მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე”

მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე",,როცა ადამიანი შენს გავლილ ცხოვრებას ავლებ თვალს, აფასებ. მართლაც რამდენი რამ ყოფილა და მაინც ვამბობ, რომ ბედნიერი ცხოვრებით ვიცხოვრე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შემომრჩა, ჩემი მონაგარი, ჩემი ოჯახია, ასევე მაყურებლის, ხალხის სითბო და სიყვარული, რომელიც დღემდე მომყვება”, – ჟურნალ “სარკესთან” ყვებოდა ქართული კინოსა და სცენის მშვენება, დაუვიწყარი სახე – მსახიობი მედეა ჩახავა 1999 წლის მარტში.

მას სწამდა, უყვარდა, სჯეროდა და ქმნიდა იმ როლებს, რომლებითაც მაყურებელმა შეიყვარა, დიდი სითბოთი დაასაჩუქრა. და არამარტო როლების, მისი ადამიანობის გამოც. ეს დამოკიდებულება, ემოციები არ გამქრალა, მაშინვე ცოცხლდება, საკმარისია, მედეა ჩახავა ახსენო, მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგაც კი.

მედეა ჩახავა 1921 წლის 15 მაისს დაიბადა. 7 წლის განმავლობაში აბაშის საშუალო სკოლაში სწავლობდა, რადგან მამამისი, ექიმი-გინეკოლოგი ვასილ ჩახავა, გარკვეული პეროიოდის განმავლობაში აბაშის საავადმყოფოში მუშაობდა. სკოლას დრამატული წრე, მომღერალთა გუნდი და მოცეკვავეთა ანსამბლი ჰქონია, რომლის წყალობითაც პატარა მედეამ პირველი სასცენო გამოცდილება მიიღო.

ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ სწავლა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში განაგრძო. სკოლის დამთავრების შემდეგ კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იმ პერიოდში თბილისში თეატრალური სტუდია ინსტიტუტად გადაკეთდა, სადაც გამოცდაზე დაგვიანებით გამოცხადებული მედეა თავისუფალ მსმენელად მიიღეს, ისიც იმიტომ, რომ მამამისი თეატრის რექტორის, აკაკი ხორავას მეგობარი იყო. 22 წლის მედეა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში ჩაირიცხა.

თეატრსა და კინოში 100-მდე როლი ითამაშა. დიდი სიყვარული ორჯერ ეწვია და მისი ცხოვრების მამაკაცები არაჩვეულებრივი პიროვნებები იყვნენ – ნოდარ ჩხეიძე და კოტე მახარაძე. ორივე მათგანთან ქორწინება განშორებით დამთავრდა, მაგრამ ქალბატონ მედეას არც ერთი წუთით უნანია, თავისი ბედი ამ ადამიანებს რომ დაუკავშირა. უფროსი შვილი – ცნობილი ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე – ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძისგან შეეძინა, მსახიობები მაკა და ივიკო – კოტე მახარაძისგან.

“სარკის” არქივიდან გთავაზობთ საუბრებს ყველასთვის საყვარელ მსახიობთან.

მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე"— ქალბატონისათვის, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი რუსთაველის თეატრშიგაატარა, რას ნიშნავს დღეს იქ შტატგარეშე, მიწვევით მუშაობა და, საერთოდ, რა განიცადეთ, როდესაც თეატრიდან წამოხვედით?

– ბევრი რამ ხდება, ამიტომ ადამიანი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მთელი ცხოვრება ამ შეგნებით ვიყავი. ამაში ჩემი ხასიათიც მიწყობდა ხელს. ამდენად, შედარებით რბილად გადავიტანე თეატრიდან წასვლის ტკივილი, მაგრამ ახლა არ მინდა ლაპარაკი, თუ რა როგორ არის, რადგან მე ხომ რაღაცის მჯერა, რაღაცა მიყვარს, რაღაცას ვუფრთხილდები.

მთელი ცხოვრება თეატრში გავატარე. ახლა მოვტრიალდე და ვიღაცა ვლანძღო, ვინმეს დავუპირისპირდე იმის გამო, რომ მე იქ არა ვარ, არ შემიძლია…

— იქნებ გვითხრათ, როგორია თქვენი ერთი დღე?

– სხვადასხვანაირი. თუ არსად ვარ გასასვლელი სახლიდან, გავისტუმრებ ოჯახის წევრებს, მერე ვიწყებ სახლში ფუსფუსს. ვფიქრობ სადილის მომზადებაზე.

– პროდუქტი თქვენ მოგაქვთ სახლში?

– პროდუქტით ჩემი შვილი, ივიკო მამარაგებს, ჩემი შვილები მეხმარებიან, რადგან თუ ბაზარში წავედი, ნახევარს უფასოდ მატანენ. ამიტომ – შენ უნდა იარო ბაზარშიო. მე კი ვპასუხობ, ეს მაშინ, იშვიათად რომ მხედავენ, ხშირად რომ დამინახავენ, მერე აღარაფერს მომცემენ-მეთქი. არ მიყვარს ბაზარში სიარული, არც მაღაზიაში…

— ქალბატონო მედეა, პირველი სიყვარული როდის გეწვიათ?

– ჩემი სიყვარული, რომელსაც შედეგი მოჰყვა, თემურის მამა იყო – ნოდარი, ბიჭიკოს ვეძახდით. იგი გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო. მის დედ-მამას ძალიან ვუყვარდი, ხელისგულზე მატარებდნენ. უფროსი ქალიშვილი ჰყავდათ – ციალა. ეს იყო შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ჩემზე დაახლოებით 7 წლით უფროსი იყო. ბატონი გიორგი თვლიდა, რომ მე პატარა ვიყავი და ციალას რომ არ სწყენოდა, გემრიელ რამეს თუ იშოვიდა, ბალიშის ქვეშ ჩუმად მე დამიდებდა ხოლმე.

— თქვენი გაშორების მიზეზი რა იყო?

– არ მინდა ამაზე ლაპარაკი, რადგან ცხოვრებაში ერთი სიყვარული არ მქონია. მე და ნოდარი ომის პერიოდში ერთად ვიყავით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ხომ იცით, ახალგაზდებმა ერთმანეთზე წყენა, გაბუტვა იციან. ომის უბედურება, გაჭირვება…

მე კოტეც თავდავიწყებით მიყვარდა და ბიჭიკოც. ამ სიყვარულს ამტკიცებს ისიც, რომ ერთისგან და მეორისგანაც მყავს შესანიშნავი შვილები და ბედის მადლობელი ვარ, რომ ერთიც ჩემი ქმარი იყო და მეორეც. სამწუხაროდ, არ ვარ ის ქალი, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ეწვია სიყვარული.

მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე"— რატომ სამწუხაროდ, რას ნანობთ?

– არაფერსაც არ ვნანობ. ქართველ ქალებს უყვართ ხოლმე იმით ტრაბახი, რომ ცხოვრებაში ერთხელ უყვარდათ. საერთოდ, ადამიანს როცა გიყვარს, გგონია, რომ ახლა გიყვარს და წინათ ასე არავინ გყვარებია. ეს აუცილებლად ინტიმურ სიახლოვეს არ გულისხმობს. დეტალურად როგორ და რა იყო, ეს ძალიან ჩემია და არ მინდა ლაპარაკი.

რატომ უნდა ,,გავაბაზრო?”. ორივე გარდაიცვალა. რამხელა გულისტკივილი და ჭრილობა მოჰყვა ამას ჩემს გულში… ამ ჭრილობაზე ლაპარაკიც კი მიჭირს. იმ პიროვნებებთან დაკავშირებული სიხარულიც და ტკივილიც მარტო ჩემია, რომელსაც არავის გავუზიარებ.

— გაშორების სურვილი თქვენგან მოდიოდა?

– არ არსებობს არც ერთი დაშორება, რომ ორივე მხარე არ იყოს დამნაშავე. არც ერთ შემთხვევაში ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. ორივე შემთხვევაში უჩუმრად დავშორდით. ერთმანეთისთვის მაინც ძვირფასი ადამიანები ვიყავით. ერთად გავატარეთ ამდენი დრო – ერთად ვსუნთქავდით, ვჭამდით, ვსვამდით, დავდიოდით. არ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაესვას.

— რამდენი წელი იცხოვრეთ თითოეულთან?

– მე და ბიჭიკო შეუღლებამდე 3 წელი ვმეგობრობდით და 5 წელი ერთად ვცხოვრობდით. კოტესთან 2 წელი ვმეგობრობდი. მას შეუღლებიდან ზუსტად 20 წლისთავზე დავშორდი. აგვისტოში მოვაწერეთ ხელი და 20 წლის შემდეგ, აგვისტოში დავშორდით.

მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე"— ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ.

– უამრავი იყო თაყვანისმცემელიც, მეგობარიც, სიხარულიც, გულისტკენაც. ესაა ცხოვრება. სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ტრაგედიაც დამტყომია თავს, მაგრამ მე ცოცხალი ადამიანი ვარ და ყველაფერი გადავიტანე. ცხოვრება არის ცხელი და ცივი, ნათელი და ბნელი, მზე და მთვარე.

— რა არის სიყვარული?

– რასაც რეცეპტული გამოთქმა და ჩამოყალიბება სჭირდება, არაფერი ვიცი. პირველი შვილთაშვილი რომ გამიჩნდა, გაოცებული ვეკითხებოდი ჩემს თავს: “ნუთუ ვინმე და რამე ამაზე ძლიერ მიყვარდა ოდესმე?”. ჭკუადაკარგული ვიყავი, ახლა მაკას გოგოს, ნატოს, პატარა ჰყავს და ისიც ჭკუას მაკარგვინებს.

სიყვარული ყოვლისმომცველი ძალაა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ჩაგადენინოს – კარგიც და ცუდიც, შეუძლებელს შეგაძლებინებს. ეს ყველანაირ სიყვარულს ეხება, მაინც მათქმევინეთ, არა? გული მტკივა ახლა, ყველა რომ მჯიღს იცემს და ყველა ამბობს, რომ სამშობლლო უყვარს. ჩემი ხედვით, ყველას მხოლოდ თავისი თავი უყვარს. როდესაც ადამიანს თავშეკავების, სხვისი ღირსების დანახვის უნარი არა აქვს, საშინლად კნინდება.

— ბრძანეთ, სიყვარული ყველაფერს ჩაგადენინებსო, რა ჩაგიდენიათ მამაკაცის სიყვარულის გულისთვის?

მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე"– არ დამჭირვებია, თორემ ალბათ ჩავიდენდი. როცა თემურიკო გამიჩნდა, გაკვირვებიდან ვერ გამოვდიოდი, რომ ჩემგან იშვა ეს სიცოცხლე. საოცარი შეგრძნებაა, ეს დიდი ბედნიერებაა ქალისთვის, ეს ბედნიერება არ ნელდება, თანდათან რაღაცები ემატება – პირველი შეგნებული გამოხედვა, ასე გააკეთა და ისე შემომხედა…

თემურზე ისეთ სიგიჟეებს ვაკეთებდი, არც ითქმება. რაღაც გამოცდებს ვუტარებდი ჩემს თავს – თუ გიყვარს, ეს გააკეთე, თუ გიყვარს, ის გააკეთე-მეთქი. მიკვირდა, რომ რაღაც არსება ასე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მიკვირდა, მანამდე როგორ ვცხოვრობდი-მეთქი.

— ძლიერი ქალი ხართ?

– რომ გითხრათ, ძალიან მაგარი ქალი ვარ-მეთქი, ასე არ არის, რაღაცები მტკივა ხოლმე, მაგრამ არ ვამჟღავნებ.

მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე"— როგორი დამოკიდებულება გაქვთ სოფიკო ჭიაურელისადმი – კოტეს მახარაძის მეუღლისადმი?

– მისი ნიჭის დიდი პატივისმცემელი ვარ, სოფიკო ვაჟკაცური, შუპოვარი ხასიათის და ძალიან პრინციპული ქალია. იგი ბავშვობიდან მიყვარს, სულ პატარა გოგო იყო, როცა ვერიკომ გამაცნო, ეს ჩემი სოფიკოაო. სოფიკო ხომ ვერიკომ ძალიან გვიან გააჩინა, მერე ჩვენთან თეატრში მუშაობდა.

ის არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე, მე და კოტე უკვე დაშორებულები ვიყავით, როცა ისინი შეუღლდნენ. კოტე მისი გულისთვის არ დამშორებია, სოფიკოსთან მივდიოდი, მივდივარ და მომავალშიც წავალ, აბა, როგორ?

ჩემი შვილები ძალიან მეგობრობენ სოფიკოსთან და როგორ დავუშლი?! კარგის მეტი რა არის ამაში, სოფიკოს რომ არ ეპატრონა და არ მოევლო კოტესთვის, შეიძლება მას ამდენი ხანი ვერც კი ეცოცხლა. კოტე ძალიან ბობოქარი, ბოჰემისტი იყო, უყვარდა სიცოცხლე, ქეიფი. ამის მომთოკავი მხოლოდ სოფიკო იყო, ჩარჩოებში მიუჩინა ადგილი და ამან დიდი ნაყოფი გამოიღო.

სოფიკო იმიტომ კი არ უკეთებდა ამ ჩარჩოებს, რომ კოტეს რაღაც შეექმნა, არამედ იმიტომ, რომ მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა. მაინც მოხდა ეს კატასტროფა…

— ბევრი რამ მსმენია თქვენი კარგი დედობის შესახებ. როგორ უთავსებდით ერთმანეთს კარგ დედობასა და მსახიობობას?

– განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ისეთ ხალხთან მიწევდა ყოფნა, რომ არავინ არაფერს მიჭირვებდა. ესენი იყვნენ მშობლები, დედა, რომელიც მეხმარებოდა. ყოველთვის ჩნდებოდა ადამიანი, რომელიც შემომეშველებოდა ხოლმე. ეს იყო ნათესავი, ახლობელი თუ სხვა. ღმერთი მეხმარებოდა. თუმცა ისეც ყოფილა, მარტო, ბოშაქალივით შვილებით წავსულვარ გასტროლებზე. სცენაზე რომ გავდიოდი, კულისებში ვიღაც იტოვებდა მათ. ესეც ხომ დახმარებაა.

არამარტო მე ვიყავი ამ მდგომარეობაში, ასე იყვნენ მსახიობები – სალომე ყანჩელი, ლიანა ასათიანი, ნანა ფაჩუაშვილი. სამწუხაროა, რომ სალომეზე წარსულში გვიწევს საუბარი…

მედეა ჩახავა: ,,სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე"— მოდით, კვლავ გადავხედოთ თქვენს ცხოვრებას და მითხარით, რა როლი ეკავა მამაკაცს თქვენს ცხოვრებაში, ეს იყო მამა, ქმარი, შვილი, მეგობარი თუ სხვა?

– რაც თავი მახსოვს, ის ყოველთვის მამრობით სქესთან ყოფილა დაკავშირებული. ეს იყო ჩემი არაჩვეულებრივი მამა, საოცრად ლამაზი კაცი. მერე ხუთიდან შვიდ წლამდე შეყვარებული გახლდით უფროს მამაკაცზე.

არ ვიცი, ამ გრძნობას რა ერქვა სახელად. არც ახლა ვიცი, რა იყო ის, მიუხედავად ბევრი რამისა, მაგრამ ფაქტია, რომ მას არ შეეძლო თავის საცოლესთან თავისუფლად დაჯდომა, რადგან მე ვნერვიულობდი. რომ შემოვეხვეოდი, საშველს არ ვაძლევდი.

მერე, როცა დრომ გაიარა, მსახიობი ვიყავი და ვნახე ის კაცი, უკვე მოტეხილი, მაგრამ მაინც მშვენიერი, მოვეხვიე კისერზე და გავიხსენე ჩემი უცნაური ბავშვობა…

მაპატიონ ქალბატონებმა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში უმეტესად დომინირებს მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მაინც ეული, მარტო მოდის ამ ქვეყანაზე და მარტო მიდის, მთლიანად ის პერიოდი, რომელსაც ჩემი სიცოცხლე ჰქვია, დაკავშირებულია მამრობით სქესთან…

ყველას უნდა ჰყავდეს გვერდით მამრობითი სქესის წარმომადგენელი – ეს იქნება ძმა, მამა, ქმარი, საყვარელი… არ შეიძლება ქალი ქალის იმედად დარჩეს.

ჟურნალი “სარკე”, 1999 წელი, N8, 2003 წელი, N25