,,სარკე”
ძალიან უმადური ადამიანების გვერდით მიცხოვრია. ხანდახან ძალიან რომ ვბრაზდები, მერე საკუთარ თავს ვამშვიდებ, ყველამ ნამდვილი სახე გამოაჩინა და კარგია-მეთქი.
მართალია, ეს ნიღბის ჩამოხსნა მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ მომავლისთვის უკეთესია ჩემთვის. ადრე თუ ჩემს ცხოვრებას ამ ადამიანებთან ერთად ვგეგმავდი და ერთ ოჯახად წარმომედგინა თავი, ახლა ჩემს მომავალს მხოლოდ და მხოლოდ ქმარ-შვილთან ერთად ვხედავ, სადაც სხვებს (დედამთილს, მამამთილს და ა.შ.) ადგილი არ ექნებათ, მხოლოდ ხანმოკლე ურთიერთობები – გამარჯობა-გაგიმარჯოს და მორჩა!
ამ მდგომარეობამდე დედამთილმა მიმიყვანა. ასეთი დაუნახავი ადამიანი თუ იქნებოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ხელფასი სანამ მქონდა, ჩემს მზეს ფიცულობდა, მერე კი, ხელფასის გარეშე რომ დავრჩი, მისთვის აღარაფერს წარმოვადგენ.
მათ ოჯახში სანამ შევიდოდი, უკვე მქონდა ძალიან კარგი სამსახური, მაღალი ხელფასით და დაწინაურების პერსპექტივით. ისე შემიყვანეს თავიანთ ოჯახში, როგორც დედოფალი. დედამთილს რითი ეცა პატივი, აღარ იცოდა. თავი მის შვილად მიმაჩნდა. მეც უდიდესი პატივისცემით ვექცეოდი, ძალიან მიყვარდა. ოჯახში უამრავ რამეს ვაკეთებდი, საჭმელი, კომუნალური გადასახადები სულ ჩემს კისერზე იყო. საჩუქრებს არ ვაკლებდი არც მას, არც მის შვილიშვილებს და მის ორ შვილს, ანუ ჩემს მაზლს და მულს. ასე გავატარეთ 4 წელი.
ჩემი სანერვიულო ის იყო, რომ შვილი არ მიჩნდებოდა. დედამთილი სულ მეუბნებოდა, რას ნერვილობ, გეყოლებაო. მეგონა, რომ ამას კეთილი გულით მეუბნებოდა, ნერვიულობისთვის არ ვემეტებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, ფულს ზოგავდა. გათხოვებიდან 3 წლის შემდეგ როგორც კი ექიმებში სიარული და მკურნალობა დავიწყე, მაშინვე დაეტყო ხასიათის ცვლილება. ჩემ გასაგონად ამბობდა, აგერ ჩემი გოგო მაშინვე დაორსულდა, ჩემი რძალიც სამ თვეში დაფეხმძიმდა, ეს იმიტომ, რომ გათხოვებამდე თავს უფრთხილდებოდნენ, არ ცივდებოდნენო. ამით მანიშნებდა, რომ უშვილობა ჩემი პრობლემა იყო, რადგან გათხოვებამდე თურმე თავს არ ვუვლიდი.
ჩემს ქმარსაც ჰქონდა პრობლემა, ისიც სამკურნალო იყო და ეს რომ ვთქვი სახლში, საერთოდ ისტერიკაში ჩავარდა, ჩემი შვილი ჯანმრთელია, შენ ხარ ავადმყოფი და ვერ ორსულდებიო. ექიმთან ყოველ ჩემს წასვლა-მოსვლას მისი ოხვრა-გოდება უძღოდა წინ, რადგან ამით ოჯახს ბევრი რამ აკლდებოდა.
გამიმართლა და, უფლის წყალობით, დავორსულდი. ვერ ვიტყვი, რომ არ გაუხარდა, ზნე შეეცვალა, კარგად მოქცევა დაიწყო. ბავშვის გაჩენაც სიხარულით აღნიშნა, მაგრამ ახლა ისე იქცევა, მტერს და ავს! მისი მრისხანების მიზეზი ისევ ჩემი ხელფასია. დეკრეტული შვებულების ვადის გასვლის შემდეგ უარი ვთქვი სამსახურში გასვლაზე.
ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მართალია, საშიში არაფერია, მაგრამ სულ საყურადღებო და მოსაფრთხილებელია. სანამ კარგად არ წამოვზრდი და ეს ჯანმრთელობის პრობლემა არ მოგვარდება, გვერდიდან არ მოვშორდები. ჩემს ნანატრ შვილს ვერავის ვანდობ, ვერც ძიძას, ვერც დედამთილს და ვერც დედაჩემს. მე უცებ ვხვდები, როდის რა არის საჭირო და უჩემოდ შვილს სხვის იმედად ვერ დავტოვებ. ჩემი ქმარი მუშაობს და იმდენი აქვს შემოსავალი, ცოლ-შვილს არჩენს, არც მშობლებს აკლებს რამეს. ჩემი დედ-მამა და და-ძმაც მეხმარებიან. ქმარი მეუბნება, ბავშვს მიხედე, არაფერი მოაკლო, შენი მუშაობა არ მჭირდებაო.
მიუხედავად იმისა, რომ დედამთილს არაფერი აკლია, მაინც ამითვალწუნა. პირდაპირ მითხრა, შენ რა ქალი ხარ, ისეთი სამსახური დაკარგე, ყველა რომ ნატრობსო. მერე იმაზეც გამებუტა, ბავშვს არ მანდობ, არადა სამი შვილი გავზარდეო. ვერ შევაგნებინე, რომ ჩემთვის მთავარი შვილია და ყველაფერი მის უკან დგას.
ისეთი გამოცდილება მაქვს, როცა დრო მოვა, აუცილებლად ვიშოვი სხვა სამსახურს, ოღონდ ისეთს, რომ ჩემს შვილზე იყოს მორგებული. იმდენს მოვახერხებ, მე და ჩემს ქმარ-შვილს ცალკე სახლი გვქონდეს და ვიღაცებმა არასოდეს მიმითითონ, რა როგორ ვაკეთო და შვილს რამდენი დრო დავუთმო. დედამთილს კი ასეთ საქციელს არასოდეს ვაპატიებ.
,,სარკის” ერთგული მკითხველი