შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ბენ ჰოჯესი ,,ამერიკის ხმასთან” უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობაზე რუსეთის მხრიდან იერიშის მიტანაზე ლაპარაკობს.
– რა არის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის სამხედრო ამოცანები ?
– მე მართლა ვფიქრობდი, რომ ეს იყო უკრაინული ეკონომიკის დანგრევა, რაც შემდეგ უკრაინის მთავრობის დამხობას გამოიწვევდა და შემდეგ ამას მოჰყვებოდა კვლავ თავდასხმა, რაც რუსეთის ფედერაციას უკრაინის უდიდეს ნაწილზე კონტროლს მოაპოვებინებდა. კრემლს ეგონა, რომ ამას ზედმეტი პრობლემების გარეშე გააკეთებდა, იმის გათვალისწინებით, რამდენად სწრაფად ჩაიგდეს ხელში ყირიმი. ვფიქრობ, ეს ასევე იყო უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, მათ შორის ბელარუსისაც. ჩვენ იქ სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო რეფერენდუმი ვიხილეთ. ასე რომ, ძალიან მალე, ბელარუსი იქნება „მოკავშირე სახელმწიფოს“ ნაწილი, რამდენიმე დღეში და არა კვირებში, ეს ყველაფერი იყო უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომ აღედგინათ ძველი იმპერია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო.
რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ – სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება, ქალაქებისა და პატარა დასახლებების და არა სამხედრო სამიზნეების დაბომბვა – არის სასოწარკვეთისა და იმედგაცრუების ნიშანი. ეს სუიციდური [ქმედებაა]. ეს ამთავრებს იმ ზღაპრებს კრემლიდან, რომ ეს ყველაფერი რუსულად მოსაუბრე მოქალაქეების დასაცავად ხდებოდა… ეს იქნება ძალიან ხმამაღალი და ნათელი სიგნალი რუსულად მოსაუბრე მოქალაქეებისთვისაც: კრემლი არაა იქ თქვენს დასაცავად, ისინი იქ არიან იმისთვის, რომ მიიღონ თქვენი მორჩილება.
-საუბრობდით ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გადაკეტვაზეც რუსული სამხედრო ხომალდებისთვის. რა შეიძლება ახლა გაკეთდეს?
– თურქეთის გადაწყვეტილება, რომ გამოიყენოს მონტროს კონვენციის უფლებამოსილება და რუსულ გემებს ამ სრუტეებში შესვლა დაუბლოკოს, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ამავე დროს, არის პრაქტიკული ასპექტიც, რაც რუსულ საზღვაოსნო მოძრაობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდენს გავლენას. ასევე, თურქეთმა დაიწყო ამ მოვლენების დახასიათება, როგორც „ომის“. ეს მნიშვნელოვანია და ერდოღანი და მისი მთავრობა ამისთვის დაფასებას იმსახურებს. იმედია, ამერიკა და სხვა მოკავშირეები მუშაობენ თურქეთთან იმისთვის, რომ დაიცვან ის კრემლისგან მომდინარე შესაძლო ეკონომიკური შურისძიებისგან.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ რატომ გვჭირდება შავი ზღვის სტრატეგია, როგორც – რეგიონის. უკრაინა არაა იზოლირებული კუნძული. ის დაკავშირებულია შავ ზღვასთან, რუმინეთთან, საქართველოსთან, რუსეთთან, თურქეთთან, ბულგარეთთან, მოლდოვასთანაც. ამერიკას არასდროს ჰქონია შავი ზღვის რეგიონისთვის სტრატეგია და ეს გვჭირდება. სხვაგვარად, ჩვენ ვქმნით პოლიტიკას თითოეული ქვეყნისა და სიტუაციისთვის, რაც არ ეფუძნება ზოგად სტრატეგიას.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამაზე ვფიქრობთ ისე, რომ მეტი წნეხი განვახორციელოთ რუსეთზე, რომ შევუქმნათ სადარდებელი, სხვაგან შეიქმნას პრობლემები.
სწორი სამართლებრივი ტერმინი იქნებოდა რუსული საზღვაოსნო ბაზის „კარანტინი“ ტარტუში, არა ბლოკადა, ბლოკადა საომარი მოქმედებაა, მაგრამ კარანტინი, რომელიც გაგზავნიდა სიგნალს კრემლში, რომ თქვენც გაქვთ სხვა მოწყვლადი წერტილები სხვა ადგილებში, რომლებსაც შეგვიძლია მივწვდეთ.
– ვლადიმირ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება და საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები მზად აქვს. როგორ უნდა პასუხობდეს ამას დასავლეთი?
– ჩვენ ამ საფრთხეს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს ეს მუქარა აქამდეც ბევრჯერ გამოუყენებია. მისი წარმომადგენლები ემუქრებოდნენ დანიას, პოლონეთს, შვედეთს. რა თქმა უნდა, რუსები ბირთვული ომის სცენარს ყველა თავის სერიოზულ სამხედრო წვრთნაშიც იყენებენ. ისინი ამას აკეთებენ არა მხოლოდ კომპეტენტურობის შესანარჩუნებლად, არამედ იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა იცის, რომ მათ რეალურად შეუძლიათ ბირთვული იარაღის გამოყენება.
– რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს უკრაინის სამხედრო კუთხით მეტად დასახმარებლად?
– უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც ბერლინის საჰაერო დახმარების მსგავსი იქნება. იქნება ეს თვითმფრინავები თუ სხვა კოლონა. მაგრამ ლოჯისტიკა მნიშვნელოვანია… კარგად ვეხმარებით უკრაინის მთავრობას დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებით. ვისურვებდი, მოგვეხერხებინა მათთვის მეტი დრონის მიწოდება… არ მენდომებოდა ახლა რუსული სატვირთოს მძღოლობა, ძალიან ბევრი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელიც ამ კოლონას სხვადასხვა მხრიდან შეუტევს იარაღით, რომელიც მას გაანადგურებს.
– შესაძლებელია რუსეთის სამხედრო კუთხით დამარცხება ამ ომში თუ ეკონომიკა მაინც გავლენის მოხდენის მთავარ გზად რჩება?
– მე არ მინდა საბოლოო შედეგების შესახებ პროგნოზის გაკეთება, რადგან ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ცხადია იქნება რაღაც ტიპის მოლაპარაკება და შეთანხმება. მაგრამ, 100 %-ით ვარ დარწმუნებული, რომ კიევი არ დაეცემა, რუსები ვერასდროს გააკონტროლებენ კიევს. არ მგონია წარმატებას მიაღწიონ ოდესაში.
შეხედეთ ხარკოვსაც. ისინი ვერ გააფართოვებენ თავიანთ კონტროლს მეტად. ხარკოვი მათთვის უმარტივესი სამიზნე უნდა ყოფილიყო და ამის გაკეთებაც კი ვერ შეძლეს. მე ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს ახლა… იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი მხარე ძლიერდება. მე ვგრძნობ გარდატეხის მომენტს, ცვლილებებს.
მე მაინც შემიძლია განვასხვავო ერთმანეთისგან რუსი ლიდერები და რუსი ხალხი, შემიძლია განვასხვავო საწყალი რუსი ჯარისკაცი რუსი ლიდერებისგან. ეს საშინელებაა. ათასობით ახალგაზრდა ბიჭი მოსაკლავადაა განწირული. ახალგაზრდა რუს მამაკაცებს, ახალწვეულებს, რომელთაგან ბევრმა არც იცოდა, რომ უკრაინაში მიდიოდნენ, მოკლავენ. მათი ოჯახები კი 100 დოლარს მიიღებენ კომპენსაციის სახით. ეს საშინელი შედეგებია რუსი ხალხისა და რუსი ჯარისკაცებისთვის. არაფერი კარგით ეს რუსეთისთვის არ დასრულდება.
