ტარიელ ხარხელაური: ,,ვიცოდი, რომ ნიკა წულუკიძე ჩემთან მოვიდოდა, ველოდებოდი მასთან შეხვედრას”

ტარიელ ხარხელაური: ,,ვიცოდი, რომ ნიკა წულუკიძე ჩემთან მოვიდოდა, ველოდებოდი მასთან შეხვედრას",,სარკე”, ია ქუთათელაძე

უდარდელი პოეტი არ არსებობს, მაგრამ დარდიც არის და დარდიც. ტარიელ ხარხელაურს 23 წლის ვაჟი გამოაცალა ხელიდან მკვლელმა. მამამ განუკურნებელად დაჭრილი გულის კარი არ გამოკეტა, პირიქით – უფრო ფართოდ გააღო, თავის სიყვარულს შვილის წილ დასახარჯი სიყვარული დაამატა და ასე გასცემს მას სამყაროში.

რამდენიმე ხნის წინ საზოგადოება ორი დიდი ტკივილიანი გულის შეხვედრის მოწმე გახდა – პოეტ ტარიელ ხარხელაურის და ტელეწამყვან ნიკა წულუკიძის. ცოტა ხნის წინ თავს დატეხილი ტრაგედიის შემდეგ ნიკოლოზმა ბატონ ტარიელს მიაშურა. უფროსმა უმცროსი გულში ჩაიკრა, ხელი ჩასჭიდა და ის გზა დაანახა, რომლითაც სიარულის გაგრძელებას შეძლებს.

ამ შეხვედრასა და ზოგადად დღევანდელ რეალობაზე ფიქრებს პოეტი ,,სარკეს” უზიარებს.

– ბატონო ტარიელ, თქვენი და ნიკა წულუკიძის შეხვედრამ საზოგადოებაზე ძალიან იმოქმედა – შეძრა, ააღელვა, დააფიქრა, თანაგრძნობის უნარი გაუათკეცა. თქვენ როგორი ემოციით შეხვდით წინადადებას ამ შეხვედრის შესახებ?

– მე ვიცოდი, რომ ნიკა ჩემთან მოვიდოდა, ადრე თუ გვიან ველოდებოდი მასთან შეხვედრას. მე გავიარე ეს გზა და ვიცი, რა ტკივილი ხრავს მის გულს. რომ არა ხალხის სიყვარული, რომელიც ჩემი მხრიდან საპასუხო ქმედებას მოითხოვდა, მეც სახლში ჩავიკეტებოდი. თუ შენ ამ ტკივილს ვერ გაუმკლავდი, მაშინ საზოგადოებას უნდა დაემშვიდობო და თავი დაიმარხო.

ეს არის უდიდესი განსაცდელი, მოვლენილი უფლისგან და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორ გადალახავ ღირსეულად ამ განსაცდელს. ცრემლი და ტკივილი განუშორებლად შენთან არის, ოღონდ უფლება გაქვს, მხოლოდ ღამე მისცე ცრემლს გამოსვლის საშუალება, როცა საკუთარ თავთან მარტო ხარ დარჩენილი, ხალხს არ უნდა მოახვიო თავს. სამწუხაროდ, ჩვენნაირი ბევრია და სხვებისთვის მაგალითი უნდა გახდეს.

ნიკა კეთილშობილი კაცია, ნიჭიერი, საზოგადოებისთვის საჭირო, დიდი ენერგეტიკის მატარებელი, ჩვენი კულტურის მოამაგე. ჩვენ მას ის კი არ უნდა ვუთხრათ, ვაი, ეს რა დაგემართაო, არამედ ის, რომ ქვეყანას სჭირდება, რომ უნდა იდგეს ფეხზე, აკეთოს საქმე, რაც საუკეთესოდ იცის, უკან არ დაიხიოს, თავისი ქცევით იმედი მისცეს მის ბედში მყოფ ადამიანებს და სინათლემდე მიიყვანოს.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი ტკივილების გარეშე ასეთი იქნებოდა თქვენი პოეზია?

– რომ გადახედოთ ჩემს შემოქმედებას, მუდმივად მქონდა სამზადისი ტკივილისათვის. სულ ახალგაზრდა ვწერდი ლექსებს სიკვდილთან შეხვედრაზე, ანუ უფალი მამზადებდა ამ განსაცდელისთვის.

– განვლილი გზიდან რამეს ინატრებდით?

– არაფერს და არც მაქვს უფლება, რადგან ისეთი დიდი სიყვარული მივიღე, ეს გზა რომ არ გამევლო, ასეთი უხვი მოსავალიც არ მექნებოდა.

– რა გაშფოთებთ და გაშინებთ დღევანდელ რეალობაში?

– გაუცხოება. მეზობელი რომ გზაზე აივლის და ჩაივლის, მინდა, სახლის კარამდე მზერით მივაცილო, რომ დავრწმუნდე, შინ მშვიდობიანად შევიდა. ასეთივე მზერით უნდა ვაცილებდეთ ყველა ადამიანს.

ეკლესიაში რომ შევდივარ, ჩემთვის სანთელს არასოდეს ვანთებ, ჯერ ქვეყნისთვის ვანთებ, მერე სხვებზე ვლოცულობ, რომ ის სხვა ჩემზე უკეთესად იყოს, რომ იმ სხვას, ვისაც ჩემზე მეტად სტკივა, ტკივილები მოუშუშდეს, ფეხზე ძლიერად დადგეს. ჩვენი ძლიერება ერთმანეთზე ფიქრია.

– დიდი გალაკტიონის მარადიული კითხვა ,,რომელი საათია?” ყველა ეპოქის გენიალურად მოაზროვნეს აწუხებდა და მათ შორის საქართველოშიც. თქვენ რას იტყვით, რა დროა ახლა ჩვენს სამშობლოში?

– მართალს ბრძანებთ, გალაკტიონს ის კონკრეტული საათი კი არ აინტერესებდა, როცა ამ ლექსს წერდა, ის კითხვას სვამდა, რა დროში ცხოვრობდა ქვეყანა. ხშირად ამბობენ, ცუდი დროაო. თუნდაც ილიას ცხოვრების პერიოდს გადავხედოთ – მაშინ იყო უკეთესი დრო? არა და არა. მე არც მახსენდება ჩვენი დიდი პოეტებიდან და მწერლებიდან ვინმე, ვინც თავის დროზე არ მოთქვამდა და არ უჩიოდა არსებულ ყოფას. მხოლოდ შოთა რუსთაველი არ აძაგებს დროს ,,ვეფხისტყაოსანში” და იცით, რატომ? ძლიერი იყო მაშინ საქართველო, მტერი ვერ ერეოდა, ვერ ჩაგრავდა, ამიტომ კითხვა, რომელი საათია, მარადისობასთან დასმული კითხვაა.

– პოეტი ხალხს უყვარს, მაგრამ ხელისუფლება დიდად არ სწყალობს ხოლმე, თუ მისი მეხოტბე არ არის. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი ძალა?

– ქვეყნის მმართველი ისეთია, როგორსაც ჩვენ ვირჩევთ. ხელისუფლება საკენკს გვიყრის, ჩვენ რომ არ ვიყოთ მიმღებლები, ხომ არ ავკენკავთ? ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული, თუ გავაგონებთ ჩვენს ხმას, მოვთხოვთ, რომ მოგვისმინონ, ისწავლონ მოსმენა.

ჩვენი უბედურება ის არის, რომ ერთმანეთის მტრებად ვიქეცით. დღეს რომ ილია გააცოცხლო, არაგვიდან წიწამურამდე ყოველი ბუჩქის ძირში ჩასაფრებული მკვლელი ჩაჯდება. იაკობ გოგებაშვილის ჯიუტი თხებივით ვდგავართ ხიდზე და ერთმანეთის წყალში გადაგდებას ვცდილობთ. ამ დროს ჩასაფრებულები მოგვჩერებიან უცხო ქვეყნები, ერთი სული აქვთ, წყალი როდის წაგვიღებს. ჩვენს მიწას ჩვენ არ ვაფასებთ, სხვებისთვის ოქროს ფასი აქვს.

– ამქვეყნად ყვეელაფრის შემფასებელი დროა, რომელიც არასდროს ცდება და ხალხი, რომელიც ბრძენია. რა მოუპოვებს პოეტს ხალხის სიყვარულს?

– არ ვიცი. გასაოცარი სამოსელია პოეტის სამოსელი, მძიმე და მრავალშრიანი. ეს ნიჭი მადლია, რისთვის და ვის ეძლევა, ჩვენ არ ვიცით. მართალი უნდა იყო შენი ლექსით, სიყალბე არ შეიძლება, არც თავის მოწონება, არც პირველი, თუნდაც ძალიან წარმატებული ლექსების შემდეგ გაამაყება და ქება-დიდების მოსმენა. მაშინვე გაფუჭდები, შენი შემოქმედება, შენი ცხოვრებისგან შორს არ შეიძლება იყოს.

ვთქვათ, გახვედი მინდორში, მოაგროვე ყველა ყვავილი, რაც შეგხვდა, შეკარი თაიგული და აჩვენე ადამიანებს. ეს თაიგული იქნება დიდი, მდიდარი და არა – ლამაზი, ამიტომ უნდა შეგეძლოს ამოარჩიო, რამდენიმე ფერი შეუსაბამო ერთმანეთს, ბუნებრივი სილამაზე შექმნა. ასეა პოეტი. სიტყვა ბევრია, შენ უნდა შეძლო, შენი სიტყვები იპოვო, ზუსტად ის ლექსი, გულიდან ამოტანილ გრძნობას რომ შეეფერება.

როგორც მინდვრის ყვავილებს აქვთ ათასი ფერი, ისე სიყვარულსაც აქვს ფერები. წლების განმავლობაში არ ხუნდება ეს ფერები?

– როცა მოდიხარ სამყაროში, შენთან ერთად მოდის შენი ნახევარიც. ბედი რომ გაგიღიმებს, იმ ნახევარს იპოვი. როგორც მარმარილოს ნატეხს სრულყოფილ სახეს აძლევს ოტატი, ისე შენ, მამაკაცმა, ყოველდღიურად უნდა შეძლო შენი საყვარელი ქალის ქანდაკებაში ახალი სილამაზე აღმოაჩინო, ახალი კუთხით შეხედო, არ გაახუნო, არ დააბერო.

შენ თუ იფიქრე, კიდევ ბევრი არსებობს, ახალს შევხვდებიო, ცდები! იმ ახალს თავისი შემფასებელი ჰყავს, შენ არ გეკუთვნის. შენ ვინც უფალმა შეგახვედრა, მას უნდა უპატრონო, გაათბო, აჩუქო მთელი შენი გრძნობა, ერთგულება, მაშინ არ დაკარგავს ფერებს. ჩემი ლირიკული პოეზიის დედოფალი ყოველთვის ჩემი მეუღლე იყო და არის, ქალი, რომლის გარეშეც არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ.

– რამდენად იოლი იყო თქვენი მეუღლეობა? როგორც ვიცი, 12 წელი ცხვარში იყავით. არ გიფიქრიათ, რომ ახალგაზრდა ცოლს ქმარი გვერდით სჭირდებოდა?

– ჩემს მეუღლეს გაცნობიერებული ჰქონდა, ვის მიჰყვებოდა, რომ მე თავისუფლება მჭირდებოდა, სხვანაირად ლექსს ვერ დავწერდი, ლექსის გარეშე კი, ვერ ვიცხოვრებდი. მე არ ვიყავი კარგი ქმარი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, საოჯახო საქმისა ბევრი არაფერი ვიცოდი. შვილები, ოჯახი ჩემი მეუღლის დამსახურებაა.