მარინა სალუქვაძე: “ზაზას პრობლემები რომ გადავლახეთ, მერე მე გავხდი მისახედი”

მარინა სალუქვაძე: "ზაზას პრობლემები რომ გადავლახეთ, მერე მე გავხდი მისახედი"“სარკის” ერთგულ მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილისა და ჟურნალისტ მარინა სალუქვაძის წყვილი 8 წლის წინ შედგა. მათ დიდ სიყვარულთან ერთად ბიზნესი და შემოქმედებითი მუშაობა აკავშირებთ. ერთად მართავენ ბარს, მარინა ზაზას მუსიკალური ნაწარმოებების ტექსტების ავტორიცაა და ზაზას მუსიკაზე დადგმული სპექტაკლების პროდიუსერიც.

ცოტა ხნის წინ წყვილის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. მარინამ ჯერ საყვარელი მამა, ცნობილი მეცნიერი მინდია სალუქვაძე დაკარგა. შემდეგ კი ჯანმრთელობის პრობლემები ზაზას შეექმნა და სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. ამის მთავარი მიზეზი ზაზას ემოციურობა გახდა – ექიმებისგან მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, მუსიკოსს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს.

მარინამ “სარკესთან” გულახდილად აღნიშნა, რომ განცდილმა ძალიან დაღალა, თუმცა ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს. ცოლ-ქმარს დიდი გეგმები აქვთ.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ ზაზა საავადმყოფოში მოხვდა და სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. რა მოხდა რეალურად?

ზაზა: სასწრაფოდ დამჭირდა სტენტირება, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩემი სისხლძარღვები არცთუ კარგ მდგომარეობაში იყო. ამის მიზეზი ბევრი რამ არის – ნერვიულობა, სტრესი, არასწორი ცხოვრების წესი. ძალიან განვიცდი იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ვერაფრით შევეჩვიე იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ყველაფერმა კი ცუდი შედეგი გამოიღო.

– განსაკუთრებით რომელი პრობლემები გაღელვებთ?

ზაზა: პირველ რიგში, ყველაზე მეტად ერთობის დეფიციტს განვიცდი, რაც არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკვე მრავალი წელია ერთი და იმავე ადგილს ვტკეპნით. უკვე 8 წელზე მეტია ამერიკიდან ჩამოვედი, მაგრამ მაინც ვერ მივეჩვიე ჩვენი საზოგადოების ცხოვრების პრინციპებს. ადამიანების ურთიერთობის მაღალი ხარისხი იყო იქ და უფრო მეტი სითბო იყო, ვიდრე საქართველოშია. არადა ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ქართველები ძალიან თბილები ვართ, მე ეს სითბო აქ ვერ დავინახე.

– მარინა როგორ შეხვდა იმ ფაქტს, რომ თურმე სერიოზული მკურნალობა გჭირდებოდათ?

ზაზა: მარინამ, სტენტირების გარდა, ყველაფერი გამიკეთა. ისიც ალბათ ექიმებმა არ მისცეს ამის საშუალება, თორემ ამასაც საკუთარ თავზე აიღებდა. მარინა ასეთ სიტუაციაში ძალიან მობილიზებული აღმოჩნდა. 24 საათიან რეჟიმზე იყო გადასული, საკუთარი თავი არც ახსოვდა. ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა და ჯერ ეს ტრაგედიაც არ ჰქონდა ბოლომდე განელებული, რომ აქეთ მე შევუქმენი სანერვიულო. არ ვიცი, სად იპოვა ეს ენერგია, მაგრამ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო ჩემს ჯანმრთელობასა და კომფორტზე.

მარინა: ყველაფერი უკან ჩამოვიტოვეთ, პრობლემები გადავლახეთ და ახლა მე ვარ მისახედი. იმ რთულ მომენტში, როდესაც ზაზას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მთელი ჩვენი სამეგობრო გვერდში დაგვიდგა.

ზაზა: როგორც მითხრეს, კლინიკის ექიმები გაკვირვებულები იყვნენ, რადგან უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხალხი მოვიდა იმისთვის, რომ გაერკვიათ ჩემი მდგომარეობა და დახმარების სურვილი გამოეთქვათ. დიდი მადლობა ღმერთს და ამ ხალხს იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში არიან.

– ქალბატონო მარინა, რამდენიმე თვის წინ მამა გარდაგეცვალათ. როგორი იყო თქვენი ურთიერთობა, რას გაიხსენებდით მამაზე?

მარინა: დიდი სიკეთე და პასუხისმგებლობა დამიტოვა მამამ. ის არ იყო ჩვეულებრივი მამა, გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. 3 წლის იყო, როდესაც 1937 წელს დედა, მამა და ბიძა დაუხვრიტეს. ის და მისი უფროსი ძმა მამიდამ გაზარდა. ამ ობოლმა ბიჭმა მიაღწია, გამხდარიყო მსოფლიო დონის მეცნიერი მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში, ფიზიკა-მათემატიკის სფეროში.

არსებობს ასეთი ცნებები – სალუქვაძის ამოხსნა, სალუქვაძის პრინციპი და სალუქვაძის მეთოდი. მისი წიგნები დღემდე იბეჭდება საზღვარგარეთ. პირველი, რაც მამამ მასწავლა, სამშობლოს სიყვარულია. ჩვენ საინტერესო პროექტიც კი გავაკეთეთ, რომლის პრემიერა ბათუმში შედგა. მოვახერხეთ და მის სიცოცხლეშივე გავაკეთეთ მედია-ოპერა “თაბაშირის იუდა”. ეს ეხება 1937 წლის რეპრესიებს და აგებულია ბაბუაჩემის ბიოგრაფიულ მომენტებზე, რომელიც ციმბირში დახვრიტეს. ის ციმბირიდან ოჯახში აგზავნიდა პაპიროსის ქაღალდზე დაწერილ წერილებს. მალე ამ სპექტაკლს თბილისშიც ვაჩვენებთ, შემდეგ კი ბევრ ქვეყანაში გვაქვს დაგეგმილი გასტროლები.

ზაზა: 3 წლის წინ მარინას მამა ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახე. პირადობის მოწმობა დაგვჭირდა და მითხრა, ჩემს საფულეში არისო. როცა გავხსენი, ერთ-ერთ განყოფილებაში იდო ფურცელი, რომელზეც ეწერა – “ღმერთო, გადამირჩინე ჩემი ქვეყანა”. ამ ერთი დეტალით ბევრი რამ არის ნათქვამი ამ ადამიანზე.

– თქვენ კერძო ბიზნესი გაქვთ და საუბრიდან ჩანს, რომ ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას უშუალოდ საკუთარ საქმეში გრძნობთ.

ზაზა: ჩვენ ცოტა უცნაური ხალხი ვართ, საოჯახო საქმეების გარდა, ჩვენი სალაპარაკო ძირითადად არის – რა ეშველება ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრ რამეს განვიცდით და ბევრ რამეზე შეგვტკივა გული. როგორ შეიძლება კარგად იგრძნო თავი, როდესაც დღეს 20 წლის ახალგაზრდებმა არ იციან, რა მოხდა 9 აპრილს, სიტყვა “პატრიოტი” კი სიცილს იწვევს ბევრში.

მარინა: მთავარი პრობლემა საზოგადოებაშია. იმედია, პოლიტიკოსები ოდესმე ისწავლიან, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი და ეს არის სამშობლოზე ზრუნვა. ბევრჯერ მსმენია, წვრილი და საშუალო ბიზნესი ყვავის საქართველოშიო, მე კი, როგორც ამ დარგის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ ბევრი პრობლემაა. სიამოვნებით შევხვდებოდი იმ მმართველ ეკონომიკურ გუნდს და ავუხსნიდი, რომ ისე ლამაზად არ არის ყველაფერი, როგორც მათ ანგარიშებშია.

ბიზნესში გადასახადები მუდმივად იზრდება, არანორმალურად მაღალია კომერციული ტარიფები ელექტროენერგიასა და გაზზე. წარმოიდგინეთ, ბარში თითო სკამზე დამატებით ვიხდით 3 ლარს დასუფთავების საფასურს. არ აქვს მნიშვნელობა, გყავს თუ არა კლიენტი, შემოდიან, გამოწმებენ და მუსიკოსების სკამებსაც კი გითვლიან და გბეგრავენ.

ასევე თითო სკამის მიხედვით ვიხდით საავტორო უფლებების გადასახადს იმ მუსიკაზე, რომლებიც ბარში ჟღერს. მაგალითად, “ზაზანოვა” უხდის პოლ მაკარტნის, მაიკლ ჯეკსონის მემკვიდრეებს იმისათვის, რომ მათი მუსიკა ჟღერს. პარადოქსების ქვეყანა ვართ. ყველანაირი ბიზნესი კატასტროფულ მდგომარეობაშია.

ზაზა: დღეს აშკარად ინერციით მივდივართ. ჩვენი ქვეყანა ჰგავს მანქანას, რომლის საწვავის ავზი არის ნახევრად სავსე, ნელ-ნელა იცლება, არ ივსება და როდის გაჩერდება, კაცმა არ იცის. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ჩემმა შვილმა ჩემზე ბედნიერი სახით იაროს ამ ქვეყანაში. სამმილიონიან ქვეყანას რომ ვერ მოუვლი, ნამდვილად უნდა წახვიდე სახლში.

ბევრი ხელოვანი ადამიანია, რომლებსაც რაღაცის გაკეთება უნდათ, უბრალოდ უნდა ვეცადოთ, მათ გული არ გაუტყდეთ ან არ გაუსკდეთ. დღეს ქვეყანაში ჯანმრთელი ადამიანი არ არის.

– ქალბატონო მარინა, ხომ არ გინანიათ, რომ ჟურნალისტის ტრიბუნა დათმეთ?

მარინა: პირველ რიგში, ეს პროფესია მე არ დამითმია, ეს იყო 2008 წელი, როდესაც მთლიანად დახურეს ტელეკომპანია “მზე” და ნაციონალების მთავრობის დროს აღმოვჩნდი პერსონა ნონ გრატა არა მარტო ტელეკომპანიებში, არამედ ნებისმიერ სფეროში, მუშაობის უფლება არსად მქონდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათიანი არ ვიყავი.

– არ მახსოვს, რომ თქვენ იმ პერიოდში რაიმე პოლიტიკური განცხადებები გაგეკეთებინოთ, რის გამოც შეიძლებოდა ხელისუფლებას არ მოსწონებოდით.

მარინა: ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ არ დავემორჩილე იმ მოთხოვნებს, რომლებიც მაშინ არსებობდა ტელეკომპანიებში. მაშინ იყო ასეთი ტენდენცია – არ ილაპარაკოთ პოლიტიკაზე და ყველაფერი ყოფილიყო ყვითელი, რასაც ძალიან ვეწინააღმდეგებოდი.

ნაციონალების მთავრობის ტელეცენზორებს თვალში არ მოვუვედი. ჩემი სატელევიზიო კარიერის შემდეგ კარგად დავფიქრდი. ამ დროს ზაზა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და უკვე ერთობლივად დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მოგვწონდა. ეს იყო ზაზას დიდი პროექტები. ამ ეტაპზე ჩემს თავს ვერც ერთ ტელეკომპანიაში ვხედავ.

– გამოდის, რომ ზაზამ აღმოჩენები გაგაკეთებინათ საკუთარ თავში.

მარინა: ზაზა ყოველთვის მაკეთებინებს აღმოჩენებს.

ზაზა: ჩემი შენ გითხარიო, ასე გამოვიდა.

– 8 წელია, რაც თქვენი შეხმატკბილებული თანაცხოვრება გრძელდება. როგორია ერთად გატარებული პერიოდი?

მარინა: ჩვენ, პირველ რიგში, ვართ მეგობრები და თანამებრძოლები. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ საზოგადოება ცოტათი უკეთესი გავხადოთ.

– კარგად ჩანს, რომ ბევრ საკითხში თქვენი აზროვნება და ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. არის ისეთი თემები, რომლებზეც განსხვავებული შეხედულებები გაქვთ?

მარინა: საჭმელში…

ზაზა: და სასმელის რაოდენობაში. ახლა ამ თემაზეც აღარ გვექნება აზრთა სხვადასხვაობა, რადგან ექიმებმა მკაცრი დიეტა მომთხოვეს.

– საქმეშიც ერთად, სახლშიც, შემოქმედებაშიც. ხშირად ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე სივრცეც უნდა ჰქონდეს, ეს თქვენზე არ ვრცელდება?

მარინა: ერთად მუშაობა ძალიან გვიყვარს და კარგადაც გამოგვდის. არც მინდა იმაზე ფიქრი, რომ ერთმანეთი არ ან ვერ გვეპოვა. ჩემი გადაცემის ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, რომ ზაზა გავიცანი, რადგან ის “ტაბუში” სტუმრად გვყავდა.

– ამდენმა პრობლემამ თქვენს ურთიერთობაზე გავლენა ვერ მოახდინა, თავისი დაღი არ დაასვა?

მარინა: 8 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ცეცხლი, ქარიშხალი და უამრავი წყალდიდობა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ, როდესაც ერთად ვართ, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა. ცალკე რომ ვყოფილიყავი, ამდენ პრობლემას ვერ გავუმკლავდებოდი და აუცილებლად გავტყდებოდი. ერთად ვერ გაგვტეხენ.

ზაზა: ერთად გატარებული 8 წელი თაფლობისთვესავით არის. მე რასაც ვგრძნობ, იმას ვუკრავ და ჟურნალში თუ ჩემი მუსიკის ჩანაწერებსაც დაურთავთ, მაშინ ყველა მიხვდება, რა არის ჩემთვის მარინასთან გატარებული ეს პერიოდი.

– რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?

მარინა: გულწრფელად გეტყვით – მე დაღლილი ვარ. ბოლო დროს ბევრი სტრესი შემხვდა და ამ ყველაფერთან გამკლავება ძალიან გამიჭირდა, თუმცა ისიც მესმის, რომ მოწყენის დრო არ გვაქვს, რადგან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

– ზაზა, ახლა მაინც თუ ისწავლეთ, როგორ არ უნდა მიიტანოთ პრობლემები გულთან ახლოს?

ზაზა: პუტინი თუ გადადგება, ჩათვალეთ, რომ მთელი 15 წუთი ვიქნები ძალიან კარგ ხასიათზე და შემდეგ სხვა საქმეებზე დავიწყებ ფიქრს. დიეტასაც დავარღვევდი და ერთ ჭიქა ღვინოსაც დავლევდი ამ ფაქტთან დაკავშირებით. სევდა ქართველი კაცის განუყრელი ნაწილი გახდა, ამიტომ შეუძლებელია, პრობლემები გულთან არ მიიტანო.

ავთო ჩიტიძე, სარკე