186 დაღუპული ბავშვი ბესლანში – პუტინმა ჯერ კიდევ18 წლის წინ აჩვენა მსოფლიოს, რომ ბავშვების გვამებზეც გადაივლიდა

186 დაღუპული ბავშვი ბესლანში - პუტინმა ჯერ კიდევ18 წლის წინ აჩვენა მსოფლიოს, რომ ბავშვების გვამებზეც გადაივლიდა,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც მთელი მსოფლიო პუტინს ძალაუფლებით შეშლილ ურჩხულს უწოდებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე კი მას ხელს ართმევდნენ, მოლაპარაკებებზე დადიოდნენ კრემლში, გერმანიის კანცლერს, ქალბატონ მერკელს თვითმფრინავით გერმანული ლუდიც კი ჩაჰქონდა, მის ყველა ბოროტებაზე თვალს ხუჭავდნენ, საბოლოოდ კი მთელმა მსოფლომ მივიღეთ ომი ევროპაში.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ლიდერები მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ, რომ პუტინი ბავშვებს ხოცავს და მისთვის პატარების სიცოცხლესაც კი ჩალის ფასი აქვს, არადა რუს დიქტატორს ბავშვების ხოცვა დღეს არ დაუწყია. 2004 წელს ბესლანში მან ყველას აჩვენა, რომ ძალაუფლების გამო ბავშვების გვამებზეც გადაივლიდა. ბესლანში ბავშვების სასაკლაოს მოწყობა სწორედ მის კისერზეა. ,,წარმატებულმა ოპერაციამ” 333 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 186 ბავშვი.

,,ჩვენ სისუსტე გამოვიჩინეთ და სუსტებს სცემენ… ტერორისტები ფიქრობენ, რომ ჩვენზე ძლიერები არიან. მათ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ თავისი სისასტიკით და გახლეჩენ ჩვენს საზოგადოებას”, – განაცხადა პუტინმა მაშინ და ამ სიტყვებით ცხადი გახდა, რომ ,,სისუსტეს” მძველად აყვანილი ბავშვების გამოც არ გამოიჩენდა, მოლაპარაკებით დროის გაწელვას არ აპირებდა და არც ტერორისტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი ტერორისტებთან მოსალაპარაკებლად შევიდა და იქიდან 24 მძევალი გამოიყვანა. ეს იყო პირევლი შედეგიანი მოლაპარაკება მძევლების აყვანიდან 2 დღის შემდეგ.

,,ვუთხარი, რომ ჩვილები გამოეშვათ. უარზე იყვნენ. ავუხსენი, რომ მეძუძური ბავშვები არაფერში სჭირდებოდათ და ისინი უდანაშაულოები იყვნენ, დამთანხმდნენ. დავთვალეთ. 15 ბავშვი აღმოჩნდა. ვუთხარი, რომ დედებიც უნდა გამოეშვათ, რადგან ბავშვები რძის გარეშე დარჩებოდნენ. მტკივნეულ ადგილას ვაჭერდი. გამოვიდა”, – იხსენებდა წლების შემდეგ აუშევი.

აუშევს თავდამსხმელებმა გადასცეს შამილ ბასაევის წერილი. მისი მოთხოვნა იყო ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე ითხოვდა მუსლიმებისთვის რელიგიის თავისუფლებას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე.  ,,ეს ომი შენ არ დაგიწყია, მაგრამ შენ შეგიძლია დაასრულო, თუ გეყოფა კაცობა”, – წერდა ბასაევი პუტინს.

ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ბასაევმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო, განაცხადა, რომ მაშინ მზად იყვნენ, ეტაპობრივად გაეთავისუფლებინათ მძევლები. ერთ-ერთი მძევალი კი იხსენებს, რომ აუშევის მისვლის შემდეგ ტერორისტებმა უთხრეს, რომ მალე ყველა სახლში დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დაიწყო სისხლიანი შტურმი,

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ არასწორი ბრძანების გამო შტურმის დროს სპეცრაზმისა და არმიის ქმედებებმა მძევლების დიდი ნაწილი იმსხვერპლა და ხელისუფლებამ ჯავშანტექნიკა ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენა, როდესაც სკოლაში მძევლები იყვნენ. უფრო მეტიც, დარბაზში თავდამსხმელების დამონტაჟებული ბომბი კი არ აფეთქდა, არამედ ხელისუფლებამ თავად დაბომბა სკოლა ერთ-ერთი სახლის სახურავიდან. დანაშაულის კვალის გასაქრობად კი შენობაში სახანძრო მანქანა მხოლოდ ოსაათნახევრის შემდეგ შეუშვეს, ანუ მხოლოდ მაშინ, როცა დანაშაულის კვალი ცეცხლმა წაშალა…

ბესლანელები დღემდე ითხოვენ პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ მალავდნენ მძევლების რეალურ მონაცემებს და რატომ დაიწყეს შტურმი, როგორ გადარჩა კალათბურთის კალათა, თუ მართლა მასში ჩამაგრებული ბომბი აფეთქდა ან როგორ გადარჩა მძევალი, რომლის გვერდითაც დამონტაჟებული მეორე ბომბი იდო.

შვილმკდარმა ბესლანელმა დედებმა გამოძიება მოითხოვეს. 2 წელში კი  გამოძიებამ დაასკვნა, რომ შტაბმა კანონის სრული დაცვით, ,,სიტუაციის შესაბამისად” იმოქმედა.

იმედია, როცა პუტინს განსასჯელის სკამზე დასვამენ, მას ბესლანელი ბავშვების გამოც მოსთხოვენ პასუხს და შვილმკვდარი დედები ბოლოს და ბოლოს გაიგებენ, რას შეეწირნენ უდანაშაულო ბავშვები.