ზაზა შენგელია: ,,მარტივი არ არის, მყარი ოჯახი გქონდეს”

ზაზა შენგელია: ,,მარტივი არ არის, მყარი ოჯახი გქონდეს"ცნობილმა მელომანმა ზაზა შენგელიამ დაახლოებით 8 წლის წინ ჰობი ბიზნესად აქცია და საქართველოში ერთადერთი მსხვილი მუსიკალური კომპანია ,,ბრავო რეკორდსი” დააარსა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, შოუბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში არასახარბიელო პირობები იყო და დღესაც ასეა. არც სახელმწიფო და არც კერძო ბიზნესი არ ცდილობს, ამ სფეროს დაეხმაროს. ასეთ პირობებში კომპანიის მუშაობა რთულია, რადგან გზამკვლევია ამ საქმეში.

ბატონი ზაზა ზუსტად ისეთივე შემართებით ცდილობს წარმატების მიღწევას, როგორითაც გასული საუკუნის 90-იან წლებში შეეჭიდა პროფესიისგან სრულიად განსხვავებულ საქმეს – დააარსა პირველი კერძო დეციმეტრული ტელეკომპანია ,,იბერვიზია” და ქართულ ტელესივრცეში ახალი, თავისუფალი ხედვის სარკმელი გაჭრა.

მის ბიოგრაფიაში კომკავშირული წარსულიც არის და პარტიულიც, თუმცა ამ მკაცრ ჩარჩოებშიც ახერხებდა როკ-ფესტივალების ჩატარებას. უყვარდა დასავლური პოპკულტურა და ყველა არსებული საშუალებებით ცდილობდა მის პოპულარიზაციას.

– ბატონო ზაზა, სწავლობდით საბჭოთა სკოლაში, საბჭოთა ეპოქის უნივერსიტეტში. როგორ გაიხსენებთ იმ დროს?

– მთაწმინდის უბანში დავიბადე. ჩვენ მეზობლად ბევრი ხელოვანი ცხოვრობდა. ქუჩაში ბევრჯერ დამინახავს სერგო ფარაჯანოვი, ზურაბ ნიჟარაძე, გივი მიზანდარი, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე… ვსწავლობდი თბილისის 47-ე სკოლაში, რომელიც უძველესია. ადრე იქ წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი იყო, 170 წლის ისტორია აქვს.

საუკეთესო პედაგოგები იყვნენ სკოლაში, გაძლიერებულად ასწავლიდნენ ინგლისურ ენას. მოსწავლეები ისეთ ცოდნას ვიძენდით, რეპეტიტორები არ გვჭირდებოდა. უამრავ წიგნს ვკითხულობდით. ისტორიის პედაგოგმა ისე შემაყვარა საგანი, პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია, უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი და ჩემი ლექტორები იყვნენ აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი, ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე, ბატონები უშანგი სიდამონიძე, გივი ჟორდანია.

უნივერსიტეტში ხშირად იმართებოდა აკაკი ბაქრაძის საჯარო ლექციები. სულგანაბულები ვისმენდით მის მონათხრობს უზარმაზარი იმპერიის გარდაუვალი დანგრევის შესახებ. ამ პროცესმა ბევრი ცუდიც მოიტანა, მაგრამ საბოლოო შედეგი დადებითი იყო, რადგან ჩვენი ქვეყანა გახდა თავისუფალი. სწორედ ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, მათ შორის ჩემი ბაბუის ძმა, იუნკერი, რომელიც კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიას ებრძოდა და მარო მაყაშვილს ჩააკვდა ხელებში. ძალიან მალე კი თავად მაროც დაიღუპა.

– სტუდენტობის დროს იყავით აქტიური, ლიდერი კომკავშირელი. რა გახსენდებათ იმ წლებიდან?

– კომკავშირი და პარტია მაშინ იყო ერთადერთი და ერთმმართველი. საქმე რომ გეკეთებინა, ნებსით თუ უნებლიეთ, მისი წევრი უნდა გამხდარიყავი. აქტიურად ვიყავი ჩაბმული სტუდენტურ თვითშემოქმედებაში. ძალიან მეამაყება, რომ სტუდენტური როკ-ფესტივალის ორგანიზატორი ვიყავი. მან წარუდგინა საზოგადოებას პირველად – ირაკლი ჩარკვიანი, ქიში გლუჩაძე, დადა დადიანი, ზაზა ხუციშვილი. ისინი ანდერგრაუნდიდან სამზეოზე გამოვიდნენ.

– მელომანი ხართ. ეს მხოლოდ მუსიკის სიყვარულია თუ მუსიკალურ განათლებასთან არის შერწყმული?

– მუსიკა ჩემი მთავარი სიყვარული, გატაცებაა. მუსიკალური შვიდწლედი წარჩინებით დავამთავრე.

ჩემს ახალგაზრდობაში მოხდა კიდევ ერთი ფანტასტიკური მოვლენა. არსებობდა საკავშირო ტურისტული ბიურო “სპუტნიკი”. კომკავშირის ცკ-ის ინიციატივით და “სპუტნიკის” დახმარებით მოეწყო გასვლა პოლონეთში, სადაც კონცერტს მართავდა სტივ უანდერი.

ახალგაზრდები ორი ჩარტერული რეისით გავემგზავრეთ ამ კონცერტზე. მანამდე ამ გენიალურ მუსიკოსს მხოლოდ ჩანაწერებით ვიცნობდით, მსგავს კონცერტებს არც რადიო გადმოსცემდა და არც ტელევიზია. კონცერტის შემდეგ მე და მაია დათუნაშვილმა მისი ინტერვიუც ჩავწერეთ.

ზაზა შენგელია: ,,მარტივი არ არის, მყარი ოჯახი გქონდეს"– თქვენი ოჯახი შექმნის ისტორია როგორია?

ჩემი მეუღლე, სესილი გოგიბერიძე, უნივერსიტეტში გავიცანი. ის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე სწავლობდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენი ფაკულტეტები ერთმანეთს ძალიან ექიშპებოდნენ, ეს ტრადიციასავით იყო, განსაკუთრებით სტუდენტურ დღეებზე.

მე სესილის გამორჩეულ ყურადღებას ვაქცევდი, მომწონდა. მერე მოწონება სიყვარულში გადაიზარდა. 2 წელი “ვიარეთ ერთად” (მაშინ ასე ეძახდნენ), შემდეგ დავქორწინდით. თითქმის 35 წელია ერთად ვცხოვრობთ, ჭირსა და ლხინში ერთად ვართ. ერთი გოგონა გვყავს და ორი შვილიშვილი – ქალ-ვაჟი.

ორივენი აქტიურები ვიყავით, საზოგადოებრივი და სამსახურებრივი საქმეებით დაკავებულები. შვილის აღზრდაში ბებიები გვეხმარებოდნენ, ორივე პედაგოგი იყო და ჭკვიანი ქალიშვილი გაგვიზარდეს.

ჩვენ თითქოს ახლა, შვილიშვილების დროს გავხდით მშობლები. ეს საოცარი ადამიანები ჩვენს ცხოვრებას საუკეთესო ემოციებით ავსებენ. ზოგჯერ ჩვენი გოგონა ეჭვიანობს, მე ასე არ გიყვარდითო. როგორ არ გვიყვარდა, სიცოცხლეს გვერჩივნა, მაგრამ ძალიან დაკავებულები ვერ ვაცნობიერებდით. ახლა სხვა ასაკი გვიდგას.

მარტივი არ არის, მყარი ოჯახი გქონდეს. მთავარი ხომ სიყვარულია, მაგრამ აუცილებელია, მეუღლეები თანამოაზრეები იყვნენ, მეგობრები, ერთნაირი ფასეულობების მატარებლები. ჩვენს შემთხვევაში ასე იყო, ამიტომ მოვდივართ ერთად.

– თქვენს მეუღლეს ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავა. გეხმარებოდათ კარიერულ წინსვლაში?

– ნამდვილად ეკავა თანამდებობები, კომკავშირის ცკ-ის მდივანი იყო, კულტურის მინისტრი, მაგრამ ჩემს სამსახურებრივ წინსვლაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, ნამდვილად არ მჭირდებოდა ეს. ჩემი ადგილის მოძებნა არასდროს გამჭირვებია.

– გაიხსენეთ ,,იბერვიზიის” პერიოდი.

– 1992-94 წლებში გავაკეთე პირველი დეციმეტრული, დამოუკიდებელი ტელეკომპანია “იბერვიზია”. მაუწყებლობა მთელ თბილისს ვერ ფარავდა, მხოლოდ რამდენიმე უბანში აჩვენებდა. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ხალხი ერთმანეთთან იკრიბებოდა, რომ იქ ენახათ, სადაც იჭერდა.

იმ მძიმე დროს ჟურნალისტებს ხელფასებსაც ვერ ვაძლევდით, სიმბოლურად რამდენიმე კუპონს იღებდნენ, მაგრამ ყველას ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს იყვნენ შეჭიდებული.

სრულიად განსხვავებული საინფორმაციო გადაცემები კეთდებოდა. მოვლენებს ახლებურად ვაშუქებდით. ჩვენთან აიდგეს ფეხი გიორგი თარგამაძემ, ეკა ბერიძემ, ნათია ლაზაშვილმა, კოკა ყანდიაშვილმა, ივიკო სეხნიაშვილმა, ლევან კოღუაშვილმა, თამარ ფხაკაძემ. შემდეგ მათ ჟურნალისტიკაში მნიშვნელოვანი ხნული გაავლეს.

აქ მუშაობდნენ შემდგომში ცნობილი პოლიტიკოსები – გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე. მოკლედ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი წლები იყო.

– შემდეგ იყო სხვადასხვა სახელმწიფო სამსახური.

– იმ წლებში თბილისის მერი იყო ბატონი ნიკო ლეკიშვილი – სანიმუშო ადამიანი და მოქალაქე. უმძიმესი წლები იდგა. ქალაქი ომის შემდგომ იარებს იშუშებდა – დანგრეული რუსთაველი, პურის ტალონები, უშუქობა, უგაზობა, სადარბაზოებსა და ეზოებში დანთებული ცეცხლი, სროლა, შიში.

ბატონი ნიკოს დროს დაიწყო დანგრეული ქალაქის აღდგენა. ის ყოველთვის ახლოს იყო ახალგაზრდებთან, არჩევდა ნიჭიერებს და გზას უკაფავდა. მან დამნიშნა ვიცემერად და ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ერთად.

შემდეგ ბატონი ნიკო სახელმწიფო მინისტრად გადაიყვანეს და 1996-99 წლებში ვიყავი ვიცეპრემიერი, მებარა კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი. სწორედ მაშინ აღვადგინე სტუდენტური დღეები, დაიწყო ჯანდაცვის რეფორმა, უფასო სამედიცინო მომსახურება გადადიოდა ფასიანზე. ჩავატარეთ ქართველთა და ებრაელთა თანაცხოვრების ოცდაექვსსაუკუნოვანი იუბილე…

მახსოვს, გალში დაიძაბა მდგომარეობა და საომარი კონფლიქტი იწყებოდა. ერთ ღამეში ჩამოვიყვანეთ გალიდან 3000 ბავშვი და ბორჯომში დავაბინავეთ. მოვარიდეთ საშიშ სიტუაციას. კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ დავაბრუნეთ ოჯახებში.

ცალკე აღსანიშნავია სატელევიზიო ფესტივალი “მანა”, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა ქართულ სატელევიზიო სივრცეს. ფესტივალი იყო ობიექტური, ლამაზი, ხალისიანი და ბევრად უსწრებდა დროს.

ახლაც ხშირად ვფიქრობ ამ ფესტივალის აღდგენაზე. მინდა, ისეთივე დროში გაჭრილი იყოს, ისეთივე ობიექტური და უფრო ყოვლისმომცველი. ამას დიდი ფინანსები სჭირდება და თავს ვიკავებ.

– თქვენ იყავით სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარეც, მოკლედ – “პირველი არხის” ხელმძღვანელი. თქვენს იქ მისვლას უმძიმესი რეფორმები მოჰყვა.

– 1999 წელს დავინიშნე ხელმძღვანელად, რაც დაახლოებით მინისტრის თანამდებობა იყო. საქართველო მაშინ გახდა ევროსაბჭოს წევრი და გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი. ერთ-ერთი იყო უარის თქმა სამთავრობო მაუწყებლობაზე – ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად უნდა გარდაქმნილიყო.

დავიწყე მტკივნეული რეფორმები. 550 თანამშრომელი წავიდა ტელევიზიიდან, გაუქმდა რედაქციების სისტემა, შემოვიღეთ პროდიუსერული სამსახური. ვიკვლევდით საზოგადოებრივ აზრს. გვქონდა ძალიან საინტერესო საზოგადოებრივი ტოქ შოუები, მოვიზიდეთ ნიჭიერი ჟურნალისტები – ეკა ბერიძე, ინგა გრიგოლია, კოკა ყანდიაშვილი, ნუგზარ რუხაძე.

კონკურენციას ვუწევდით “რუსთავი 2”-ს, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო. ეს ყველაფერი კახა ბექაურთან ერთად გავაკეთე, რომელიც დღეს კომუნიკაციების სააგენტოს ხელმძღვანელობს. ვამაყობ, რომ ჩემს დროს მოხდა ეს დიდი ძვრები.

ჩვენ, ვინც ვქმნიდით ტელეკომპანიებს, არაპროფესიონალები ვიყავით – მეც, ეროსი კიწმარიშვილიც. გზადაგზა ვსწავლობდით. დღეს პროფესიონალები გვჭირდება და ამის საშუალება უკვე არის, თაობა გაიზარდა.

ჩვენ უკვე ვართ ევროპის მაუწყებლობის წევრები, რაც დაახლოებით ნატო-ს წევრობას ნიშნავს ჩვენს საქმეში. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ტელეკომპანების მფლობელებსა და დირექტორებს.

– როგორ შეიქმნა ,,ბრავო რეკორდსი” და რა გეგმები გაქვთ?

– ,,ადამიანი არის ის, რასაც უსმენს”, – ასეთი პერიფრაზი გააკეთა ჯო ზავინულმა ცნობილი გამოთქმისა “ადამიანი არის ის, რითიც იკვებება”. მე ბავშვობიდან ვიკვებებოდი ხარისხიანი მუსიკით. ეს იყო ჩემი გატაცება და მიხარია, რომ შევძელი, ჰობი საქმედ მექცია.

“ბრავო რეკორდსი” პირველი ლეიბლ-კომპანიაა, რომელშიც დიდი ფინანსები, დიდი სიყვარული და კარგი საქმის კეთების სურვილია ჩადებული. ჩვენ არავის გამოცდილებაზე გვისწავლია, რადგან ასეთი კომპანია არ არსებობდა საქართველოში. თოვლის პირველი გამჭრელები ვართ, ეს კი არ არის მარტივი.

ურთულესი სამუშაო ჩავატარეთ გოგი დოლიძის ალბომის გამოცემის დროს. მოგეხსენებათ, მისი მემკვიდრეა ვაჟი. მან გადმოგვცა გოგის ნამღერი ხმის ბილიკები, ანუ იქ იყო მხოლოდ ხმა მუსიკის გარეშე. ზვიად ბოლქვაძემ შეუძლებელი შეძლო და დღეს გვაქვს გოგის უკვდავი შემოქმედების უნიკალური ალბომი.

ასევე მოვამზადეთ და გამოვეცით ნანი ბრეგვაძის სოლო ალბომი. საუკეთესო პროექტი გამოვიდა “საქართველოს მარგალიტები”. ეს იყო მარინა ბერიძის იდეა. ჩავწერეთ ჩვენი უნიჭიერესი ლეგიონერები, ოპერის მომღერლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მღერიან – სურგულაძე, ბურჭულაძე, რაჭველიშვილი, გაგნიძე, მაჩაიძე… და ერთ ალბომად გამოვეცით. ეს არის უნიკალური საჩუქარი უცხოელებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული კულტურით.

აქვე ვიტყვი, დიდი შეცდომაა კულტურის სამინისტროს გაუქმება ისეთი უძველესი კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

– დაბოლოს, ცოტა ფილოსოფიურ კითხვას დაგისვამთ: რა არის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს შორის მოქცეული დრო?

– ცხოვრება, რომელიც სიყვარულით უნდა გაატარო, გასცე და მიიღო სიყვარული, სწორად აღზარდო შთამომავლობა.

ია ქუთათელაძე, სარკე