თამარ მეფის საფლავის ადგილი ცნობილი იყო

თამარ მეფის საფლავის ადგილი ცნობილი იყო,,სარკე”, ლია ოსაძე

2009 წელს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში აღმოჩენილმა მდიდრულმა სამარხმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავიდან, როცა ოქროთი ასხმული ქალის ნეშტი აღმოაჩინეს, ტელევიზიით ჟურნალისტებმა ისეთი მინიშნებები გააკეთეს, თითქოს საქმე თამარ მეფის საფლავთან გვქონდა. ბაგრატის ტაძარს უამრავი ადამიანი მიაწყდა. დღის ბოლოს უკვე გამოიკვეთა, რომ ნეშტი თამარ მეფეზე ბევრად ადრე გარდაცვლილ პიროვნებას ეკუთვნოდა. დიდგვაროვან ქალთან ერთად დამარხულ სიმდიდრეს ექსპედიციის ხელმძღვანელ ომარ ლანჩავასთან ერთად ახალგაზრდა არქეოლოგმა, შალვა ბუაძემ მიაგნო. მან ,,სარკეს” შემდეგი უამბო:

– თავის ქალის გაწმენდა რომ დავიწყე, საფეთქელთან ოქროსფერმა გაიელვა. ვიფიქრე, საყურეა-მეთქი, მაგრამ სასაფეთქლე სამკაული აღმოჩნდა. მივხვდი, რომ სამკაული ოქროსი იყო. ოქრო მიწაში არ ფუჭდება და ფერსაც ინარჩუნებს. სიხარულისგან დაყვირება მომინდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ყვირილზე სამარხთან ბევრი ხალხი შეიკრიბებოდა და სანამ მუშაობა ბოლომდე არ დავასრულეთ, ეს ამბავი მხოლოდ ხუთმა ადამიანმა ვიცოდით. ასეთი უნიკალური სამარხი ქუთაისში კი არა, მთელს საქართველოში არ მოიძებნება.

ამ დიდგვაროვანი ქალის სამარხს პირველად 2003 წელს მიაგნეს. იგი მთლიანად კირხსნარით ყოფილა დაფარული. სამარხის გახსნის წინააღმდეგ მაშინ ეკლესია წავიდა და არქეოლოგებმა მუშაობა შეწყვიტეს. ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კი აუცილებელი გახდა იმ ტერიტორიის დამუშავება. ასეთი სამარხი საქართველოში სულ ორია აღმოჩენილი, ერთი – ბაგრატის ტაძარში და ერთი – ბიჭვინთაში, თუმცა ძვირფასეულობა მხოლოდ ბაგრატის ტაძრის სამარხში აღმოჩნდა. სამკაულები დაახლოებითი შეფასება გაკეთდა – ოქსფორდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა მის საწყის ფასად მილიონი დოლარი დაასახელა.

ქალის სავარაუდო ასაკი 25-30 წელია და დიდებული ქალბატონი მე-6-10 საუკუნეებში ცხოვრობდა. მისი დაკრძალვის წესი არაქრისტიანულია – თავი აღმოსავლეთით აქვს. ერთი ხელი ყელზე, მეორე კი თეძოზე უდევს. მარჯვენა ფეხი მარცხენაზე აქვს გადაჯვარედინებული.

ბაგრატის ტაძრის ახალაღმოჩენილი სამარხის განძეულობის შესახებ “სარკეს” დეტალურად არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ქუთაისის მუზეუმის დირექტორმა, ომარ ლანჩავამ უამბო:

– ბატონო ომარ, რა ნივთები აღმოჩნდა სამარხში?

– ოქროს სასაფეთქლეები, რომლებიც საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, თითოეულის წონა 10-10 გრამია. ორი ოქროს ბეჭედი – თითო ხელზე თითო ეკეთა. ერთი ლალის თვლიანია, მეორე – ფირუზისთვლიანი. თითო ხელზე სამ-სამი ოქროს სამაჯური ეკეთა. მათ შორის ორი სამი ნაწილისგან შედგება. მზის დისკოების ფორმებია, შუაში ფერადი ძვირფასი თვლებია, მათ შორის ერთი მთის ბროლია.

– კარგად არის დამუშავებული, როგორი ნაკეთობებია?

– საუკეთესო ნამუშევრებია. სამაჯურების მეორე წყვილი ასეთია – ერთ ხელზე ოქროს სამაჯური აქვს, მეორეზე – ვერცხლის. ორივე ხელზე აქვს აგრეთვე მინის სამაჯურები.

– ბატონო ომარ, რატომ გაჩნდა თავიდან ეჭვი, რომ ეს თამარ მეფის საფლავი იყო, განძეულობის გამო?

– ეს იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბრიყვის წამონაროში! ერთმა მუშამ რომ დაინახა ოქროს სამკაულები, გამოვიდა და თქვა, მგონი, თამარის საფლავი ნახესო. პოლიციას დავუძახეთ, რომ ხალხს არ შევეწუხებინეთ. პოლიცია არც ხალხს უშვებდა და არც – ჟურნალისტებს. ვიღაცამ კი იჩქარა, რომ ბრიყვული ინფორმაცია პირველს გაევრცელებინა. ეს საფლავი 2003 წელს ვნახეთ, მაგრამ მაშინ ეკლესიამ დაგვტუქსა და უფლება არ მოგვცა, გათხრები გაგვეგრძელებინა. მერე კი, ბაგრატის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისევ დადგა დღის წესრიგში იმ კირხსნარით დაფარული საფლავის გაწმენდა. ჩვენი გათვლებით, ეს ქალბატონი დაახლოებით მე-7-8 საუკუნეში ცხოვრობდა.

საქართველოში ლეგენდებია გავრცელებული თამარის საფლავის გარშემო, რომლის ადგილმდებარეობა საიდუმლოებითაა მოცული. საინტერესოა, არ თუ ვერ ვპოულობთ ჩვენი დიდებული მეფის საფლავს და რა ვერსიებს ან ინფორმაციებს ვფლობთ მის შესახებ. ამასთან დაკავშირებით “სარკეს” ცნობილი ისტორიკოსი, პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე უყვებოდა.

– ქალბატონო მარიკა, არ გვინდა, რომ ვიპოვოთ თამარის საფლავი თუ ვერ ვპოულობთ?

– თამარის საფლავთან დაკავშირებით ყველაზე რეალური ვერსიები სამ ქართველ ისტორიკოსს აქვს, რომლებსაც შემდეგ ვახუშტიც იმეორებს, მაგრამ იმ სამიდან ორი უშუალოდ თამარის თანამედროვეა. ისინი თამარის ავადმყოფობას და გარდაცვალებასაც დაესწრნენ და ამის შესახებაც წერენ. ორივე ისტორიკოსი გარკვევით წერს, რომ თამარი დამარხეს მამათა სამკვიდრებელს, გელათს. თამარის ანდერძი იყო, დამკრძალეთ წინაპართა საძვალეს, გელათსო. მესამე ისტორიკოსი თამარის ვაჟის, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, იმავეს იმეორებს.

ამის შემდეგ, მე-13 საუკუნეში, ფრანგი დებუა წერს ბეზანსონის არქიეპისკოპოსს – გავრცელდა ხმა, რომ პატარა ქვეყნიდან, იბერიიდან, მოდის მეფე თავისი სამხედრო რაზმით და თან მოაქვს დედამისის, ცნობილი მეფის ძვლები, რომელსაც შვილისთვის უანდერძებია, რომ რადგან თავის სიცოცხლეში ვერ შეძლო იერუსალიმში ჩასვლა, რაც აუცილებელი იყო ქრისტიანისთვის, იქ დაესვენებინათ მისი ცხედარი. დებუა გარკვევით წერს, რომ ლაშა-გიორგის დედის ძვლები მიჰქონდა, მაგრამ ის არ წერს, ჩავიდა თუ არა იერუსალიმში. შემდეგ, რუსუდანის დროს, როცა მონღოლები შემოვიდნენ, რუსუდანი რომის პაპს დახმარებას სთხოვს და სწერს, ჩვენ გვინდოდა ჯვაროსნულ ომში მონაწილეობის მიღება, ჩემი ძმა გაემზადა ამისთვის, მაგრამ ამ დროს მონღოლები მოვიდნენ და ვეღარ წამოვიდაო. ფაქტია, რომ ლაშა იერუსალიმში არ ჩასულა.

უფრო მოგვიანებით ჩნდება ლეგენდები თამარის დასაფლავების შესახებ ლექსად, პროზად, რომ თითქოს თამარმა დაიბარა, მისი საფლავი არავის სცოდნოდა. ერთ ხალხურ ლექსში ისიც არის ნათქვამი, რომ რუქნადინმა დაიქადნა, როცა მოკვდება, მის საფლავს წარვყვნიო, მაგრამ რუქნადინი თამარზე ადრე გარდაიცვალა. წერენ, რომ როცა თამარი გარდაიცვალა, სასახლიდან რამდენიმე კუბო გამოიტანეს და სხვადასხვა მიმართულებით წაიღეს. ვისაც კუბოები მიჰქონდა, აღარავინ დაბრუნებულა და არავინ იცის, ვინ სად დამარხეს. ეს იმიტომ, რომ თათრებს არ წაერწყმიდათ მისი საფლავი.

ეს ლეგენდები მხოლოდ იმ დროს შეიძლებოდა შექმნილიყო, როცა საქართველო მონღოლების თუ თემურ ლენგის უბედურების ქვეშ იყო. როცა თამარი გარდაიცვალა, საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო და არც არავითარი საფრთხე არსებობდა, რომ მისი საფლავი ვინმეს წაებილწა. საშიშროება შემდგომ შეიქმნა. ამავე დროს, გელათში არის ეკვდერი, რომელსაც თამარის ეკვდერი ეწოდება. მას თავისი მომვლელი ჰყავდა. გვაქვს ორი დოკუმენტი, სადაც  ეს პირდაპირ წერია. ფაქტია, მე-13 საუკუნეში სრულიად დადასტურებული ცნობა არსებობს, რომ არსებობს თამარის ეკვდერი და მას თავისი მომვლელი ჰყავს. ბებიაჩემი, ანა მიქელაძე ქუთაისში ცხოვრობდა და მისგან ვიცი, რომ ბოლშევიკებმა სანამ არ გააუქმეს, 14 მაისს, თამარობას, გელათში, თამარის ეკვდერთან აურაცხელი ხალხი იკრიბებოდა. შაშიაშვილის გუბერნატორობის დროს აღდგა ეს ტრადიცია და ახლაც იხდიან იქ თამარობას.

სსრკ-ის წლებში ირაკლი აბაშიძეს და აკაკი ბაქრაძეს მიაწოდეს ცნობა საბერძნეთიდან, რომ იქ, ჯვრის მონასტერში, რაღაცას თხრიდნენ და ორი მანდილოსნის საფლავი იპოვეს. ერთი განსაკუთრებით დიდებული იყო. ბერძენმა არქეოლოგებმა ჩათვალეს, რომ თამარის საფლავი იყო, რაც მე პირადად მეეჭვება. ჯერ ერთი, არ იყო წესი მთლიანად გადასვენებისა. ნაწილები მიჰქონდათ მხოლოდ. მაგალითად, ქეთევანის ნაწილები იყო პორტუგალიაში, ინდოეთში…

– ქალბატონო მარიკა, ის მაინც თუ ვიცით, გელათში არის თუ არა თამარის ძვლები?

– არ ვიცი.

– რატომ არ ვთხრით იმ ეკვდერს?

– ჩემი აზრით, ეს არ არის საჭირო. გელათი მრავალი წელი მაჰმადიანების ხელში იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ საფლავები გაძარცვულია. აუცილებლად გათხრიდნენ და, თუ რამე იქნებოდა, ამოიღებდნენ. ძვლებს რას უზამდნენ, კაცმა არ იცის. რა აზრი აქვს გათხრას? არანაირ წყაროში არ წერია, რომ სადმე მისი წმინდა ნაწილებია.

– ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, თამარი ოქროს კუბოთი დაასაფლავეს და მისი ნეშტი, თუ ხელი არავინ ახლო, ისევ უხრწნელად უნდა ინახებოდესო.

– როგორც ცნობილია, თამარმა დაიბარა, ჩვეულებრივი  წესით დამკრძალეთო. შეიძლება მას ბეჭედი, ჯვარი ან ხატი ჩაატანეს, მაგრამ მაშინ წესი არ იყო, რომ ბევრი რამ ჩაეტანებინათ, ისე როგორც ანტიკური ხანის საფლავებში ატანდნენ ყველაფერს – თიხის ჭურჭელია აღმოჩენილი და მასში საჭმლის ნაშთები. ასეთი რამ ქრისტიანობაში უკვე აღარ ხდებოდა.

– ქალბატონო მარიკა, ქართველები ისეთი ხასიათის ხალხი ვართ, გამორიცხულია, ვინმეს ცნობისმოყვარეობის მიზნით მაინც არ ენახა, რა ხდება იმ ეკვდერში.

– ჭორის დონეზე ითქვა, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა გათხარა თამარის ეკვდერი და დავითის საფლავი და ისევ დახურა. თქვა, არსად აღარაფერი აღარ არისო. სინამდვილეში არაფერი ვიცით. არსებობს აზრი, რომ ოსმალები თამარის საფლავს გათხრიდნენ და თუ რამე წასაღები იყო, წაიღებდნენ და თუ რამე – წასაბილწი, წაბილწავდნენ… შეიძლება ის ძვლები ამოყარეს და გადაყარეს. რაც შეეხება დავითს, არის ცნობა, რომ სადაც ახლა მისი საფლავის ქვა დევს, იქიდან ამოიღეს და გადაასვენეს საკურთხევლის წინ. თუმცა მართალია თუ არა, არავინ იცის.

– საქართველოს დიდი პიროვნებებიდან კიდევ ვისი საფლავი გვაქვს დაკარგული?

– ბაგრატ მესამემ დაიბარა, ბედიის ტაძარში დაემარხათ. ანდერძი შეუსრულეს, მაგრამ ახლა იქ რა ხდება, აღარ ვიცით. ორი წლის წინ სტუდენტებმა მოახერხეს იქ შესვლა, მაგრამ მათ თქვეს, ჩვენ ვერ ვნახეთ საფლავიო. კედელზე იყო მისი გამოსახულებაც, რომელიც ასევე ძალიან დაზიანებული დახვდათ.

– ბაგრატის ტაძარში ახლახან აღმოჩენილ საფლავზე რას გვეტყვით?

– ბაგრატის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული. ძველი, მცირე ტაძრის ადგილას აშენდა. ჯერ დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება. შეიძლება იყოს ბაგრატ მესამის დედის, გურანდუხტის საფლავი ან მისი ქალიშვილის, მირანდუხტის. სპეციალისტებმა უნდა დაათარიღონ, რაც იმ საფლავშია. დაკრძალვის განსაკუთრებული წესია დაცული, ფეხიც უცნაურად აქვსო და ესეც უნდა შეისწავლონ. ასეთი საფლავები სულ რამდენიმე გვაქვს.

– როგორც წესი, ვის ატანდნენ ასეთ ძვირფას სამკაულებს?

– არისტოკრატიის წარმომადგენლებს. იმას ატანდნენ, ვის რისი შესაძლებლობაც ჰქონდა.

– რა შემთხვევაში ასაიდუმლოებდნენ, ვის მარხავდნენ ამა თუ იმ ადგილას?

– გასაიდუმლოება არაფერ შუაშია. უბრალოდ არ არის წყარო. ისტორიკოსი წერს, გარდაიცვალაო, მაგრამ ხანდახან არ არის მითითებული, სად დაკრძალეს. საერთოდ ჩვენი ისტორიკოსები ძალიან ძუნწები არიან.

არქეოლოგი ომარ ლანჩავა:

– მე-19 საუკუნის ჩათვლით იყო ტრადიცია, რომ გელათში თამარ მეფის წმინდა ნაწილებს ამოიღებდნენ ხოლმე და ლოცულობდნენ, ხელით ეხებოდნენ. თამარის ეკვდერი გელათის ტაძრის სამხრეთითაა. სავარაუდოდ, იქ არის თამარის საფლავი, საიდანაც მისი წმინდა ნაწილები ამოჰქონდათ და მერე ისევ უკან აბრუნებდნენ. კომუნისტების დროს მოიშალა ეს ტრადიცია. თამარის ძვლები მრავალგზის ხელშეხებულია და მის საფლავში ოქროს ქოშების თუ სხვა რამის პოვნა აბსურდია.

– თუ ვიცით, სად არის მისი წმინდა ნაწილები, რატომ გაჩნდა მასზე ლეგენდები, რომ თამარ მეფის საფლავი გასაიდუმლოებულია?

– გიმეორებთ, თამარის ნეშტი გელათშია! ვითომ სვანეთში რომ ეძებდნენ და არ აღმოჩნდა, კახეთში, სამეგრელოში, იერუსალიმში ეძებდნენ, ეს ყველაფერი ლეგენდა და ზღაპრებია. სამწუხაროდ, დავიწყებული ტრადიციაა, რომ მის ძვლებს და საფლავს პატივი მივაგოთ.

– ექვთიმე თაყაიშვილს გაუთხრია თამარის ეკვდერი.

– არა, დავით აღმაშენებლის საფლავი გათხარა, ანუ ის ადგილი, რომელიც კარიბჭესთანაა და ზედ აწერია, ფეხი დამადგით გულზე ყოველმანო. იქ არაფერი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ როცა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, დაახლოებით მე-14 საუკუნეში, ამოიყვანეს და გადაასვენეს მთავარი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ. ექვთიმეს თამარის ეკვდერი არ გაუთხრია.

,,გთხოვთ, ნუ მოძებნით თამარის საფლავს. იგი დამბადებელმა ხელში აიყვანა და მზის სხივად აქცია”, – ეს სიტყვები გოდერძი ჩოხელმა ერთ-ერთ მოთხრობაში დაწერა. იქნებ ლეგენდები არ ტყუიან?