გია ჯაჯანიძე – ”ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული და არ მინდა, ხელოვნური ვარსკვლავი გამიხსნან”

გია ჯაჯანიძე - ”ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული და არ მინდა, ხელოვნური ვარსკვლავი გამიხსნან”“სადაც მეძლევა შესაძლებლობა, ყველგან ვამბობ, რომ ძალიან მადლიერი ვარ ჟურნალი “სარკის”, რადგან ჩემი პირველი გამოჩენა პირველად “სარკეში” მოხდა და ჩემი ფოტო ყდაზე დაიბეჭდა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები”, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ, რომელმაც ცხოვრებისგან ერთი მთავარი რამ ისწავლა – არასოდეს გაბრაზდეს და ბედნიერება ყველგან და ყველაფერში ეძებოს.

გულს ვერც უმადურობით დაწყვეტთ. ჩააცვი და გაუშვიო – ამ პრინციპით უდგება ყველას, ვისაც მისგან ხელის გამართვა სჭირდება. არც იმაზე ფიქრი ადარდებს, რომ ერთ დღეს შეიძლება “სხვა რაკურსი” დასრულდეს და ტელევიზიის მიღმა დარჩეს – მუყაოსგან ბორბლებიან ტელევიზორს გავაკეთებ, ქუჩაში დავდგამ, მოვიყვან რესპონდენტებს და ხალხს გავაბედნიერებო, ამბობს.

28 მარტს ტელეწამყვანი 57 წლის გახდა. საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.

– გია, რამდენიმე დღის წინ გქონდათ დაბადების დღე. როგორ აღნიშნეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თქვენთვის?

– წესით, სხვანაირად უნდა აღვიქვამდე ამ დღეს, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. ხალხი რომ არა, შეიძლება დამავიწყდეს კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს, მაგრამ არც ვგიჟდები. ყოველი დღე, რომელიც თენდება, ჩემთვის დაბადების დღეა. ფილოსოფიურად ვუდგები ცხოვრებას. ყოველი დილა რომ თენდება და ცოცხალი ვარ, ეს უკვე არის ჩემი დაბადება, რადგან არ მოვმკვდარვარ.

– რამდენი წლის გახდით?

– 57 წლის გავხდი. სხვათა შორის, არასოდეს გადამიხდია დაბადების დღე. ერთადერთი ჩემი შვილი, ნათია, მოდის და მიკეთებს უგემრიელეს ბორშჩს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ნათიას დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის ჩემი სუფრა. მჯერა, რომ ეს დღე ანგელოზის დღეა და ტრადიციულად დილით მივდივარ ეკლესიაში, სიმბოლურად ვანთებ სანთელს და აქ მთავრდება ყველაფერი.

– ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ განვლილ წლებს?

– არანაირად არ შევაფასებ. ჩემს ცნობიერებაში დაკეტილია წარსული.

– რას ნიშნავს დაკეტილი წარსული?

– არ ვიყურები წარსულში. მაგალითად, არასდროს ვამბობ ფრაზას: დედა, რა ბედნიერი პერიოდი იყო.

– თუმცა ხომ იყო თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი წუთები, დღეები, პერიოდი?

– სულ ბედნიერი ვიყავი და ვარ. სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, მეგობრებთან ვცხოვრობდი – მაინც ბედნიერი ვიყავი, ანუ ცხოვრების ყველა ეტაპზე ბედნიერი ვიყავი და ვარ.

ერთხელ, ზამთარში ძალიან მციოდა და შევედი მეტროში. ფეხი დავაბიჯე იმ ადგილს, საიდანაც თბილი ქარი ამოდიოდა და უცებ ვთქვი სიტყვები, გაიხაროს იმ ადამიანმა, ვინც მეტრო მოიგონა-მეთქი. მაშინაც ბედნიერი ვიყავი. ამიტომ განვლილ წლებსაც ბედნიერად და სიხარულით შევაფასებ.

ამბობენ, რომ გიჟები არიან ყოველთვის კმაყოფილები და ბედნიერებიო და დაე, ვიყო მეც გიჟი.

– თქვენთვის პრობლემები არ არსებობს?

– როგორ არ არსებობს, მაგრამ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხი. პრობლემაზე კი არა, მის გადაჭრაზე ვფიქრობ. ვაი, დავიღუპე – ეს სიტყვები არ არსებობს ჩემს ლექსიკაში.

რამდენიმე დღის წინ მანქანის ლუქიდან ჩამოვიდა წყალი, გავაღე კარი და რას ვხედავ, სულ სველია სავარძლები. ძალიან მშვიდად ამოვიღე ცელოფანი, დავაფინე სავარძელზე, დავჯექი და წავედი. მანქანა რომ არ მყოლოდა, ხომ არ ჩამომივიდოდა წყალი, შესაბამისად, ნერვებს არ ვიშლი ხოლმე.

დამაგვიანდა თვითმფრინავზე, მაგრამ რა? თავი მოვიკლა? ფეხები მომტყდა? თავი წამაჭრეს? რატომ უნდა ვინერვიულო? პრობლემას ვერაფერში ვხედავ. როდესაც მშია, უპრობლემოდ შემიძლია, გადავიდე მანქანიდან, ვიყიდო ლავაში, ჩავჯდე მანქანაში და საჭესთან დავიწყო ჭამა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველო მიცნობს და დამინახავს ხალხი, მერე რა? შეურაცხყოფა მივაყენე ვინმეს, ბოროტება გავუკეთე თუ რა? არ მრცხვენია.

აღზრდაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ვიღაცისთვის გოიმი ვარ და ამაზე რატომ უნდა გადავირიო. ის ხომ ასეთს მხედავს. მაგალითად, მაცვია წითელი მაისური წითელ წინდასთან ან სანდლებზე მაცვია წინდები, არ მიყვარს შიშველი ფეხი და იმიტომ და რა გავაკეთო? ვარ გოიმი, მერე რა გინდა! თავისუფალი ადამიანი ვარ.

ერთ-ერთ კლინიკაში ვიყავი, სადაც ჩამაცვეს ბახილები. წესით, ეს ბახილები გასვლის დროს უნდა გამეხადა, მაგრამ ვითომ დამავიწყდა და მთელი დღე ბახილებით დავდიოდი ქუჩაში, რადგან მომწონდა. აი, რა მოხდა მერე?. ასეთი ტიპი ვარ. საერთოდ არ ვანიჭებ მნიშვნელობას ადამიანების ცუდ აზრს.

– საერთოდ რაზე ბრაზდებით?

– არ ვბრაზდები. ემოციური ვარ. ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით: გადაცემის წინ ტექსტი მქონდა ჩასაწერი. 45 წუთის განმავლობაში ვიდექი სტუდიაში და ველოდებოდი, როდის გამართავდნენ ტექნიკას. შემდეგ მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, ახლა შენს ადგილზე ნებისმიერი სხვა წამყვანი ერთ ამბავს ატეხდა და სასწაულებს იზამდაო.

ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. მივედი იმ ადამიანთან, ვინც ამ ე.წ. კრანს (კამერა რაზეც მაგრდება. ავტ.) აკეთებდა და ვუსაყვედურე, კარგი რა, როდის დაამთავრებთ-მეთქი. მოვიდა ის ადამიანი, რომელმაც წამაქეზა და მკითხა, ეს არის ჩხუბი?! არ შემიძლია, არა მაქვს ჩხუბის ნერვები.

– პირად საუბრებში თქვით, მე ვიცი, რატომ ვარ წარმატებულიო. როგორ გგონიათ, რატომ ხართ?

– სულ ვცდილობ, რომ ჩვენი სტაჟიორები გამოვაჩინო, წარმოვაჩინო, კადრში შემოვიყვანო, დაინახონ, თქვან ორი სიტყვა, რადგან მე ამის შესაძლებლობა არასდროს მქონია და ხელშემწყობი არასდროს მყოლია. მინდა, რომ ყველა კარგად იყოს.

ძალიან უცნაური ბიზნესი მაქვს, ჩემს ტვინს ვყიდი და ვყიდი. ერთხელ ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში გოგო და ბიჭი გავიცანი, რომლებიც ძალიან ზრდილობიანები და კულტურულები იყვნენ. მაშინ ჟურნალს ვაკეთებდი და ორივე ჩემთან დავასაქმე, ვასწავლიდი.

ვთხოვე, გრამატიკის მასწავლებელთან გაევლოთ ორთვიანი კურსი, რომ ქართული გრამატიკა ესწავლათ. მერე მოხდა ისე, რომ აქეთ მისწორებდნენ ტექსტებს და ეს ძალიან მიხაროდა. მერე ერთ-ერთ კომპანიაში წავიყვანე სტაჟირებაზე და დღეს ერთი ამ კომპანიის დირექტორია, მეორე – მთავარი იურისტი. ოღონდ ვეუბნები, რომ მე როცა დავბერდები, უნდა მომიტანონ ერთი ცალი პური, პურს მოაყოლებენ კარაქს და ა.შ. ნაწილი იქნება კეთილი, ნაწილი – არა.

ბედნიერი ვარ, როდესაც სხვას ვხედავ კარგად. ორმაგად მიხარია, მათ წარმატებაში მეც რომ მიმიძღვის წვლილი.

– რაც გაგიკეთებიათ, თუ დაგბრუნებიათ უკან?

– თეატრალურ ინსტიტუში ვაბარებდი და ბოლო გამოცდაზე არ წავედი იმის გამო, რომ მეგობარს ვჭირდებოდი და გავიქეცი მასთან. ერთ რამეს მივხვდი, მადლს ვაკეთებ იმიტომ, რომ ამით მე ვიღებ სიამოვნებას. მე გაგიკეთებ და დაინახავ თუ არა, ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია.

– გულისტკენის მომენტები არ გაქვთ ხოლმე?

– აღარ. დამთავრდა ეგ დრო. გავაკეთე, მივიღე სიამოვნება და გავუშვი. სამაგიეროდ დამიბრუნდა სიკეთე სხვისგან. საშუალებას არ მოგცემ, რომ გული მატკინო.

არსებობს ასეთი გამონათქვამი: ვისაც ჩავაცვი, მან გამხადაო, და იცით, რატომ ხდება ეს? როცა ჩააცმევენ, გაშვება აღარ იციან, გვერდით იყენებენ. უნდა გაუშვა, რადგან ის აუცილებლად მოვა და მადლობას გეტყვის.

– მგონი, სიტყვა “დეპრესიაც” არ არსებობს თქვენს ლექსიკაში.

– არანაირი დეპრესია არ გამაჩნია. ხშირად მსმენია, რომ შემოქმედებითი ადამიანისთვის დეპრესია არის სულიერი რაღაცო. გადი, შენი ჭირიმე, სულაც არ მჭირდება ეგეთი სულიერება!

– რა არის გია ჯაჯანიძისთვის თავისუფლება?

– თავისუფლების ახსნას იწყებს ის, ვისაც სურვილი აქვს, რომ იყოს თავისუფალი. მე ვარ თავისუფალი. არანაირი ჩარჩო არ გამაჩნია. მაგალითად, მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც ჩაიცვა წითელი შარვალი და მლანძღავდნენ, ოღონდ ვერ ვხვდებოდი, რატომ.

– როგორ ფიქრობთ, ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული?

– ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული და ნამდვილად არ მინდა, რომ ხელოვნური ვარსკვლავი გამიხსნან. ჩემი სიკვდილის შემდეგ რაც უნდათ, ის ქნან, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, მსგავსი რამ არ და ვერ მოხდება.

– როდესაც დაგიკავშირდნენ და გითხრეს, რომ უნდა გაეხსნათ თქვენი სახელობის ვარსკვლავი, რა რეაქცია გქონდათ?

– შოკში ჩავვარდი, რა ვარსკვლავი, რის ვარსკვლავი?! რა გავაკეთე საერთოდ სავარსკვლავო, რა ვქენი, რომელი დამსახურებისთვის? უბრალოდ, მიმყავს პოპულარული, რეიტინგული შოუ და ამისთვის უნდა გამიხსნან ვარსკვლავი? ჩემ გარდა ამ ქვეყანას უამრავი წამყვანი ჰყავს. იმასაც ვერ ვიგებ, პანთეონში დაკრძალვაზე რომ აქვთ გართულება. მე რომ მოკვდები, რა მნიშვნელობა აქვს, პანთეონში დამმარხავენ თუ ტყეში?!

– როგორც ვიცი, როცა დაგირეკეს და გითხრეს, თქვენს ვარსკვლავს ვხსნითო, ცუდად გახდით.

– ცუდად გავხდი თვითონ ფაქტზე. ეგონათ, რომ ამაზე წამოვეგებოდი. ისე გადავირიე, რომ…

– ამ ვარსკვალავის ამბავი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახამდეც მივიდა, რადგან ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა ტელეკომპანია “იმედის” ეზოში ან ფუნიკულიორზე. რა რეაქცია ჰქონდა პატარკაციშვილების ოჯახს?

– ვგიჟდები ამ ოჯახზე, ისე მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ეს ამბავი პატარკაციშვილებმა არ დაიჯერეს და ზუსტად იცოდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი მსგავს შემოთავაზებას.

სხვათა შორის, ამ წუთას მომივიდა ასეთი იდეა: უნდა ჩამოვასხა ჩემი სახელობის ვარსკვლავი და ჭიათურაში, ჩემი სახლის ეზოში უნდა დავდო (იცინის).

– როგორ ფიქრობთ, რა გათვლა ჰქონდათ?

– უბრალოდ, ეს არის ისეთი თემა, რომელზეც შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი წამოეგოს. ამ შემთხვევაში სწორად ვერ გათვალეს, ჩემი ტიპაჟი არ იცოდნენ. რატომღაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩემგან თანხმობას მიიღებდნენ. მე გიყვარდეთ და ესაა ჩემი ვარსკვლავი. მე იმ ვარსკვლავს ტაფაზე ვერ დავდებ, ვერ შევიწვავ და ვერ შევჭამ.

– პრინციპში, როგორც თქვენ თქვით, ამ ვარსკვლავს ჭიათურაში საკუთრი სახლის ეზოში გახსნით.

– დიახ, საკუთარი სახლის ეზოში, ჯარბელის ქუჩაზე, სადაც მანქანებიც ვერ დადიან და 15 წუთი ფეხით უნდა იარო. სხვათა შორის, სტუმარიც არ მოდის ხოლმე, ამიტომ მეცოდინება, რომ მხოლოდ მე ვნახავ ჩემს ვარსკვლავს.

– პატარკაციშვილების ოჯახს განსაკუთრებულად უყვარხართ. როგორ მოხდა თქვენი დამეგობრება?

– თავიდან ვმუშაობდი ბადრისთან, შემდეგ ნანა პატარკაციშვილთან (დეპუტატის ბიუროში. ავტ.). ვმუშაობდი არჩევნების დროს, მიწვეული სპეციალისტი ვიყავი პარლამენტში. სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

– წარმატებული, რეალიზებული, დამოუკიდებელი მამაკაცი ხართ. რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. დავიჯერო, მარტო ხართ?

– მიყვარს მარტოობა. ჩემი პირადი არის სამსახური. გრძნობის ქარიშხალი მომივლის ხოლმე, მაგრამ თავს ვაკონტროლებ. ადვილად ვერ ვგიჟდები.

– შეიძლება არ გწვევიათ ნამდვილი სიყვარული.

– ოოო, სიყვარულზე ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გული გაგიჩერდებათ, ოღონდ იმ დროს არავინ მყვარებია.

– რთული იქნება თქვენთან ურთიერთობა.

– დიახ, რთულია.

– რატომ?

– სულიერ კომფორტს ვეძებ ყოველთვის და ეს კომფორტი არავინ უნდა დაარღვიოს. ახლა ვარ თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი.

– დაბოლოს, გადაცემასთან დაკავშირებით სიახლეები ხომ არ გაქვთ?

– მნიშვნელოვანი არაფერი. ზოგადად არ ვფიქრობ, რომ ამ გადაცემით მთავრდება ჩემი მომავალი. არ ვიცი, რამდენი წელი იქნება კვლავ ეთერში ან იქნება თუ არა, მაგრამ შეგუებული ვარ, რომ ერთ დღეს შესაძლოა ეს გადაცემაც აღარ იყოს, ისევე, როგორც სხვა მრავალი.

შეიძლება ერთ დღეს მეც ისევე დამივიწყონ, როგორც სხვები, მაგრამ გპირდებით, რომ ამის საშუალებას არავის მივცემ. სასწაული პროექტი მაქვს მოფიქრებული, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ.

– გვეტყვით ამ იდეის შესახებ?

– რა თქმა უნდა. დაახლოებით 9-10 კვადრატი ყუთი უნდა შევკრა ბორბლებზე, რომელსაც ექნება ტელევიზორის ფორმა. როდესაც ტელევიზიაში აღარ ვიქნები და არ ვიმუშავებ, ამ ბორბლებიან ყუთს სადაც მომინდება, იქ დავდგამ, დავჯდები და გავაკეთებ გადაცემას. იქვე ამოვიყვან რესპონდენტებს, დავსვამ, ვალაპარაკებ და გავერთობით.

ვივლი რეგიონებშიც და გავართობ ხალხს, ამით ადამიანებს მოვუტან ბედნიერებას. რა ვქნა, აბა? მე ვარ სიცოცხლის მოყვარული, თავისუფალი ადამიანი და ყველას იმავეს ვუსურვებ.

გიორგი საკარული, ჟურნალი სარკე