,,როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი. ვცდილობდი, ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია. ოჯახის მფარველობას გავექეცი და სულ სხვა პროფესია ავირჩიე – საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლა დავიწყე” – უთხრა ჟურნალ ,,გზას” პარლამენტის დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა.
-ოჯახში არ გვქონდა იმის საჭიროება, რომ მუშაობა დამეწყო. მამაჩემი, კონსტანტინე ლაშხი, მთელი ცხოვრება ბანკირი იყო, ამავე დროს ტანმოვარჯიშე იყო. დღეს ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელია და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ასწავლის. დედა, ნანა ერგემლიძე არაბული ენის სპეციალისტია, თსუ-ის პროფესორი…
გერმანიაში ვსწავლობდი. იქიდან დაბრუნებულმა პროფესია შევიცვალე და მაგისტრატურაში საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია ავირჩიე. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულებს ეხმარებოდა: ტრენინგებს უტარებდა და პრაქტიკულ ცოდნას აძლევდა. ამის შემდეგ მსოფლიო ბანკში გადავედი, სადაც 3 წელი ვმუშაობდი, იქიდან კი ,,ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში” მიმიწვიეს…
4 ენა ვიცი: ინგლისური, გერმანული, თურქული და რუსული, ფრანგულის შესწავლაც დავიწყე… ჩემი მეუღლე – ალექსანდრე ნეფარიძე ერთ-ერთ ბანკში იურისტად მუშაობს.ერთ უბანში გავიზარდეთ. პატარაობიდანვე ვმეგობრობდით და ვიღაცებს ვურიგებდი კიდეც. ერთხელ, ხუმრობით მითხრა: ასეთ მეგობარს ცოლადაც სიამოვნებით მოვიყვანდიო. ცოტა ხანში ეს ხუმრობა სინამდვილედ იქცა. ოჯახი გააზრებულად, ზრდასრულ ასაკში შევქმენით, – უამბობს ჟურნალ ,,გზას” დეპუტატი.
გზა, 2022 წელი