ბრაზილიური მწვადი, შოკოლადი, ნაყინი, კარტოფილი – 40 წლის მოდელის რაციონი

ბრაზილიური მწვადი, შოკოლადი, ნაყინი, კარტოფილი - 40 წლის მოდელის რაციონი,,სარკე”, თათია ბოჭორიძე

“ვიქტორია სიკრეტის” ყოფილი ანგელოზის და თითქმის ყველასათვის ცნობილი ბრაზილიელი მოდელის, ალესანდრა ამბროსიოს კარიერა 15 წლიდან დაიწყო და დღემდე საკმაოდ წარმატებულია. იგი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც საკმაოდ ბევრი ბრენდის სახეა. თუ როგორ ახერხებს 40 წლის მოდელი 25 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეს, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან უყვარს სერფინგი, ცეკვა, შოკოლადის ჭამა, რომელსაც, ყოველდღე მიირთმევს. მოდელი ძალიან კომუნიკაბელურია და მეგობრების სიაც საკმაოდ გრძელი აქვს.

ფეხმძიმობის პერიოდში დიდი რაოდენობით მიირთმევდა ნაყინს და ბრაზილიური სამზარეულოს კერძებს. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ 1 თვეში ალე უკვე “ვიქტორია სიკრეტის” შოუში გამოვიდა და იდეალური ფორმებით იწონებდა თავს.

-ჩემთვის ბავშვობიდან ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება. ვცდილობ, ყველაფერი ვჭამო, რაც სასარგებლო და სეზონურია. მაშინაც კი, როცა შვილებს ტკბილეულის ჭამის უფლებას ვაძლევ, დარწმუნებული ვარ, რომ მათი კვება ამ დროსაც დაბალანსებულია. ასევე შემიძლია ადვილად მივცე საკუთარ თავს კექსის, ნაყინის ან კარტოფილის ჭამის უფლება. მთავარია, თავი აკონტროლოთ და, თუ ეს შესაძლებელია, შეეცადეთ, ასეთი ნაკრები ჯანსაღი, ნატურალური საკვებით დააბალანსოთ.

ყველაფრის მომზადება შემიძლია. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ბრაზილიური მწვადით, ათასნაირი სალათებითა და ბოსტნეულით ვუმასპინძლდები. ჩემი აზრით, მთავარია თავი ბედნიერად იგრძნოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. ეს საბოლოოდ დადებითად მოქმედებს საკუთარი სხეულის აღქმაზე, – ურჩია ალესანდრა ამბროსიომ ქალებს.