,,ქმარი დიდი ბრძოლით მოვიპოვე და უაზრო ფლირტის გამო დავკარგე”

,,ქმარი დიდი ბრძოლით მოვიპოვე და უაზრო ფლირტის გამო დავკარგე"ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ ოჯახის გარეთ გაბმული მსუბუქი ფლირტი ხელს უწყობს ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობის განმუხტვას, უფრო მეტიც, გარკვეულწილად ეხმარება მათი გრძნობების განმტკიცებას, ანუ ცოლი და ქმარი სხვასთან თუ მსუბუქად შეიქცევენ თავს, ამით ოჯახურ რუტინას გაარღვევენ და ურთიერთობას უფრო მიმზიდველს, საინტერესოს გახდიან. მაგრამ ცხოვრებისეული მაგალითები გვიჩვენებს, რომ ფლირტს კარგი შედეგი არ მოაქვს, პირიქით, ცოლ-ქმარს შორის ეჭვი, უნდობლობა ითესება, რისგან თავის დაღწევა ურთულესია. შედეგი შეიძლება სავალალო, გამოუსწორებელი იყოს. ამაში ჩვენი რესპონდენტის, მაკოს, ისტორია დაგარწმუნებთ.

მაკო:

– დაჩი საინტერესო, ეშხიანი, შრომისმოყვარე ბიჭი იყო. ასაკობრივი სირთულეებიც ჰქონდა. უმამოდ გაზრდილი ნაადრევად კაცობდა, თვითდამკვიდრების ძიებაში ქუჩისკენ იწევდა. ამის გამო არაერთხელ წაუტეხავს ცხვირი.

დაჩისთან ვმეგობრობდი, სხვებზე მეტად მესმოდა მისი. მისი შინაგანი სამყარო თითქოს ხელისგულზე მედო, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარდა უფრო მეტად, ვიდრე უბრალოდ მეგობარი. დედამისი ამას გრძნობდა და კრიტიკულ მომენტებში მირეკავდა, დახმარებას მთხოვდა. იცოდა, თავს არ დავზოგავდი.

— დაჩი გიჯერებდათ?

– ხან ითვალისწინებდა ჩემს რჩევას, ხან – არა. ხმალამოღებული ვიდექი, სერიოზული შეცდომები რომ არ დაეშვა. გარდატეხის პერიოდი გადავლახეთ და დაჩიც შეუდგა თავისი ცხოვრების აღმართს, სტუდენტი გახდა, მეც ასევე… მაგრამ ახალი პრობლემის წინაშე დავდექი. დაჩი გოგოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ისინი ჩემზე ლამაზებიც იყვნენ და მოხერხებულებიც.

— დაჩის გაუმხილეთ, რომ გიყვარდათ?

– გრძნობას ვერ ვუმჟღავნებდი, მერიდებოდა. ისინი კი ლამის კისერზე ეკიდნენ. ეჭვიანობით ვინგრეოდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი.

ერთხელ დაჩის დედამ დამიბარა. მითხრა, შენზე მეტად ვერავინ უგებს ჩემს შვილს, მიყვარხარ, გაფასებ, მინდა, ერთად ააწყოთ მომავალიო.

— დაჩის დედის პოზიციამ სიყვარულისთვის ბრძოლის ჟინი გაგიჩინათ?

– ამიყოლია. ალიანსი შევქმენით, სამი წელი ერთად ვიბრძოლეთ, დაჩი რომ იმ გოგოებისგან გამოგვეხსნა. ბოლოს და ბოლოს შევუყვარდი. ბედნიერებისგან ცაში დავფრინავდი. თავისუფლებისმოყვარე ბიჭი ჩემთან ფისუნიად იქცა, მემორჩილებოდა, სულ მოფერებას მთხოვდა.

ვიქორწინეთ. შვილი მოგვიანებით შეგვეძინა. მანამდე მე და დაჩი სიყვარულით ვტკბებოდით და უშვილობა არ გვაღელვებდა. ჩემი დედამთილი კი წუხდა, წინ იხედებოდა, წლები არ გაგეპაროთო, სამკურნალოდ დავყავდით. ზედმეტი აქტიურობით, ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩარევით ჩემს გაღიზიანებას იწვევდა, თუმცა ვერაფერს ვეუბნებოდი. ვემორჩილებოდი, ქმარიც მე მომყვებოდა.

ბოღმამ, რაც გულში დამიგროვდა, ორსულობაში იჩინა თავი. ფეხმძიმე ქალმა, ტოქსიკურ მდგომარეობაში, შეიძლება აითვალწუნოს საგნები, საკვები, ადამიანებიც კი. ასე დამემართა დედამთილზე – რაღაცნაირად შემზიზღდა. ამას როგორ ვაგრძნობინებდი, სამაგიეროდ ვზრუნავდი, რომ ქმართან ერთად ცალკე მეცხოვრა.

ბავშვის გაჩენის შემდეგ, როგორც წესი, დედამ წამიყვანა თავისთან. დაჩი ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ არ რჩებოდა. ნახევარი წელი შემოვრჩი დედასთან.

— დედამთილთან სახლში დაბრუნება აღარ გინდოდათ?

– ასეა, დეიდაჩემის ბინაში გადავედი. დეიდა წლების წინ უცხოეთში წავიდა სამუშაოდ, ბინა ჩვენ დაგვიტოვა და იქ ქმარ-შვილთან ერთად გადავედი. დაჩი უპრობლემოდ გამომყვა. ჩვენს საქმეებში არავინ ერეოდა, ბედნიერები ვიყავით.

— დედამთილმა როგორ მიიღო დედისერთა შვილის წასვლა ოჯახიდან, არ გაგინაწყენდათ?

– შეგნებულად შეხვდა ამას. იმასაც ვიმიზეზებდი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, უქმრო ქალია, იქნებ სურს, თავის გემოზე იცხოვროს, ხელი რატომ შევუშალოთ-მეთქი.

ვიცი, არასწორად მოვიქეცი, დამნაშავე ვარ. ეგოიზმმა მძლია, არ გავუმართლე იმედები. ავითვალწუნე ქალი, რომელიც ზურგს მიმაგრებდა, ყოველმხრივ მხარში მედგა. განა მანვე არ დამაქორწინა, მანვე არ გამაჩენინა შვილიც?!

— თქვენი ურთიერთობა ქმართან როგორ წარიმართა, ნელ-ნელა პრობლემებმა იჩინა თავი?

– სამსახურით დავიტვირთეთ. ბავშვი სკოლაში შევიყვანეთ, ხან დედაჩემთან იყო, ხან დედამთილთან. ამგვარი ხელშეწყობით, წესით, ყველაფერი დალაგებული უნდა გვქონოდა, მაგრამ…

საქმე ის იყო, რომ დაჩის სოციალურ ქსელში თავისი გვერდი ჰქონდა, რომელიც დროს ართმევდა. სამსახურიდან დაბრუნებული ისე ჩაერთობოდა ინტერნეტში, თავს არ იღებდა. ყურადღებას რომ მაკლებდა, მწყინდა. მეც მომინდა გვერდის გახსნა, მაგრამ არ დამანება, ცუდ ინფორმაციებს დებენ, რა საჭიროა, ზედმეტად დაიტვირთოო.

აკრძალვამ დამაეჭვა. ვცდილობდი, ჩამეჭყიტა ეკრანში, როცა კომპიუტერთან იჯდა. ზოგჯერ ლამაზი გოგოების ფოტოებს მოვკრავდი თვალს. არ მომწონდა, ჩემი ქმარი რომ უყურებდა. დროდადრო “ჩათაობდა” კიდეც. მეუბნებოდა, საქმეზე ვწერო, მაგრამ არ მაკარებდა.

ეჭვიანობა გულს მიღრღნიდა. მერე ვიეშმაკე და ქმრისგან მალულად მეც შევქმენი გვერდი სოციალურ ქსელში – ჩემი კი არა, გამოგონილი სახელით. უცხოელი მოდელის ფოტოები დავდე, ვითომ მე ვიყავი. დაჩი დავიმეგობრე და ვეცადე, მასთან პირადი მიმოწერა გამება.

— მერე, როგორ მოიქცა დაჩი – ეჭვი გაგიმძაფრათ თუ გაგიქარწყლათ?

ერთხელ მიპასუხა ზრდილობისთვის, მაგრამ საუბარში არ ამყვა, ვერ წამოვაგე ანკესს. იმით დავკმაყოფილდი, რომ დაჩის გვერდს მაინც ვაკონტროლებდი. საეჭვოს ვერაფერს ვპოულობდი. ჩემი და შვილის ფოტოებიც ედო. ამ მხრივ, გული დავიწყნარე, მაგრამ სხვა პრობლემის წინაშე დავდექი. ბუნებით აზარტული ვარ, სოციალურმა ქსელმა ჩამითრია.

უცხო ბიჭები მეგობრობის თხოვნას მიგზავნიდნენ. უზრდელებს ვშლიდი. ერთი ბიჭი დამიმეგობრდა, პირადში მწერდა. თავაზიანი ჩანდა და პასუხებს ვუბრუნებდი, ასე ვთქვათ, “ვჩათაობდით”. რაკი სხვა გოგოს სახელით ვიყავი, გავთამამდი. ის ბიჭი ისე მომეჩვია, დღე არ გავიდოდა, რამე არ მოეწერა. კომპლიმენტებს არ იშურებდა და მეც ვიფერებდი, როლში შევედი.

— ცალკე ქმარს ატყუებდით და ცალკე იმ ბიჭს, სხვისი სახელით რომ ინიღბებოდით?

– ის ბიჭი არ ტყუვდებოდა. ერთხელ მომწერა, გთხოვ, შენი ნამდვილი ფოტო გამომიგზავნე, მაინტერესებს, როგორი ხარო. სახელი და გვარი არ გავუმხილე, თუმცა ჩემი ფოტო გავუგზავნე – არც იმდენად ლამაზი ვარ-მეთქი. ისიც მივწერე, ქმარი რომ მეკონტროლებინა, გვერდი იმიტომ გავხსენი-მეთქი.

ღიმილაკები გამომიგზავნა – მთავარია, დარწმუნდი, რომ ქმარი არ გღალატობსო. ჩემს ფოტოსთან დაკავშირებით კი მომწერა, ბუნებრივი სილამაზე გქონია, თავიდანვე ასე ვფიქრობდი, იმ ხელოვნურად ლამაზი გოგოს ფოტოებს რომ დებდიო. ათი დღე დაიკარგა, აღარ შემოსულა ქსელში. მეგონა, დამემშვიდობა.

მერე განაახლა მიმოწერა, აქტიურობდა, სხვა ფოტოებსაც მთხოვდა. ცხადია, აღარ ვუგზავნიდი, რა საჭირო იყო, თავსაც ვიზღვევდი, თუმცა მისი ქათინაურები მსიამოვნებდა.

— გათხოვილი ქალი ასე რომ მიეჯაჭვეთ ვირტუალურ მეგობარს, რა გიზიდავდათ მასში, რას ელოდით იმ ურთიერთობისგან? ეს ცეცხლთან თამაშს არ ჰგავს?

– ის ბიჭი ჩემგან იღებდა რაღაც ენერგიას, დადებით მუხტს. მეც იმავეს ვგრძნობდი მისგან. ზოგჯერ ვფიქრობდი, გვერდი დამეხურა, მაგრამ… ფლირტი თავდაჯერებას მმატებდა, თავს ლამაზ ქალად ვგრძნობდი.

ჟურნალში წავიკითხე, ეჭვიანობა თავდაჯერების არქონის გამოხატულებააო. გაგიკვირდებათ და, იმ ბიჭთან ფლირტის შემდეგ ქმრის მიმართ ეჭვიანობა მომეხსნა. აღარ მეშინოდა, რომ დაჩის ლამაზი გოგოები აცდუნებდნენ. ქმართან სხვანაირი ქალი გავხდი. მოსწონდა, გაოცებით მიყურებდა, ნუთუ ეს შენ ხარო.

ჩემმა ახლო მეგობარმა, სოფომ, იცოდა ჩემი ამბები. მეჩხუბებოდა, გააუქმე ეგ გვერდი, მაგ ბიჭთანაც დაასრულე ურთიერთობა, ქმარმა არ გაგიგოსო. გვერდი მაინც ვერ დავხურე. დაჩისთან სიფრთხილეს ვიჩენდი. იმ ბიჭთან მეგობრობასაც ვერ შეველიე, განა იმიტომ, რომ მომწონდა, მისი კომპლიმენტები სხვაგვარად მავსებდა. მის გარდა ჩემთვის არავის უთქვამს, ლამაზი ხარო.

— არც ქმარს?

– დაჩის არ სჩვევია კომპლიმენტები. მარტო ის მოსწონს, მას თუ შეაქებ. საკუთარი თავის ფასი იცის. ფიზიკურად ჩემზე ლამაზია – ეს კომპლექსი ყოველთვის მაწუხებდა და იმ ბიჭმა დამაძლევინა, ამიტომაც ვერ ვიმეტებდი. ზედმეტი არაფერი მიმიწერია. უბრალოდ ერთმანეთს მივეჩვიეთ.

— ქმარი ვერაფერს ხვდებოდა?

– როცა მიხვდა, მაშინ დამთავრდა ჩვენი თანაცხოვრება. იმ ღამით დაჩიმ შინ მოსვლა დააგვიანა. ბოლო ხანებში იგვიანებდა ხოლმე. მე კი იმის ნაცვლად, რომ ქმარი მეკონტროლებინა, იმ ბიჭთან მიმოწერით ვიქცევდი თავს. ლეპტოპთან ჩამეძინა. გახსნილი დამრჩენია გვერდი. მოულოდნელად დაჩიმ ნახა, გაგიჟდა და ლეპტოპი დამიმსხვრია.

ვეცადე, ამეხსნა, მაგრამ არ მომისმინა, სილა გამაწნა. მერე სახლიდან გავარდა, დედამისთან წავიდა.

— რომ დარჩენილიყო, რით იმართლებდით თავს?

– არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს მოვუყვებოდი, როგორ მოხდა, როგორ დაიწყო. მოვინანიებდი, პატიებას ვთხოვდი. არ დამცალდა, ახლოს არ გამიკარა, მომიძულა.

არ ვიცი, რა საუბარი შედგა დედა-შვილს შორის. დედამთილს ჩვენი ოჯახის დანგრევა არ უნდა, მაგრამ ვგრძნობ, ისეთი ძალით ვეღარ მიდგას გვერდში, როგორც ადრე, თავშეკავებით იქცევა. თანადგომას და გაგებას როგორღა მოვთხოვ, როცა მე თვითონ ავითვალწუნე, ცუდად მოვექეცი.

— დაჩიმ არც დროთა განმავლობაში მოგცათ მონანიების საშუალება?

– წელიწადზე მეტია არ მეკონტაქტება. ბავშვთან აქვს ურთიერთობა, დედამისს მიჰყავს ხოლმე. ერთხელ დედამთილმა სიტყვა გადამიკრა (ამით თითქოს მათრახი გადამაწნა) – გადავრჩით, დაჩიმ სხვისი შვილი რომ არ მოკლა (ჩემს ვირტუალურ მეგობარს გულისხმობდა), ამისთვის მთელი ბრძოლა დამჭირდაო.

მაინც არ მგონია, დაჩი დარწმუნებული იყოს ჩემს ღალატში. ტყუილს და თავზე გადახტომას ვერ მპატიობს. ამას წინათ საშინელი ამბავი გავიგე, დაჩი სხვა ქალთან დადისო. კინაღამ მოვკვდი. რა აღარ ვიფიქრე – იქნებ მაშინაც რომანი ჰქონდა, შინ მოსვლას რომ აგვიანებდა, იქნებ მაგიტომ არ უნდოდა სოციალურ ქსელში ჩემი ჩართვა…

ფაქტია, რომ ვერ გამოვიჩინე ქალური ჭკუა და სხვა ბიჭთან ჩემი უაზრო ფლირტით ოჯახი დავანგრიე, საყვარელი ქმარი დავკარგე, მის თვალში დავკნინდი, სახელი გავიფუჭე. ჩემი შვილის მამა, რომლის ადამიანად, კაცად ჩამოყალიბებაში ამდენი შრომა ჩავდე, ჩემი უტვინობით სხვა ქალს დავუთმე.

— ვირტუალურ მეგობართან ურთიერთობა შეწყვიტეთ თუ გააგრძელეთ?

– იმ ბიჭს მივწერე, ქსელიდან გავდივარ, ოჯახი მენგრევა-მეთქი. მეხვეწა, არ დამეკარგო, შევხვდეთ და რეალური ურთიერთობა დავიწყოთ, შემიყვარდიო. რა გამოვიდა იმ ფლირტიდან – ქმარი დავკარგე, იმ ბიჭს კი შევუყვარდი ან შეიძლება უბრალოდ მომეჯაჭვა, არ ვიცი.

მაშინვე გავაუქმე გვერდი. ვნანობ, თუ მართლა შევაყვარე თავი, მიზანმიმართულად არ გამიკეთებია, ნამდვილად არ მდომებია. ყველაფრის მიუხედავად, დაჩი მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. სიყვარული, რომელიც თავის დროზე ბრძოლით მოვიპოვე, ერთი ხელის მოსმით, უტვინოდ დავკარგე, არაფრის გულისთვის. რაღაც სისულელის გამო ყველაფერი წყალში ჩავყარე.

ნანა კობახიძე, სარკე