ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოსდიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთი დეზინფორმაციის დიდი კამპანიის თანხლებით, უკრაინაში ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აპირებს და შემდეგ ამას უკრაინას დააბრალებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებს რუსეთის ბოლოდროინელ ბრალდებებს, რომ უკრაინა გეგმავს ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას.

9 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოითხოვს უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საქმიანობის ამსახველ მასალებს და დოკუმენტებს. ზახაროვას თქმით, ამ ლაბორატორიებში ხორციელდებოდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და არ არსებობს პასუხი შეკითხვებზე, მათ შორის იმაზე, ხომ არ მოხვდა ეს იარაღი „უკრაინელი ნაციონალისტების“ ხელში.

იმავე დღეს, 9 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამომძიებლებს დაავალა სისხლის სამართლის საქმე აღძრან და დაადგინონ რუსეთის ტერიტორიის მახლობლად ბიოლოგიური იარაღის შემუშავების გარემოებები.

9 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა უკრაინა დაადანაშაულა ქიმიური შეტევის მზადებაში. კონაშენკოვის თქმით, ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტ ზოლოჩოვში „უკრაინელმა ნაციონალისტებმა“ ჩაიტანეს 80 ტონამდე ამიაკი და ადგილობრივ მცხოვრებთ ასწავლიან, როგორ უნდა იმოქმედონ ქიმიური შეტევის შემთხვევაში. უკრაინამ ამ განცხადებას უწოდა სიცრუე და რუსული პროპაგანდის ნაწილი.

რადიო თავისუფლება