ელდარ შენგელაია: ,,ვცდილობ, იმ ადგილებზე გავიარო, სადაც ჩვენი შვილია ნამყოფი…”

ელდარ შენგელაია: ,,ვცდილობ, იმ ადგილებზე გავიარო, სადაც ჩვენი შვილია ნამყოფი...",,სარკე”, ნანა კობახიძე

,,ხშირად დავფიქრებულვარ, რა არის ცხოვრება – ეს მუდმივი ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ასე იყო და იქნება დაუსრულებლად. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი პასუხისმგებლობის საკითხია საკუთარი ცხოვრების მიმართ. ასაკთან ერთად ადამიანს უჩნდება კითხვა: ,,ვიცხოვრე კი ისე, როგორც საჭიროა?”. ჩემი ცხოვრების მიმართ უკმარისობის განცდა მაქვს. ბევრი რამ დამრჩა გაუკეთებელი”, – უთხრა კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ ,,სარკეს” და თავის დიდ ტკივილზე ილაპარაკა – ელენეზე.

ცხოვრების უკანასკნელი სიყვარული და ელენე

რუსთაველის თეატრში გაიცნო ნელი დავლიანიძე, რომელიც რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა და გრძნობაც გაჩნდა. ბატონი ელდარი გვიყვება:

– ჩემს მომავალ მეუღლეს, ნელის, მედეა ჩახავას საიუბილეო ვახშამზე შევთავაზე ჩემი თავი. უარი მტკიცა, მეგობრებისთვის უთქვამს, ამ ბებერს ჩემგან რა უნდაო… მაშინ 49 წლის ვიყავი, ნელიზე 18 წლით უფროსი. ბოლოს მაინც შევუღლდით. ნელი ჩემი უკანასკნელი სიყვარულია, შესანიშნავი მეუღლე და დედა. არაჩვეულებრივი შვილი მაჩუქა – ელენე, ჩემი ნაბოლარა. 1983 წლის 26 ივლისს შეგვეძინა. იმ წელს ,,ცისფერ მთებს” ვიღებდით…

ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ სიმწიფის ასაკში შეძენილი შვილის მიმართ კიდევ უფრო სხვა დამოკიდებულება ყალიბდება. პატარა ელენესთან ერთად სახლში ხშირად ვხალისობდი, ცეკვასა და ხტუნვაშიც ვყვებოდი. საყვარელი, ჭკვიანი, მოაზროვნე და ნიჭიერი ბავშვი იყო: უკრავდა, ცეკვავდა… სიცოცხლე უყვარდა და ლამაზ სიყვარულზე ოცნებობდა.

11 წლის ასაკში წერდა: ,,სიყვარული ძალიან ძნელია. იცის ხშირი გათიშვები, გონების აბნევა… მე ცხოვრებაში ბევრი ბიჭი მყვარებია – ნიკუშა, ირაკლი და უამრავი სხვა, რომლებიც არ მახსოვს…”.

ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა – ნინო ანანიაშვილი უნდა გავხდეო. ცდილობდა, მიებაძა და მის მოძრაობებს იმეორებდა. თვითნასწავლი ბალერინა შევარქვით, ბალეტის საყურებლად ოპერის თეატრში დაგვყავდა. კარგად შეისწავლა უცხო ენები – ინგლისური, რუსული, გერმანული. განსაკუთრებით ინგლისურს ფლობდა. სან ფრანცისკოს კოლეჯიდან, სადაც სწავლობდა, საუკეთესო დახასიათება ჩამოიტანა. შემდეგ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბოლოს ტრაგედია მოხდა… საუბედუროდ, ჩემი უმცროსი ქალიშვილი 23 წლის ასაკში დაიღუპა.

,,ჩემი აზრით, დრო მხოლოდ ციფრები და ორი ისარი არ არის. ეს არის რაღაც, რომლის უაზროდ დაკარგვა არ შეიძლება. დროს ძალიან სათუთად მოპყრობა სჭირდება, თორემ მერე ვინანებთ, რადგან ყველა ადამიანს სიცოცხლე დანიშნული აქვს, მაგრამ მან ეს არ იცის. მართალია, ამ დღიურს ვწერ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ეს დღიური შეიძლება სასაცილოც კი იყოს. ასეთია ცხოვრება”, – წერდა 13 წლის ელენე.

ეს ჩანაწერები შემდგომ გამოვიყენე ფილმში ,,ელენე”, რომელიც ჩემი შვილის ხსოვნას მივუძღვენი. ფილმი ჩვენი ოჯახის ახლობლებისთვის გადავიღე ელენეს უკეთ გაცნობის მიზნით. ფინალში ასეთი კადრია – ელენე მეგობრის ქორწილში ცეკვავს, ძალიან ბედნიერია… მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მისი ლამაზი სიცოცხლე შეწყდებოდა.

მე და ელენე უაღრესად მოყვარული მამა-შვილი გახლდით. თითოოროლა შემთხვევა მახსოვს, როცა გამაბრაზა. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ,,ჯიპას” მაგისტრატურაში ჩააბარა, ერთი თვის შემდეგ კი თქვა, ძალიან დავიღალე და მომავალ წელს თავიდან ჩავაბარებო – ამ ფაქტმა ცოტა გამანერვიულა. მეორედ მაშინ გავბრაზდი, როცა საჭესთან დაჯდომის სურვილი გამოთქვა.

– ეგ შენი საქმე არ არის, უფლებას არ გაძლევ, – მივუგე.

მერე რაღაცნაირად დამელაპარაკა და დავეთანხმე. სხვის მანქანაზე დაჯდა და… არ უნდა დავთანხმებოდი, ვფიქრობ, დამნაშავე ვარ. ასეთ დროს ძნელია, პირად პასუხისმგებლობას გაექცე. თუმცა უფლის ნებაა ყველაფერი – ამას მეუბნებიან პატრიარქი და ჩვენი მოძღვარი, მამა გიორგიც (ზვიადაძე). ამ ტრაგედიის გადატანაში დიდი როლი ითამაშა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მეორე დღესვე მობრძანდა ჩვენთან.

– გახსოვდეთ, მისი სული ცოცხალია, – გვითხრა უწმინდესმა და ამით დიდი ნუგეში გვცა.

ეკლესიურ ცხოვრებას შევუდექით. უწმინდესთან ერთად იერუსალიმის წმინდა ადგილებიც მოვილოცეთ. უცხოეთში საქმიანი ვიზიტებით, ხან ფესტივალებზე მიწევს ყოფნა და მეუღლეც თან მახლავს. სადაც კი მოვხვდებით, ყველგან წმინდა ხატს ან მცირე სუვენირს ვყიდულობთ – ეს საჩუქარია ჩვენი ელენესთვის. მისი ოთახი ხელუხლებელია. იქ ამ ნივთებს ვალაგებთ.

ელენემ თავის დროზე მრავალი ქვეყანა მოიარა. ჯერ მე დამყავდა კინოფესტივალებზე, შემდგომ თავად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა. ახლა ვცდილობ, იმ ადგილებზე გავიარო, სადაც ჩვენი შვილია ნამყოფი – ამას მისი ვიდეოკასეტებიდან ვიგებთ, რომლებსაც სათუთად ვუფრთხილდებით…

ერთი ასეთი კადრია: ელენე პრაღაში, კარლის ხიდზე დგას და ქუდს იქნევს. მეც მოვხვდი იქ და მეც ქუდი მოვიხადე – ჩემმა შვილიშვილმა, ლუკამ გადამიღო…