როგორ წაართვეს ბიზნესი თათა ვარდანაშვილს – “ისე გამოვიყურებოდი, გარეთ გამოსვლის მრცხვენოდა”

როგორ წაართვეს ბიზნესი თათა ვარდანაშვილს - "ისე გამოვიყურებოდი, გარეთ გამოსვლის მრცხვენოდა"რუსუდან ადვაძე, სარკე

“ფეხსაცმელების დედოფალი” – ასე მოიხსენიებდნენ დიზაინერ თათა ვარდანაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში. თათამ მაშინ ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინის შექმნით გაითქვა სახელი… ახლა კი ის საზოგადოების თვალთახედვიდან გამქრალია. როგორც აღმოჩნდა, დიდი განსაცდელები გადაუტანია და ამჟამად სასამართლოში აქვს დავა საკუთარი ბიზნესის დასაბრუნებლად.

მას საკუთარი კომპანია ჰქონდა დაარსებული, რომელსაც მისი შვილის სახელი – “დემეტრე 96” ერქვა. მერე საგანმანათლებლო-სახელობო საქმიანობის უფლება მოიპოვა და კერძო ლიცენზირებული სასწავლებელი გახსნა – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტექნოლოგიებისა და კონსტრუირება-მოდელირების სპეციალობით.

ერთ მშვენიერ დღეს კი თათა ვარდანაშვილის წარმატებული ბიზნესის შესახებ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეიტყო. 2 წლით ადრე გახსნილი საწარმო ტელეკამერების წინ ხელახლა გახსნა. მალე კი თათასთან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ და მილიონების ღირებულების მქონე კერძო ბიზნესი სახელმწიფოს საკუთრებად გადააფორმეს.

სააკაშვილის “ჯარისკაცებმა” მაშინ საწარმოს დირექტორად თავად თათა დანიშნეს და საკუთარი ხელით შექმნილ ბიზნესში ხელფასს უხდიდნენ. სამართლიანობის სახელით მოსულმა “ოცნებამ” კი, იმის მაგივრად, რომ თათასთვის წართმეული ბიზნესი დაებრუნებინა, იმ ხელფასის საშუალებაც მოუსპო, რასაც ნაციონალები უხდიდნენ. ამ ყველაფერმა დიზაინერი ლოგინად ჩააგდო. მერე პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ლოგინიდან წამოდგა და ახლა სასამართლოში აგრძელებს დავას.

წარმატებული ბიზნესიდან სასამართლოს კარამდე გავლილ რთულ გზაზე თათა ვარდანაშვილი “სარკეს” უამბობს:

– ვარდების რევოლუცია რომ მიმდინარეობდა, მაგ დროს “მეტეხში” მქონდა დიდი გამოფენა, სადაც საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ იტალიელი სპეციალისტები, რომლებმაც ჩამომიტანეს დონსელის ლიცენზია. ეს ლიცენზია მოიცავდა სამგანზომილებიან მანქანა-დანადგარებს. ეს ზუსტად იმის ლიცენზია იყო, რაც ევროპაში იწარმოებოდა. მისი ვადა იყო 5 წელი და 3 წლის შემდეგ შეგვეძლო პროდუქციაზე დაგვეწერა “დამზადებულია ევროპაში”. უნდა დაგვემზადებინა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე. როდესაც დედა გავხდი და თან მარტოხელა, გადავწყვიტე, ცხოვრებას ასე მარტივად არ შევგუებოდი და სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა ასპირანტურაში, კონკრეტულად ფეხსაცმლის მოდელირების სპეციალობით.

მქონდა ჩემი სახელოსნო და დიზინერობის პრაქტიკა და ა.შ. მთელი ქართველი დიზაინერებისთვის ვაკეთებდი ფეხსაცმელების კოლექციას. განსაკუთრებით მჭიდროდ ვთანამშრომლობდი მაკა ასათიანთან. ჩვენ ბავშვობის მეგობრობა გვაკავშირებდა. მე და თეონა თავართქილაძე კი კურსელები ვიყავით.

მაშინ “ქართუ ჯგუფმა” შეიძინა “ისნის” ყოფილი ფეხსაცმელების ფაბრიკა და იქ იტალიელმა სპეციალისტებმა დაიწყეს იტალიური ტექნოლოგიით დამზადება. ასპირანტურაში სწავლის დროს აღმოვჩნდი ამ საწარმოში. იტალიელმა სპეციალისტებმა, რომლებიც იქ მუშაობდნენ გამომარჩიეს და მივლინებაში გამაგზავნეს გერმანიაში. გერმანიაში გავიცანი იტალიური ჯგუფი. იქ ერთი მოხუცი კაცი იყო, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული ჩემით. მთხოვა, დავკავშირებოდი.

მეორედ შევხვდი სტამბულში. ამ დროს უკვე მქონდა ჩემი სახელოსნო და დიზინერობის პრაქტიკა და ა.შ. მთელი ქართველი დიზაინერებისთვის ვაკეთებდი ფეხსაცმელების კოლექციას.

ის იტალიელი თბილისში ჩამოვიდა. დაათვალიერა ჩემი სახელოსნო და მითხრა, ადრე თუ გვიან საქართველოც დადგება აღმშენებლობის გზაზე და მოდი, საქართველო ევროპისკენ გამავალ გზად გამოვიყენოთო. შევთანხმდით, რომ ვისწავლიდი მათ სკოლაში, სადაც სწავლა მაშინ 150 ათასი ევრო ღირდა. აქედან მე მხოლოდ 40 ათასი უნდა გადამეხადა, რომ ლიცენზია შემეძინა. ასევე, უნდა მიმეღო მონაწილეობა იტალიის მხრიდან თურქეთში წარმოებების გადაიარაღების პროცესში. ჩავდიოდი და ახალ მოდელებს ვგეგმავდი და ვაწყობდი.

ეს პროექტი დასრულდა 2003 წლის ბოლოს და დავთქვით, რომ ლიცენზია საზეიმოდ გადმომეცემოდა. ეს სწორედ ვარდების რევოლუციას დაემთხვა.

2007 წელს ჩამოვაყალიბე სახელობო-საგანმანათლებლო ცენტრი. ეს პროფესიული სასწავლებლის მსგავსი იყო, სადაც ისწავლებოდა მოდელირება-კონსტრუირება როგორც ტანსაცმლის, ასევე ფეხსაცმლის. პროექტი წარვუდგინე განათლების სისტემას, ეკონომიკის სამინისტროსაც წარვუდგინე და მომცეს ლიცენზია.

2007 წელსვე “ქართუ ჯგუფისგან” გამოვისყიდე მეორადი მანქანა-მოწყობილობები ზუსტად იმ მიზნით, რომ სასწავლებელში მიმეტანა და სწავლება ამ დანადგარებზე განმეხორციელებინა. მაშინ კახა ბენდუქიძეს მოვუყევი ჩემს საქმეზე და ძალიან მოეწონა. ისანში გადმოგვცეს ძველი სარეაბილიტაციო შენობა. მოვახდინე იმ შენობის რეაბილიტაცია, თუმცა ნაწილი გადავეცი შავნაბადას სკოლას სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით.

– ეს რას ნიშნავდა – გაგაკეთებინეს და სხვას გადასცეს?

– დიახ, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე ვრცლად ლაპარაკი, რადგან სასულიერო პირები ერივნენ. დავეკითხე რჩევა ჩემს მოძღვარს, რომელმაც მთხოვა, საპატრიარქოსთან არც კონფლიქტში შევსულიყავი და არც ზედმეტი შეკითხვები დამესვა. ასეც მოვიქეცი. მოგვიანებით ალბათ ამ თემაზეც ვისაუბრებ…

ექსპლუატაციაში შევიყვანე 4.800 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა, გამართული ყველაფრით, სადაც პირველ წელს 150 სტუდენტი გვყავდა და მეორე წელს – 300. უსახური შენობა მთლიანად გავაკეთე ჩემი ხარჯებით. ერთ სართულზე გვქონდა ფეხსაცმლის წარმოება, მეორეზე სასწავლო აუდიტორიები და მესამეზე – ტანსაცმლის წარმოება.

2009 წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დაგვაჯილდოვა. ჯილდო გადმოგვცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და დაინტერესდა ამ ყველაფრით. გადაწყვიტა, მოსულიყო წარმოებაში და როგორც მაშინ ხდებოდა, ხელახლა მოვაწყეთ საზეიმო გახსნა, არადა ორი წლის გახსნილი ვიყავით. ამ დღიდან ძალიან მალე თავდაცვის სამინისტროში დამიბარეს და ორი სიტყვით მითხრეს – ეს წარმოება ჩვენ გვჭირდებაო. ეს იყო 2010 წელს.

შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა. მაშინ გავურიგდით, რომ იაფი კრედიტით მიღებულ თანხას თავის თავზე იღებდნენ. 400 ათასი ლარი იყო ზედმეტი, რომელიც დახარჯული იყო ამ შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციაზე, რომელზეც მამა დამეხმარა თავის დროზე თავისი კომპანიით. ამ თანხაზე დავას აზრი აღარ ჰქონდა და ისიც სახელმწიფოს დარჩა. 1.600.000 ლარის ღირებულების დანადგარებიც მათ დარჩათ.

გავრიგდით, რომ 1.600.000 ლარი სახელმწიფოს დარჩებოდა და სასწავლებელი თავისი ინფრასტრუქტურით ჩემი გახდებოდა 2015 წელს. 2015 წლამდე მქონდა ლიცენზია, რომელსაც ვერ გავყოფდი და ვერავის გადავცემდი. ახალ შენობაში უნდა გადავსულიყავით, რომელიც 1 200.000 ლარის ღირებულების უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერზე ღამით შევთანხმდით. ეს პირობა პირობად დარჩა. ერთი წლის მერე ამ შენობის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ დღემდე დაუმთავრებელია.

– თუმცა ამ საწარმოს დირექტორი იყავით.

– დიახ, დირექტორად დამტოვეს და მე მევალებოდა მისი მართვა. ის გადაიარაღდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსად. ამ ტექნოლოგიას დანერგვა სჭირდებოდა და ვინ უნდა ეპოვათ სხვა კარგი სპეციალისტი? ანუ მხოლოდ წარმოება კი არა, მეც მიმიბარეს. სასწავლებელიც აგრძელებდა ფუნქციონირებას და მასაც მე ვხელმძღვანელობდი. დაახლოებით 740 კადრი მოვამზადეთ და აქედან 300-ზე მეტი გოგონა საზღვარგარეთ მუშაობს ამ სპეციალობით. ყველაზე წარმატებულებმა კი თავიანთი სახელოსნოები გახსნეს. ეს ბავშვები ჩემი საუნჯე და მონაპოვარია. მათით ვამაყობ.

2011 წელს დაიწყო საარჩევნო ბატალიები და პირველი საარჩევნო კამპანია ჩვენს წარმოებაში ირაკლი ალასანიამ ჩაატარა. მოვიდა ჩვენს წარმოებაში და თანამშრომლებს კარგ მომავალს დაჰპირდა. რომ გახდა თავდაცვის მინისტრი, თავის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს, მობრძანდა, დიპლომების გადაცემა გვქონდა დაგეგმილი.

უამრავი სასულიერო პირი გვყავდა მოწვეული, რადგან ჩვენს სტუდენტებთან ერთად აქტიურად ვქარგავდით სასულიერო შესამოსელს და სხვადასხვა ეკლესია-მონასტერს ვწირავდით. უწმინდესიც ჩემი ხელით შესრულებული სამოსით არის შემოსილი. სამღვდელთმთავრო შესამოსელს პირადად ვაკეთებდი. ლოცვითა და შრომით იქმნებოდა ჯარისკაცის ფორმა და ეს გულისამაჩუყებელი სანახაობა იყო. ჩვენი სტუდენტი გოგონები ჯარისკაცების ასაკისანი იყვნენ და სიხარულით ქმნიდნენ მათთვის სამოსს.

გულნატკენი კი ვიყავი, ამხელა რაღაცის დათმობა რომ მომიხდა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ ამ სახელმწიფოს მოქალაქე ვიყავი და ვცდილობდი, გმირულად გადამეტანა ეს დანაკლისი, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის საკუთრება იყო.

– რა სახის ზარალი მიიღეთ, დაგითვლიათ?

– 2013 წლიდან გაცილებით მეტი ზარალი მივიღე, ვიდრე მაშინ. ხელფასსაც კი აღარ მიხდიდნენ და ჩემ წინააღმდეგ დაიწყო ჩვეულებრივი ბულინგი. ალასანიას დროს წარმოება გაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობიდან და გადასცეს ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც ყველაფერი გადასცა შპს “რეაბილიტაციას” და ამ შპს-მ უფროსად დანიშნა ჩემი მამიდაშვილი.

სახელმწიფოს ჰქონდა ჩემი ვალი და ამ ვალის საფუძველზე მიშენებდნენ შენობას, სადაც სასწავლებელი უნდა გადამეტანა. წარმოების ბალანსზე აიყვანეს და ჩემი მამიდაშვილი ამ წარმოების გენერალურ დირექტორად დანიშნეს. ის ხელმძღვანელობდა ირაკლი ალასანიას საარჩევნო კამპანიას. სახელმწიფოს დაუბრუნეს წილის დათმობის ხელშეკრულებით გადაცემული 1.200.000 ლარი ქონების სახით და ზედ მიათვალეს ჩემი კუთვნილი ყველაფერი.

– მამიდაშვილთან გაქვთ ურთიერთობა?

– არა, არ ველაპარაკები. მთლიანად უსახსროდ დამტოვეს და თვეების განმავლობაში ხელფასიც არ გადამიხადეს. მერე კი გამათავისუფლეს დირექტორობიდან ისე, რომ არ გადამიხადეს ხელფასი. ყველაფერი კი ის იყო, რომ ამ კომპანიის შეძენა უნდოდა შპს “მატერიას”.

ჩემი ინტერესი არასდროს ყოფილა სამხედრო წარმოება. მხოლოდ სასწავლებელი მინდოდა და მის დასაბრუნებლად დღემდე ვიბრძვი. 2015 წელს, როცა ყველაფერი უნდა დასრულებულიყო და სასწავლებელი გადმომცემოდა, ჩემმა მამიდაშვილმა აიყვანა ეს ყველაფერი კონტროლზე. კომპანიაც ხელოვნურად გააკოტრეს, რომ ადვილად ჩაეგდოთ ხელში. ისეთ დღეში ვიყავი, ლოგინად ჩავვარდი.

– სტრესმა ჩაგაგდოთ ლოგინად?

– სტრესმაც, ხერხემალიც მაწუხებდა… ამ წარმოებაში ტოქსიკური ნაერთებია. მე კი ქუჩაში არ გამოვდიოდი, მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი, არც დამისვენია. ძალიან ცუდად ვიყავი და, როგორც პატარა ბავშვმა, თავიდან ვისწავლე სიარული.

ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მომაყენა ღალატმა ჩემი ოჯახის წევრის მხრიდან. ეს ადამიანი ფაქტობრივად ჩემი ძმა იყო, ჩემთან ერთად იზრდებოდა…

მეორე მამიდაშვილთან კი მაქვს ურთიერთობა. მამიდასთანაც გამიცივდა ურთიერთობა. მას ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის და, როგორც უფროსი მეგობარი, ყოველთვის გვერდით მედგა. ღმერთმა ყველას ყველაფერი შეუნდოს და აუხილოს თვალი.

ისე გავხდი და ისე გამოვიყურებოდი ფიზიკურად, რომ ქუჩაში გამოსვლის მრცხვენოდა.

– მცხეთაში ცხოვრობთ თურმე.

– იქ დეიდას ჰქონდა ძველი სახლი, რომელიც ნელ-ნელა მოვაშენე და გავარემონტე. ჩემმა მშობლებმაც უდიდესი სტრესი გადაიტანეს ჩემ გამო. მამას ორჯერ ინსულტი დაემართა, დედას – მწვავე ინფარქტი. ასე აისახა ეს ყველაფერი ჩემს ოჯახზე.

– დემეტრე რას საქმიანობს?

– წითელ დიპლომზე დაამთავრა შავი ზღვის უნივერსიტეტი. ახლახან დაოჯახდა. მისი მეუღლე მომავალი ექიმია – მარიამ ნაცვლიშვილი. დემეტრე ახლა ჯიპაში სწავლობს გამოყენებით ფსიქოლოგიაზე და მუშაობს წმინდა გიორგის უნივერსიტეტში, რომელიც ინგლისის უნივერსიტეტის ანალოგია.

– თავიდან დაიწყეთ ბრძოლა. რამ მოგცათ ეს ძალა?

– ჩემი მოძღვარი იყო მამა ღვთისო შალიკაშვილი, რომელმაც ხელი მომკიდა და წამიყვანა უწმინდესთან. უწმინდესს რომ მოვუყევი, რაშიც იყო საქმე, მაკურთხა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რათა ეს კომპანია არ გაყიდულიყო.

უწმინდესისგან წამოსულმა გავყიდე ჩემი სახლი, სადაც ახალი სასწავლებლის დაარსებას ვაპირებდი. დავაყადაღე ეს ქონება, რომელიც წამართვეს და დღემდე მიმდინარეობს სასამართლო დავა. უნდოდათ, ეს ყველაფერი მესამე პირზე გაეყიდათ, მაგრამ ვინც ნახა დოკუმენტები, მიხვდა, რომ ასე მარტივად ვერ გაიყიდება. “მატერიამ” ახალი წარმოება გახსნა და ახლა ისინი კერავენ სამხედრო ფორმას.

– ვინ დგას ამ “მატერიის” უკან?

– ერთ დროს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მისი დასახელება არ მინდა, რადგან ამჯერად სასწავლებლის გადარჩენაზე ვფიქრობ.

– უწმინდესმა იცის, თქვენი შექმნილი სამოსი რომ აცვია?

– არ ვიცი. მას შევხვდი, მაგრამ ამ თემაზე არ გვისაუბრია. მისი სულთმოფენობის შესამოსელია ჩემი შექმნილი. ეს შესამოსელი ბევრ წიგნშია შეტანილი, მაგრამ ავტორი არსად აწერია. მან არ იცის ჩემი სახელი და გვარი. იცის, რომ ჩემი ნათლობის სახელი თამარია და ასე მომმართავდა. ჩემი ამბავი რომ მოვუყევი, მითხრა, არ დანებდეო. სამოსზე კი არ გვისაუბრია.

– სასამართლოში დაობთ. იმედი გაქვთ, რომ ამ სიტუაციაში თქვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო?

– ყველაფერი, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღვთისათვის. შეიძლება დავიძინო, გავიღვიძო და სასამართლო არც გახდეს საჭირო, ისე დავიბრუნო. მადლობა ღმერთს, რომ საერთოდ ცოცხალი ვარ. შეიძლებოდა, უფრო მძიმე ფორმა მიეღო ჩემს ავადმყოფობას. არადა, ყველა ამბობს, რომ ნორმალური ქვეყნისა და მთავრობის პირობებში მილიონერი ბიზნესმენი უნდა ვყოფილიყავი.