კოვიდ-19 და ბავშვთა ასაკი – როგორ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს

კოვიდ-19 და ბავშვთა ასაკი - როგორ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებსუკანასკნელი 2 წელია, პანდემიამ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნისა თუ ცალკეული ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ერთი მხრივ, ინფიცირების რისკის ქვეშ ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, პანდემიასთან დაკავშირებული ცვლილებების (ლოქდაუნი, უარყოფითი ინფორმაციით გადატვირთვა, ფიზიკური და სოციალური დისტანცირება) გადატანა ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივი არ არის.

პანდემიის დაწყებიდან ახალი დელტა შტამის გავრცელებამდე ინფიცირების სიხშირე ბავშვებში საკმაოდ დაბალი იყო და დაავადება უხშირესად მსუბუქად ან საერთოდაც უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. კორონავირუსის ამ ახალი შტამის შემთხვევაში კი სიტუაცია შეიცვალა და ინფიცირების სიხშირემ  ბავშვთა ასაკშიც საკმაოდ მოიმატა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ 10-11 დადასტურებულ შემთხვევაზე 1 შემთხვევა ბავშვთა ასაკის პაციენტებზე მოდის, რაც განპირობებულია დელტა შტამის შედარებით მაღალი კონტაგიოზურობით. დადგენილია, რომ იგი 2-ჯერ მეტად გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული შტამები.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ კოვიდ-19-ის მიმდინარეობა ბავშვთა ასაკში ძალიან ჰგავს სხვა ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას, მას არ აქვს სპეციფიკური გამოვლინებები; შესაბამისად, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ცხელების ან ვირუსული ინფექციის ნებისმიერი ნიშნის არსებობისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს ტესტირება კორონავირუსზე, რაც დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. მოზრდილთა ასაკისთვის დამახასიათებელი გემოს და სუნის დაკარგვა, რომელიც გარკვეულწილად კოვიდ-19-ის სპეციფიკურ სიმპტომს წარმოადგენდა, დელტა შტამისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი და ბავშვებში ძალზე იშვიათია.

პატარა პაციენტებში დელტა შტამით განპირობებული ინფექცია  უპირატესად ვლინდება ცხელებითა და ზედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნებით – ცხვირიდან გამონადენით და ყელის ძლიერი ტკივილით. შემთხვევათა ნაწილში შესაძლებელია გამოხატული იყოს თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ხველა და სუნთქვის გაძნელება. კორონავირუსული ინფექციის ნებისმიერი შტამის შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარეობა ბავშვებში  მოზრდილთა ასაკთან შედარებით ნაკლებია. ეს დელტა შტამსაც ეხება. მართალია, ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მოცემული შტამის დროს მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ დაავადების უკიდურესად მძიმე ფორმები მოზრდილთა ასაკთან შედარებით, ნაკლები სიხშირით ვლინდება.

დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკი შედარებით მაღალია ახალშობილებსა და ჩვილებში და ბავშვებში მძიმე თანმხლები დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი, ბრონქული ასთმა, გულის თანდაყოლილი მანკი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მძიმე ნევროლოგიური დარღვევები და სხვ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ასეთ პაციენტებს დაავადება მძიმე ფორმით გამოუვლინდებათ.

ინფიცირების შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება და იმ საშიშროების ნიშნების ცოდნა, რომელიც შესაძლო გართულებებზე შეიძლება მიუთითებდეს და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვას საჭიროებდეს. ასეთ ნიშნებს მიეკუთვნება გამოხატული ძილიანობა, მივარდნა,  კრუნჩხვა, შეუპოვარი ღებინება, ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს, შეუპოვარი ხველა და სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, წლამდე ასაკში საკვების მიღების შემდგომ სითხის მიღების შეუძლებლობა, შარდვის სიხშირის შემცირება.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მწვავე პერიოდის დასრულების შემდეგ შესაძლებელია შენარჩუნდეს და გახანგრძლივდეს რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სუბფებრილიტეტი. კვლევებით დადგინდა, რომ შემთხვევათა ნაწილში ვლინდება ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება. ამავე დროს გამოვლინდა, რომ ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ  შესაძლებელია განვითარდეს გართულება მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სახით. მოცემული სინდრომი  ძალზე იშვიათი გართულებაა, რომელიც ჩვეულებრივ იწყება კოვიდის გადატანიდან 4-6 კვირაში და  მიმდინარეობს მაღალი ცხელებით და 2 ან მეტი ორგანოს მწვავე ანთებითი დაზიანებით.

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, თუ პატარას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია? პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ექიმთან კონსულტაცია (თუნდაც სატელეფონო) და მისი რჩევების ზედმიწევნით გათვალისწინება. ნებისმიერი ვირუსული, მათ შორის კი კორონავირუსული ინფექციის დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სითხის ადეკვატური (შედარებით გაზრდილი) რაოდენობით მიწოდებას, განსაკუთრებით  თბილი სითხეების მიღებას (მაგ: ჩაი, მცენარეული ჩაი, ქათმის ბულიონი ბავშვის ასაკის შესაბამისად), რაც ხელს უწყობს სასუნთქ გზებში დაგროვილი სეკრეტის გათხელებას, მის იოლად გამოდევნას სასუნთქი გზებიდან და ლორწოვანი გარსის ბარიერული ფუნქციის აღდგენას. ცხვირის სანაციის მიზნით მიზანშეწონილია ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება, რომელიც აუმჯობესებს ჰაერის გამავლობას. მცირე ასაკში, ეფექტის გასაძლიერებლად, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ცხვირის ტუალეტი (გამოტუმბვა) ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. სასუნთქი გზების ინფექციის დროს ასევე მნიშვნელოვანია ოთახის ჰაერის დატენიანება. დიარეისა და ღებინების შემთხვევაში აუცილებელია ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარის გამოყენება, რათა თავიდან იყოს აცილებული გაუწყლოების განვითარება.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ცხელებას გარკვეული დამცველობითი მოქმედება აქვს – მომატებული ტემპერატურის ფონზე უკეთ გამომუშავდება დამცველობითი ნივთიერებები, ამიტომ სიცხის დამწევი მედიკამენტის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ  მაღალი ცხელების შემთხვევაში. არ არის მიზანშეწონილი ცხელების მქონე პატარას ჩაფუთვნა, ეს აძნელებს სითბოს გაცემას და შესაბამისად ხელს უწყობს გადახურებას. მნიშვნელოვანია სუნთქვითი ვარჯიშებიც. შესაძლებელია გამოყენებული იყოს სიმპტომური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები.

ყელის ტკივილის შესამცირებლად შესაძლებელია ასაკის მიხედვით ყელის დამარბილებელი საშუალებების გამოყენება. ამ მიზნით ერთ-ერთი მეტად ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატია ტანტუმ ვერდე – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, რომელიც წარმოდგენილია როგორც სპრეის, ასევე სავლები ხსნარის სახით. პრეპარატი კარგად აღწევს პირის ღრუს,  ხახისა და ტონზილების  ანთებით ქსოვილში, სწრაფად ხსნის ტკივილს, ამცირებს ლორწოვანი გარსის ანთებას და აღადგენს ლორწოვან გარსს.

ტანტუმ ვერდე ეფექტურად გამოიყენება როგორც ზედა სასუნთქი გზების ინფექციის, ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს, ასევე პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებების შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატს აქვს მძლავრი ანტიანთებითი მოქმედება, ის თანაბრად ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციით განპირობებული ანთების სამკურნალოდ.

ტანტუმ ვერდეს სპრეი გამოიყენება  3 წლის ასაკის შემდეგ. სპრეის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც. ტანტუმ ვერდე ეფექტური, ევროპული ხარისხის, მაღალი უსაფრთხოების პროფილის მქონე პრეპარატია, რომელიც ტკივილის კუპირებასთან ერთად ამცირებს უშუალოდ ლორწოვანი გარსის ანთებას.

მეტად მნიშვნელოვანია მოზრდილი პოპულაციის ვაქცინაცია. ყველა ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება იმუნიზაციის შესახებ. ვაქცინაციას, ძალზე იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენები, ვერ უზრუნველყოფდეს 100%-იან დაცვას ინფიცირებისგან, მაგრამ დღეისათვის იგი წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, რომელიც იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილისგან. ვაქცინირებული ადამიანი აგრეთვე ნაკლებად ავრცელებს ვირუსს.

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს ვაქცინაციის გარეშე პანდემიის შეჩერება შეუძლებელია. ვაქცინაციასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა – სოციალური დისტანცია, ნიღბის გამოყენება, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს პანდემიის დასრულებამდე. საზოგადოების თითოეული წვერი პასუხისმგებელია მისი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე!

მაია ხერხეულიძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დაპარტამენტის ხელმძღვანელი

კოვიდ-19 და ბავშვთა ასაკი - როგორ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს