,,ემიგრანტებსა და აქაურებს შორის, იცით, რა განსხვავებაა? მათში სევდა, ტკივილი და მონატრებაა” – ლაზარე ნამგალაძე ასობით ადამიანს გიტარას უფასოდ ასწავლის

,,ემიგრანტებსა და აქაურებს შორის, იცით, რა განსხვავებაა? მათში სევდა, ტკივილი და მონატრებაა" - ლაზარე ნამგალაძე ასობით ადამიანს გიტარას უფასოდ ასწავლის,,სარკე”, ნანა კუკულავა

თბილისელი ახალგაზრდა კაცი, ლაზარე ნამგალაძე, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მსურველებს გიტარაზე დაკვრას უფასოდ შეასწავლის. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებლებს ონლაინ ამეცადინებს, თბილისში კი მოსწავლეებთან ან თვითონ მიდის, ან მას სტუმრობენ. მის მოსწავლეთა შორის ქართველი ემიგრანტები და მათი შვილებიც არიან. როგორც ლაზარემ გვითხრა, მათთან მუშაობა განსაკუთრებით ემოციურია და სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანებისგან დიდ მადლიერებას გრძნობს, ეს კი სტიმულს აძლევს, თავისი კეთილი საქმიანობა გააგრძელოს:

– მთელი ჩემი შეგნებული წლები სიმღერას და გიტარას უკავშირდება. 11 წლიდან “მართვეში” ვმღეროდი. ჩემი პედაგოგი სერგო ნაცვალაძე გახლდათ, ხოლო ვოკალს ოთარ ტატიშვილი მასწავლიდა. თავიდან მოყვარული ვიყავი, შემდეგ კი პროფესიული კუთხით მოხდა ჩემი ზრდა, განვითარება და გემოვნების ჩამოყალიბება.

უკვე 45 წლის ვარ. წლებია, ვემსახურები საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, მაინტერესებს და ვასწავლი სხვებს. ზუსტად 29 წელია, რაც გიტარაზე დაკვრას ვასწავლი.

– როგორ გაგიჩნდათ იდეა, მსურველებისთვის უფასოდ გესწავლებინათ?

– იცით, რა, ამ წლების განმავლობაში ისეთი ოჯახები მხვდებოდა, სწავლის საფასურს რომ ვერ იხდიდნენ ან გადახდა უჭირდათ. ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი და გამიჩნდა იდეა, მსურველებისთვის უფასოდ მესწავლებინა გიტარაზე დაკვრა. ბევრი წელია, რაც, ასე ვთქვათ, ამ კარგ საქმეს ვაკეთებ. მიხარია, შედეგს რომ ვხედავ.

– თქვენი ქველმოქმედება შესანიშნავია, კეთილშობილ საქმეს აკეთებთ, მაგრამ საარსებო წყაროც ხომ გჭირდებათ. რაიმე საქმიანობას ეწევით?

– მყავს ფასიანი ჯგუფებიც. გიტარის და ხელოვნების გარეშე ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია.

– როგორ არჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც უფასოდ ასწავლით გიტარაზე დაკვრას?

– სოციალურ ქსელში ხშირად ვაქვეყნებ ინფორმაციას, ე.წ. პოსტებს, რომ უფასოდ შევასწავლი. და როცა მირეკავენ, მწერენ და, ცხადია, მეუბნებიან, რომ სწავლა სურთ უფასოდ, აღარ ვეკითხები, საშუალება აქვთ თუ არა. ბუნებრივია, არც ერთ თეთრს არ იხდიან. მომწონს და მიხარია იმიტომ, რომ ჩემი ძირითადი პროფესია პედაგოგობაა.

– გამორიცხავთ, რომ ვინმემ მოგატყუოთ, თავი შეგაცოდოთ, თითქოს ფული არ აქვს, ისარგებლოს თქვენი ნდობით, სინამდვილეში კი ღარიბი სულაც არ იყოს?

– როდესაც მეუბნებიან, რომ უფასოდ შესწავლა სურთ, მე აღარ ვუსვამ დამატებით შეკითხვებს. შესაძლოა ჰქონდეს კიდეც საშუალება, მაგრამ მე არანაირი გზით არ ვამოწმებ. ყველას, ვისაც უფასოდ შესწავლის სურვილი აქვს, ვასწავლი უფასოდ.

– რამდენი მოსწავლე გყავთ?

– დაახლოებით 300 მოსწავლე იქნება, ვისაც უფასოდ შევასწავლე და ვასწავლი. არც ერთ მათგანს ვეუბნები უარს, ვახერხებ ისე, რომ დროს ზუსტად და სწორად ვანაწილებ.

– ემიგრანტ მოსწავლეებზე მოგვიყევით.

– საკმაოდ ბევრ საზღვარგარეთ მყოფს ვასწავლი. არიან ქართული ოჯახები, ემიგრანტები, რომლებიც ამერიკაში, იტალიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. ამ ოჯახებს პატარა ბავშვები ჰყავთ, წლებია, აქედან წასულები არიან და წარმოიდგინეთ, მათ ქართული ენა ავიწყდებათ. გამიჩნდა იდეა, რომ ქართული სიმღერები ვასწავლო წლების გასვლასთან ერთად, რომ ვაკვირდები, ძალიან კარგი ნაბიჯია მათ, რათა ქართული ენით დაინტერესდნენ. ეს ყველაფერი. კმაყოფილები და მადლიერები არიან ბავშვები, თვითონ მშობლებიც.

ბევრი საზღვარგარეთ მომვლელად მუშაობს და, ბუნებრივია, უჭირთ იქ ყოველდღიურობა, ოჯახიდან შორს ყოფნა. ამბობენ, რომ გახალისდნენ, ცხოვრების აზრი დაიბრუნეს და მადლიერებას ვერ ფარავენ. მათი ყოველი სიტყვა ჩემზე ძალიან მოქმედებს, ანუ შევძელი ადამიანებისთვის სიკეთის გაკეთება. ძალიან დიდია ემოციები. მე მესმის, როგორ სჭირდებათ მათ ხელოვნებასთან ურთიერთობა, ვფიქრობ, ცოტაოდენი წვლილი მეც შემაქვს ამაში.

ემიგრანტები ქართულ სიმღერას განსაკუთრებით მონატრებულები არიან, ამიტომ მეც ქართულ რეპერტუარს ვთავაზობ. მთელი სწავლის პროცესი საოცარ ემოციებთანაა დაკავშირებული.

ემიგრანტებსა და აქ მცხოვრებლებს შორის, იცით, რა განსხვავებაა? მათი სიხარული ჰგავს აქაურ განცდებს, მაგრამ იქ სევდა, ტკივილი და მონატრება აშკარად იგრძნობა.