,,სოფელში ცხოვრებამ სხვა ქალად მაქცია, ჩემი ოცნებები ჩაკლა”

,,სოფელში ცხოვრებამ სხვა ქალად მაქცია, ჩემი ოცნებები ჩაკლა",,სარკე”

იმ თაობას ვეკუთვნი, ტანკებს ჯოხს რომ ურტყამდა, იცოდა, ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ მაინც არ ეპუებოდა, მაინც იბრძოდა. მაღალი იდეალები გვქონდა და ჩვენც იდეალისტები ვიყავით. გვჯეროდა, რომ საქართველოს თავის “ბორჯომიან”-ციტრუსებიანად დიდი მომავალი ჰქონდა და ქვეყნის მომავალი აღორძინებულ სოფლებში იყო.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სამუშაოდ  სოფელში გამანაწილეს და მეც სიხარულით გავვარდი. აბა, რა, ქვეყანა ხომ უნდა ამეღორძინებინა. როცა იქ თაყვანისმცემელი გამომიჩნდა და ცოლობა მთხოვა, მხოლოდ იმის გამო, რომ სოფლელი იყო, მისთვის უარი არ მითქვამს. ჩემი მომავალი ქმარი შემიყვარდა. ის განათლებული, უზომოდ კულტურული ადამიანია და, რაც მთავარია, ორივეს გვქონდა იმედი, ჩვენ და ჩვენს შვილებს საუკეთესო მომავალი გვექნებოდა, ბედნიერად ვიცხოვრებდით.

ჩემი მშობლები თავიდან მეუბნებოდნენ, რომ საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში გადავსულიყავი ქმარ-შვილთან ერთად. მაშინ იქ სახლები არც ისე ძვირი ღირდა, შეგვეძლო ყიდვა, მაგრამ ვამბობდი, ქალაქში რა მინდა, აქაც მშვენივრად ვარ-მეთქი. შვილები გავაჩინეთ, ბედნიერად ვცხოვრობდით. სოფელსა და მთელ რაიონში პატივცემული ადამიანები ვიყავით და მეტი რა გვინდოდა?

მერე ის გაჭირვებული 90-იანი წლები დადგა და გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სოფელი დაიცალა და დაბეჩავდა. პური არასოდეს გვიჭირდა, მაგრამ ადამიანისთვის პური საკმარისი არ არის. ცხოველი ხომ არ ხარ, მარტო ჭამო და სვა, სულის საზრდოც გჭირდება, ადამიანები, რომლებსაც შენს ნააზრევს გაუზიარებ და ა.შ.

ჩემი გარდერობიდან თანდათან გაქრა ახალი ტანსაცმელი, ჩემი კარადიდან – ტუჩსაცხები, კრემები… ვთვლიდი, რომ არ მჭირდებოდა, აღარსად დავდიოდი, რადგან სამსახური დავკარგე. ბოსელსა და ყანაში კი ეს ყველაფერი არ მჭირდებოდა. ჩემმა ინტელიგენტმა ქმარმა ხელობა ისწავლა, რომ საზრდო გვქონოდა. ჩვენს იდეალებს დავშორდით, ჩვენი ენთუზიაზმი გაქრა, ჩვენი ოცნებები ჩაკვდა. სოფელმა ჩემი ცხოვრება სულ შეცვალა, სხვა ქალად მაქცია, დაბეჩავებულ, დაჩაჩანაკებულ დედაკაცად. ამას არ ვიმსახურებდი, ასე არ უნდა მომხდარიყო…

ჩემი კლასელები, რომლებსაც ერთი წიგნი არ აქვთ  წაკითხული, დღეს საკმაოდ კარგ სამსახურებში მუშაობენ, პატივსაცემი პიროვნებები არიან. მე კი, სადმე თუ მხვდებიან, თვალს ვარიდებ, არ მინდა, მიცნონ და გამომკითხონ, სად ვარ და რას ვსაქმიანობ…

ჩემს სოფელში გზები წყალმა და მეწყერმა წაიღო, ინტერნეტი ჩვენამდე არ აღწევს, არც გაზი ამოსულა, წყალიც იშვიათად გვაქვს, მეზობლების დაცლილ სახლებში აქა-იქ ბჟუტავს სინათლე. საშინელებაა ამის ყურება და იმის გააზრება, რომ გქონდა შანსი, სხვანაირად გეცხოვრა და ახლა სიბნელში მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ თავის დროზე შენი იდეალების გწამდა.

ჩემი ქმარი სულ მოძრაობს და ისე არ უჭირს, როგორც მე. თანამოსაუბრე მენატრება, ვისაც ჩემს ნაფიქრს გავუზიარებ. ადრე კარგად ვწერდი, მაგრამ ახლა აღარც წერის თავი მაქვს და აღარც წიგნები მიწევენ მეგობრობას.

შეიძლება გამკიცხოთ, მაგრამ ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, რომ შორს იყვნენ ამ მოჯადოებული ადგილიდან, სადაც ოცნებები, მომავალი კვდება;  ადგილიდან, სადაც მუხლებზეც რომ დაემხო და უბრალოდ გზის მოწესრიგება ითხოვო, ზედ არავინ შემოგხედავს; ადგილიდან, საიდანაც ყოველგვარი ხმა იხშობა, გარეთ არ აღწევს.

ბევრისგან გაიგებ, ყველა ქალაქში ჩამოიხვეტა, სოფლელები სოფლებში დაბრუნდითო, მაგრამ ნეტა თუ იცით, იმ სოფლებში როგორ ცხოვრობს ხალხი. მარტო ლობიოს მოყვანა და მისი ჭამა გგონიათ ცხოვრება, 21-ე საუკუნის ადამიანს, მით უმეტეს, ახალგაზრდას სხვა არაფერი სჭირდება?!..

დიახ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილები აქ არ დაბრუნდნენ. ახლა სხვა იდეალისტებმა სცადონ, სხვებს იქნებ გამოუვიდეთ კიდეც, მაგრამ მე მეყო! არ მინდა, ჩემმა შვილებმაც იარონ გზაზე, სადაც მხოლოდ იმედგაცრუება და სიბნელეა.

სარკის ერთგული მკითხველი