გია გოგოლაშვილი: ,,ეპისკოპოსმა მითხრა, ღვთის სახლში ღმერთს თავისივე ძეგლი დაუდგი, მან კი ბიჭი გაჩუქა, ეს სასწაული არისო”

გია გოგოლაშვილი: ,,ეპისკოპოსმა მითხრა, ღვთის სახლში ღმერთს თავისივე ძეგლი დაუდგი, მან კი ბიჭი გაჩუქა, ეს სასწაული არისო",,სარკე”, ნანა კობახიძე

ქართველმა ემიგრანტმა, მხატვარმა მონუმენტალისტმა გია გოგოლაშვილმა, ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ორი საუკუნის ამერიკული კათედრალი, მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მოხატა. მან სატრაპეზოს კედელზე დაწერა საიდუმლო სერობის ქართული ფრესკა, ხოლო საკურთხეველში – მთავარანგელოზები დასითურთ. ფრესკები მე-14 საუკუნის ქართველი მხატვრის, დამიანეს, მიხედვით შეასრულა. მთავარანგელოზების მოხატვისას კი გელათის ფრესკით იხელმძღვანელა. გიამ საიდუმლო სერობის ფრესკაზე უსასყიდლოდ იმუშავა, ნამუშევარი ტაძარს შესწირა.

მადლიერმა ეკლესიამ ხატმწერი, როგორც ფრესკების ოსტატი, ხელოვნების ჯვაროსნად აკურთხა, ჯვაროსნის ხმლისა და წმინდა გიორგის ხმლის ორდენებით დააჯილდოვა.

ეს მართლმადიდებელი ეკლესია ვაშინგტონის საეპისკოპოსო ეპარქიის იურისდიქციაშია. ამ ამერიკულ ტაძარში ლიტურგია ქართულად აღევლინება, ამერიკელები ქართულად გალობენ.

მონუმენტური ფერწერის ოსტატი, ვაკეში დაბადებული და გაზრდილი, ძირძველი თბილისელი გია გოგოლაშვილი, 3 ათეული წელია ნიუ იორკში ცხოვრობს. როგორც მხატვარი, საქართველოში დაფრთიანდა. ემიგრაციაში იღბალმა გაუმართლა, მის ნიჭს, პროფესიონალიზმს და თავდადებას ასპარეზი მიეცა, სხვადასხვა კომპანიაში იმუშავა წარმატებულად. ამჟამად ამერიკაში ცნობილი მხატვრის, ჰანს სლონემის, ასისტენტად მუშაობს, მისი მარჯვენა ხელია. ჰანს სლონემი ყველგან – თავის გამოფენებსა და კატალოგებში გია გოგოლაშვილს ოფიციალურად უხდის მადლობას.

გია პარალელურად თავის სახლში, სამხატვრო სახელოსნოშიც მუშაობს. მუდმივად ძიებაშია. “ფრესკებში ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რომ წიგნის წერა დავიწყე, სათაურით – “ფრესკის მოხატვა და ტექნოლოგია”, ძველი ოსტატების სამზარეულოს მივსდევ”, – გვითხრა ხატმწერმა.

52 წლის ხელოვანმა მომავალი მეუღლე, 43 წლის მარიამი, სწორედ ეკლესიის წიაღში გაიცნო. ერთი წლის შემდეგ ვაჟი შეეძინათ. მათი შვილი, გიორგი, უკვე 9 წლისაა და ფრესკების მოხატვაში მამას ეხმარება.

გია გოგოლაშვილს ამერიკაში ფართო სანაცნობო ჰყავს, მაღალი რანგის ჩინოსნებიდან დაწყებული, უბრალო ადამიანებით დამთავრებული. მის სახელოსნოში საქართველოს დროშასთან ერთად ინდიელების ტომის, აპაჩების, დროშის ორიგინალია გაკრული, რომელიც გიას კოლორადოში ამერიკელმა ინდიელებმა აჩუქეს. მასზე გამოსახულია ინდიელების თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯერონიმო. “ამ დროშას ვერ ნახავთ, მთელი ამერიკა რომ შემოიაროთ. საქართველოც თავისუფლებისთვის იბრძვის, ფრონტზეაო, აღნიშნეს ინდიელებმა და სიმბოლურად ჯერონიმოს დროშა მისახსოვრეს”, – გვითხრა გიამ.

ხატმწერი, რომლის სახელი ამერიკას გასცდა, და რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი პროფესიული მოწვევა აქვს, საქართველოში ფართო მასებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. იგი ახლახან თბილისში ჩამოვიდა რამდენიმე კვირით. მისი სურვილია, საქართველოშიც დატოვოს კვალი, რომელიმე ტაძარი მოხატოს.

– მოდით, დავიწყოთ თავიდან, რა გზა გაიარეთ ემიგრაციაში წასვლამდე?

– დავიბადე თბილისში, მეხუთე თაობის თბილისელი ვარ, ვაკელი. ჩემი წინაპრები პირველი მცხოვრებლები იყვნენ ვაკეში. ატენის ქუჩაზე გავიზარდე, 55-ე სკოლა დავამთავრე. ვმუშაობდი მუსკომედიის თეატრში, ოპერის თეატრში, მარიონეტების თეატრში რეზო გაბრიაძესთან. მუსკომედიის თეატრში დავუახლოვდი დიდებულ მხატვარს მურაზ მურვანიძეს, მასთან ფარდებზე, დეკორაციებზე ვიმუშავე. აქედან გამიჩნდა ინტერესი და დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მონუმენტური კედლის მხატვრობის სპეციალობით.

ჩემი წინაპრები ტრადიციულად ექიმები იყვნენ, ოჯახს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ბებია თავადის ქალი მყავდა, ქსოვდა, ხელოვნებასთან იყო წილნაყარი. დედაც ქსოვდა. მეც ხელოვნებას ვეზიარე, მხატვრობის განხრით.

ჩემი ნათლია დიდებული ფერმწერი, ზაურ გოლავა იყო. მასთან გავიარე პირველი ნაბიჯები, მან დამაკვალიანა. სამწუხაროდ, 40 წლისა გარდაიცვალა კიბოთი, ევროპული მხატვრობის დონის ნამუშევრები დატოვა.

– ამერიკაში თბილისიდან ჩასულმა ახალგაზრდა კაცმა მეგაპოლისში გზა როგორ გაიკაფეთ?

– ამერიკაში 34 წლის ასაკში ჩამოვედი ვიზით, 1993 წელს. თავიდანვე კარგად ამეწყო, მოვხვდი კარგ ადამიანებში, არქიტექტურულ კომპანიაში. მეპატრონეები სიცილიიდან იყვნენ. ვაკანსიაზე მივედი განცხადებების გაზეთით ხელში, მდივანმა იუარა, ადგილი აღარ გვაქვსო. მოვითხოვე შეხვედრა უფროსთან. გამოვიდა მენეჯერი – რეზიუმე დამიტოვე, დაგირეკავთო. ეს, როგორც წესი, ფორმალობა იყო. ამიტომ დაჟინებით მოვითხოვე შეხვედრა მთავარ “ბოსთან”, კომპანიის ხელმძღვანელთან. ხმაურზე გამოვიდა “ბოსი” და მიმიღო სამსახურში.

ჩემი პირველი ხელფასი იყო 165 დოლარი 5 სამუშაო დღეში. ორ თვეში გამიზარდეს 10 დოლარით. მერე თავადვე შევთავაზე იდეები. კარგი არქიტექტორები იყვნენ, იაპონელები. ერთი მათგანი სამურაების შთამომავალი იყო. მეტსახელად ჯორჯონე შემარქვეს დიდი იტალიელი მხატვრის, ჯორჯონეს ანალოგიით, ჯორჯოს მეძახდნენ. სახელი “ჯორჯონე” ითარგმნება, როგორც  “დიდი ჯორჯო”, ანუ გიორგი. პატარა ბიჭი ჩაიყვანეს იტალიაში მისიონერებმა. მისი წარმომავლობა გაურკვეველია და შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქართველოს.

– როგორც ვიცი, იმ არქიტექტურულ კომპანიაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდით, კომპანიას დიდი მოგება მოუტანეთ. ეს როგორ შეძელით?

– 40 წლის ასაკში უკვე დამსახურება მქონდა. შენობათა კომპოზიციებზე და დეკორატიულ ინტერიერზე ვმუშაობდი. კრეატიულ სიახლეებს ვთავაზობდი, ინტერიერებს ვამატებდი სილამაზეს – რკინას, მოზაიკას, ბაღს, შადრევნებს… შენობებზე მეტალი პირველად მე შევიტანე. კომპანიას, 14 წლის მუშაობის განმავლობაში, 29 მილიონი დოლარის მოგება მოვუტანე. კომპანია გარიგებას რომ დებდა, კონტრაქტებზე ხელმოწერას “ბოსებთან” ერთად მეც ვესწრებოდი.

ნიუ იორკში დიდ ხალხში ვტრიალებ, ფართო სანაცნობო მყავს: ქალაქის პოლიციის უფროსები, შტატის გუბერნატორები, მოადგილეები და ა. შ. ჩემი შვილიც დამყავს შეხვედრებზე. ერთხანს ჰავაიზე ვიმუშავე, პანამაზე, მეხიკოშიც ვიყავი მხატვრად.

– ნიუ იორკის ცხოვრების ორომტრიალში ჩართული ხელოვანი მართლმადიდებელ ეკლესიაში როგორ მოხვდით?

– საქართველოდან რომ წამოვედი, უცოლო ვიყავი. ჩემი და 1980 წელს (ბრეჟნევის ეპოქაში), საქართველოს დიდ მეგობარზე, კანადელ ფრანგზე გათხოვდა და მას შემდეგ კანადაში ცხოვრობს. იმხანად ეს სენსაცია იყო – მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა, მესამე გოგო წავიდა საქართველოდან. ქართველ მოცეკვავეებს მასპინძლობდა კანადაში.

დიდებული ქართველია ბენი დათიკაშვილი, პროფესიით ეკონომისტი, მამაჩემის გამოზრდილი. 9 იანვარს, ჩემს დაბადების დღეზე, ჩემს სახელოსნოში ვისხედით. ბენიმ მკითხა, ცოლი როდის უნდა მოიყვანოო. ვუპასუხე, რაღა დროს ცოლია, სამუშაოს გამო ხან მექსიკაში ვარ, ხან ვენესუელაში, ხან კანადაში, თანაც აქ, ამერიკაში, ვისთან მიხვალ, თბილისი ხომ არ არის-მეთქი. ჩემმა დამ სთხოვა ბენის, იქნებ ვინმე ნაცნობი ქართველი, კარგი გოგო გყავდეს, სასწავლებლად რომ ჩამოდიანო. ბენიმ თავისი შვილის ქართველ ძიძას ჰკითხა. მან კი ურჩია, ეკლესიაში წამოვიდეს, მშვენიერი ქართველი გოგოები დადიანო.

ამის შემდეგ პირველად წავედი ნიუ იორკის მართლმადიდებელ ეკლესიაში. მანჰეტენზე, 59-ის მე-2 სთრითზე (ქუჩაზე) ძველი მართლმადიდებელი ეკლესიაა ღვთისმშობლის სახელობის, 175 წლის ტაძარია. კარგად მეცვა, მოძღვარმა ყურადღება მომაქცია. წირვა-ლოცვას ვესწრებოდი ისე, რომ არავისთან მისაუბრია, ჩემთვის ვიყავი. ერთი ქალბატონი გამომელაპარაკა, საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. შემდგომ მოძღვარმა მიმიწვია სასაუბროდ, 2009 წლის სექტემბერი იდგა.

– ნიუ იორკში პირველად იყავით ლიტურგიაზე თუ ადრე თბილისის ეკლესიებშიც ესწრებოდით?

– საქართველოშიც დავდიოდი ტაძრებში მონუმენტური მხატვრობის ინტერესით. მაშინ შურა ბანძელაძე ხატავდა დიდუბის ტაძარს, ვაკვირდებოდი, წირვასაც ვესწრებოდი. ქაშუეთის ტაძარშიც დავდიოდი.

ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრები მაინტერესებდა, დანგრეულიც და აშენებულიც. მათ ვსწავლობდი, ჩანახაზებს ვაკეთებდი. სულ მიკვირდა, გუმბათის ყელი ჰაერში როგორ არის გამოკიდებული. იცით, რომ სვეტიცხოვლის გუმბათი 28 ტონაა და დგას 4 პატარა ბურჯზე? წარმოიდგინეთ, რამდენ საუკუნეს, რამდენ მიწისძვრას გაუძლო.

გუმბათებზეც მიმუშავია რუსეთში, პრაქტიკები მქონდა ზაფხულობით.

– მანჰეტენზე მართლმადიდებლური ტაძრის კედლები როდის, როგორ, რა ვითარებაში მოხატეთ?

– ეკლესიაში რომ მივედი და ცარიელი კედლები დავინახე, მოძღვარს შევთავაზე, მოგიხატავთ-მეთქი. მკითხა, ხატის აღდგენა თუ შეგიძლიაო. ჩამომიტანა მე-17 საუკუნის ხატმწერის, უშაკოვის, სკოლის ხატი, რომელიც შუაზე იყო გახეთქილი. ხატი რამდენიმე თვე ჩემს სახელოსნოში დავასვენე და ეტაპობრივად აღვადგინე. 2011 წლის 9 იანვარს მივუტანე დასრულებული, ჩვენს დაბადების დღეზე – მე და მოძღვარი, მამა ქრისტეფორე ერთ დღეს ვართ დაბადებულები. მითხრა, შენთვის დიდი სამუშაო მაქვსო და სატრაპეზოს კედელი მაჩვენა. ეს არის უზარმაზარი დარბაზი, ხალხი 400 კაციან ქორწილებს იხდის. იქვე მიყუდებული იყო ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობის” რეპროდუქცია. ეს თემა  კედელზე უნდა მომეხატა.

მოვიძიე წიგნები, გავემგზავრე კანადაში და ჩემი დის ბიბლიოთეკიდან წამოვიღე 80-იან წლებში გამოცემული წიგნი მე-14 საუკუნის ქართველი მხატვრის, დამიანეს, ფრესკებისა, რომლებიც უბისის მონასტერშია შემონახული. გამოვიყენე ნიმუშად, ნახევარი ნახაზში გავაკეთე, ნახევარი ფერში, ვაჩვენე მოძღვარს, “საიდუმლო სერობა” ასეთი იქნება-მეთქი. დამლოცა და მუშაობას შევუდექი. კომპოზიცია სახლში გავაკეთე. მიჩვეული ვარ მამაპაპური წესით მუშაობას, ნახშირით გადამაქვს კედელზე. ზოგ მხატვარს ციფრულად გადააქვს ნიმუში და მერე იმას აკრავს კედელზე, მე კი პირდაპირ კედელზე ვხატავ.

რუსმა ხატმწერმა ანამ შემომთავაზა, რატომ უნდა იწვალო, კომპიუტერი მაქვს და სკანირებით გადავიტანოთო. მოხდა საოცრება: კომპიუტერზე რომ გადავიტანეთ, ფიგურები დაგრძელდა, ზომიდან ამოვარდა. მის კომპიუტერს დავაბრალე, სკანირებას ვერ აკეთებს-მეთქი.

საღამოს 6 საათიდან შევუდექი კედელზე ნახშირით მუშაობას. დილით მოძღვარმა კომპოზიცია ნახა და მოიწონა, მკითხა, რა გჭირდებაო. მასალის ფული ვთხოვე. ჰოლანდიიდან გამოვიწერე უძვირფასესი მასალები: საღებავები, ოქრო…

2018 წელს კი დავამთავრე საკურთხევლის მოხატვა – მთავარანგელოზები ანგელოზთა დასით. ახლა სხვა ფრესკებზეც ვმუშაობ, ესენია: შობა და ამაღლება.

– საიდუმლო სერობის ფრესკით ნიუ იორკის პრესაშიც მოხვდით, ამაზეც გვესაუბრეთ.

– 2013 წლის ბზობა იყო, 18 აპრილი, მიხეილ სააკაშვილი ჩამოფრინდა ნიუ იორკში ჯორჯ ბუშის (მამის) ბიბლიოთეკის გახსნაზე. ეკლესიაში ფრესკა ნახა, ხელი ჩამომართვა, მესაუბრა, დიდ მადლობას გიხდი საქართველოს ღირსების ქვეყნის გარეთ გატანისთვისო. ფოტოებიც გადავიღეთ.

მერე ნიუ იორკის გაზეთმა დაბეჭდა სტატია, როგორ მოხვდა ქართული ფრესკა მანჰეტენის ტაძარში. 6 თვის შემდეგ კვლავ გვეწვია სააკაშვილი, გაზეთი ვაჩვენე და სტატიის ფოტოს წააწერა თავისივე ხელმოწერით: “გენიალურია!”

– საუბარში აღნიშნეთ, რომ ერთმა ქალბატონმა იმ კედლის ყიდვა მოინდომა, რომელზეც საიდუმლო სერობა მოხატეთ. ასეთი რამ შესაძლებელია?

– ამერიკაში ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია. ჩვენი მრევლიდან მოვიდა ქალი და თქვა, კედელს თუ გაყიდით, 40 ათას დოლარად შევიძენო. მოძღვარს რომ ვუთხარი, მიპასუხა, 40 ათასს ორი ნული დაამატოს და მერე გადავწყვეტ, მივყიდო თუ არაო.

ამ ფრესკას რომ ვხატავდი, ეკლესიაში შემოწირულობები მოჰქონდათ და დიდი თანხა მოგროვდა. ეპისკოპოსმა ჰონორარი გამომიწერა, ჩეკზე დაწერა ოთხი ნული და მითხრა, ერთიდან ცხრამდე რა რიცხვიც გინდა, წინ ჩასვი და ეს არის შენი ჰონორარიო. ვუპასუხე, არ მინდა, ღმერთთან არ ვვაჭრობ-მეთქი. ის ჩეკი ახლაც შენახული მაქვს სიმბოლურად.

ფრესკა ვაჩუქე ტაძარს, შევწირე. მას შემდეგ ჩემი “აქცია” მაღლა და მაღლა ავიდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიღე შემოთავაზებები.

– თქვენს მეუღლე მარიამთან ტაძარმა დაგაკავშირათ, გვიამბეთ, როგორ გაიცანით.

–  ამერიკაში ქალებთან ვფრთხილობდი, შიდსი იყო მოდებული. მეგობარი გოგოც არ მყავდა. ბაბილონის გოდოლი ნიუ იორკზეა ნათქვამი, მთელი მსოფლიოა თავმოყრილი, მანჰეტენზე რომ გაიარო, ყველა რჯულის ენას და დიალექტს გაიგებ, რაც კი არსებობს მსოფლიოში.

ეკლესიაში ქალები მომისხდნენ, მარტო ხარ, არავის ეკარებიო. გამომკითხეს ვინაობა, რატომ ვიყავი 52 წლის კაცი უცოლოდ. ვუპასუხე, მთელი სული და გული ხელოვნებაში ჩავდე და დავოსტატდი-მეთქი. სახლში დავპატიჟე ნაყინზე და ნამცხვრებზე. სტუმრად წამომყვა 4 გოგო.

აპარტამენტი მაქვს ნაქირავები მეოთხე სართულზე, სახლი და სახელოსნო ერთად. გოგოებმა დაათვალიერეს, მოიწონეს. ვუთხარი, სახლს თავად ვალაგებ, საძინებელში არც კი შევდივარ, სახელოსნოში ჩემს სურათებთან მძინავს-მეთქი.

ჩემმა ყოფილმა უფროსმა არქიტექტურული კომპანიიდან იახტა იყიდა და მითხრა, თუ გინდა, ოკეანეში გამოისეირნე მეგობრებთან ერთადო. ბიჭები და გოგოები წავედით იახტით ოკეანეში, ვიბანავეთ, ფოტოები გადავიღეთ. ოკეანეში 4-5 მილზე რომ შეხვიდეთ, რიპებია – წყალი მუხლებამდე, შეგიძლია ფეხით იარო. ჩემს მომავალ მეუღლეს ხელი ვთხოვე შუაგულ ოკეანეში. ვუთხარი, მე მინდა მეტი თავისუფალი დრო, რომ ვიმუშაო, დანარჩენი შენ იცი-მეთქი. გაეცინა.

ჩემმა დამ კანადიდან ჩამოიტანა საოჯახო ბეჭდები. ხელი მოვაწერეთ. ჯვარი კი გასულ წელს დავიწერეთ სვეტიცხოველში. 30 წლის განმავლობაში შარშან პირველად ვიყავი საქართველოში.

ჩემი მეუღლე, მარიამ ბერიშვილი, 54 წლისაა, პროფესიით პროგრამისტია. 22 წელია ამერიკაშია.

– შვილს, პატარა გიორგის, ალბათ უფლის საჩუქრად თვლით.

– ჩემი ბიჭი გიორგი (ჯორჯი) 2012 წელს დაიბადა, მაშინ 53 წლის ვიყავი, საიდუმლო სერობის ფრესკაზე ვმუშაობდი. ამერიკაში ასეა: როგორც კი ქალი წარადგენს ორსულობის ბარათს, სხვადასხვა საჭირო მომსახურებას სთავაზობენ.

ძალიან დაკავებული ვიყავი. სამსახურიდან ეკლესიაში მივდიოდი, ფრესკაზე ვმუშაობდი და ღამის 1 საათზე ვბრუნდებოდი სახლში. ჩემი დამხმარე ბიჭი მთხოვდა, მესწავლებინა მისთვის ფრესკაზე მუშაობა. კვირას ვუთხარი, ნახატი დააკონტურე რომელიმე ფერით, ხაზს გაჰყევი, ნახაზი რომ არ დაიკარგოს-მეთქი.

ეკლესიიდან რომ წამოვედი, ღამით ვიგრძენი, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა. დილით დავურეკე და მიპასუხა, ყველაფერი კარგადააო. რომ მივედი, საშინელება დამხვდა, დაკონტურების ნაცვლად ფერები ჩაესხა, არადა არანაირი განათლება აქვს ხელოვნებაში. არეული ჰქონდა ფერები წმინდანებზე – სადაც მწვანე იყო საჭირო, იქ ყვითელი ჩამისხა და ა. შ. მე თვითონ 1 საათი ვუყურებ ფრესკას და მერე ვიწყებ მოწიწებით მუშაობას.

მსოფლიოში 2 კანონია: საეკლესიო და საკონსტიტუციო. საეკლესიო კანონიკით, ყველა ფერს თავისი დანიშნულება აქვს ფრესკაზე, ძირითადია ფერები და სახეთა გამომეტყველება.

გიჟს დავემსგავსე, ნაკურთხი წყლით ამოვწმინდე ფერები, 2 კვირა თაგადაკლულად ვიმუშავე, ღამით ხარაჩოზე ვიძინებდი. ფრესკა დავასრულე და ბავშვიც დაიბადა. ფრესკის კურთხევისას ეპისკოპოსმა მითხრა, ღვთის სახლში ღმერთს თავისივე ძეგლი დაუდგი, მან კი ბიჭი გაჩუქა, ეს არის სასწაული, შეირგე და ღმერთს ჰმადლობდეო.

– როგორც ვიცი, თქვენს ეკლესიაში მანჰეტენზე ამერიკელები ქართულად გალობენ, ეს არჩევანი რამ განაპირობა?

– მოძღვარი რუმინელია, მაგრამ ქართულად აღავლენს წირვას, ქართულად კითხულობს ფსალმუნს, ქართულად გალობენ ჩვენს საგალობლებს: “შენ ხარ ვენახი”, “მამაო ჩვენო”, “უფალო შეგვიწყალენ”… საკვირველებაა, რომ ამერიკელები ქართულად გალობენ უაქცენტოდ. მოძღვარი წირვას იწყებს ინგლისურად ან ქართულად. აღდგომადღეს ქართულად ამბობს: “ქრისტე აღსდგა!”

ცნობისათვის, ეკლესიას აქვს საკმაოდ მდიდარი ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც ლევან სანიკიძის ვაჟმა გორდამ (გუბაზის ძმამ) აჩუქა. ამ ტაძარს დიდი გავლენა აქვს მანჰეტენზე.

ღვთისმშობლის სახელობის ეს მართლმადიდებელი ეკლესია ვაშინგტონის საეპისკოპოსო ეპარქიაში, ანუ ამერიკის ეკლესიის იურისდიქციაში შედის. ადრე საქართველოს ეპარქიასთანაც ჰქონდა შეხება. მამა ალექსანდრე თანდილაშვილი იყო პირველი მოძღვარი, რომელიც 2003 წელს ჩამოვიდა საქართველოდან და ამ ტაძარში მიჰყავდა ლიტურგია. მერე ცალკე გავიდა ქართული ეკლესია – შენობებში დიდი ფართის ოთახებს ქირაობენ, რომ მრევლი დაეტიოს. ნიუ იორკში მცხოვრები ქართველებიდან ზოგი ამერიკული ტაძრის მრევლია, ზოგი კი საქართველოს ეპარქიის ტაძრის.

– ეს ეკლესია თქვენამდე არავის მოუხატავს?

– არა… ეპისკოპოსმა აღნიშნა, დიდ საქმეს ეწევიო. საოცარია, რომ 200 წლის კათედრალის მოხატვა მომიწია ვაკიდან ამერიკაში წამოსულ მხატვარს. მოძღვარმა მითხრა, ეს ტაძარი შენ გელოდებოდა, მოხვედი, დაიწყე და შენვე მიიყვან ბოლომდეო. ახლა მთელი ტაძარი მოსახატი მაქვს: იერუსალიმში შესვლა, სამსჯავრო და სხვა საინტერესო თემებია.

– ფრესკის ქვეშ ქართული წარწერაა: “უფალო შეიწყალე ცოდვილი მხატვრები გია გოგოლაშვილი და მისი ძე გიორგი”. თქვენს საქმიანობაში შვილიც ჩართეთ?

– ჩემი პატარა ბიჭი მეხმარება. თავადვე მიკვირს, ისე იმუშავა პროფესიონალივით. რასაც ვეუბნები, ზუსტად ასრულებს.

დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში რომელიმე ეკლესია მოვხატო. საუკეთესო მასალებს ჩამოვიტან, ჩემივე მასალით მოვხატავ. არ მინდა ისე წავიდე საწუთროდან, ჩემს სამშობლოში კვალი არ დავტოვო.

– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის! ჯანის სიმრთელეს, სურვილის ასრულებას და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ!

გია გოგოლაშვილმა კიდევ 2 გრანდიოზული ფრესკა მოხატა ნიუ იორკის იმავე ტაძარში. პრეზენტაცია გაიმართება საშობაოდ, 25დეკემბერს.