სალომე არშბა: ”ჩემი სიგამხდრე ძალიან მომწონს”

სალომე არშბა: ”ჩემი სიგამხდრე ძალიან მომწონს”ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი, სალომე არშბა, ისეთ ასაკშია, როცა ნაოჭები და ასაკობრივი პრობლემები ნაკლებად აწუხებთ ქალებს, თუმცა თავის მოვლის გარკვეულ პროცედურებს უკვე მიმართავს – სახის ღრმა წმენდას, საცხებს და ა.შ. ახლა ყველაზე მეტი ზრუნვა მის თმას სჭირდება, რადგან ცოტა ხნის წინ ქიმიურად დაიხვია.

– სალომე, რა ასაკიდან გაიღვიძა თქვენში ქალურმა ინტერესებმა, როდის გაგიჩნდათ ლამაზად ჩაცმის, მაკიაჟის გაკეთების სურვილი?

– მეორე კურსზე ვიყავი, ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა და სწორედ ამ პერიოდიდან ვიკეთებ სატელევიზიო მაკიაჟს, მხოლოდ გადაცემისთვის, ყოველდღიურად – არა. დღესაც მიყვარს და მომწონს მინიმალური მაკიაჟი და კონკრეტული დეტალების შესწორება-დამალვა რომ არ მჭირდებოდეს, მასზე საერთოდ უარს ვიტყოდი.

თუ გადაცემა არ მაქვს, მინიმალურ მაკიაჟს ვიკეთებ – კორექტორი, ჰაილაითერი, ტუში. თუ საღამოს სადმე მივდივარ, შეიძლება, თვალის ჩრდილი დავიმატო და ტუჩსაცხი – ძირითადად წითელი.

– სად ეცნობით მაკიაჟის ტენდენციებს?

– საბედნიეროდ, აქტიურად მიწევს კონტაქტი ვიზაჟისტებთან და მათგან ყოველთვის ვისმენ პროფესიონალურ რჩევებს, შემდეგ შეძლებისდაგვარად ვცდილობ, გავითვალისწინო.

– სახის რომელ ნაკვთზე აკეთებთ აქცენტს?

– თვალის ტუში და ლაინერი ჩემს თვალებს უფრო აცოცხლებს და გამოკვეთს.

– რამდენი ხანი გჭირდებათ სახლიდან გასვლის წინ თავის მოსაწესრიგებლად?

– მე და ჩემი შვილი სამუშაო დღეებში დილის 8 საათზე ვიღვიძებთ. 9-ზე უკვე გავდივართ სახლიდან – სკოლისკენ მივდივართ. ყოველთვის გვეჩქარება და არასდროს მაქვს საკმარისი დრო, რომ მშვიდად და წყნარად მოვემზადო, ამიტომ მიწევს ძალიან სწრაფად მოვასწრო ყველაფერი.

– ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას ეკრანის მიღმა?

– ჩემი საეკრანო იმიჯი რადიკალურად განსხვავდება ყოველდღიური ჩაცმულობისგან. მიყვარს თავისუფალი, სპორტული სტილი – ჯინსები, დაბალძირიანი ფეხსაცმელები, მაისურები თუ ჰუდები. ეთერში კი უფრო მეტად კლასიკურ ტანსაცმელს ვირგებ და არც მაღალქუსლიანებზე ვამბობ უარს. მგონია, რომ გადაცემას ეს სტილი უფრო უხდება.

– საინტერესოა, რა სტილის კაბები ჭარბობს თქვენს გარდერობში.

– ჩემს გარდერობში ძირითადად ფარფატა, ვინტაჟური კაბები ჭარბობს. მიყვარს ქამარი და, შეიძლება ითქვას, ამ აქსესუარს ჩემს ყველა კაბას ვარგებ.

– რა ფერის სამოსი გიყვართ?

– ამოჩემებული ფერები არ მაქვს. რამდენიმე ფერის გარდა, თითქმის ყველა ფერის ტანსაცმელს წააწყდებით ჩემს გარდერობში, მიყვარს შავი, ნაცრისფერი, წითელი, ყვითელი და ა.შ. ზაფხულში ღია ფერის კაბებს ვამჯობინებ.

– მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ყოველდღიურადაც ხმარობთ?

– ძალიან იშვიათად, ფაქტობრივად, მხოლოდ გადაცემაში ან რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევებში.

– სამკაულებს იყენებთ?

– ყოველდღიურ ცხოვრებაში – თითქმის არა, მხოლოდ მცირე ზომის საყურეს ვატარებ და პატარა ვერცხლის ბეჭედს, რომელიც სულ მიკეთია. თუ სადმე მივდივარ, შეიძლება დამატებით სამაჯური შევუხამო ტანსაცმელს.

– უკვე დაიწყეთ სახის კანზე განსაკუთრებული ზრუნვა?

– 6 თვეში ერთხელ ვიტარებ სახის ღრმა წმენდის პროცედურას. ბუნებრივია, დილას და საღამოს ვიწმენდ სახეს სპეციალური საშუალებებით – ტონერი, შრატი, თვალის და სახის კანის დამატენიანებელი და ა.შ. აქტიურად ვიყენებ სახისა და თვალის ნიღბებს.

– როგორ უვლით თმას?

– რამდენიმე ხნის წინ თმა დავიხვიე ქიმიურად, შესაბამისად, შევიძინე ხვეული თმის შამპუნი და ბალზამი, რომ თმა კარგად დაეხვიოს. ვცდილობ, საშრობი იშვიათად ან არ გამოვიყენო, თმა რომ არ დაზიანდეს.

– ჯანსაღია თქვენი ცხოვრების წესი?

– არა. ერთადერთი, რასაც ვცდილობ, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის წყალი დავლიო. სულ ვგეგმავ, რომ დავიწყებ ვარჯიშს, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი გეგმა ვერ განვახორციელე.

– ზოგ ქალს სურს, სავსე ფორმები ჰქონდეს, ეს მოდაშიც არის ამჟამად. თქვენ ძალიან თხელი ფიგურა გაქვთ, რა აზრის ხართ სიგამხდრეზე, კილოგრამების მომატება ხომ არ გსურთ?

– არა, ჩემი სიგამხდრე ძალიან მომწონს.

– ვისგან იღებთ ყველაზე ბევრ კომპლიმენტს და რამდენად მოქმედებს ეს თქვენს განწყობაზე?

– ყველას სიამოვნებს გულწრფელი კომპლიმენტი და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კომპლიმენტებს დედა და ჩემი შვილი მეუბნებიან.

– რას გეუბნებათ თქვენი გოგონა, როცა ტელევიზიით გხედავთ?

– თინა 6 წლისაა, პირველ კლასშია. რა თქმა უნდა, ურჩევნია, სახლში ვიყო მასთან ერთად, მაგრამ იცის, რომ სამსახურია და ყოველ შაბათ-კვირას როგორც კი გაიღვიძებს, “იმედის დილას” რთავს და მიყურებს. ხანდახან გადაცემის მსვლელობის დროს მირეკავს კიდეც იმის სათქმელად, რომ გაიღვიძა და ვუყვარვარ. თინასთან საუბარს რეკლამის დროს ვახერხებ ხოლმე. სახლში დაბრუნებულს უკვე საკუთარ შთაბეჭდილებებს მიზიარებს ჩაცმულობასთან, მაკიაჟთან თუ ვარცხნილობასთან დაკავშირებით.

 ირმა ჭკუასელი, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019