,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
10 წლის ნიკოლოზ ქაჯაიამ მართალია, საბავშვო ,,ევროვიზიაზე” ვერ გაიმარჯვა და მეოთხე ადგილი აიღო, მაგრამ მან ევროპის დიდ სცენაზე შთამბეჭდავად იმღერა და უამრავი ადამიანის გული მოიგო. პარიზში, კონკურსზე გამგზავრებამდე ნიკოლოზის დედამ, ლიკა გუმბარიძემ ,,სარკეს” უამბო:
-დედაჩემი მუსიკოსია, ფორტეპიანოს მასწავლებელი, ბებიაც – ასევე. ბაბუა ექიმი იყო და თან მუსიკალური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული. ბიძაჩემი ცნობილი ექიმი გოგიტა გეგელაშვილია, რომელიც კარგად მღერის. ნიკო მუსიკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. მაშინ მივხვდით, რომ საბოლოოდ ამ მიმართულებით წავიდოდა.
– როგორი ბიჭია, მის რომელ თვისებებს გამოარჩევთ?
– ძალიან დადებითი პიროვნებაა. ვისთანაც ნიკოს შეხება ჰქონია, ყველა იმავეს ამბობს. ასხივებს დადებით ენერგიას, რადგან შინაგანად ძალიან სუფთა ადამიანია. ძალიან ბავშვურია. არასოდეს გეგმავს, სად რა თქვას, არ იზეპირებს ფრაზებს ინტერვიუსთვის და ეს ბავშვურობა, უშუალობა აქვს რაღაცნაირი. მაყურებელმაც დაინახა ალბათ მისი უშუალობა და ყველას მოსწონს.
ხატავს, ძერწავს, წერს, კომიქსებს აკეთებს და აფორმებს თავისი ნახატებით. აინტერესებს კოსმოსი, ზებუნებრივი და საინტერესო მოვლენები, ამაზე გადაცემებსაც უყურებს.
– თქვენზე გვიამბეთ. რას საქმიანობთ მშობლები, რამდენი შვილი გყავთ?
-ნიკოლოზი ჩვენი მეორე შვილია. ზუკა სტუდენტია უკვე. მეორე შვილის გაჩენას აღარც ვაპირებდით, ნიკოლოზი დაუგეგმავად გაჩნდა და ასეთი დიდი სიხარულიც მოგვიტანა.
ნიკოლოზის მამა, ვახტანგ ქაჯაია, ეკონომისტია და ,,საქართველოს ბანკში” მუშაობს. მე ექიმი ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს და ადმინისტრაციაშიც ვმუშაობ.
…
ნიკოლოზი გამგზავრებამდე იმაზეც კი ფიქრობდა, კარგ ფორმაში ყოფილიყო. ,,სარკეს” მოუყვა:
– მიყვარს სიმღერა, თამაში “მარიო” და ტკბილეული. შოკოლადებიც მიყვარს, ნამცხვრებიც და ჩიზბურგერები. ახლა ფორმაში უნდა ვიყო და ბევრს არ ვჭამ. იქ ისეთი სიმღერის დროს ბევრი უნდა ვიმოძრაო და ჰამბურგერს ვჭამ ან ჩიზბურგერს, მეტს არაფერს, რომ ფორმაში ვიყო.
– ტკბილეულსაც რომ ჭამ?
– ტკბილეულს კი ვჭამ, მაგრამ ტკბილეული არ ასუქებს. ამასაც კვირაში ერთხელ ვჭამ, ბევრს კი არა.
– ცნობილი მომღერალი უნდა გახდე?
– ვერ ვიტყოდი, რომ ცნობილი მომღერალი არ ვარ. “რანინას” და “ევროვიზიას” ბევრი ადამიანი უყურებს და… მინდა, ცნობილი მომღერალი ვიყო და თან ყველამ მინდა, გაიგოს, რომ ხატვაც შემიძლია და ძერწვაც.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

