ერთ წამში დაკარგული ორი შვილი და ორი ძმა – ,,მამა ქვითინებდა, ბალღები მენატრებიანო”

ერთ წამში დაკარგული ორი შვილი და ორი ძმა - ,,მამა ქვითინებდა, ბალღები მენატრებიანო",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

შეუძლებელია იმ ჭრილობის შეხორცება, რომელსაც ბელა ზალდასტანიშვილი წლებია, ატარებს. მას ოთხი ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამში დაეღუპა, ორი ძმა და ორი შვილი – ტყუპი ძმები, ნუკრი და ვასილ წიკლაურები და მათი დისშვილები, ძმები, ზურაბ და თემურ ზალდასტანიშვილები. ყველანი უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.

ბელა ზალდასტანიშვილი: თურმე ბოლო ღამეს ათევდნენ ოჯახში. უცნაურად იქცეოდნენ, ცოლებს უთხრეს, ბავშვები გააღვიძეთო. ზურიკომ მთხოვა, დედი, გეხვეწები, ,,თავო ჩემო” დაუკარიო. დამაკვრევინა. მერე მთხოვა, ,,დაისის” შესავალი დაუკარიო. გავგიჟდი, რას მაკვრევინებ-მეთქი. იჯდა და ტიროდა. ყველანი ავტირდით… დილით ზურიკომ მითხრა, იცოდე, ჩვენი შვილები უნდა გაზარდოო, – ყვება ,,სარკესთან” ქალბატონი ბელა.

იმ საბედისწერო დღეს, 1993 წლის 22 სექტემბერს ოთხივე სოხუმში სპეცდავალებით წავიდნენ. ის თვითმფრინავი, რომლითაც მგზავრობდნენ, ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომისას აფეთქდა. დაღუპულები იქვე სახელდახელოდ გათხრილ საძმო სასაფლაოში დაკრძალეს. მათი გადმოსვენება რამდენიმე წლის წინ მოხერხდა. ნუკრი და ვასილი 30 წლისანი იყვნენ, ზურა და თემური – 23 და 25 წლის.

ბელა ზალდასტანიშვილი: შევარდნაძე სხვის შვილებს რომ მოუწოდებდა, ტაშტებით, ქვაბებით, ჩანგლებით და დანებით ჩამოდითო, თავისი შვილი, პაატა რატომ არ წაიყვანა?!.. თვითმფრინავში მყოფი 93 ადამიანი დაიღუპა, 16 გადარჩა, 75 წლის ქალიც.

__ 75 წლის ქალს იქ რა უნდოდა?

_ალბათ სავაჭროდ მიდიოდნენ. სწორედ ქალები გადარჩნენ. იქნებ იმის ადგილას რომელიმე ჩემიანი მჯდარიყო და გადარჩენილიყო?.. ვეხვეწებოდი, ყველა ერთად ნუ დადიხართ, ერთ-ერთი მაინც დარჩით-მეთქი… ოთხივეს დარჩა შვილები, გოგონები. ვასიკოს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. მძინარე წამოვარდებოდა ხოლმე, შავებში ჩაცმული ქალი მომდევს, მივრბივარ და მეწევაო.

მამაჩემი 3 წელი ლოგინში არ ჩაწოლილა. გამუდმებით ქვითინებდა – ჩემი ბალღები მენატრებიანო. მერე გარდაიცვალა…

როცა აფეთქებაზე გავიგე, ავთო იოსელიანთან წავედი. უთქვამს, არ შემოუშვათ, მაგის დანახვა არ შემიძლიაო. თურმე ბღაოდა, კედელს ურტყამდა თავს,ჩემი ბიჭები როგორ გაწირესო. კვირაიას გაუშვია… ერთმა გადარჩენილმა თემურზე თქვა, არ დამჯდარა, ამბობდა, ვილოცოთ,მშვიდობით დავჯდეთო. როგორც ჩანს,უთხრეს, რომ ან ჩაფრინდებოდნენ, ან – არა…

ერთ საღამოს კარზე ზარის ხმა გაისმა. ნინო ვარ ბურჯანაძეო, გაგვეცნო. არც ვიცოდით, ვინ იყო. დაჯდა, უყურებდა სურათებს და ღვარღვარად მოსდიოდა ცრემლები. მითხრა, მიგულეთ, როგორც თქვენი შვილიო. ამ დღიდან ნინო გვპატრონობს.