ირაკლი აბსანძე: ,,მტკივა-მეთქი, ვეუბნებოდი და ბორკილს უფრო უჭერდა პოლიციელი”

ირაკლი აბსანძე: ,,მტკივა-მეთქი, ვეუბნებოდი და ბორკილს უფრო უჭერდა პოლიციელი"საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე 12 ივლისს გამართულ აქციაზე მძიმედ დაშავდა. ის ძალის გამოყენებით ,,ქართული ოცნების” ოფისის წინ საპროტესტო აქციაზე დააკავეს და, მისი თქმით, ხელი სწორედ ამ დროს ხელი მოტეხეს.

ირაკლი აბსანძე: 

_იმპლანტი უნდა ჩამიდგან, მარცხენა ხელი მაქვს მოტეხილი. როცა ასფალტზე დამაგდეს და დამახტა ორი კაცი, მაშინ მომტყდა. ხვალ ოპერაცია უნდა გავიკეთო. 6 კვირა ხელს ვერ მოვიხმარ და კიდევ 6 თვე რეაბილიტაცია დამჭირდება.

აქციაზე ვიყავით მე და კორა (ძაღლი). კორდონის იმ მხარეს გადასვლას ვცდილობდი, სადაც ბევრი ჩემი კოლეგაც იყო. რატომ გაღიზიანდნენ, არ ვიცი. მომესმა, დააკავეთო და უცებ [პოლიციელები] აგრესიულები გახდნენ. ჩამსვეს მანქანაში ხელებგადაგრეხილი. ხელი უკვე მოტეხილი მქონდა. პოლიციელს ვუთხარი, მტკივა-მეთქი, მაგრამ პოლიციელი, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, იცინოდა, დამცინოდა, თან ხელბორკილს უფრო უჭერდა და უფრო მეტ ტკივილს მაყენებდა მიზანმიმართულად…

პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით ორი საათი ვითხოვდი, რომ ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა მოეცათ. თქვენს ტელეფონს ვერ ვპოულობთო, მეუბნებოდნენ, თუ ზეპირად გახსოვთ ნომერი, სხვა ტელეფონიდან დაგარეკვინებთო. მე ვუთხარი, რომ ინტერნეტთან თუ მიმიშვებთ, ნომერს მოვძებნი-მეთქი. ინტერნეტი აქ არ გვაქვსო… საბოლოო ჯამში პოლიციის განყოფილების უფროსი მოვიდა, გიშვებთო და გამომიშვეს. რაღაც ფურცელზე მეუბნებოდნენ, ხელი უნდა მოაწეროო, მე ადვოკატის გარეშე არ მოვაწერე. არც დამიხედავს, შიგ რა ეწერა.

მე ვიცი, რომ თავისუფლებას აქვს თავისი ფასი და ამ ფასს ვიხდით ახლა ჟურნალისტები, ამიტომაც ამ ამბავს ძალიან ტრაგიკულადაც არ ვუყურებ. ეს არის იმის ილუსტრაცია, რაც დღეს ხდება. დღეს ადამიანი დაკრძალეს, რომელიც ჯერ მოკლეს და მერე მორალურად მოკლეს. ჩემი ხელი შეხორცდება და იმ კრიტიკულ ტონს, რაც აქამდე გვქონდა, არც ამის შემდეგ შევიცვლი, – ამბობს ჟურნალისტი ,,რადიო თავისუფლებასთან”.