ჯემალ ღაღანიძე: ,,დღესაც მოვწონვარ, დღესაც ვუყვარვარ, დღესაც მივლის და მპატრონობს ჩემი ლენა”
ერთი საქმის და ერთი ქალის ერთგული მსახიობის ცხოვრება

ჯემალ ღაღანიძე: ,,დღესაც მოვწონვარ, დღესაც ვუყვარვარ, დღესაც მივლის და მპატრონობს ჩემი ლენა",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

,,ვითამაშებთ, კიდევ ბევრ სპექტაკლში ვიჯამბაზებთ და ვიჯამბაზებთ, სანამ შეგვეძლება!” – ამ სიტყვებს სპექტაკლ ,,მოხუც ჯამბაზებში” მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გმირი ამბობდა. ბატონმა ჯემალმა ითამაშა, სანამ შეეძლო. მთელი გული და სული ჩადო თითოეულ როლში და 2023 წლის 3 თებერვალს 89 წლის ასაკში დაგვემშვიდობა. 21 აპრილს ის 90 წლის უნდა გამხდარიყო…

თქვენით ვცხოვრობ, მე მაყურებლის აპლოდისმენტები და ყურადღება სიცოცხლეს მმატებსო, გვეუბნებოდა ბატონი ჯემალი და ,,სარკეს” ყოველთვის უღებდა სახლის კარს, გვიხსნიდა მოგონებების სკივრს, რომელშიც ყოველ ამბავს, ყოველ სიტყვას ოქროს ფასი ჰქონდა და ახლა კიდევ უფრო ძვირფასი გახდა.

– როგორც წესი, ხრიოკ ადგილას არაფერი იზრდება, შესაბამისად, ნიჭსაც სჭირდება საზრდო, შესაფერისი გარემო. ამიტომ გვინდა, თქვენს მშობლებზე გვიამბოთ, – ვთხოვეთ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ბატონ ჯემალს.

– ძირძველი საბურთალოელი ვარ, გვარში მსახიობი არავინ გვყავდა. დედა პედაგოგი იყო, დავითაშვილის ქალი გახლდათ ქართლიდან. მამა კი წარმოშობით სამტრედიიდან იყო, ეკონომისტი. უმაღლესის დამთავრების შემდეგ ორივემ დუშეთის უპატრონო ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა და ერთმანეთი იქ გაიცნეს, ერთმანეთს ეკურკურებოდნენ და ამ კურკურის შედეგად ჯერ ჩემი ძმა გაჩნდა, 4 წლის შემდეგ – მე. ხელოვნება და თეატრი დედამ შემაყვარა.

– როდის გადადგით პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები?

– სკოლის დამთავრებას 1 წელი მაკლდა, სწავლება 11-წლიანი რომ გახადეს. მე თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, არადა გავიგეთ, რომ მიღება 1 წლის გამოტოვებით მოხდებოდა. ისე გამოდიოდა, სკოლას რომ დავამთავრებდი, 1 წელი უსაქმოდ უნდა ვყოფილიყავი. გამოსავალი მამაჩემის ინგილო მეგობარმა მაპოვნინა. მამაჩემს უთხრა, ჯემალმა ჩვენთან, საინგილოში, ქართულ სკოლაში ისწავლოს, სადაც ათწლიანი სწავლებააო. ოჯახმა დიდი წინააღმდეგობა გამიწია, მაგრამ თავი დავადე და საინგილოში წავედი. სწორედ მაშინ გადავდგი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები.

მაშინ ეს მხარე ძალიან ჩამორჩენილი იყო. აქ თუ საშუალო დონის ბიჭად ვითვლებოდი, იქ უმაღლესი დონის კაცად ვიქეცი. ჩემი თეატრი გავაკეთე, პიესებს ვდგამდი. ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.

სკოლა რომ დავამთავრე, პირველივე წელს ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში. მერე იყო რუსთაველის თეატრი. ჯერ დამსახურებული არტისტი გავხდი, შემდეგ – სახალხო. პრემიებს ახლა აღარაფრად ვთვლით, თორემ მაშინ ამას დიდი ფასი ჰქონდა. ,,კავკასიურმა ცარცის წრემ” საბჭოთა კავშირის სახელმწიფო, სტალინური პრემია მიიღო. მერე გავხდი კოტე მარჯანიშვილის და იპოლიტე ხვიჩიას პრემიების ლაურეატი. თეატრის წინ ვარსკვლავი გამიხსნეს. ერთი სიტყვით, თეატრს ჩემთვის გული არ დაუწყვეტია, მეც ჩემი მხრიდან მთელი გული და სულით ვემსახურე.

– დაღლა არასოდეს გიგრძვნიათ?

– ჩემი საქმე მოსაბეზრებელი და დამღლელი არასოდეს ყოფილა. ყოველი ახალი სპექტაკლის შემდეგ მსახიობი ახალ ცხოვრებას იწყებს. ადამიანმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს, რომ ცხოვრებაში თავისი ადგილი იპოვოს. როცა ასეა, აღარც სხვისას წაეპოტინები და არც შენსას გაატან სხვას. თეატრში ჩემი ადგილი ვიპოვე, ჩემს საქმეს ვუერთგულე და შედეგიც მივიღე.

– არასოდეს გქონიათ შეგრძნება, რომ თეატრში როლები უსამართლოდ გაანაწილეს?

– ბევრი რთული როლი მაქვს შექმნილი. ისეთ როლებსაც გავქაჩავდი და ისეთ სიმძიმეებსაც ავწევდი, რომლებსაც ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე სწევდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ დავიჭერდი, ამას ვგრძნობდი. ამიტომაც გითხარით, კაცმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს-მეთქი. ყოველთვის იმ სიმძიმეს ვეჭიდებოდი, რომელსაც მოვერეოდი. “კავკასიური ცარცის წრე” 650-ჯერ ვითამაშე, არც ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია, ამიტომ არავის მოსვლია აზრად, რომ შევეცვალე. არც მე მყოლია დუბლიორი და არც მე ვყოფილვარ ვინმეს შემცვლელი. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ეროსი მანჯგალაძე შევცვალე. ჩემი სამყარო შევქმენი და ამდენი წელია, ასე მოვდივარ.

– განვლილ წლებს რომ გადახედავთ, გული არაფერზე გწყდებათ?

– ჩემი ცხოვრებით მართლაც კმაყოფილი ვარ. ყველა კრიტერიუმს ვასრულებდი, რაც ჩემი პროფესიის კაცს მოეთხოვებოდა. არ მახსოვს, რეპეტიციაზე დამეგვიანა. მოქეიფე კაცი ვარ, მაგრამ რეპეტიციაზე ნასვამი არასოდეს მივსულვარ. ამ მხრივ, თითით საჩვენებელი ვარ. შეიძლება ვიღაცისთვის ვარსკვლავის გახსნა არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემთვის ეს დიდი პატივია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რუსთაველზე ჩემი სახელი და გვარი თუ დაიწერებოდა.

თქვენს ჟურნალს ბევრი ახალგაზრდა წაიკითხავს, ,,სარკის” მეც ერთგული მკითხველი ვარ, ამიტომ მინდა, ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ თავიანთი საქმე უყვარდეთ და ერთგულები იყვნენ. როცა თამადა ვარ, ხშირად ვსვამ ერთგულების სადღეგრძელოს. თუ ერთმანეთს არ ვუღალატებთ, მტერი ვერ დაგვამარცხებს და ქვეყანა გამთლიანდება.

– როგორ შეაფასებდით თქვენს მსახიობურ ცხოვრებას, მიაღწიეთ იმას, რაც გინდოდათ?

– ჩემი რანგის მსახიობს ძალიან ბევრ ფილმში უნდა მქონდეს ნათამაშევი, მე კი 20 კინოროლი მაქვს, რადგან ჩემთვის ყოველთვის თეატრი იყო პრიორიტეტული. კინოგადაღებას ზოგჯერ მთელი წელი სჭირდებოდა, ამიტომ მხოლოდ იმ ფილმებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებსაც თბილისში ან მის შემოგარენში იღებდნენ, რომ თეატრში მისვლაც მომესწრო ან გადაღებები თუ ჩემს შვებულებებს ემთხვეოდა, მაშინ ვთანხმდებოდი. თეატრმა დამაფასა. 1956 წლიდან თეატრში ვარ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი მთავრობა მოვიდა და წავიდა, მაგრამ ჩემი შრომა ყველამ დააფასა.

– მეორედ რომ დავიბადო და ვთხოვდებოდე, ისევ ჯემალ ღაღანიძეს წავყვებოდი ცოლად და სხვას არავის! თაყვანისმცემლები არ მაკლდნენ, მაგრამ ჯემალი შეუდარებელი იყო. მან თავისი გულუბრყვილობით მომხიბლა, წესიერების განსახიერება იყო, – უთხრა ,,სარკეს” ჯემალ ღაღანიძის ცხოვრების დიდმა სიყვარულმა, ელენე გერმესაშვილმა.

ერთმანეთს ტკბილად შებერებული წყვილი დიდი სიამოვნებით გვიყვებოდა თავიანთი სიყვარულის ამბავს. ბატონი ჯემალი იხსენებდა:

– 33 წლის ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. სწორედ ამ ასაკში მივხვდი, რომ ცოლი უნდა შემერთო. პირველად თეატრში შევხვდით ერთმანეთს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წუნია ვიყავი. ვერ ვხვდები, რატომ ვიწუნებდი, თავად ძალიან გამხდარი, შავი და შეუხედავი ვიყავი. ამის მიუხედავად, მინდოდა, ჩემ გვერდით ლამაზი ქალი ყოფილიყო.

თეატრში 10 წლის მისული ვიყავი და ბევრი როლიც მქონდა ნათამაშები, საქართველოს დამსახურებული არტისტი ვიყავი, როცა ლენა გავიცანი. ჩემი ნაცნობი გოგონა მოვიდა თავის მეგობართან ერთად თეატრში და ლენა გამაცნო. რომ შევხედე, მომეწონა, ძალიან ლამაზი ქალი იყო. ბედმა თავისი ფეხით მოიყვანა თეატრში. მერე ისევ თეატრში დავუნიშნე პაემანი, სპექტაკლზე დავპატიჟე. არ იუარა და მოვიდა. ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

ლენაზე 10 წლით უფროსი ვარ. საქორწინო მოგზაურობაში რომ ვიყავით, ძალიან გვიჭირდა სასტუმროში შესვლა, რადგან ელენე იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ეჭვის თვალით გვიყურებდნენ.

ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მოგეხსენებათ, ღმერთს ჩემთვისაც არ დაუკლია ეს ნიჭი, ჩემი ხუმრობა კარგად ესმოდა. ზოგს სწყინს ხუმრობა, ლენა ყოველთვის მიგებდა. თავიდან თეფშით დამდევდა ხოლმე, რამე ჭამეო, თანაც იმ დროს, როცა როლზე ვმუშაობდი. ერთხელაც ვეღარ მოვითმინე, მივუბრუნდი და ვუთხარი, აღარ მინდა ჭამა, მაშინ ვჭამე, შენ რომ მოგიყვანე-მეთქი!..

ლენა თავიდან კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას სახლში მივიყვანე, რომლებიც ზუსტად ჩვენ წინ ცხოვრობდნენ. რომ დაინახეს, ძალიან მოეწონათ. მე მანქანა არ მყავდა და კოტე თავის “ვოლგას” მაძლევდა ხოლმე, მეუბნებოდა, ის გოგო სადმე წაიყვანეო. ლენას თავს კოტეს მანქანით ვაწონებდი.

ლენას რომ შეხედავთ, ახლაც მშვენიერია და წარმოიდგინეთ, მაშინ როგორი გოგო იქნებოდა! ცნობილი მხატვრები ხატავდნენ და მის პორტრეტებს გამოფენებზე დაატარებდნენ. ისე იყო საქმე, მეკითხებოდნენ, მოიტაცე თუ გამოგაყოლესო.

ქორწილი სახლში გადავიხადეთ. მაშინ დიდი ბინა გვქონდა, ასი კაცი თავისუფლად ეტეოდა. სუფრასთან დიდი მხიარულება იყო. ედიშერ მაღალაშვილი ამბობდა, კახის (კახი კავსაძე. ავტ.) გვერდით რომ ვზივარ, ვინმემ თავსაკრავი მომეცით, თავი ამტკივდაო. თამადა სერგო ზაქარიაძე გახლდათ.

რთულია მსახიობი კაცის ცხოვრება – რეპეტიციები, გასტროლები, წლების განმავლობაში გასული ვიყავით ქვეყნიდან. როდესაც უკვე გადავწყვიტე, რომ ცოლი უნდა მომეყვანა და თეატრში ეს ამბავი გახმაურდა, ბატონ სერგო ზაქარიაძესთან მივედი. ის მაშინ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. მითხრა, ჯემალ, შენ ახალ ცხოვრებას იწყებ, უნდა გახსოვდეს შენი პროფესია, მას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოსო. საბედნიეროდ, ლენა ისეთი ცოლი გამოდგა, რომ ჩემს პროფესიას ალღო ცოტა ძნელად, მაგრამ მაინც აუღო. გვიან რომ ვბრუნდებოდი შინ, გამუდმებით მეკითხებოდა, რაზე ფიქრობ, ვისზე ფიქრობო, მაგრამ ნელ-ნელა ეს კითხვები გაქრა.

– ანებივრებდით მეუღლეს?

– კარგი გარეგნობის იყო და შესაფერისი ტანსაცმელიც სჭირდებოდა. მისთვის გასტროლებიდან რა აღარ ჩამომქონდა. კოლეგები მეუბნებოდნენ, შენს თავსაც მიხედე, სულ ლენა, ლენას რომ გაიძახიო. ისინი თავიანთთვის ყიდულობდნენ, მე კი ქალთა სექციებში ვაღამებდი.

არგენტინაში ერთი კაბა მომეწონა, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა, მისი შესაფერისი ფეხსაცმელიც შევარჩიე, წამოსვლის დღეს მაღაზიის ვიტრინაში ქამარი დავინახე, რომელიც გეგონებოდა, იმ კაბაზე იყო მოშორებული და ცალკე ყიდდნენ. საღამო იყო, მაღაზიაში ქამრის საყიდლად რომ მივბრუნდი. დავინახე, მეპატრონე დარაბებს კეტავდა, ნახევარ მეტრზე ნაკლები შესაძვრომიღა იყო დარჩენილი, მე არც ვაციე, არც ვაცხელე და ქურდივით შევძვერი მაღაზიაში. მეპატრონე გადაირია, ვთხოვე, ქამარი მომყიდე, მაგვიანდება, ქვეყნიდან მივდივარ-მეთქი… ბევრი ასეთი ამბის გახსენება შემიძლია.

ფული არასოდეს გვქონია თავზესაყრელად, მაგრამ რისი საშუალებაც მქონდა, იმით ვაკმაყოფილებდი ოჯახს. ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება, მხოლოდ სახლი გვქონდა და მეტი არაფერი. მე და დიდი ფეხბურთელი, მიშა მესხი, ახლო მეგობრები ვიყავით. ჩემი ხელისმომკიდე გახლდათ. მეც ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ლენა, ფეხბურთი და თეატრი იყო ჩემი ცხოვრების მთავარი არსი. დღესაც მოვწონვარ, დღესაც ვუყვარვარ, დღესაც მივლის და მპატრონობს ჩემი ლენა.

ისე მოვედით აქამდე, რომ მე დღესაც მისი ერთგული ვარ, ცოლისთვის არასდროს მიღალატია… სპექტაკლი როცა მაქვს, მთელი ჩემი ოჯახი ორი დღით ადრე ემზადება, თითქოს თვითონ უნდა გავიდნენ სცენაზე.

– დღეს, როცა წარსულს აფასებთ, რაზე გწყდებათ გული, რას შეცვლიდით განვლილ გზაზე?

– ჩემს ცხოვრებაში იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. ამ ორი ,,ძმის” გარეშე თეატრალური ცხოვრება არც არსებობს. მე ძალიან გამიმართლა, რადგან ბევრი როლი მხვდა წილად. თეატრს ჩემთვის გული არ უტკენია. პირად ცხოვრებაში კი ძალიან ვნანობ იმას, რომ ერთ შვილზე გავჩერდით.

ჩემი შვილი ცნობილი პიანისტია. თბილისის მუსიკალური სკოლის ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა, შემდეგ – კონსერვატორია. მერე დიუსელდორფში ასპირანტურა დაამთავრა. საზღვარგარეთ 8 წელიწადი იმუშავა. თავისი საქმის პროფესონალია და, რაც მთავარია, კარგი შვილია. ჩემს მეუღლესაც მუსიკალური ტექნიკუმი აქვს დამთავრებული. ლენა აღმოსავლეთმცოდნეცაა. ერთი-ორჯერ თურქეთში ჩვენმა თეატრმა თარჯიმნად წაიყვანა.

– მეტი შვილი რატომ არ იყოლიეთ?

– ჩემს თეატრთან ერთად 40 ქვეყანა მოვიარე, გასტროლიდან გასტროლზე დავდიოდით, მეორე შვილი არ გაგვიჩნდა. ახლა ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, მე და ლენა ამაზე ფიქრს ვერ დავიწყებთ. ჩვენ არ გვკითხა, ისე მოვიდა სიბერე, ვერაგულად შემოგვეპარა.

ჯემალ ღაღანიძის ცხოვრებაში კიდევ იყო მზის სხივები – მისი ერთადერთი შვილიშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და შვილთაშვილები. ,,სანდროს თეატრი მე შევაყვარე. კულისებშია გაზრდილი. თეატრალურ უნივერსიტეტში რომ მოეწყო, არ უთქვამს, რომ ბაბუა მსახიობი ჰყავდა”, – სიამაყით უყვებოდა ბატონი ჯემალი ,,სარკეს”.

სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძისთვისაც ბაბუა განსაკუთრებული ადამიანი იყო. მას ალბათ არასოდეს დაავიწყდება 4 თებერვალი, როცა სახლში მისი გამზრდელი ბაბუის გარდაცვალების გამო სამძიმარს იღებდნენ ოჯახის წევრები, თვითონ კი სცენაზე იდგა და სპექტაკლში „ვანო და ნიკო” თამაშობდა. ეს სპეტაკლი მან ბაბუის ხსოვნას მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ ბევრი წლის წინ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ჯემალ ღაღანიძემაც. სპექტაკლით ,,კავკასიური ცარცის წრე” გასტროლზე იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მსახიობმა დედის თხოვნით მაინც ბოლომდე ითამაშა.

ჯემალ ღაღანიძე 2023 წლის 7 თებერვალს მშობლიური რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს.