ლიზა ვადაჭკორია: “რესტორნებში დიდი ანტისანიტარია დაგვხვდა, ქალები გამოცვივდნენ, ყვიროდნენ, აბა, ჩვენ რა გავაკეთოთო”

ლიზა ვადაჭკორია: "რესტორნებში დიდი ანტისანიტარია დაგვხვდა, ქალები გამოცვივდნენ, ყვიროდნენ, აბა, ჩვენ რა გავაკეთოთო"ტელეწამყვანმა ლიზა ვადაჭკორიამ ტელეკომპანია “იბერიაში” ორი ახალი პროექტი წამოიწყო, რომლებსაც ობიექტური და სარგებლობის მომტანი კრიტიკულობის ამბიცია აქვთ. ერთი სოციალურ თემებს ეხება, მეორე კი – კვების ობიექტებში სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას.

“სარკესთან” ამბობს, რომ ამ პროექტების კეთებას დიდი სტრესი და ბევრი ნერვიულობაც მოაქვს, მაგრამ ჟურნალისტი ჯერჯერობით უძლებს. გადაცემა “სახალხო კონტროლი” საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა.

– ეს გადაცემა ყველაფერს ვერ მიხედავს, თვითონ ადამიანებმა უნდა აიმაღლონ სამოქალაქო პოზიცია და მითითებები მისცენ იმ ობიექტებს, სადაც ჩვენ შევდივართ, – ამბობს ლიზა, – ვამაყობ ამ პროექტით, ჩვენ ძალიან სახალხო საქმე გავაკეთეთ.როცა ობიექტზე შევდივარ, ყველას არ სიამოვნებს ჩემი დანახვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არავის ვაჯარიმებთ, პირიქით, რჩევებს ვაძლევთ.

იყო ისეთი შემთხვევები, როცა აგრესიულად მიგვიღეს. მაგალითად, სურამის გზაზე ვნახეთ სამი რესტორანი, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. რესტორან “ქართლში” განსაკუთრებულად დიდი ანტისანიტარია დაგვხვდა. ქალები გამოცვივდნენ, ყვიროდნენ, აბა, ჩვენ რა გავაკეთოთო. 2 თვის თავზე ჩვენმა მაყურებელმა გამოგვიგზავნა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ რესტორანში რემონტი კეთდებოდა.

არ დაგვეზარა, ჩავედით და ყველა ღიმილით დაგვხვდა, მადლობა გადაგვიხადეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს პროექტს შედეგი აქვს. ეს არ არის მარტივი და იოლი გზა. დამიჯერეთ, კადრში არ ჩანს ბევრი რამ. მათთან ერთად მორალურად ჩვენც ვიძაბებით.

– ტელეწამყვანები იმიჯს ხშირად იცვლიან. თქვენც ხომ არ აპირებთ გარეგნობაში რაიმეს შეცვლას?

– ალბათ – არა. გვიანია გარეგნობის შეცვლა, შეიძლება მხოლოდ წითელი ქუდი გამოვცვალო.

– რისი სიმბოლოა ეს წითელი ქუდი, რაიმე დატვირთვა აქვს თქვენთვის?

– ჩემი სიმბოლო იყო, მიყვარს წითელი და საკმაოდ ბევრი წითელი ქუდი მაქვს. წითელქუდა ვარ. შეიძლება წელს უარი ვთქვა წითელ ქუდზე ან დავიტოვო, ვნახოთ.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”