ანსამბლ ფორტეს” ხელმძღვანელი, მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე 2 წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, მას ძმა გარდაეცვალა.
-ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანე. ირაკლი მხატვარი იყო და იმდენად განათლებული, ლურსმნის დაჭედებიდან დაწყებული კოსმოსამდე, ყველანაირ თემაზე დაგელაპარაკებოდა, ყველაფერი იცოდა.
რომ ჩაწვა,მოიტანა ონკოლოგიის წიგნი, თავისით კომპიუტერში ეძებდა იმას, რა სჭირდა და რა უნდა ექნა. ბიოფსიის ეშინოდა, ოღონდ იქ არ წამიყვანოთ და ყველანაირ ტკივილს ავიტანო, გვეუბნებოდა. ვერც მოვასწარით წაყვანა, ისე დაიღუპა… დღემდე ვერ ვინელებ. არის სიმღერები, რომ ვუსმენ, სულ მისი სახე წარმომიდგენია. ,,ბითლზი” და სტინგი უყვარდა, – უთხრა ,,სარკეს” მუსიკოსმა.
-ბევრისგან გამიგონია, რომ რამდენჯერაც დაეცა, იმდენჯერ შეძლო წამოდგომა და ცხოვრების თავიდან დაწყება. ასეთი სულიერი სიძლიერე კარგია, თუმცა ზოგჯერ ძალიან მიჭირს ფეხზე წამოდგომა და ვამბობ, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი… ზოგჯერ პირიქითაც ხდება – ასე მოხდა? აი, ახლა ნახეთ, რას გავაკეთებ. კარგი გაგებით, ჟინიანი ვხდები და ბრძოლის უნარი მემატება…
მე ძალიან მაშინებს სიკვდილზე ფიქრი. ვფიქრობ ხოლმე, აი, ეს ხე ისევ აქ იდგება, ეს სახლიც, მზე ისევ ამოვა, ისევ გათენდება, ისევ დაღამდება და მხოლოდ მე აღარ ვიქნები…
ხომ ამბობენ, გაბზარული გული არ გამთელდებაო, ნდობაც ასეა. შენ გინდა, მაინც აპატიო, რადგან არ შეიძლება გატეხილი ,,ჭიქები” პანტაპუნტით მოისროლო შენი ცხოვრებიდან – მერე მარტო დარჩები. ამიტომ უნდა შეძლო და გააგრძელო ურთიერთობა. მე ვარ ძალიან ერთგული და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ღალატი, – თავის ემოციებსა და განცდებზე ისაუბრა მუსიკოსმა გზასთან.

