“მშობლები რომ დამესაჯა, პირველად უსიყვარულოდ გავთხოვდი, მერე კი სიყვარული ვიპოვე”

"მშობლები რომ დამესაჯა, პირველად უსიყვარულოდ გავთხოვდი, მერე კი სიყვარული ვიპოვე"მოზარდების ნორმალური განვითარებისა და მათი პიროვნების ფორმირებისათვის უმნიშვნელოვანესია ატმოსფერო სახლში, ოჯახის წევრებს შორის კეთილგანწყობა და სიმშვიდე. ისინი განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქვამენ ოჯახში ნებისმიერ განხეთქილებას, დაძაბულობას, დაპირისპირებას, მშობლებს შორის უთანხმოებას. სამწუხაროდ, ზოგჯერ უფროსებს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ თავიანთი პრინციპების, ხასიათის, ჩვევების დემონსტრირება, ვიდრე მოზარდებისთვის მშვიდი გარემოს შექმნა, მათი ნერვული სისტემის გაფრთხილება.

ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ქალი მაია, ოჯახურ დავიდარაბაში გაიზარდა. მოზრდილ ასაკში კი დაუშვა შეცდომა, რომელსაც ბავშვობის წლებში მიღებულ ტრავმას უკავშირებს:

– ბავშვობიდან ბედნიერებისკენ ვისწრაფვოდი, სიმშვიდე და სილაღე მხიბლავდა და ასეთ ბავშვებთანაც ვმეგობრობდი. თავს ვარიდებდი მათ, ვინც დაძაბულობას შემიქმნიდა. სიცოცხლე და ცხოვრება მიყვარდა მთელი თავისი გამოვლინებებით. მასწავლებლები კომფორტულ ბავშვს მეძახდნენ. სადაც მივდიოდი, ყველგან სიხალისე შემქონდა. ჩემთან ურთიერთობას ეშურებოდნენ.

– ოჯახშიც ასეთი კეთილასურველი გარემო გქონდათ?

– რაც უნდა წარმოუდგენლად გეჩვენოთ, ასე არ იყო. ჩემს ოჯახში მძიმე სიტუაცია სუფევდა. ეს ძირითადად ქალების ურთიერთობიდან გამომდინარეობდა. დედა რომ გათხოვდა, ოჯახში ორი დედამთილი დახვდა – მამაჩემის დედა, ნელი და მამაჩემის ბებია, კატუშა.

ნელის და კატუშას შორის მუდმივი ბრძოლა იყო გაჩაღებული. ერთმანეთისთვის რძალ-დედამთილი იყვნენ. ნელი ბებო აქტიური ქალი გახლდათ, ოჯახის სადავეები ეპყრა ხელთ. კატუშა ბებო კი თითქოს თავისთვის იყო, თუმცა ბევრ თავისებურებას ამჟღავნებდა. სულ თავის ოთახში იყო – ხან ქსოვით იქცევდა თავს, ხან რომანებს კითხულობდა, ხან ტელევიზორს უყურებდა. საოჯახო საქმე არ ევალებოდა, არ მახსოვს, სადილი მოემზადებინოს. ოთახიდან მხოლოდ საჭიროებისთვის გამოდიოდა, მაგრამ, აი, მაშინ იწყებოდა ნამდვილი ომი. ცოტაღა აკლდათ, ხელჩართულ ბრძოლაში გადასულიყვნენ.

დედაჩემი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა. აღარ იცოდა, რა ექნა. ერთს თუ დაელაპარაკებოდა, მეორეს სწყინდა. ერთმანეთთან ურთიერთობას დედაჩემის თანდასწრებით არჩევდნენ და მხარდაჭერას სთხოვდნენ, დამიდასტურე, ხომ ვარ მართალიო. დედას ხათრიანი ბუნება ჰქონდა. შინაომებმა მისი ნერვები შეიწირა, იტანჯებოდა.

– ბებოებს თქვენდამი როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, არც თქვენ გერიდებოდნენ?

– ერთადერთი შვილიშვილი ვიყავი და ჩემს თავს ვერ იყოფდნენ. ეჭვიანობდნენ და ჩემ გამოც გესლავდნენ ერთმანეთს. მე კი ორივე თანაბრად მიყვარდა, ვერ გამოვყოფდი. კატუშა ბებომ 90 წელზე მეტხანს იცოცხლა, ღმერთმა აცხონოს.

– ოჯახის წევრის გარდაცვალება ცოცხლად დარჩენილებში თავისებურ კათარზისს იწვევს. თქვენს ოჯახში სიტუაცია არ შეიცვალა?

– ასე დაემართა ნელიკო ბებოსაც, რაღაცნაირად სათნო გახდა, თუმცა ამ მდგომარეობამ დიდხანს არ გასტანა. იმდენად იყო მიჩვეული დედამთილთან ჭიდილს, რომ მისმა გარდაცვალებამ ეს ჩვევა არ დაავიწყა. დროთა განმავლობაში ახალი ძალით იფეთქა და მერე დედაჩემს დაუწყო სისხლის გაშრობა. დედა ითმენდა და იტანჯებოდა. თუ რამეს ეტყოდა ბებოს (თავაზიანობის ფარგლებში), ის წამოაძახებდა ხოლმე – ჩემს ვაჟს უკეთესი გოგოები ეძლეოდნენ, მე კი შენზე გავაკეთე არჩევანი და ასე მიფასებო.

დედა თავს ხრიდა, თითქოს უმადურობაზე წაასწრეს და ამ ოჯახში მისი გათხოვება ზედმეტი პატივი იყო. ამის ყურება არ შემეძლო, ბებოს ვეპასუხებოდი. ამის გამო მტუქსავდა. დედაც მეუბნებოდა, რომ წესიერი ბავშვები ბებიებს არ ეჩხუბებიან. რომ გავიზარდე, დედის მიმართ პროტესტის განცდა გამიჩნდა, შინაგანად დავუპირისპირდი.

– დედისგან რას ითხოვდით, რას ემართლებოდით?

– ვფიქრობდი, რომ არაფერს აკეთებდა თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

– თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეეძლო? ხასიათს ვერც თავს შეუცვლიდა და ვერც სხვას, მით უფრო, ასაკოვან ქალს.

– მინდოდა, ძალა ეჩვენებინა დედამთილისთვის, მაგრად დასდგომოდა. ვერ ვიტყვი, რომ დედას ბრძოლის უნარი არ ჰქონდა, ოჯახის გარეთ ამას ამჟღავნებდა, სახლში ნებდებოდა. მიეჩვია მსხვერპლის როლში ყოფნას, რაც მაღიზიანებდა.

– მთელ ამ ოჯახურ დავიდარაბაში მამა არ გიხსენებიათ. განზე იდგა თუ?..

– მამა სამსახურის კაცი იყო. მთელი დღე მუშაობდა, შინ დაბრუნებულს კი ცოლი და დედა თავს ევლებოდნენ, მათი მთავარი საზრუნავი იყო. ვერ ვიტყვი, რომ მამა არ შესწრებია ნელის ზედმეტობებს, მაგრამ რაკი ცოლი უჩუმრად იტანდა, მამაც ყურადღების მიღმა ტოვებდა. მხოლოდ მაშინ შეუტევდა ქალებს, თუ მათი ხმაური საინფორმაციო გადაცემების ან ფეხბურთის ყურებაში ხელს უშლიდა. თანაც ბავშვობიდან მიჩვეული იყო კატუშას და ნელის ბრძოლებს, ამიტომ უკვე აღარაფრად მიაჩნდა. მთავარი იყო, თვითონ არ შეწუხებულიყო.

– დედის მიმართ რომ გაგიჩნდათ პროტესტი, რატომ მამას არ სთხოვდით, მოეგვარებინა პრობლემა?

– ოჯახის სხვა ქალების მსგავსად, მეც მიჩვეული ვიყავი, რომ მამა არ უნდა შემეწუხებინა. მას თავისი საქმე ისედაც თავზესაყრელად ჰქონდა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და ამას პირნათლად ართმევდა თავს.

– საოცარია, ასეთი ოჯახიდან გამოსული ბავშვი გარეთ როგორ ინარჩუნებდით ხალისს, სილაღეს.

– ასეთი ბუნება მაქვს. საკმარისი იყო, ოჯახს გავცდენოდი, რომ ის პრობლემები უკან რჩებოდა. სკოლაში, მეგობრებში საკუთარ თავს ვპოულობდი, ჩემი ნამდვილი “მე” იღვიძებდა. თანაც არ მიყვარს სხვისთვის ჩემი პრობლემების თავს მოხვევა. ის, რაც შენია, შენთან უნდა დარჩეს, შენი მოსავლელი და მისახედია. ეს თუ შენს ძალებს აღემატება და არ შეგიძლია, სხვა მაინც არ უნდა დათრგუნო შენი საწუხარით.

– დედის მიმართ პროტესტი რა ფორმით გამოხატეთ?

– მოზარდი განსაკუთრებით მგრძნობიარედ რეაგირებს მძიმე ოჯახურ სიტუაციებზე. ზოგმა შეიძლება გაქცევაზე იფიქროს, ზოგმა თვითმკვლელობაზეც, რომ ამით დასაჯოს ოჯახის წევრები… რაკი სიცოცხლის მოყვარული ვიყავი, სუიციდის მცდელობა არ მქონია.

– ოჯახიდან გაიქეცით?

– სკოლა რომ დავამთავრე, მალევე გავთხოვდი – ეს იყო ჩემი “გაქცევა”. მშობლების უკითხავად გადავდგი ნაბიჯი. გავყევი სოსოს, რომელსაც ვუყვარდი. რამდენიმე წლით უფროსი იყო. დამდევდა. ჩემთვის იმ ასაკში სიყვარული უცხო ხილი იყო. ასეც რომ არ ყოფილიყო, სოსო მაინც არ მომწონდა. არც ჩემებს მოსდიოდათ თვალში. ახლობელი მიუგზავნეს და შეუთვალეს, ჩემი დევნისთვის თავი დაენებებინა. ისიც გაჩერდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ერთხელაც რეპეტიტორიდან დაბრუნებული ოჯახში მორიგი სცენის შემსწრე აღმოვჩნდი… გავმწარდი და გარეთ გავვარდი. არ ვიცოდი, რომელ მეგობართან წავსულიყავი. იმ მომენტში ჩემთვის არავის ეცალა. ბედად, სოსო შემხვდა და ვუთხარი, იმ ხასიათზე ვარ, მინდა, სადმე გადავიკარგო და, თუ შეგიძლია, წამიყვანე-მეთქი. დაუფიქრებლად წამიყვანა.

იმ წუთას არაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები დამესაჯა. ტვინი ამომიბრუნდა, ვიფიქრე, რომ ჩემი გათხოვება მათთვის ყველაზე მძიმე სასჯელი იქნებოდა.

– ამით საკუთარ თავსაც გამოუტანეთ განაჩენი?

– რა თქმა უნდა, თავი დავისაჯე. ეს იყო ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩავიდინე. 17 წლის მოზარდი იმპულსურობისგან დაზღვეული არ არის, ყოველთვის ვერ მოსთხოვ, გონივრულად მოიქცეს. მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ცხოვრების კეთილგონიერად წარმართვაში და პროვოცირება არ უნდა გაუწიოს მის უგუნურ საქციელს.

ოჯახში იცოდნენ, რომ ჩემთვის აუტანელი იყო ის სიტუაცია, პლუს აბიტურიენტობისას ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, მაგრამ მაინც არ გამიწიეს ანგარიში, საკუთარი ხასიათი და პრინციპები ჩემზე წინ დააყენეს და შედეგმაც თავი იჩინა.

– ოჯახის წევრები მძიმედ შეხვდებოდნენ თქვენს შოკისმომგვრელ საქციელს.

– მათთვის ეს კატასტროფა იყო, სიკვდილის მსგავსი! იმ წელს არც უმაღლესში ჩავაბარე. აღმოვჩნდი არცთუ ისე ცუდ ოჯახში, მაგრამ ვერავის მოვერგე – ვერც ქმარს და ვერც მის მშობლებს. გარეგნულად არ ვიმჩნევდი, თავი ისე მეჭირა, თითქოს კმაყოფილი ვიყავი ჩემი ბედით, მაგრამ…

თურმე ადამიანმა კატასტროფა უნდა გადაიტანო, რომ გონს მოეგო და ცხოვრების სტილი შეცვალო. ამან ჩემი ოჯახის წევრების ტრანსფორმაცია მოახდინა. თურმე შესძლებიათ შეხმატკბილებულად თანაარსებობა. ბებო დედას დაუტკბა, დედასაც მსხვერპლის როლი მოეხსნა.

– მათი ურთიერთდამოკიდებულება კი შეცვალეთ, მაგრამ თქვენი პირადი ცხოვრება ხომ დიდი რისკის ქვეშ დააყენეთ. როგორ შეძელით, გეცხოვრათ იმ ბიჭის გვერდით, რომელიც არ გიყვარდათ?

– ასეთი ოპტიმისტური ბუნება რომ არ მქონოდა, შეიძლებოდა ფატალური შედეგით დასრულებულიყო ყველაფერი. ასე რომ, არავის ვურჩევ პირადი ცხოვრებით გარისკვას.

რამდენიმე ხნის შემდეგ სოსოც მიხვდა, რომ ერთმანეთისთვის არ ვიყავით შექმნილი და გავიყარეთ. შეთანხმებითაც რომ მოხდეს, გაყრა არცთუ მარტივი პროცესია, ისევე, როგორც ქორწინება, თუმცა ესეც უკან დარჩა.

– მშობლების ოჯახში დაბრუნდით?

– ცხადია, დამაბრუნეს და მას შემდეგ თვალებში მიყურებდნენ, ჩემზე იყვნენ ორიენტირებულები, რამე არ მწყენოდა. მერე უმაღლესშიც ჩავაბარე და წარჩინებითაც დავამთავრე.

– პირადი ცხოვრება როგორ წარიმართა?

– ჩემმა ოპტიმისტურმა ხასიათმა და ბედნიერებისკენ სწრაფვამ გზა გამიკაფა. შევხვდი ადამიანს, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარი. გიგა ჰქვია. ქორწინებით ჩვენც გავბედნიერდით და მშობლებიც გავახარეთ. ცალკე ვცხოვრობთ, თუმცა ჩემებთანაც ხშირად მივდივართ. შვილების გაზრდაში მეხმარებიან.

მე და გიგას ორი შვილი გვყავს და მესამესაც ვგეგმავთ. მინდა, მრავალშვილიანი დედა გავხდე. ქმარი უაღრესად პოზიტიური ადამიანია. არასდროს მახსენებს წარსულს. ეს მისთვისაც ისევე მტკივნეულია, როგორც ჩემთვის, ამიტომ ტაბუ დაადო და ამისთვის მადლობელი ვარ.

– შვილების აღზრდისას, ცხადია, გაითვალისწინებთ იმ შეცდომებს, რაც თავის დროზე თქვენი ოჯახის წევრებმა ჩაიდინეს.

– სხვაგვარად შეუძლებელია. მინდა, ჩემი შვილები ოჯახურ იდილიაში გაიზარდონ და ამისთვის ყოველგვარ პირობას ვუქმნით.

 ნანა კობახიძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019