,,12 წლის გოგონას ვირუსი დაუდასტურდა, მაგრამ სახლში გაუშვეს სამკურნალოდ” – დიანა ჭანკოტაძე, საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი

,,12 წლის გოგონას ვირუსი დაუდასტურდა, მაგრამ სახლში გაუშვეს სამკურნალოდ" - დიანა ჭანკოტაძე, საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტისაფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დიანა ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ემოციებზე წერს:

,,საფრანგეთი… დღეს ლილის საავადმყოფოში 68 წლის ექიმი კორონა ვირუსით გარდაიცვალა, ასევე მძიმედაა რამდენიმე ექთანი… საგანგებო მდგომარეობას ბევრი ადამიანი არ იცავს, რაც საქმეს კიდევ ართულებს.
დღეს ტელევიზიებმა გადმოსცეს, რომ საგანგებო სახლში დარჩენის მდგომარეობა 4 ან 6 კვირით კიდევ გაიზრდება.

ღია რჩება მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები. მობილიზებულია ოჯახის ექიმთა დიდი არმია, რომლებიც სპეციალურად გასხნილ ობიექტებში სხედან და იღებენ პაციენტებს.

დღის სიუჟეტი ,,ბფმ ტვზე”: 12 წლის გოგონა სიცხიანი მიჰყავს მამას ექიმთან, უხსნის, რომ გოგონა ცოტა ხნის წინ ლეიკემიას ებრძოდა და დაამარცხა, რომ ახლა ახველებს და სიცხე აქვს. ექიმი მას უდასტურებს ვირუსის არსებობას, მაგრამ სახლის პირობებში მკურნალობაზე უშვებს. ადამიანებისთვის ადგილები შეზღუდულია, ათავსებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს. დაცული არავინ არის.

დღეს საფრანგეთი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ქვეყნის 70 პროცენტის დაავადება, ვინც გადარჩება, გამოიმუშავებს იმუნიტეტს და გაძლიერდება, სუსტები დაიღუპებიან…
მე მახველებს, სიცხე არ მაქვს, მივიღე ვირტუალური რეცეპტები და ასევე ექიმის რჩევა თუ სუნთქვა გამირთულდა, სასწრაფოში გადავიდე.
მართალი გითხრათ, არ მეშინია, მხიარულად ვატარებ დროს, მთელი ფანტაზიები ჩავრთე ბავშვების გართობაში, რა აღარ გავიხსენე…

მჯერა, რომ უფალი არც მე გამწირავს და არც სხვებს, უფალს შევთხოვ სწორედ ამას, ოღონდ სახლიდან გაუსვლელად, დამიჯერეთ, ასეც გამიგონებს. მახარებს ამბავი, რომ ადამიანები გამოჯანმრთელდნენ, რომ ბავშვებს არ მორევია (გუშინ ვნახე აქ, სიერელმა ბავშვმა თქვა, მე ღმერთს მოვუყვები ყველაფერსო, ჰოდა,  მოუყვაო, წერდნენ ადამიანები. მე დავამატებ, რომ იმ ბავშვმა ღმერთს თავისი ტოლების მფარველობა ისე სთხოვა, რომ კორონავირუსი ერთ ბავშვსაც ვერ მოკლავს ვერასოდეს).

მჯერა, რომ მალე მზე გამობრწყინდება და ვირუსს მილევს, რომ საქართველოში წავალ და უკან, აი, ამ ევროპაში, სადაც ხელისუფლებიდან დაწყებული  ადამიანებს ყველაფერი ბოდიში და, ცალ ფეხზე ჰკიდიათ, აღარასდროს დავბრუნდები.
დავსახლდები ჩემს სოფელში, მეყოლება ძროხა, ქათმები, დავთესავ სიმნდსა და ლობიოს, არ ვივლი ქალაქში, ვიმუშავებ სოფლის სკოლაში მასწავლებლად, ასევე სახლის ეზოში მოვაწყობ სკოლას და ვასწავლი სოფლის ბავშვებს უფასოდ ფრანგულს. ვიცხოვრებთ ასე ჯანსაღად მხიარულად… კორონამ უცებ დაგვილაგა მომავალ”.