,,ვნანობ, რომ განქორწინება ჩემი კი არა, ქმრის ინიციატივით მოხდა, თან ძალიან ცუდი ფორმებით” – როგორ დაიწყო ემა ტუხიაშვილმა ახალი ცხოვრება 20-წლიანი ოჯახის დანგრევის შემდეგ

,,ვნანობ, რომ განქორწინება ჩემი კი არა, ქმრის ინიციატივით მოხდა, თან ძალიან ცუდი ფორმებით" - როგორ დაიწყო ემა ტუხიაშვილმა ახალი ცხოვრება 20-წლიანი ოჯახის დანგრევის შემდეგ,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ტელეჟურნალისტის, პოლიტიკური ტოქ შოუ “360 გრადუსის” წამყვან ემა ტუხიაშვილისთვის 2022 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან შვილიშვილი შეეძინა – მის ქალიშვილს, ანა გელოვანს, ბიჭუნა დაჩი გაუჩნდა. ახალგაზრდა ბებიის ბედნიერ სტატუსს ემა განქორწინებული შეხვდა, ახალი გამოწვევებითა და ახალი პერსპექტივებით. თავისი ცხოვრების ამ ეტაპზე ტელეჟურნალისტი ,,სარკეს” უყვება.

– რამდენიმე წელია, რაც შვილების მამას ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდით. ამ გადმოსახედიდან როგორ თვლით, რას აქვს მნიშვნელობა ოჯახის შესანარჩუნებლად?

– საკმაოდ დიდი ხანი, 20 წელზე მეტ ხანს ვიცხოვრეთ ერთად. თავიდანვე, პირველივე წლებში ხვდები, შეძლებ თუ არა ამ ადამიანთან ხანგრძლივ თანაცხოვრებას. უნდა ვაღიარო, რომ პირველივე წლებში ვხვდებოდი, ჩემი და მისი ინტერესები ცხოვრების მიმართ რადიკალურად სხვადასხვა რომ იყო, ეს იქნებოდა ბავშვების გაზრდა, კარიერაზე ფიქრი თუ სხვა რამ. ინტერესების აბსოლუტური აცდენა გვქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ არ იცი, ოჯახის დანგრევა რა გავლენას იქონიებს შენს შვილზე, ძალიან ბევრ რამეზე უკან იხევ. ყველაფერს უწევ ანგარიშს, სანამ საბოლოო ჯაჭვს არ ჩაწყვეტ.

დღემდე დიდი წყენა და გულისტკივილი მაქვს არა მხოლოდ ყოველდღიური კონფლიქტების გამო, არამედ მერე რაც მოხდა. მეუღლეები შეიძლება გაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ დედობა და მამობა არ უნდა იკარგებოდეს და ეს პასუხისმგებლობა უნდა გრძელდებოდეს. ახლა ვთვლი, რომ ყოველთვის ჯობს, დროზე მიიღო გადაწყვეტილება და დაამთავრო ურთიერთობა.

– თვლით, რომ დაგაგვიანდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

– ძალიან დამაგვიანდა. მეტიც, დღემდე ვნანობ, რომ ეს ყველაფერი არა ჩემი, არამედ მისი ინიციატივით მოხდა და თან ძალიან ცუდი ფორმებით. მე და ჩემი შვილები იძულებულები გავხდით, წამოვსულიყავით იმ სახლიდან, სადაც ვცხოვრობდით. სახლზე, სადაც 20 წელზე მეტია ცხოვრობ, არანაკლები ამაგი გაქვს, ვიდრე მანამდე იქ მცხოვრებლებს. ამ ჩემი დაგვიანებული ნაბიჯის გამო შეურაცხყოფილმა დავიწყე ცხოვრება თავიდან.

წასასვლელიც არ მქონდა. არადა მისი მხრიდან იყო მკაცრი მოთხოვნა განქორწინებაზე და თან პანდემიის პერიოდში, ლოქდაუნის დროს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მანამდეც იყო, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი და მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მეც მქონდა ამ სახლში წვლილი, ვითხოვე, გაგვეყიდა და გაგვეყო, მაგრამ მოითხოვა განქორწინება და ჩანიშნა ჩვენი ვიზიტი იუსტიციის სახლში.

არ ვიცი, რა იფიქრა, განქორწინების შემდეგ ისევ იმ სახლში დავრჩებოდი თუ რა, მაგრამ წინააღმდეგობა აღარ გამიწევია და გავაწერეთ ხელი.

– მამობაზე პასუხისმგებლობა მაინც უნდა გრძელდებოდესო, თქვით… ამ პასუხისმგებლობაზე უარი თქვა თქვენი შვილების მამამ?

– იუსტიციის სახლში ვინც გვემსახურებოდა, რომ ჩახედა ჩვენს საბუთებს და დაინახა, რომ გვყავდა არასრულწლოვანი შვილიც, მკითხა, ვაკისრებდი თუ არა ფინანსურ პასუხისმგებლობას არასრულწლოვან შვილზე. მე კი ვუთხარი, არა-მეთქი. როგორ შეიძლება, მშობელი აიძულო, იზრუნოს საკუთარ შვილებზე? ჩამოვაცილე პასუხისმგებლობა ჩემი ნებით და მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

დავიქირავე ბინა და ერთი კვირის განმავლობაში გადაგვქონდა ჩვენი ნივთები. ჩვენ მარტო არ ვცხოვრობდით – დედამთილი, მამამთილი… მაგრამ არავის დაუსვამს კითხვა, სად მივდიოდით. არც იცოდნენ, სად მივდიოდით. იქნებ ცუდი დედა ვარ და ცუდ პირობებში მიმყავდა ბავშვები, არ უნდა დაინტერესებულიყვნენ? ჩვენ კი გადმოვედით და დავიწყეთ ცხოვრება თავიდან.

– მესამე ჩადგა თქვენ შორის?

– რა თქმა უნდა, იყო ვიღაც მესამე. როცა ვმესიჯობდით მე და ჩემი ქმარი განქორწინებაზე, იქიდან მომდიოდა ისეთი პასუხები, რომლებიც მისი დაწერილი აშკარად არ იყო. ამის შესახებ ვუთხარი, როდესაც შერიგებას მთხოვდა.

– შერიგებასაც მესიჯებით გთხოვდათ?

– არა, მოდიოდა. ასეთ რამეს, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებდი. არ ვაპატიებდი, პირველ რიგში, შვილების მიმართ უყურადღებობას.

– ცხოვრების რა ახალი მხარეები აღმოაჩინეთ ქმართან განქორწინების შემდეგ?

– მეორე სუნთქვა გამეხსნა. პრობლემები კი არის, მაგრამ იმ კომპლექსებისგან თავისუფლდები, რაც ყოველდღიურობაში ვიღაცის აზრის გათვალისწინებას თუ სხვა სახის დაძაბულობას მოჰქონდა. სირთულე გაასმაგებულ პასუხისმგებლობას მოჰქონდა შვილების მიმართ. ანა უკვე სტუდენტი იყო და მასზე იმდენად არ ვნერვიულობდი, მაგრამ ნიკას გარდატეხის ასაკში გაფაციცებული ყურადღება სჭირდებოდა, არაფერი უნდა გამომპარვოდა და ა.შ.

– სიყვარულიც ხომ არ გეწვიათ?

– არ ვიცი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე… იცით, როგორი პერფექციონისტი ვარ? საშინელი! ზეპუნქტუალური ვარ და ძალიან მომთხოვნი. შესაბამისად, ჩემი გმირი ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენილა.

არ დაგიმალავთ და, გარკვეული სიმპათიები კი მაქვს, მაგრამ ეს ის არ არის, რამაც შესაძლებელია, მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვინმესთან დამაკავშიროს. თან მე და ჩემმა შვილებმა ისეთი კავშირი შევქმენით ოჯახში, იქ კიდევ ვინმეს შემოყვანა გამიჭირდება კიდეც. სიძეც ჩემს შვილად მივიღე და მათთან გაზიარებული სიყვარულის გაყოფა არ ვიცი, ვინ უნდა დაიმსახუროს. ჩემი გული მართალია, ღიაა, მაგრამ…

ვფიქრობ, ამ ჩემი ხასიათის გამო ძალიან არ დავაგვიანო, მაგრამ წარუმატებელმა ქორწინებამ და იმედგაცრუებამ ფრთხილი გამხადა.