,,ქმრის ოჯახში ჰგონიათ, რადგან სოფელში დავიბადე, მონასავით უნდა მომექცნენ”

,,ქმრის ოჯახში ჰგონიათ, რადგან სოფელში დავიბადე, მონასავით უნდა მომექცნენ",,სარკე”

ძალიან ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ სოფელში მონებად იბადებიან. დაბადების ადგილი სოციალურ სტატუსს არ განსაზღვრავს, არც მენტალიტეტს, არც ქცევის თუ ცხოვრების წესს. ჩემს ოჯახში კი სწორედ ამგვარად ფიქრობენ და თვლიან, რადგან სოფელში დავიბადე, მონასავით უნდა მომექცნენ.

ვამაყობ, რომ დასავლეთ საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხის გამორჩეულად ლამაზ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ბებო და ბაბუ ამ სოფელში არიან დაბადებულები და მამაჩემიც. დედა მეზობელი სოფლიდან არის, ანუ თავიდან ბოლომდე სოფლელი ვარ. უფროსი შვილი და შვილიშვილი ვარ, ამიტომ ჩემ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. უნდოდათ, ყველაფერი მცოდნოდა. სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე პატარა მანძილი არ იყო, მაგრამ მაინც ახერხებდნენ, ყველა წრეზე მევლო და ჩემი ინტერესები დამეკმაყოფილებინა.

მიყვარს სწავლა, წიგნის კითხვა, ახალ-ახალი რაღაცების გაცნობა. ამ ყველაფერში მშობლები ხელს ძალიან მიწყობდნენ. სოფლის საქმე რასაც ჰქვია, არასოდეს მიკეთებია. ამის საჭიროება არც ყოფილა. ბაბუზე ითქმის, რომ შეძლებული ადამიანია. მამაჩემს ხელიც რომ არ გაენძრია, ბაბუს იმდენი ჰქონდა, მაინც გვეყოფოდა, მაგრამ მამაც ძალიან მშრომელი მყავს.

მუშაობა განა მეზარებოდა, უბრალოდ ჩემებს ერჩივნათ, მესწავლა, ვიდრე ვენახებსა და ყანებში მევლო. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, სიხარულით ტიროდნენ, ეს მათი ოცნების ასრულება იყო. მაგისტრატურაზე ჩავაბარე თუ არა, მაშინვე გავთხოვდი და ჩემი უზრუნველი ცხოვრებაც ამით დასრულდა.

პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა გავაცნობიერე, რომ ოჯახში შავი სამუშაოს გაკეთებას მე მავალებდნენ. მაგალითად, მაზლის ცოლი და დედამთილი ქათამს მომიგდებდნენ, გააკეთე და კერძს ჩვენ მოვამზადებთო. ან კიდევ: ,,უი, შენ სახლი დაალაგე, ფანჯრები დაწმინდე და ჩვენ მანამდე ბლინებს გამოვაცხობთ და კაკაოს მოვადუღებთ”.

ხასიათით ძალიან დამთმობი ვარ და ყოველთვის უხმოდ ვასრულებდი მათ დავალებებს, თანაც ქმარს ვცემდი პატივს და არ მინდოდა, ენერვიულა. კიდევ იყო ერთი რაღაც: მაზლი ბინას ცალკე იშენებდა, როცა იქნებოდა, გადავიდოდნენ და არ მინდოდა, ჩემზე გულმოსულები წასულიყვნენ.

დედამთილი და მაზლის ცოლი ნაკითხობით არ გამოირჩეოდნენ და ჩემს ხელში წიგნის დანახვა ძალიან აღიზიანებდათ. ჯერ თავს იკავებდნენ, მაგრამ მერე დაცინვა დამიწყეს, გამოგვივიდა ახლა სოფლის ქალი ივანე ჯავახიშვილიო. არ ვიცი, ივანე ჯავახიშვილს რას ერჩოდნენ, მაგრამ ასე კი მეუბნებოდნენ. ორსულობისას რაღაც საჭმლის სუნზე ძალიან ცუდად გავხდი. დედამთილს და მაზლის ცოლს ვთხოვე, აღარ მოხარშოთ-მეთქი და იცით, რა მიპასუხეს? ნეხვში გაზრდილ ქალს რისი სუნი გეუცხოვებაო. კი, საქონლის სადგომშიც შევსულვარ და ფუნაც გადამიწმენდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეხვში ვიჯექი და ზემოდანაც ნეხვი მეყარა!

მაზლის ცოლი რომ თავის ბინაში გადავიდა, მეგონა, ამოვისუნთქავდი და მე და ჩემი დედამთილი სუფთა ფურცლიდან დავიწყებდით ურთიერთობას, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით, უკვე არ მერიდება და პირდაპირ ამბობს, რომ ჯობდა, უფროსი რძალი დარჩენილიყო მასთან და ჩვენ წავსულიყავით. ჩემთან ერთად არ ერიდება თქმას, რომ ქალაქელის კულტურა სხვაა და “ნუ, სოფელი მაინც სოფელია”. ამ ყბედობაში რძალიც აქეზებს და ორივე ერთად დამცინის.

ძალიან რომ გავმწარდი, ორივეს ვუთხარი, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ თქვენს მშობლიურ სახლებში ნამყოფი ვარ და სალაპარაკო და საღლიცინო მდგომარეობა ნამდვილად არ გაქვთ, კომუნისტებმა რომ სახლებში პარკეტი დაგიგეს, დღემდე ის იატაკი არ შეგიცვლიათ, არაფერი მნიშვნელოვანი არ შეგიძენიათ-მეთქი. მართლაც ასეა. ქარხნებში მუშაობის გამო კომუნისტების ნაჩუქარ ბინებში ცხოვრობენ, შპალერიც კი “ადამკუკუს”  დროინდელი აქვთ და კიდევ სხვების დაბადების ადგილებს განიხილავენ. მაგას რომ ამბობ, ეგეც სოფლელობააო, დამცინეს.

აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. დედამთილისგან წამოსულ შეურაცხყოფებს ვეღარ ვიტან! ქმარს რომ შევჩივი, იმის ნაცვლად, სიტუაცია განმუხტოს, უფრო ამძიმებს, ან მე მეჩხუბება, ან დედამისს ლანძღავს, რაც კონფლიქტს აღრმავებს. დედამთილი მეუბნება, დაბრუნდი შენს სოფელში, ქალაქი თუ ასე გწყენს და არ გინდაო. კი, დავბრუნდები, ვიცხოვრებ იქ, მაგრამ მხოლოდ ქმართან ერთად. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ოჯახი დამენგრეს! ამას ვერც მე გადავიტან და ვერც ჩემები.

ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ის ადგილი, სადაც დავიბადე, დედამთილს არ მოსწონს. ჩვენ შორის უთანხმოება ამის გამო დაიწყო და ამის გამო გრძელდება. ნუთუ ასე ძნელია, მიხვდეს, რამხელა ტკივილს მაყენებს და რომ უკვე ამის გაძლება აღარ შემიძლია?!

,,სარკის” ერთგული მკითხველი