უკრაინის ელჩმა იაპონიაში ხელი მოაწერა უკრაინასა და იაპონიას შორის ხელშეკრულებას, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებაზე. დიპლომატის თქმით, იაპონიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანამ მსგავსი ნაბიჯი გადადგა. იაპონიამ რამზან კადიროვსაც პერსონალური სანქცეიები დაუწესა, რამაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელი გააოცა.
,,ვალდებული ვარ, ზუსტად იგივე საპასუხო ზომები მივიღო. ამიერიდან, იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს, გარდა ორი ადგილისა – სოფლების ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა. მე არ ვარ მონსტრი, რომ მათ აუცილებელი მკურნალობა მოვაკლო. მათი მთელი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, ქონება გაიყიდება, თანხები კი კურილის კუნძულების განვითარების ფონდში გადაიგზავნება, მაგრამ სერიოზულად, იცით, მიმიფურთხებია ნებისმიერი ქვეყნის სანქციებისთვის. მხოლოდ ერთი რამის მეშინია – უფლის სანქციების ქვეშ მოქცევის! მხოლოდ ალაჰთან ურთიერთობის გაფუჭების მეშინია!” – დაწერა ტელეგრამზე რამზან კადიროვმა.
