ერეკლე შონია კუმისელ მოჩვენებაზე: “ყანაში ხომალდიდან ჩამოვიდა ადამიანისმაგვარი არსება, რაღაც მოწყობილობა მიუშვერია კუმისელებისთვის და ისინი გათიშულან”

ერეკლე შონია კუმისელ მოჩვენებაზე: "ყანაში ხომალდიდან ჩამოვიდა ადამიანისმაგვარი არსება, რაღაც მოწყობილობა მიუშვერია კუმისელებისთვის და ისინი გათიშულან"ცნობილი ქართველი უფოლოგის, თალეს შონიას, ვაჟმა, ერეკლე შონიამ, რომელმაც მამის გზა გააგრძელა და ანომალიური მოვლენების კვლევით არის დაკავებული, საკონსულტაციო ცენტრი გახსნა. მზადაა იმ ადამიანების მისაღებად, რომლებსაც ამოუცნობ მოვლენებთან შეხება ჰქონდათ ან აქვთ. ამის შესახებ ის “სარკესთან” საუბრობს:

– სხვადასხვა რეგიონებიდან განუწყვეტლივ მოგვდის შეტყობინებები, რომ ადამიანები ხედავენ უცხო არსებებს. 2009 წელს დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებნი აღწერდნენ, რომ მათთან რაღაც უცნაურობა ხდებოდა – ცვიოდა ქვები, სახლში შედიოდა ადამიანისმაგვარი არსება, რომელიც ქართულად საუბრობდა ან უყურებდა მათ და ქვებს ესროდა…

– აგრესიულები არიან ეს არამიწიერი არსებები?

– იშვიათად. დასავლეთ საქართველოში ერთ ოჯახში დაინახეს არსება, რომელიც საშუალო სიმაღლის იყო და ჟღალი წვერი ჰქონდა. მერე უკვალოდ გაქრა.

ქართლშიც სხვადასხვა ადგილზე მოხდა კენჭების ჩამოყრა, ნივთების გადაადგილება. ასეთი ამბები არც გაშუქებულა, რადგან სანამ ჩვენ ჩავედით, ადგილობრიოვმა ხელისუფლებამ ის ხალხი გააჩუმა და მათვე დააბრალა, რომ რაღაცას მაიმუნობდნენ.

2012 წელს, ქართლის სოფელში გამოჩნდა ე.წ. პოლტერგეისტერი, რომელიც სახლებში ტეხდა ხმაურს. ყველა ერთსა და იმავეს ყვებოდა – თითქოს ვიღაც დადიოდა სახლში, დახტოდა, ჩხუბობდა, ნივთებს, ქვებს ისროდა.

2012 წლის ბოლოს ჩავედით სოფელ ტყვიავში ერთ ოჯახში, რომელიც 2008 წლის ომის მერე ერთ ცარიელ სახლში შეასახლეს. ამ სახლში ცოტა ხანში დაიწყო უცნაურობები – რაღაც არსებები დადიოდნენ და აფრთხილებდნენ, აქაურობა დატოვეთო, მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. ამის შემდეგ კედლებზე მირონისმაგვარი სითხით ჯვრები გამოისახა. მიიყვანეს სასულიერო პირები, აკურთხეს, მაგრამ არაფერი შეიცვალა.

აღმოჩნდა, რომ ეს სახლი მონაზვნის საფლავზე იყო აშენებული. მერე დაინახეს, რომ ბავშვი, რომელიც ჯერ ფეხზე ვერ დადიოდა, კედელზე რაღაც ძალას აჰყავდა. შვილი ძლივს გამოსტაცეს იმ ძალას ხელიდან.

2016 წელს ქვემო ქართლში რაღაც არსება დადიოდა. მანამდე რუსთავში მოხდა თვითაალების შემთხვევა. სახლში თავისით ჩნდებოდა ცეცხლის კერები.

– კუმისელ მოჩვენებაზე რა ინფორმაცია გაქვთ?

– ეს ამბავი ისე იყო გაშუქებული, რომ მეც კი არასერიოზული მომეჩვენა და ყურადღება არ მივაქციე. მერე იქ მცხოვრებთა და მთავრობის თხოვნით წავედით ამ ამბის შესასწავლად. მოჩვენება კუმისიდან უკვე გასული იყო კოდის მიმართულებით.

პირველივე სახლში, სადაც შევედით, ვნახეთ ამოტრიალებული ჭურჭელი, როგორც ჩანს, ასეთი ფორმები მოსწონდა. არაფერი იყო წაღებული, უბრალოდ ყველა საგანი უცნაურად იყო შეცვლილი. სხვა სახლებშიც იგივე მდგომარეობა იყო.

ერთ ეზოში დაბმული ძაღლი დაგვხვდა. პატრონმა თქვა, იმ დღეს, როცა მოჩვენება გამოჩნდა, ეს კაციჭამია ძაღლი ისე იყო შეშინებული, რომ ორმოში ჩაძვრა და მთელი დღე კანკალებდაო. სამი დღე ძაღლი არაფერს ჭამდა, არც წყალს იღებდა, პატრონს ვერ ცნობდა, გათიშული იყო.

იმავე პერიოდში ის არსება ესტუმრა მაღაზიას, რომლის პატრონიც ყვება, რომ მას ჰქონდა ლურჯი ხელები, გრძელი კიდურები, ვიწრო კისერი, სილურჯეში გადასული სახის კანი და უცნაურად უყურებდა. ამ ქალთან ეს არსება 7 თვის განმავლობაში 3-ჯერ იყო მისული სხვადასხვა სახით. ძილის დროსაც დასდგომია თავზე.

ეს არსება ხტებოდა სამმეტრიან ღობეებზე, ადამიანების აგრესიას რევანშით პასუხობდა. ვინც განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდა მის მიმართ, მაგალითად, გამოიყენეს იარაღი, იმ ოჯახებში 2-3-ჯერ მიბრუნდა.

– ამბობდნენ, რომ კუმისში სპეციალურად შეაგზავნეს ვიღაც, ვინც მოჩვენების ასოციაციას გამოიწვევდა, მოსახლეობა შეშინდებოდა და დატოვებდა იქაურობას, რასაც იმ ადგილებში არაბების ჩასახლება მოჰყვებოდა.

– ის მიწები, რომლებზეც პრესაში იყო საუბარი, სახელმწიფოს საკუთრებაა და ამ სოფელთან კავშირი არ აქვს. კუმისი უძველესი ქართული სოფელია. ამ არსებაზე ბოლო შეტყობინება მივიღეთ თბილისის გარეუბნიდან.

კუმისში მივაკვლიეთ ადამიანს, რომელიც 30 წლის წინ ადგილობრივი მილიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ის მოგვიყვა, რომ მაშინ, როცა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, როცა არაფერს ლაპარაკობდნენ მფრინავ ობიექტებზე, მილიციაში 8 ადამიანი მისულა. ისინი ყვებოდნენ, რომ ყანაში მუშაობისას დაინახეს ხომალდი, საიდანაც ჩამოვიდა ადამიანისმაგვარი არსება, რომელსაც ეცვა მოტკეცილი მომწვანო კომბინეზონი. ხელში სჭერია რაღაც მოწყობილობა, რომელიც მიუშვერია კუმისელებისთვის და ისინი გათიშულან.

4 საათის მერე გამოფხიზლებულან და მილიციაში მისულან. მაშინ მამაჩემიც გამოიძახეს და დაიწყო აქტიური კვლევა იმ მოვლენებისა, როცა ის არსებები ახლო კონტაქტს ამყარებდნენ ადამიანებთან. მანამდე აღწერილი იყო მხოლოდ ის, რომ რაღაც ხომალდმა გადაიფრინა, ტყე გაანადგურა და ა.შ. საგურამოს ტყეში ასწლოვანი ხეები დაიმსხვრა და ამის ამსახველი მასალები არსებობს.

30 წლის წინაც კუმისიდან დაიწყო აქტიური კონტაქტი და დღესაც. როცა ყოფილ მილიციელს ახლანდელი ფოტოები ვაჩვენეთ, აღმოჩნდა, რომ 30 წლის წინაც სწორედ ისეთი ხომალდი და არსებები აღწერეს, როგორიც 2016 წელს.

ის არსება ისე დახტოდა, რომ ან უცნაურ ნაკვალევს ტოვებდა ან არანაირსო. ცხოველების სპეციალისტები გამორიცხავენ, რომ ის ნაკვალევი ცხოველს ეკუთვნის. არც ადამიანისას ჰგავს.

რუსუდან ადვაძე, ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ “სარკის” მიმდინარე ნომერში