში ომის რეპორტაჟს ამზადებენ, როდესაც სასწრაფო დახმარების მისაღებში  ახალგაზრდა მამაკაცი შემორბის. დაჭრილი ჩვილი გულზე ჰყავს მიკრული. ბავშვი ცისფერ, სისხლიან საბანშია გახვეული.

ექიმები ცდილობენ, გადაარჩინონ წლინახევრის კირილის სიცოცხლე. ხელოვნური სუნთქვა, ელექტროშოკი – პატარას გული ვეღარ აამუშავეს… ამავე საავადმტოფოში გარდაიცვალა 5 წლის გოგონაც.

აზოვის პორტის, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის საავადმყოფო არ თბება, ხშირად არ მიეწოდება დენი. ექიმები მობილური ტელეფონების შუქზე ამოწმებენ შემოყვანილი პაციენტების ჭრილობებს.

მარიუპოლს 10 დღეზე მეტია თავდადებით იცავენ უკრაინელები. თუ რუსები ქალაქს აიღებენ, უკრაინას უკეტავენ ზღვაზე გასასვლელს და სახმელეთო კავშირს დაამყარებენ ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმთან.

5 მარტს რუსეთს ,,დუმილის რეჟიმის” გამოცხადების პირობა ჰქონდა დადებული- უსაფრთხოების დერეფანი უნდა გაეხსნა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ალყაში მყოფ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად.

ევაკუაცია გადაიდო. რუსულმა მხარემ პირობა არ შეასრულა და განაგრძო როგორც მარიუპოლის, ისე მისი შემოგარენის დაბომბვა.

რადიო თავისუფლება