7 წლის შალვა თუშიშვილის გადარჩენას და არხიდან ამოყვანას ძმა ცდილობდა, მაგრამ ჯოხი გატყდა… – ტრაგედია ვარდისუბანში

7 წლის შალვა თუშიშვილის გადარჩენას და არხიდან ამოყვანას ძმა ცდილობდა, მაგრამ ჯოხი გატყდა... - ტრაგედია ვარდისუბანშითელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის არხში 7 წლის ბავშვი ჩავარდა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით ძმასთან და მეზობელთან ერთად ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იყო წასული.
გარდაცვლილი მოზარდი – შალვა თუშიშვილი, სოფელ ვარდისუბნის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.

მაშველებმა არხიდან ბიჭუნას ამოყვანა მოახერხეს, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

სოფლის მცხოვრები თუშიშვილების ტრაგედიაზე:
– როგორც თქვეს, შალო უფროს ძმასა და მეზობლის ბავშვს საბანაოდ, მშობლების უჩუმრად გაეკიდა. არხი სოფლიდან საკმაოდ მოშორებითაა, იქ საბანაოდ თითქმის არავინ დადის, რამ მოაფიქრათ იქ წასვლა, არ ვიცი. საბრალო დედამისს ეს უბედურება თავზე ისე დაატყდა, არც კი იცოდა, რომ ბავშვები არხზე იყვნენ გაპარულები. ოჯახს, კიდევ 2 ვაჟი ჰყავს, შალო მათ შორის ყველაზე  პატარა იყო, უფროსებს სულ უკან დასდევდა და როგორც ჩანს, ახლაც ასე აედევნა…

ბავშვები ყვებიან, რომ ვიდრე საბანაოდ ჩავიდოდნენ, შალო არხის ნაპირზე შეხტა და იქ დაიწყო სიარული, თავი ვეღარ შეიკავა და წყალში ჩავარდა. ბავშვებმა იქვე გამხმარი ჯოხი იპოვეს, წყალს გაეკიდნენ და შალოს ჯოხი გაუწოდეს. ბავშვმა მოახერხა და ჯოხს ხელი ჩასჭიდა, თითქოს ამოიყვანეს კიდეც, მაგრამ ეტყობა ბოლო მომენტში თავი ვერ შეიმაგრა და ისევ ჩავარდა წყალში. შემდგომი მცდელობისას კი ჯოხი გამტყდარა…

ოჯახი სოციალურად დაუცველია, სახლ-კარიც კი არ ჰქონდათ და ქალაქის მერიამ უქირავა ჩვენივე სოფელში, ახლაც მერია ეხმარება…

კვირის პალიტრა