კალაძე ზურაბიშვილს გაემიჯნა – ,,ის არ არის ,,ოცნების” წევრი”

კალაძე ზურაბიშვილს გაემიჯნა - ,,ის არ არის ,,ოცნების" წევრი"საქართველოში ამერიკული ბაზის აშენების უარყოფითი შედეგების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მას პრეზიდენტი განცხადება არ მოუსმენია. როგორც კახა კალაძემ განცხადა, კონკრეტულად ამერიკული ბაზის აშენების თაობაზე საუბარი და განხილვა მმართველ გუნდში არ ყოფილა, თუმცა ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა.

-მე არ მომისმენია ქალბატონ სალომეს ეს განცხადება. არც ის ვიცი, რა კონტექსტში განაცხადა. ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ერთი ცხადია, რომ გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ევროპა და ნატო-სთან თანამშრომლობა ჰქვია. ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ თემაზე საუბარი და განხილვები არ ყოფილა, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, ამიტომ პრეზიდენტი და პარტია „ქართული ოცნება“ არ უნდა გაიგივდეს.

-ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, – განაცხადა კალაძემ.

ნიუპოსტი