გვანცა ბუცხრიკიძე: ,,ვიოლინოს ყველაზე კარგად ესმის ჩემი, ის სულიერი არსებაა”

გვანცა ბუცხრიკიძე: ,,ვიოლინოს ყველაზე კარგად ესმის ჩემი, ის სულიერი არსებაა",,სარკე”, ნანა კუკულავა

20 წლის ქუთაისელი მევიოლინე, გვანცა ბუცხრიკიძე, ამერიკაში, ბოსტონში, უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში აგრძელებს სწავლას 80%-იანი დაფინანსებით. ეს, რა თქმა უნდა, დიდი და წარმატებული წინგადადგმული ნაბიჯია მუსიკაზე უსაზღვროდ შეყვარებული გოგონასთვის, თუმცა არა – პირველი. მის ცხოვრებაში უკვე არაერთი გამარჯვება და პირველი ადგილია საქართველოში თუ უცხოეთში ჩატარებულ კონკურსებში.

გვანცა თავის დიდ სიყვარულზე, რომლის გარეშე წამიც კი ვერ წარმოუდგენია, ,,სარკეს” უამბობს.

-ვიოლინო როდის შეგიყვარდათ?

– ყოველთვის ვიცოდი, რომ მინდოდა მუსიკა, თუმცა უშუალოდ ვიოლინოსამი ინტერესი არ მქონდა. ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩემმა ოჯახმა, რომ ვიოლინოზე დაკვრა მესწავლა და 7 წლის ასაკში შემიყვანეს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის 31 სამუსიკო სკოლაში, პედაგოგ ეკა გიორგაძის კლასში. 7 თვის შემდეგ გავიმარჯვე კონკურს ,,მომავლის ვარსკვლავებში”. ამის შემდეგ ვიოლინო უფრო მეტად შემიყვარდა, ხოლო დღეს ჰაერივითაა, ვერ წარმომიდგენია წამი მუსიკის გარეშე.

– არასოდეს დაგზარებიათ მეცადინეობა, მრვალსაათიანი დაკვრა?

– ბევრჯერ მითქვამს უარი თანატოლებთან ერთად გართობაზე იმიტომ, რომ შემდეგ დღეს კონკურსი მქონდა ან ვემზადებოდი, მაგრამ არასდროს მქონდა გულისწყვეტის მომენტი, რადგან ვაკეთებდი იმას, რაც ძალიან მიყვარდა.

– მაყურებელთან გასვლის წინ ხომ არ გაქვთ რაიმე რიტუალი?

-სცენაზე გასვლის წინ აუცილებლად უნდა ვთქვა ,,მამაო ჩვენო” და მხოლოდ ამის შემდეგ გავდივარ მაყურებლის წინაშე.

– კონკურსების  დროს როგორი  ემოციები გეუფლებათ და ვინ დგას თქვენ გვერდით ყველაზე ხშირად?

– ძალიან ვღელავ კულისებში, იმდენად, რომ არც კი მინდა, ვინმე მესაუბროს, თუმცა არ ვიმჩნევ და, როდესაც სცენაზე გავდივარ, თითქოს სხვა ადამიანი ვხდები. ყველაზე ხშირად ჩემ გვერდით ჩემი ოჯახი დგას.

– რა გასწავლათ აქამდე მოპოვებულმა  წარმატებებმა და როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

– მასწავლა ბრძოლა უფრო დიდი მიზნებისკენ და ამ ყველაფერმა ერთიანობაში მასწავლა ის, რომ შეუძლებელი არაფერია. ვფიქრობ, მხოლოდ ერთი რამეა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ – არ უნდა გავჩერდეთ, თუნდაც დაბრკოლებები  და ბევრი წინაღობა შეგვხვდეს.

– როდესაც გაიგეთ, რომ სწავლას ამერიკაში გააგრძელებდით, რა რეაქციით შეხვდით ამ ცნობას?

– იმ დღეს გვიანობამდე არ დამეძინა, არ ვიცოდი, პასუხი თუ მოვიდოდა. დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე მეილი გადავამოწმე და სიტყვა ,,გილოცავთ”  რომ დავინახე, რაღაც სასწაული განცდა იყო, ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ აღვწერ!