ზუკა ხუციშვილი: ,,მამაჩემი ძალას იკრებდა და ქეთი დანახვისას ფეხზე დგებოდა… იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა”

ზუკა ხუციშვილი: ,,მამაჩემი ძალას იკრებდა და ქეთი დანახვისას ფეხზე დგებოდა... იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა"ზუკა ხუციშვილი მამის, გიო ხუციშვილის გზას აგრძელებს და კონცერტებს ბენდთან ერთად მართავს. დიდი ხანია, სცენაზე დგას და ეს მისთვის საყვარელი საქმიანობაა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ მისი რეპერტუარის მსმენელისთვის წარდგენა საკუთარ ვალად მიიჩნია.

ზუკას მეუღლე ქეთი მანიჟაშვილია. მათ ,,ფორტუნას“ თავიანთ ცხოვრებაზე უამბეს.

ზუკა: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან კარგი კონცერტები გავაკეთეთ. მამაჩემს დარჩა უამრავი ლამაზი სიმღერა, რომლებსაც მთელი ცხოვრება ქმნიდა და ხელუხლებელი დარჩებოდა, რაც მე არ მინდოდა. არ ვჩქარობ. ჩემთვის მთავარია, ეს ღონისძიებები ხარისხიანი და კარგი იყოს და მთავარია, ხალხს არ დაავიწყდეს, არ მინდა, გიოს სიმღერებს მტვერი დაედოს. თვეში ერთხელ, ორჯერ მინდა, კონცერტები გავაკეთო, ძველი და ახალი სიმღერებით.

-მამის გარდაცვალების შემდეგ არის რაიმე ახალი, რაც მის შესახებ შეიტყვე?

-მამაჩემი ბევრად ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა და მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ძლიერი იყო, მაგრამ ბოლოს განსხვავებულად დავინახე. 57 წლის ასაკში მან მოასწრო ის, რასაც ბევრი ვერ მოასწრებდა. ერთ წელიწადში იმას აკეთებდა, რასაც ბევრი ათ წელიწადში ვერ მოასწრებს. ყველანაირი პროფესია გამოიარა, გამოიარა ომი… ადამიანებს, ვისაც მისი გარდაცვალების შემდეგ ვხვდები, გიოს შესახებ ჩემთვის უცნობი ამბავი აქვს მოსაყოლი… ასი სიცოცხლე გამოიარა.

ავღანეთში იყო სამსახურიდან წასული, როცა სამინისტროში მუშაობდა. ერთ-ერთ ქართველ ჯარისკაცს, ვინც იქ მსახურობდა, ხატი ჩაუტანა და დაუტოვა. მშვიდობით ჩამოდი და ეს ხატი დამიბრუნეო, უთხოვია მამაჩემს. ჯარისკაცი რომ უკან ჩამოვიდა, მართლაც დაუბრუნა ხატი, რომელიც ახლა სახლში მიდევს. რაც ცხოვრებაში სიკეთე დაუთესია, ხალხი უბრუნებდა ისე, როგორც მისი ვარსკვლავის გახსნაზე მოხდა, ხალხმა დაუბრუნა ის სიყვარული, რასაც მთელი ცხოვრება გასცემდა. რომ გითხრათ, რომ რომელიმე ამბავმა  გამაკვირვა, ასე არ მომხდარა. ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემა თავის სიცოცხლეშივე მანახა, როგორი მაგარიც იყო და ეს ძალიან მახარებს, ამიტომ არაფერი აღარ გამაკვირვებს…

-ქეთი, შენთვის როგორი იყო გიო?

ქეთი: ისეთივე სტიქიური, როგორიც ყველასთვის. საოცარი ადამიანი იყო. ზუკასთან მეგობრობის პერიოდშიც ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა.

ზუკა: ბოლოში, როცა ფიზიკურად ძალიან ცუდად იყო, ქეთი რომ შემოდიოდა, მხოლოდ მისთვის დგებოდა, ძალას იკრებდა, არ უნდოდა, ენახვებინა, რომ ცუდად იყო. წამოდგა, ჩაეხუტა და აკოცა მაშინ, როცა ამის გაკეთება ფიზიკურად ძალიან უჭირდა. მიხარია, რომ ჩემი არჩევანით მამაჩემი ბედნიერი იყო…

-ქეთი, ზუკას შესრულებული რომელი სიმღერა მოგწონს ყველაზე მეტად?

ქეთი: ერეკლე ბადურაშვილის გადაღებულ სერიალში ასრულებს „ირინოლას“ და ძალიან მიყვარს ეს შესრულება.

ზუკა:ერეკლე ბადურაშვილი მამაჩემის მეგობარი იყო. მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ გასულა, რომ ერეკლე გარდაიცვალა. ალბათ, ეს იყო ძალიან დიდი მიზეზი. მამაჩემის ფოტოს დაატარებდა, ძალიან ცუდად გადაიტანა ეს ამბავი.

ფორტუნა, ფოტო დათუნა აგასი