ნატო ონიანი: “შევარდნაძე მარტოხელა მოთამაშე იყო”

ნატო ონიანი: "შევარდნაძე მარტოხელა მოთამაშე იყო"ნატო ონიანი – ეს სახელი და გვარი ბევრს გაახსენებს ძალზე საინტერესო პერიოდს ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულიდან, როცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ საქართველოში ყველაფერი ახალი იყო, საბჭოთა რეჟიმისგან თავდაღწეული საზოგადოება თავისუფლებას სწავლობდა, ყველაფერი, რაც ახლა ასე თუ ისე განვითარებულია, როგორც ინსტიტუტი, შემდგარია, მაშინ იდგამდა ფეხს და მათ შორის – დამოუკიდებელი ჟურნალისტიკაც. ნატო ონიანი თავისი საავტორო გადაცემით “ტაიმ აუტი” ამ მოვლენების ცენტრში ტრიალებდა.

– ქალბატონო ნატო, ცნობილი გამოთქმაა, რომ ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ. თქვენ დიდი ხანია, აღარ მუშაობთ რადიოსა და ტელევიზიაში და შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს გამოთქმა თქვენზეც ვრცელდება? საერთოდ რას ნიშნავს ეს პროფესია თქვენთვის?

– ჟურნალისტიკა არის ცხოვრების წესი. არა მხოლოდ პროფესიაა, შენი გონება 24 საათის განმავლობაში მომართულია იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაცია მიიღო. თუ მართლა ჟურნალისტი ხარ, ვერასდროს ისვენებ.

ქართული ჟურნალისტიკა 200 წლის გახდა. დიდი მადლობა იმ თაობას, რომელმაც გაუძლო და ახერხებდა, მკითხველამდე, მსმენელამდე, მაყურებლამდე მიეტანა სათქმელი. დღეს ვხედავ, რომ ზოგიერთი მედია, ფინანსების გამო, სარედაქციო პოლიტიკას ცვლის, არადა ძველი თაობის ჟურნალისტები სიცოცხლეს რისკავდნენ და ოჯახს საფრთხის ქვეშ აყენებდნენ თავისუფალი სიტყვის დასაცავად.

მართალია, ბევრი სირთულეა ამ პროფესიაში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მედია გახდება ისეთი, როგორიც გვინდა, გაცილებით უფრო პროფესიონალური და თავისუფალი. რაც შეეხება ყოფილ ჟურნალისტებს, მეც გეთანხმებით, რომ ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, არსებობენ ყოფილი ფიზიკოსები ან მათემატიკოსები?! თუ ჟურნალისტი ხარ, იქნები ბოლომდე.

– თქვენი ანალიტიკური გადაცემა “ტაიმ აუტი” გასული საუკუნის ბოლოს და მიმდინარე საუკუნის დასაწყისში გადიოდა “პირველი არხის” ეთერში.  გაიხსენეთ ის პერიოდი.

– ჩემი გადაცემა იყო პირველი ანალიტიკური ხასიათის სატელევიზიო პროექტი. დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამ ყველაფერზე მუშაობა. როცა ჩავთვალე, რომ რაღაც სიტუაციაში ზედმეტად შევეჩვიე მიკროფონსა და კამერას, 1995-1998 წლებში ჩემი ნებით ავიღე ტაიმ აუტი. შემდეგ, როცა ჩავთვალე, რომ ეკრანზე უნდა დავბრუნებულიყავი, დავბრუნდი.

შემდეგ მქონდა იძულებითი შესვენებაც, ეს იყო 2003 წელს, როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა. გულწრფელად გეტყვით, მას შემდეგ, რაც გადაცემა გამიჩერეს, არ მეძინა იმაზე ფიქრით, როდის დავბრუნდებოდი ეკრანზე. ჩემი ცხოვრება არ იწყება და არ მთავრდება მხოლოდ ჟურნალისტიკით. ვთვლი, რომ პროფესია უნდა იყოს ადამიანის შემადგენელი ნაწილი. ადამიანი იზრდები, ვითარდები, რაღაცები იცვლება.

– როგორები იყვნენ რესპონდენტები წლების წინ, როცა თქვენ მუშაობდით მათთან?

– მე ინტერვიუები მქონდა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან. ეს იმხელა ფარი იყო ჩემთვის, რომ ჩემს გადაცემაში ცხვირის ჩაყოფა არავის უცდია. ასევე იმ დროს ითვლებოდა, რომ მე ვისაც ჩავწერდი, შემდეგ აუცილებლად დაწინაურდებოდა.

ერთხელ გადაცემაში მჭირდებოდა პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი, რადგან მას შეეძლო იმ კონკრეტულ საკითხზე პასუხი გაეცა და ჩავწერე ინტერვიუ. გადაცემის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში ეს ადამიანი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. მომდევნო კვირაში ჩავწერე სხვა დეპუტატი და მერე ისიც დანიშნეს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ამის შემდეგ, როცა პარლამენტში მივიდოდი მიკროფონით, რესპონდენტების რიგი დგებოდა. ეგონათ, რომ რაღაც ვიცოდი. ნეტა, მცოდნოდა, უბრალოდ მიმართლებდა.

შევარდნაძე, რომელიც საკუთარ ოჯახს და თანამებრძოლებს არ ეუბნებოდა არაფერს, მე რას მეტყოდა?! წლებიც ზოგადად საინტერესო იყო მაშინ. ყველაფრის თქმის უფლება იყო, თავისუფლების მაღალი ხარისხი იყო.

– რას გაიხსენებდით ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთობიდან, როგორი იყო ის კადრმიღმა?

– ამ ადამიანს ჰქონდა ერთი თვისება – ის იყო მარტოხელა მოთამაშე ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკაშიც, რაც, ვერ გეტყვით, რომ მისი პოლიტიკური გუნდისთვის საინტერესო იყო. გადაცემის დასაწყისში მას ვეუბნებოდი, რომ ამ თემებზე გავესაუბრებოდი. არასოდეს უკითხავს კონკრეტულად კითხვები, არასდროს მეუბნებოდა ღიად, ეს კითხვა არ მომეწონაო, მაგრამ სახეზე ეტყობოდა.

იცით, რატომ არ მეტყოდა ამას ღიად? წლების შემდეგ ეს რომ არ მომეყოლა, თუნდაც ჟურნალისტებისთვის. ამ ადამიანს ჰქონდა თავშეკავების დიდი უნარი. მახსენდება, ერთ-ერთი გადაცემის წინ იკითხა, ჩაი რატომ არ არისო და მთელი ტელევიზია კვდებოდა სიცილით, პრეზიდენტს ჩაის რატომ არ ასმევთო.

– აქამდე პროფესიასა და თქვენს განვლილ კარიერულ გზაზე ვისაუბრეთ. ახლა ოჯახურ ცხოვრებაზეც გვიამბეთ.

– ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის. მყავს მეუღლე, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია. ძალიან მიყვარს საოჯახო საქმეები, ოღონდ დაუთოება – არა, ფსიქოლოგიურად ვემზადები ხოლმე ამისთვის. რაიმე კარგ სერიალს ვარჩევ და იმაზე გადამაქვს ყურადღება, თან ვაუთოებ. ზოგადად კერძების მომზადება ძალიან მხიბლავს და მომწონს.

– ამჟამად სად მუშაობთ?

– ორ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს, ასევე ვარ მთავრობის კანცელარიაში, ერთ-ერთი სამსახურის მედიამენეჯერი ვარ.

– ხომ არ გეგმავთ ისევ ეკრანზე დაბრუნებას?

– არ ვიცი. თუ თავში გამიჩნდება რაიმე იდეა და მეორე მხრიდანაც იქნება ინტერესი… გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის მთავარია, ვინც მიყვარს, დიდხანს და ჯანმრთელად მყავდეს. ვფიქრობ, მეტი პრობლემა ამ ქვეყანაში არაფერია.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019