ჟანრი ლოლაშვილი მეოთხე სართულიდან გადავარდნას გადაურჩა – ,,ცხელი ძაღლის” კადრმიღმა ცხოვრება

ჟანრი ლოლაშვილი მეოთხე სართულიდან გადავარდნას გადაურჩა - ,,ცხელი ძაღლის" კადრმიღმა ცხოვრება,,სარკე”

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანზე ქართული დეტექტიური სერიალი “ცხელი ძაღლი” გამოვიდა, მაგრამ მაყურებელი დღემდე მისი პერსონაჟების ფრაზებით ლაპარაკობს, უფრო მეტიც, არსებობს ფანკლუბი, სადაც ერთმანეთს საყვარელ ეპიზოდებს უზიარებენ.

სერიალის ისტორია კი ასე დაიწყო: ტელეკომპანია ,,იმედმა” ქართველ მწერლებს, ნუგზარ შატაიძესა და კოტე ჯანდიერს, დეტექტიური ფილმის სცენარის დაწერა შეუკვეთა. ავტორებმა 12 სერიის მასალა დაწერეს და ,,ცხელი ძაღლი” დაარქვეს. მალე შეკვეთა კიდევ მიიღეს და სერიალის გადაღება გაგრძელდა.

სერიალის იდეის ავტორი ,,იმედის” პროდიუსერი ოთარ შამათავაა, რეჟისორი – ზაზა ურუშაძე. პირველი ნაწილის ზოგიერთი სერიის რეჟისურა ერეკლე ბადურაშვილს ეკუთვნის. მსახიობ გიორგი ყიფშიძისთვის ერთ-ერთი მთავარი, ლექსოს, როლი, კინოდებიუტი გამოდგა. მთავარი როლი აქვს ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილს, რომელიც, რომ გაუგია, სერიალში გადასაღებად იწვევდნენ, საშინლად აღელვებულა, რადგან ამ ჟანრს მანამდე არ აღიარებდა. საბოლოოდ გადაღებაზე დათანხმდა, პოლიციელის როლი მოირგო და კინაღამ ჯანმრთელობაც დაიზიანა.

კადრმიღმა ცხოვრებასა და ხიფათიან ეპიზოდებზე ბატონმა ჟანრიმ ,,სარკეს” უამბო:

– რომ გავიგე, სერიალში გადასაღებად მიწვევდნენ, ჩუმი ისტერიკა დამემართა. სერიალებს არასოდეს ვუყურებდი და არც მაინტერესებდა. როცა გავიგე, მთავარი როლი და თან პოლიციელი უნდა მეთამაშა, გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავვარდი. თავიდან არასერიოზულად მიმაჩნდა, მაგრამ მაინც წავედი.

იქ დამხვდა ნუგზარ შატაიძე, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ – ერთად გვიმღერია, გვიქეიფია. ძალიან კარგი მწერალია, ვისაც მისი ნაწარმოებები წაუკითხავს, ეს იცის. დამაინტერესა, რა იყო ამისთანა. კოტე ჯანდიერთან ერთად მუშაობდა და, ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი ტანდემი გამოდგა. ვერ წარმომიდგენია, როგორ ჩაძვრნენ კრიმინალისტიკაში და რა საოცარი ვითარებები გამოარკვიეს. ზაზა ურუშაძემ ურთულეს რაღაცებს გაართვა თავი.

– თავად როგორ მოირგეთ პოლიციელის როლი?

– შევეჭიდე ამ როლს, დამაინტერესა ხასიათმა, პლასტიკამ. კინოფილმს ჯერ იღებ, მერე ახმოვანებ. ამ შემთხვევაში კი ხუთ დღეში ვიღებდით ერთ სერიას და თან არც გახმოვანება სჭირდებოდა, ცოცხლად იწერებოდა ხმა. მაშინვე რომ ხმოვანდება, უფრო ცოცხალია. ეს ფაქტი ძალიან მესიამოვნა. გახმოვანების დროს ბევრი რამ იკარგება.

მსახიობის მთავარი მოვალეობაა, გახსნა სახე, იმუშაო გმირის ხასიათზე. ზოგიერთ კინოფილმში მსახიობი ვერც კი ასწრებ ხასიათის ჩამოყალიბებას. ამ სერიალში კი ამ ამოცანას თავი გავართვი.

– მანამდე პოლიციასთან რაიმე შეხება გქონიათ?

პოლიციელებთან რა შეხება უნდა მქონოდა?! როცა ვხედავდი, ვემალებოდი და იქით მხარეს, სადაც პოლიციელები იდგნენ, არც ვიხედებოდი. სულ არ არის საჭირო, შეისისხლხორცო და ზუსტი ნიუანსები იცოდე, როგორები არიან პოლიციელები.

ვფიქრობდი, დიასახლისებისთვისაა სერიალები-მეთქი. ამ ფილმზე ისეთი ამბავი დატრიალდა!.. ხალხი მირეკავდა, რომელ საათზე იწყებაო. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ფილმმა პოლიტიზირებული ხალხიც ამ არხზე გადმორთო და თან ანერვიულა კიდეც.

– ესე იგი კრიმინალისტიკა თქვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

– როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს კრიმინალური სამყარო?! შატაიძისა და ჯანდიერის ნაწარმოები შედევრი გამოვიდა. სად მოიძიეს, რომელ არქივებში იქექეს, რა ექსტრემალური ვითარებები ნახეს, არ ვიცი. რუსეთსაც კი გადასწვდნენ.

– როგორი პარტნიორობა გაგიწიათ მაშინ დამწყებმა მსახიობმა, ახალგაზრდა გიორგი ყიფშიძემ?

– არაჩვეულებრივი! მეგობრული და ზრდილობით სავსე ადამიანია. არაჩვეულებრივი ინტუიცია და ბევრი ღირსება აქვს. კარგი აზრები მოსდის, ცუდი ზრახვები არ აქვს. შეუძლია ადამიანი უყვარდეს. ბავშვები, ცხოველები, ბუნება უყვარს. გამორჩეული ჩაცმა უყვარს, ცოტა ავანგარდულიც არის. თანამედროვე ბიჭია. ძალიან განათლებულია, ბევრი რამ იცის და, როგორ მოასწრო, არ ვიცი. რაღაცებზე ერთნაირი რეაქციები გვქონდა. გადაღების დროს სიცილით ვიხრჩობოდით. იყო ერთი ამბავი და აურზაური. არ მითხრათ, რა ხდებოდა! ისეთი კურიოზებია, მაინც არ მოგიყვებით, არ მიყვარს ასეთი ამბების მოყოლა.

რომელი ეპიზოდის გადაღება დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

მე და გიორგის ყინვაში მოკლემკლავიანი მაისურები გვეცვა და ისე ვიღებდით. გავიყინეთ. რეჟისორის ასისტენტი, ლია გეგელია, დაგვდევდა თერმოსებით, სადაც ცხელი ჩაი ესხა.

– ბრაზდებოდით, ჭირვეულობდით?

– ყველა მსახიობი ჭირვეული და საზიზღარი, მაგრამ ამავე დროს არაჩვეულებრივია. მსახიობი ადამიანი არც არის, მოვლენაა. საოცრებაა მსახიობის ცხოვრებაც და შემოქმედებაც. ვჭირვეულობ, როცა რაღაც არ მომწონს და ჩემი დასაბუთებელი ვერსია მაქვს. ამავე დროს დამყოლიც ვარ, რადგან შემკვეთები მყავს. ამ სერიალში კი იმპროვიზაციის საშუალება ყოველთვის მქონდა. სლენგი, რომლითაც პირველ სერიებში ვლაპარაკობდი, სცენარისტებს პირდაპირ ნაწარმოებში გადაჰქონდათ.

ხანდახან ფილმს მდელოზე ვიღებდით და საპირფარეშო არ გვქონდა. ხანდახან 22 საათი ვმუშაობდით. ხშირ შემთხვევაში ერთს ეძინა და მეორე თამაშობდა. მერე იმას გააღვიძებდნენ, პირველი იძინებდა და ა.შ. ერთი გახედვის გამო თავიდან გადაგვიღია მთელი სერია.

– რამე ხიფათი ხომ არ გადაგხდათ?

– უჰ, პოლიციელობა საშინელი სამუშაოა, ურთულესი პროფესიაა! ძალიან რთული რამეა, ტყვიაზე მიდიხარ. რამდენჯერ ვისროლე, რამდენჯერ ვიღაცას გამოვეკიდე… გადმოვვარდი, თავიც დავარტყი. ამ სისქე კაცი მივებერტყებოდი ხოლმე რაღაცას და ორი კვირა ხელს ვერ ვანძრევდი. ხან თავი გავიხეთქე, ხან – შუბლი. ერთხელ, სროლის დროს, რევოლვერი დამეშალა ხელში და ტყვია სად გავარდა, ღმერთმა იცის.

მიხარია, რომ ის დრო უქმად არ გავფლანგე. ჩემს ასაკში დროის გაფლანგვა ცოტა უხერხულია. ქეიფები მიუტოვებია ხალხს და ამ სერიალის სანახავად წამოსულა – ეს ცოტა საქმეა?! არ მეგონა, თუ ასეთი საინტერესო გამოვიდოდა. საბედნიეროდ, გამაწბილეს – თურმე შეიძლება სერიალი საინტერესო იყოს.