ეთო ლიპარტელიანი: “შეყვარებული არაფერს მითმობს, ძლიერად მეჭიდავება”

ეთო ლიპარტელიანი: "შეყვარებული არაფერს მითმობს, ძლიერად მეჭიდავება"ნანა კობახიძე, სარკე

20 წლის ეთო (ეთერ) ლიპარტელიანი ქართული სპორტის ისტორიაში თავისი გამარჯვებით ჩაეწერა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 17 ოქტომბერს მაროკოში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა 5 ბრძოლაში, თანაც ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა.

ეთომ არც პირველ ნოემბერს გააწბილა გულშემატკივრები, რუსეთის ქალაქ იჟევსკში, ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფით გაიმარჯვა – 57 კგ წონით კატეგორიაში 5 ბრძოლა მოიგო, ფინალში კი მასპინძელი ქვეყნის რუსი სპორტსმენი დაამარცხა. საერთო ჯამში, ეთო ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და ორგზის პრიზიორია. 2015 წელს ბავშვთა ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა კადეტებში. მისი პირადი მწვრთნელი კახა მოცრაძეა.

ამჟამად ეთო სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, მწვრთნელის პროფესიას ეუფლება. წარმოშობით ლენტეხიდანაა, თბილისში კი და-ძმასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

თუ როგორია ნომერი პირველი ქართველი ძიუდოისტი გოგონას ცხოვრება ტატამზე და ტატამის გარეთ, ამ თემაზე “სარკეში” მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ეთო, მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონია ძლიერი გუნდით იქნებოდა წარმოდგენილი, ის ხომ ძიუდოს სამშობლოა. რთული იყო იაპონელი მეტოქის დამარცხება?

– დიახ. ძიუდო მოდის იაპონიიდან, ძალიან ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ ქალებშიც და ვაჟებშიც, მსოფლიო ჩემპიონატზეც ძლიერი შემადგენლობით იყვნენ ჩამოსული. ამანაც მომცა სტიმული, მეტი შემართებით მეასპარეზა. ქართველებს ძიუდოში ქალი ჩემპიონი არ გვყოლია და მინდოდა, ჩემპიონი გავმხდარიყავი.

ურთულესი გზა მქონდა გასავლელი, მაგრამ მოვახერხე… 700 სალიცენზიო ქულა მომცეს, საოლიმპიადოდ გადავედი 23-ე პოზიციაზე და მივუახლოვდი ოლიმპიურ ლიცენზიას.

ჩვენი გუნდის სპორტსმენს, მარიამ ჭანტურიას, რომელმაც 70 წონით კატეგორიაში იბრძოლა, მეხუთე ადგილი მიანიჭეს. ჯამში, ქალთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ეს მნიშვნელოვანი შედეგია.

– მსოფლიო ჩემპიონატიდან საკმაოდ მოკლე დროში, ორი კვირის შემდეგ, რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზეთ და მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენი დაამარცხეთ ფინალში. სტიმული რამ მოგცათ?

– რთული იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატი რუსეთში ტარდებოდა. არ მინდოდა, რუს სპორტსმენთან წამეგო. მსურდა, საქართველო გვსახელებინა და ჩემპიონი გავმხდარიყავი.

ჩვენმა ბიჭებმა, ვინც 17 სექტემბერს მსოფლიოზე გაიმარჯვეს, ამჯერად დაისვენეს, რუსეთში აღარ იასპარეზეს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ვაჟებში მე-2 საპრიზო ადგილი ონისე სანებლიძემ აიღო, მე-3 საპრიზო ადგილებზე თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი გავიდნენ. გოგონებში 57 კგ წონით კატეგორიაში მე გავიმარჯვე, მარიამ ჭანტურიამ კი 70 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონობა.

ევროპის ჩემპიონატზე გოგონებმა გუნდურ ჩათვლაში დავიკავეთ პირველი ადგილი. მთლიანობაში ეს იყო არნახული შედეგი.

– ძიუდო იაპონურად “რბილ გზას” ნიშნავს, არადა საკმაოდ რთული, ძალისმიერი სპორტია, მით უფრო, გოგონებისთვის. არის ტრავმების ალბათობაც. თქვენთვის როგორი იყო ძიუდოს შესწავლა?

– ადვილი არ იყო. მით უმეტეს, რომ გოგონების ნაკლებობის გამო ბიჭებთან გვიწევდა და გვიწევს მომზადება, მაგრამ შევძელი. თუ სწორი მიმართულებით ივარჯიშებ, სახიფათო სულაც არ არის. ჭიდაობისგან განსხვავდება. ძიუდო აღმზრდელობითი საშუალებაა და იაპონიაში სკოლებში ისწავლება, როგორც სპორტის საგანი.

– პირადად თქვენ რა დატვირთვით ვარჯიშობთ და რამდენად ზემოქმედებს ეს ვარჯიშები ქალის ფიზიკურ ფორმებზე?

– თუ სახლში ვარ, 4-5 საათს ან მეტსაც ვვარჯიშობ დღის განმავლობაში, დილა-საღამოს. ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი მიმართულებით ვარჯიშს. შედეგად ქალის კუნთები ზომიერად ვითარდება, არ უხეშდება, სხეულს პლასტიკურობა ემატება, უფრო ლამაზი და მკვრივი ხდება. ძიუდო თავდაცვის უნარსაც ავითარებს.

– ვარჯიშის დროს, ვაჟებთან შერკინებისას, ძლიერი სქესის წარმომადგენლები გოგონებს ანგარიშს გიწევენ თუ, როგორც მეტოქეს, არ გინდობენ?

– ხან ისე, ხან ასე. მათთან გამკლავება არ გვიჭირს.

– პირადად თქვენ დაგიმარცხებიათ ბიჭები?

– დიახ, ძალიან ბევრჯერ, თანატოლებიც, პატარებიც. უფროსები იმდენად – არა.

– ბავშვობაშიც ხომ არ ჭიდაობდით ბიჭებთან, ძიუდო რომ აირჩიეთ?

– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, სულ ბიჭებთან ერთად დავდიოდი, ვთამაშობდი. ლენტეხში ვიზრდებოდი მშობლების ოჯახში. სახლთან ახლოს იყო დარბაზი, სადაც ძიუდოში ავარჯიშებდნენ. მეც მოვინდომე. 8 წლის ასაკში შევედი ძიუდოზე და ბიჭებთან მიწევდა ჭიდაობა, გოგონები არ იყვნენ. ბევრჯერ მიასპარეზია ბიჭებთან ერთად სვანეთში და მომიგია შეჯიბრებებზე.

– მშობლები როგორ შეხვდნენ პატარა გოგონას ბიჭურ გატაცებას?

– სვანეთში ქალის სიძლიერე და სიმამაცე უცხო არ არის. ჩემი ბებო მარიამი, 100 წელს მიღწეული, ბოლომდე დადიოდა ცხენით და მაუზერით. სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა. ჩემს მშობლებს, რამაზს და ნინოს, სპორტთან შეხება არ ჰქონიათ, მამა ხელოსანია, დედა – დიასახლისი. მამა დადებითად შეხვდა ჩემს ამ გატაცებას. დედა თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა ძალიან უხარია, ამაყობენ.

უმცროს დასაც სურს ვარჯიში ძიუდოში, 9 წლისაა, ლენტეხშია მშობლებთან. მომავალ წელს ალბათ ჩემთან იქნება და ვარჯიშებზე ერთად ვივლით.

– სვანეთში როგორ იზეიმეს თქვენი გამარჯვება?

– ჩემს მშობლებს სვანეთში ყველა ულოცავს. მეუბნებიან, გახარებულები არიან ლენტეხელებიო.

– წარსულს დავუბრუნდეთ. როგორ გაგრძელდა გზა ლენტეხიდან სპორტული ასპარეზისკენ?

– 10 წლის ვიყავი, ბიძამ, მალხაზ ლიპარტელიანმა რომ წამომიყვანა თბილისში. კახა მოცრაძეს, ჩემს პირად მწვრთნელს, მიმაბარა. მას შემდეგ მასთან ვვარჯიშობ. საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არის გია თენაძე, მისი დამხმარე კი კახა მოცრაძეა, რომელიც სპორტის უნივერსიტეტში ძიუდოს კათედრაზეც მუშაობს.

თავიდან რუსთავში ვცხოვრობდი ბიძის ოჯახში, ახლა თბილისში ვარ და-ძმასთან ერთად. ჩემი მშობლები და პატარა დაიკო კი ლენტეხში ცხოვრობენ.

მიყვარს კალათბურთიც, ფეხბურთიც. ხშირად კლდეზე ცოცვაზე დავდივარ, ეს ხელს მიწყობს ხელების გაძლიერებაში. მწვრთნელები ყველანაირად ცდილობენ, ფიზიკურად ძლიერი ვიყო. შედეგად ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდი.

– ლიპარტელიანების გვარში სპორტის არაერთი ცნობილი და დამსახურებული წარმომადგენელია. თქვენ რომელს ენათესავებით?

– ჩემი ბიძა იყო სახელოვანი მორაგბე ოლეგ ლიპარტელიანი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი, სსრკ-ის თასის სამგზის მფლობელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პირველ მატჩში და გუნდისა – პირველ უცხოურ ტურნეში.

ჩემი ბიძაა ბესიკ ლიპარტელიანი, სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, პედაგოგი, რომელიც 12 წელი იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

სოსო ლიპარტელიანიც ჩემი ბიძაა. გეცოდინებათ, საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი აიღო ძიუდოში, ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორია. ამჟამად სამბოში მოღვაწეობს, მწვრთნელია.

– წარმატებულ, სიმპათიურ გოგონას ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. “ფეისბუქში” პროფილის ფოტოდ სპორტსმენი ვაჟის სურათი გიდევთ კიმონოთი, იოლი მისახვედრია, რომ ეს თქვენი შეყვარებულია, თქვენი რჩეულია. გარდა იმისა, რომ თანამებრძოლები ხართ, მას რა პიროვნული ნიშნებით აფასებთ?

– ეს არის თემურ ნოზაძე, 21 წლის, ძიუდოისტი, დიდებშიც ასპარეზობს, წარმატებული სპორტსმენია. ახლახან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორიც გახდა. სერიოზული, თავდაჯერებული, რაც მთავარია, პატიოსანი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი ადამიანია. დიდი ხანია ერთად ვვარჯიშობთ, ასპარეზობაში სტიმულს მაძლევს.

– მას თუ შერკინებიხართ ვარჯიშის დროს?

– დიახ და არაფერს მითმობს, უფრო ძლიერად მეჭიდავება და სულ თვითონ იმარჯვებს… (იცინის). თემო ყოველმხრივ ხელს მიწყობს, მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც მამზადებდა გორში შეკრებებზე. გორში ცხოვრობს. ზოგადად ბიჭები ვარჯიშის დროს ძალიან მეხმარებიან.

– თემო ხომ არ ეჭვიანობს?

– როცა საქმე ძიუდოს ეხება, არ ეჭვიანობს, ისე – კი. უცხო ბიჭებთან ჩხუბიც მოსვლია.

– ქორწინებას გეგმავთ?

– ზოგადად ვფიქრობთ, მაგრამ ოჯახის შექმნა ჯერ ნაადრევია, სწავლას და სპორტულ კარიერას უნდა მივხედოთ.

– თქვენს თვისებებზე რას გვეტყვით, რას გამოყოფდით?

– ვარ შრომისმოყვარე, კეთილი, ვერ ვეგუები ტყუილს, ბოროტებას. მხიარული ვარ, პოზიტიურიც, ათასში ერთხელ შეიძლება მოვიწყინო. წყენა მალევე მავიწყდება, თუმცა ზოგჯერ გულში ჩადებაც ვიცი. განსაკუთრებით მწყინს იმ ადამიანისგან, ვინც უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მორწმუნე. მყავს მოძღვარი, მამა კახაბერი (ტაბატაძე), რომელიც რუსთავში მსახურობს. ხშირად ვესაუბრები მობილურით, უცხოეთიდანაც ვურეკავ. სადაც მივდივარ, ჩემპიონატებზეც, ყველგან თან დამაქვს ხატები, განსაკუთრებით მარიამ ღვთისმშობლის ხატი (არცთუ მცირე ზომის, 20-25 სმ), რომელიც ბიძამ, მალხაზმა, მაჩუქა. ეს ხატი თუ სადმე დამრჩა, მენატრება, ძალიან მიყვარს.

– როგორია ეთო ლიპარტელიანი ტატამის გარეთ, როგორც ქალი? მაკიაჟს იყენებთ? მეტწილად რა სტილის სამოსს იცვამთ?

– მაკიაჟის გაკეთება მიყვარს, ვიყენებ საშუალო ტონებს – არც ძალიან ღიას და არც მუქს. ვიცვამ სპორტულ ტანსაცმელსაც და კლასიკურსაც. ქუსლიანი ფეხსაცმლითაც დავდივარ, მაგრამ ხშირად – არა.

– საოჯახო საქმე, კულინარია გეხერხებათ?

– საოჯახო საქმიდან ყველაზე მეტად სახლის დალაგება მიყვარს, ხშირად ვალაგებ. კერძების კეთებაც ვიცი, მაგრამ ხშირად არ მიწევს. ბევრი რამის მომზადება შემიძლია, მაგალითად, წვნიანების, ტკბილეულის. კუბდარსაც ვაცხობ, ხაჭაპურსაც.

– კუბდარის რეცეპტი გაგვიმხილეთ “სარკის” მკითხველისთვის.

– კუბდარისთვის უმჯობესია, გამოვიყენოთ ახალგაზრდა საქონლის ან ღორის ხორცი (შეიძლება შერეულიც), უმი, ზომიერად ცხიმიანი. ხორცს ვჭრი საშუალო ზომის ნაჭრებად, ვათავსებ ჯამში, ვაზავებ სუნელებით – სვანური მარილი, წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, ცოტა ცერეცო და გიცრული (იგივე ძირა). ვუმატებ ცოტაოდენ წყალს, ზეთს, ზოგჯერ ცოტა ლუდსაც, რომ შიგთავსი წვნიანი იყოს, ასევე – წვრილად დაჭრილ ხახვს და ნიორს (ხახვი ბევრი არ უნდა). კარგად მოვზელ, რომ ხორცი სუნელებით გაიჟღინთოს.

ცალკე გამზადებული მაქვს საფუარიანი პურის ცომი, დავაბრტყელებ და მოვათავსებ ხორციან შიგთავსს – თითო კუბდარზე დაახლოებით 2 სუფრის კოვზს გადავანაწილებ. ნამგალა მთვარის ფორმას მივცემ და ელექტროღუმელში ვაცხობ. ჩვეულებრივად, პურივით ცხვება. ღუმელიდან რომ გამოვიღებ, კარაქს ან ერბოს ვუსვამ ზემოდან. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!