დედა მართას დამზადებული წამლები ბევრ დაავადებას კურნავს – ,,თუ მონაზონს შინაგანი ლოცვა არ აქვს, მონასტერში გაჩერება უჭირს”

დედა მართას დამზადებული წამლები ბევრ დაავადებას კურნავს - ,,თუ მონაზონს შინაგანი ლოცვა არ აქვს, მონასტერში გაჩერება უჭირს",,სარკე”, ნანა კობახიძე

ჩოხატაურში დაბადებულმა და გაზრდილმა გოგონამ, ნონა ჩხიკვიშვილმა, 9 კლასის დამთავრების შემდეგ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ სასწავლებელში საფორტეპიანოზე განაგრძო სწავლა. იმხანად ტექნიკუმი ერქვა, ჰუმანიტარულ საგნებსაც გადიოდნენ. გოგონა ილია ჭავჭავაძის “განდეგილს” ჩაუღრმავდა, მრავალი კითხვა დასვა.

ერთმა მაღალკურსელმა შესთავაზა, სულიერ მოძღვართან, მამა ნიკოლოზთან (გიგატაძე) მიგიყვანო. საკათედრო ტაძარი შაუმიანის ქუჩაზე, სასწავლებლის მახლობლად მდებარეობდა. ნონას ცნობისწადილი გაუღრმავდა, აღსარება ჩააბარა, გალობაც დაიწყო… მერე მონასტერში სტუმრად წასვლა მოინდომა. მოძღვარმა კურთხევა მისცა, ლანჩხუთის რაიონის ჯიხეთის დედათა მონასტერში გააგზავნა 10 დღით.

1993 წელი იდგა. მშობლებმა მონასტრის ხსენებაზე 17 წლის ნონას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს… მაინც წავიდა, მონასტერში გაიპარა მეგობარ გოგონასთან ერთად. “ათ დღეში იმდენად შევეთვისე გარემოს, რომ მერჩივნა, მოვმკვდარიყავი, ვიდრე იქიდან წამოვსულიყავი, ვგრძნობდი, შინ ვიყავი”, – გვიამბობს დედა მართა. მისი მეგობარი მშობლებმა იძულებით დააბრუნეს უკან, ნონაზე კი ვერანაირმა ზეწოლამ გაჭრა, ის მონასტერში დამკვიდრდა. ასე დაიწყო ღვთივსათნო გოგონას ეკლესიური გზა…

მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მართა დაარქვეს. ამჟამად იგი ქარელის მუნიციპალიტეტში, რუისის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა მონასტრის დამფუძნებელი და წინამძღოლია, იღუმენიაა.

თავისი მონასტრის ნიშაზე, სამონასტრო ცხოვრებასა და სასწაულებრივ შემთხვევებზე დედა მართა (ჩხიკვიშვილი) “სარკეს” ესაუბრება.

– დედა მართა, თუ შეიძლება, თქვენი მონასტრის ისტორია მოგვიყევით.

– ჩვენი მონასტერი 6 წელს ითვლის. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით, თავდაპირველად აქ რამდენიმე მონაზონი წამოვედით ოზურგეთიდან, ერთი უკან დაბრუნდა, ერთმა ცალკე მონასტერი გახსნა. მაშინ აქ მონასტერი არ იყო, მხოლოდ შუა საუკუნეების ტაძარი იდგა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის. მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ ამ ტაძრის დაარსების თარიღზე. ერთი ვერსიით, მე-9 საუკუნეში აშენდა, სხვა ვერსიით კი მე-12-17 საუკუნეებს შორისაა ნაგები.

საბჭოთა პერიოდში მიტოვებული, მოუვლელი გახლდათ, მწყემსების სადგომად იყენებდნენ… როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამოდიოდნენ ტაძარში, სანთელს ანთებდნენ. აქვეა სასაფლაოც. ლიტურგია არ ტარდებოდა.

პირველად ტაძარი მამა გიორგიმ (აბდუშელიშვილი) გადახურა, კედლები შელესა, იატაკი დააგო, კანკელით და ხატებით უზრუნველყო. უფრო საფუძვლიანად კი ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ბიძინა ივანიშვილის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით იქნა რესტავრირებული, ბზარებიც ამოავსეს.

აქვე აღმოვაჩინეთ შუა საუკუნეების ქვაჯვარის ძირი და აღვადგინეთ. ვიპოვეთ ასევე საწნეხი, ზეთისხილის გამოსაწური. ცოტა გამიკვირდა, ვინაიდან ზეთისხილი ქართლში არ ხარობს ყინვების გამო. სპეციალისტებმა მითხრეს, რომ ყოველ 40 წელიწადში იცვლება კლიმატი. საწნეხი ეზოში განვათავსეთ და ყვავილები ჩავრგეთ.

– თქვენი მონასტრის ეზოში დაკრძალულია ახალგაზრდა მონაზონი სოფია, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა. მის საფლავზე ხალხი მოსალოცად მოდის კურნების იმედით. გვიამბეთ დედა სოფიაზე, რა მადლი ჰქონდა, რომ ხალხში ამგვარი რწმენა და განწყობა გამოიწვია?

 დედა სოფიას საერო სახელი იყო ანა, გვარად ბეგაშვილი. თელავიდან გახლდათ. ბავშვობიდან განსხვავებულ ბუნებას ამჟღავნებდა, შუამთაში დადიოდა მოსალოცად. მისმა დეიდამ გვიამბო – შუამთაში ღამისთევით რომ წავიდოდით, პატარა ანა წუთითაც არ დაჯდებოდა, ფეხზე მჯდომი უსმენდა ლიტურგიას, საოცარი რწმენა ჰქონდა, მე კი, ამის შემხედვარეს, მისი მრცხვენოდა, ჯდომა რომ მიწევდაო. ბებიამ გვითხრა, ნაყინს რომ ვუყიდდი პატარა ანას, მეტყოდა ხოლმე, დღეს ოთხშაბათია ან პარასკევიაო, მერე მეც ვერ ვაკარებდი პირს, რაკი ბავშვი არ ჭამდაო.

გოგონას ლეიკემია ჰქონდა, ბოლო 3 წელი საზღვარგარეთ მკურნალობდნენ, რომ გადაერჩინათ. მოძღვართან კონტაქტს არ წყვეტდა. ერთხანს ძალიან მძიმედ იყო, მერე მოტრიალდა, კვლავ შეუბრუნდა. უჩვეულო სიმშვიდით ხვდებოდა სიკვდილს.

მოძღვარს ეუბნებოდა – ჩვენ ხომ მოკვდავები ვართ, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა გარდავიცვლები თუ 40 წლის შემდეგ, თუ მაინც უნდა მოვკვდე, მთავარია, სანამ ცოცხლობ, როგორ იცხოვრებო. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და ერთხელ არ უთქვამს, ცუდად ვარ, მიშველეთო. პირიქით, სხვებს ამშვიდებდა, არაფერი მიჭირსო. მშობლებს ანუგეშებდა, გულს უმაგრებდა.

ბავშვობიდან ოცნებობდა მონაზვნობაზე, მაგრამ ვერ ამბობდა. ავად რომ იყო, ეს სურვილი თავის მოძღვარს, მამა ილია ჩიკვაიძეს გაუმხილა… მამა ილიამ ლექციაც კი მიუძღვნა დედა სოფიას.

21 წლის ასაკში, მეუფე იობის კურთხევით, აღვკვეცეთ მონაზვნად. მეუფემ დაარქვა სოფია, წმინდან სოფია კიეველის სახელი. უკვე ძალიან სუსტად იყო. სამოსელს რომ ვაცმევდით, ტანს ვერ იმორჩილებდა, ვერ დგებოდა. ავწიეთ და ისე ჩავაცვით. აღკვეცის შემდეგ მეუფემ თქვა, სამახსოვრო სურათები გადავიღოთო – იგულისხმა, რომ მის საწოლთან მსხდომებს გადაგვეღო. მოხდა საოცრება: დაუძლურებულმა გოგონამ იმხელა სიხარული მიიღო აღკვეცისგან, რომ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ფოტოები ისე გადაიღო. ეს სასწაული ჩვენ თვალწინ განხორციელდა.

2020 წლის 2 მარტს, აღკვეციდან მესამე დღეს, გარდაიცვალა. მონასტრის ეზოშია დაკრძალული. მის საფლავზე ხშირად მოდიან ადამიანები და სანთლებს ანთებენ.

– დედა სოფიას საფლავზე მოლოცვის შემდეგ სნეულის განკურნების შემთხვევა თუ ყოფილა?

– მსმენია, მაგრამ მათთან პირადად შეხება არ მქონია. მეუფე იობი ხშირად აღნიშნავს – დარწმუნებული ვარ, ვინც მის საფლავზე მოვა და შესთხოვს, ყველა განიკურნებაო. სხვათა შორის, მეუფემ ქადაგებაში თქვა, დიდ ძალას მაძლევსო.

დედა სოფიას ეზოში დაკრძალვის შემდეგ მონასტერში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, მის მეოხებას ვგრძნობთ.

– მონასტერში ფარმაცევტისა და მოზაიკოსის, ლალი თავართქილაძის, უანგარო თანადგომით საკურნებელ საქმესაც ეწევით, ამზადებთ სხვადასხვა სახის მალამოებს. თუ შეიძლება, თქვენს ამ საქმიანობაზეც გვესაუბრეთ.

– წლების წინ იყო პატრიარქის კურთხევა, რომ თუკი ვინმემ რამე იცოდა სამკურნალო მცენარეებისა და წამლების შესახებ, ესწავლებინათ მონასტრებისთვის. ამით იწინამძღვრა ლალი თავართქილაძემ, რომელიც პროფესიონალი ფარმაცევტია. მისი დედაც ცნობილი ფარმაცევტი გახლდათ ოზურგეთში. ქალბატონ ლალის მეუფე იობმა მისცა კურთხევა, რომ სამონასტრო მედიცინა განევითარებინა რუის-ურბნისის ეპარქიაში.

ლალიმ არაერთ მონასტერს გადასცა ეს ცოდნა, მეც მასწავლა. მისი რეცეპტებით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ვამზადებთ სამკურნალო საშუალებებს, მათ შორისაა ფსორიაზის წამალი, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს, საზღვარგარეთაც მიაქვთ. ასევე ვამზადებთ დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოს, საუკეთესო საშუალებაა ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის ქიმიოთერაპიისგან გამოწვეული დამწვრობის და მისი პრევენციის შემთხვევაში.

მალამოების დამზადებას ადრეც ვცდილობდი, ბებიისგან ვისწავლე. შემდგომ ქალბატონ ლალის ძალისხმევით სერიოზულად დავინტერესდი. ამჟამად სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობ ფარმაცევტულ ფაკულტეტზე.

კოსმეტიკური მალამოების დამზადება თბილისელი ექიმებისგან შევითვისე. მერე, სხვათა შორის, თვითონვე ყიდულობდნენ ჩვენგან.

სამკურნალო მცენარეები ეზოში მოგვყავს, მაგრამ საკმარისი არ არის, ვრცელი ტერიტორიაა საჭირო. თუ უფლის ნება იქნება, მეუფის ლოცვა-კურთხევით მომავალში ვეცდებით, განვავითაროთ სამკურნალო მცენარეების მეურნეობა, რომ ყველა მცენარე იყოს თავმოყრილი.

– წლების წინ გალობის სახელმძღვანელოც გამოეცით. ამ კუთხით საქმიანობას აგრძელებთ?

– ეს 12 წლის წინ იყო, ჯიხეთის მონასტერში დედებთან ერთად ვგალობდი. პატრიარქმა რამდენჯერმე მოგვისმინა და კურთხევა მოგვცა, საგალობლები ჩაგვეწერა, ისტორიას დარჩესო. კრებული მეუფე დავითის (მახარაძე) კურთხევით გამოვეცი (ალავერდელი მიტროპოლიტი, საპატრიარქოს გალობის ცენტრის ხელმძღვანელი).

ჩავწერეთ გალობის სასწავლო რამდენიმე დისკი და ნოტირებულ კრებულთან ერთად გამოვეცით. ახლა იბეჭდება იგივე გამოცემა განახლებული სახით, გალობის შემსწავლელთა მოთხოვნით.

– გვიამბეთ მონაზვნურ ცხოვრებაზე, ყოველდღიურ, შრომაზე, ღვაწლზე.

– მონასტრისგან მოშორებით გვაქვს მცირე ნაკვეთი მთიან მიწაზე, სადაც ქერი და ხახვი მოგვყავს, ადრე ლობიოც მოგვყავდა. არ ირწყვება და ყველაფერს ვერ მოიყვან. ქერი გვჭირდება ქათმებისთვის, რომლებიც ეზოში გვყავს. მომავალში იქნებ მიწაც შევიძინოთ.

ვამზადებთ ვაშლის ძმარს, მურაბებს, ხილფაფებს, ცოცხალ ჟოლოს და ქაცვს. ტყეში ვკრეფთ ქაცვს. ჟოლოს ვყიდულობთ მეორე მონასტრის მონაზვნისგან, ჟოლოს ბაღები აქვს. ცოცხლად ვამზადებთ და ერთ მარკეტში ვაბარებთ. ზოგჯერ ჩვენთან საგანგებოდ ჩამოდიან თბილისიდან და დაფასოებულს ვატანთ.

მონასტერში ვმსახურობთ ორი სქემმონაზონი, ერთი მონაზონი, ერთი მორჩილი და მე. ჩვენთან ხშირად მოდის სტუდენტი გოგონა, რომელიც სამომავლოდ დარჩენას ფიქრობს.

თითოეულს თავისი საქმე აქვს. ეზოს დედა ნატალია უვლის, მებაღე და მებოსტნეა, ულამაზესი ბაღნარი გვაქვს, შერეული ბაღის სტილის.

მონასტერში ცხოვრება საკმაოდ რთულია. მონაზონს ერთი და იმავე საქმის კეთება უწევს ყოველდღე, ფაქტობრივად, მონოტონური შრომაა. ერთმა დედამ თქვა, ხანდახან მგონია, იგივე დღეა, რაც გუშინო. ეს ზოგს უმძიმს, სიახლის მოთხოვნილება აქვს. მონაზვნის სურვილია, ღმერთთან იყოს და ამით ხარობდეს, შინაგანი ლოცვა აქვს. თუ მონაზონს შინაგანი ლოცვა არ აქვს, მონასტერში გაჩერება უჭირს.

– მშობლებს ძალიან უმძიმთ, შვილი თუ მონაზვნად მიდის. თქვენი მშობლები რას საქმიანობდნენ?

– დედა, იათამზე ანთაძე, გურიის სამ რაიონში ადგილობრივ ტელე-რადიო კორესპონდენტად მუშაობდა. მამა, ნუგზარ ჩხიკვიშვილი, ჯერ ჩაისუბნის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, მომდევნო წლებში – ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის გამგე, კონტროლის პალატის ხელმძღვანელი… ძმა და ძმისშვილებიც მყავს.

მონასტერში ჩემს წასვლას მშობლები თავიდან ძალიან ცუდად შეხვდნენ. მორწმუნეები არ იყვნენ. დროთა განმავლობაში შეეგუენ ჩემს მონაზვნობას. დედა უფრო შევიდა რწმენაში, ვიდრე მამა, თუმცა მამა სასულიერო პირებს პატივს სცემს. ჩოხატაურში ცხოვრობენ. მეზობლად მოძღვარი სახლობს, 4 შვილი ჰყავს. უნდა ნახოთ, მამაჩემი მის ბავშვებს როგორ თავს ევლება.

– თქვენს სასულიერო ცხოვრებაში საოცარი, სასწაულებრივი შემთხვევების მომსწრე გამხდარხართ?

– ეს მოხდა ჯიხეთის მონასტერში 1993 წელს. ომიანობის, დიდი გაჭირვების პერიოდი იდგა. 300-400 გრამი შაქარი მონასტერში 15 ადამიანს ერთი კვირა უნდა გვეკმარა… ერთი ქალბატონი მოდიოდა ხოლმე ახლომდებარე სოფლიდან. შვილი არ ჰყავდა და ჩვენს მონასტერში ათონის მთიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, შეწევნას სთხოვდა. პირველი შვილი რომ შეეძინა, ცხვარი შემოსწირა. მეორე შვილის შეძენის შემდეგაც შესწირა ცხვარი. მესამე შვილიც რომ შეეძინა, კვლავ გადაწყვიტა, ცხვარი შეეწირა.

ერთ დღეს მონასტერში 18-19 წლის დედებმა ერთმანეთთან საუბარში მარწყვის ტორტი ვინატრეთ. მაშინ ნამცხვარსაც იშვიათად აცხობდა ვინმე. მეორე თუ მესამე დღეს მოვიდა ეს ქალი მარწყვის ტორტით ხელში (ზოგადად, ტორტების მცხობელი იყო). დედები გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს, თვალებს არ ვუჯერებდით. ქალმა თქვა, ღამით ღვთისმშობელი მესიზმრა და მითხრა, კი მაგრამ, სულ ცხვარს რომ მწირავ, ერთხელ ტორტი შემომწირეო.

ამის გაგონებისას გავისუსეთ, შიშით ენა ჩაგვივარდა. როგორც ჩანს, ღვთისმშობელი ჩვენს სურვილს ისმენდა.

– სხვა რა უჩვეულო შემთხვევა გახსენდებათ?

– ჯიხეთის მონასტრის ქვემოთ, სოფელ ქვიანში, ქალბატონი გარდაიცვალა. კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და მობრუნდა. ოჯახში უთქვამს, იქ მითხრეს, სანამ არ ეზიარები, არ მოხვიდეო… ქალი ზიარებას ითხოვდა. ახლობლებმა მაშინვე შეატყობინეს მამა ანდრიას (კბილაშვილი), ავადმყოფის ზიარება გვინდაო, მაგრამ არ თქვეს, რომ ქალი მკვდრეთიდან იყო მობრუნებული.

მოძღვარმა უპასუხა, რომ მოვიცლი, ვაზიარებო. ქალის სახლი მონასტრის გზაზე იყო, რამდენჯერმე შემოუთვალეს მამა ანდრიას, მან კი მაინც ვერ მოიცალა. ერთი თვის შემდეგ აზიარა, მეც თან ვახლდი. მაშინ თქვა იმ ქალმა – იქიდან გამომიშვეს და მითხრეს, სანამ არ ეზიარები, არ მოხვიდეო. ზიარებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ეს იყო სასწაული. ეტყობა, იმ ადამიანს ჰქონდა ისეთი მადლი, რომ უფლისგან დაეშვა, მობრუნებულიყო და ნაზიარები წასულიყო.

– გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის, დედა მართა, წარმატება გქონდეთ თქვენს ღვთივსათნო საქმიანობაში, უფლის მეოხება და მადლი არ მოგაკლდეთ!