ჯანსუღ კახიძე ქალიშვილის ნიშნობის დღეს გარდაიცვალა – “მამაჩემს მტრებმა სიცოცხლე შეუმოკლეს”

ჯანსუღ კახიძე ქალიშვილის ნიშნობის დღეს გარდაიცვალა - "მამაჩემს მტრებმა სიცოცხლე შეუმოკლეს"გენიალური დირიჟორისა და მუსიკოსის, ჯანსუღ კახიძისა და პიანისტ ვანდა კაკაბაძის ქალიშვილი, თეონა კახიძე, თავმდაბლობით და თავაზიანობით პირველივე შეხვედრისას მოგხიბლავთ. ის ზღაპრულ სამყაროში იზრდებოდა, სადაც საოცარი მუსიკა ჟღერდა. ბაბუა, ივანე კახიძე (თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე არსებული ცნობილი ღვინის ქარხნის დირექტორი) ქართული ტრადიციების და სიმღერის მოტრფიალე გახლდათ. ოჯახში ხშირად იმართებოდა ლხინი, მღეროდა ყველა – ბაბუა და მისი მეგობრები, დედა, მამა, ძმა და თავად თეონა, რომელსაც იმდენად კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, ოპერის მომღერალი შეიძლებოდა გამოსულიყო. თვითონ მსახიობობა ხიბლავდა, მაგრამ მამამ გადააფიქრებინა. საბოლოოდ კონსერვატორიაში ჩააბარა და მუსიკისმცოდნე გახდა.

ჯანსუღ კახიძის სანუკვარი ოცნება როცა ახდა და თბილისში გაიხსნა ახალი, თანამედროვე სივრცე სიმფონიური მუსიკის სრულყოფილი ჟღერადობით მოსასმენად, თეონა პირველივე დღეებიდან ჩაერთო ამ ცენტრის საქმიანობაში და უკვე 30 წელია უძღვება, როგორც ხელმძღვანელი.

წელს 2 საიუბილეო თარიღია _ ცენტრის დაარსების 30 წლის იუბილე და ჯანსუღ კახიძის ვაჟის – დირიჟორის, კომპოზიტორის, მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვატო კახიძის მრგვალი თარიღი. 23 მარტს ის 60 წლის გახდა.

– ქალბატონო თეონა, როგორ გახსენდებათ ბავშვობა და ის მუსიკალური გარემო, რაც თქვენს ოჯახში იყო შექმნილი?

– მე მუსიკალურ გარემოცვაში გავიზარდე. ჩვენი ბაბუა, ივანე კახიძე, ცნობილი მეღვინე გახლდათ, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა, უყვარდა სუფრა.

მის მიერ გამართულ წვეულებებზე თავს იყრიდნენ ბაბუას მეგობრები – ოპერის მომღერლები თუ ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლები. ამიტომაც მამამ, ჯანსუღ კახიძემ, პირველი ნაბიჯები მუსიკაში სწორედ ხალხური სიმღერის სფეროში გადადგა. მის მიერ 1957 წელს შექმნილი ანსამბლი “შვიდკაცა” ერთ წელიწადში მოსკოვის ახალგაზრდულ მსოფლიო ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო შემდეგ ასეთივე ჯილდო მოიპოვა ბრიუსელშიც. ფაქტობრივად ეს იყო პირველი ანსამბლი, რომელმაც აკადემიურ სცენაზე გამოიტანა ხალხური სიმღერა.

დედაჩემი, ვანდა კაკაბაძე, კონსერვატორიაში გაიცნო. ერთ კურსზე სწავლობდნენ. მამა დირიჟორი გახდა, დედა – პიანისტი. როცა ჩემი პროფესიის არჩევის დრო დადგა, ჩემი ძმა, ვატო, რომელიც ჩემზე 10 წლით უფროსია, უკვე მოსკოვის კონსერვატორიადამთავრებული და შემდგარი კომპოზიტორი იყო.

მამას გავუმხილე, რომ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მან არგუმენტირებულად ამიხსნა, რომ ეს ძალიან რთული პროფესიაა, რომელიც ყოველთვის რეჟისორზე დამოკიდებულს გხდის და გარკვეულ სირთულეებს გიქმნის ოჯახურ ცხოვრებაში. ამიტომ გადავწყვიტე, კონსერვატორიაში ჩამებარებინა მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე, რაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.

გარდატეხის ასაკში ვატოსაც ჰქონდა მომენტი, როდესაც აღარ უნდოდა მუსიკის სწავლა. მამა საზღვარგარეთ იყო მიწვეული სამუშაოდ, ვატომ წერილი გაუგზავნა და სთხოვა, დედას უთხარი, მუსიკაზე აღარ მატაროს, არ მინდაო. მამამ მოიწერა, კარგი, დაანებეთ თავი, ჩამოვალ და დაველაპარაკებიო. მაშინ მოასმენინა მამამ ვატოს ჯაზი და ისიც ძალიან დაინტერესდა ამ მიმდინარეობით. ეზიარა იმპროვიზირების ხელოვნებას და დაინახა, რომ შეეძლო საკუთარი მუსიკის შექმნა. ამან განაპირობა მისი კომპოზიტორად ჩამოყალიბება.

მისი შემოქმედება ჟანრულად ძალიან მრავალფეროვანია და კოლორიტული, მის ყველა ნაწარმოებში კარგად ჩანს ქართული საწყისი, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია ხალხური მუსიკის გენეტიკურად გადმოცემული სიყვარულითა და ცოდნით.

– ქალაქში, სადაც იყო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, კონსერვატორიის დარბაზი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რატომ გახდა საჭირო მუსიკალური ცენტრის მშენებლობა და თქვენ როგორ აღმოჩნდით მამის გვერდით?

– სიმფონიურ ორკესტრს კლასიკური მუსიკის შესრულებისას სრულყოფილი ჟღერადობის მისაღწევად სჭირდება განსაკუთრებული სივრცე, აკუსტიკა, ამიტომ ჯანსუღი ყოველთვის ოცნებობდა, თბილისში ყოფილიყო ასეთი დარბაზი. მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც იგი საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის პოზიციას იკავებდა, ცენტრალიზებული (მოსკოვიდან) დაფინანსების პირობებში ძნელი იყო, დაგემტკიცებინა ასეთი დარბაზის მშენებლობის აუცილებლობა.

საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობაში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა გააცნობიერეს, რა სიკეთის მოტანა შეეძლო ქართული კულტურისთვის ამ საკითხის მოგვარებას და ასეთი ხრიკი მოიგონეს: დღევანდელი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის ადგილზე არსებობდა კინოთეატრი “ამირანი”, ხოლო ფილარმონიაში იყო მცირე საკონცერტო დარბაზი. საბუთებით მოხდა ფართების გაცვლა. შემდეგ დაინგრა კინოთეატრი, დარჩა მხოლოდ შესასვლელი ძველებური ფოიე, რომელიც თავისი სილამაზითა და მხატვრული ღირებულებით აოცებს უცხოელ სტუმრებს და ამ ფოიეს მიუშენდა სიმფონიური მუსიკის დარბაზი.

არქიტექტორები იყვნენ ლერი მეძმარიაშვილი და მურთაზ ჩაჩანიძე. სწორედ ამ ცენტრის გახსნის დღიდან (1989 წლის 13 მაისი) ვმუშაობ აქ და ვუძღვები მენეჯმენტს.

თავდაპირველად მამას ვეხმარებოდი მისი პირადი საგასტროლო ტურნეების ორგანიზებაში, სხვადასხვა უცხოელ აგენტებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში. ახლა ვეხმარები ჩემს ძმას, რომელიც ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორია – ვაგრძელებთ მამის მიერ დაფუძნებულ ტრადიციებს და ვცდილობთ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ მუსიკალური ცენტრის საქმიანობა. გვაქვს 2 საერთაშორისო ფესტივალი, ჩვენთან ჩამოდიან ვარსკვლავები, მუსიკალური კოლექტივები მთელი მსოფლიოდან.

– დიდხანს გრძელდებოდა ამ შენობის რესტავრაცია.

– დიახ, 2002 წელს მოხდა მიწისძვრა და შენობის კედლები დაიბზარა. შეიქმნა საძირკვლის პრობლემა და დაზიანდა აკუსტიკური ფარი, ანუ სცენის თავზე განთავსებული ბეტონისგან ჩამოსხმული კონსტრუქცია, რომელიც რკინის ფერმებით  არის ჭერზე მიმაგრებული. ეს ლითონი მთლიანად დაიღუნა და შეიქმნა ჩამოვარდნის საშიშროება. ფონდმა “ქართუმ” შენობის მთლიანი რესტავრაცია განახორციელა, რის შედეგადაც ძალიან გაუმჯობესდა აკუსტიკა, განათებისა და გახმოვანების სისტემა, დარბაზს შეემატა ორღანი. სამუშაოების დაპროექტებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანულმა, ავსტრიულმა და ჰოლანდიურმა კომპანიებმა. მუსიკალური ცენტრი ხელახლა გაიხსნა 2010 წელს.

– მამებს განსაკუთრებულად ნაზი დამოკიდებულება აქვთ ქალიშვილებისადმი. როგორი იყო თქვენი მამაშვილობა და როგორ შეხვდა თქვენს გათხოვებას?

– მამა ძალიან მეგობრული იყო, რჩევასაც ისე მომცემდა – რბილად. დატუქსვა და ხმამაღალი შენიშვნა არ უყვარდა. ჩვენ ყველაფერზე უპრობლემოდ ვსაუბრობდით. ჩემს გათხოვებასაც სიხარულით შეხვდა. თუმცა ჩემს მეუღლეს არ დასცალდა მასთან ურთიერთობა, რადგან იგი ჩვენი დაგეგმილი ნიშნობის დღეს გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, მამა ბედნიერი იქნებოდა, რომ ჩემ გვერდითაა მზრუნველი, ერთგული, მოსიყვარულე, პრინციპული, სამართლიანი, ვაჟკაცური ადამიანი, ისეთივე, როგორიც თვითონ იყო.

– რა არის საჭირო, რომ გქონდეს მყარი ოჯახი? თავად თუ მეგობრობთ შვილებთან?

– საჭიროა მეგობრობა მეუღლეებს შორის. ხომ ამბობენ, რომ სიყვარული მთავარია, რა თქმა უნდა, სიყვარულით იწყება, ვნებით, გატაცებით, მაგრამ თუ მყარი მეგობრობა არ ყალიბდება, სიყვარული და ვნება შეიძლება გაქრეს. მეგობარი ძალიან ფასეულია, მას ყველაზე სანუკვარ საიდუმლოს ეტყვი, შენს გულში ჩაახედებ, ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელია, მეუღლე შენი მეგობარი იყოს.

ორი ქალიშვილი მყავს – 16 წლის ლიზა და 3 წლის ანასტასია. რთული დროა, უდიდესი ინფორმაციული ველი შთანთქავს ბავშვების მთელ თავისუფალ დროს. ძნელია, იყო შვილის მეგობარი, რთული მისაღწევია. საჭიროა გარკვეული სიმკაცრე, მაგრამ არ უნდა ეშინოდეს შენი, პატივს უნდა გცემდეს და მის ცხოვრებაში თუ დადგა ჟამი, როცა უჭირს, მარტოა და ვერ გადალახავს პრობლემას, არ უნდა ჰქონდეს შენთან მოსვლის ბარიერი.

– ამბობენ, რომ ბატონი ჯანსუღი ძალიან მკაცრი იყო სამსახურში.

– მამა ძალიან მომთხოვნი იყო, ვერ იტანდა უპასუხისმგებლობას, დაგვიანებას, მოუმზადებლად მისვლას. ამბობდა, თუ კოლექტივის წევრი ხარ, მოიქეცი უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად, შენს ჭკუაზე კი მაშინ იცხოვრე, როცა თავისუფალი შემოქმედი იქნებიო.

მამამ უამრავი მუსიკოსი გაზარდა. ვერავინ იტყვის, რომ ჯანსუღის ხელში უდიდესი პროფესიონალური სკოლა არ გაიარა. შეიძლება ეს არ იყო მარტივი, მაგრამ იყო ძალიან ნაყოფიერი.

მამაჩემის ცხოვრება არ იყო იოლი, ბევრი მტერი ჰყავდა, როგორც ყველა ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს. მეტაფორულად რომ ვთქვა, ბევრი სისხლიც გამოსწოვეს და სიცოცხლე შეუმოკლეს.

– მუსიკის გარდა რა უყვარდა ბატონ ჯანსუღს, რითი ახერხებდა განტვირთვას?

– სამეგობრო იყო მისი სუსტი წერტილი. როგორც აღვნიშნე, ბევრი მიწვევა ჰქონდა უცხოეთში და შეთავაზებები, რომ დარჩენილიყო სამუშაოდ, მაგრამ ერთი წუთითაც არ უფიქრია სხვაგან ცხოვრება. ამბობდა, დილით თუ ვერ გამოვალ ვერაზე, მეგობრებს ვერ მივესალმები, ვერ მოვიკითხავ, ვერ შევიკრიბებით, ვერ ვიმღერებთ, რად მინდა ასეთი ცხოვრებაო.

კიდევ – მანქანები უყვარდა ძალიან და თავად უყვარდა ტარება. გადაწყვიტა, უცხოეთში ეყიდა მანქანა და სხვადასხვა ადგილას ემოგზაურა. მაშინ თბილისიდან ფრენა მხოლოდ ფრანკფურტის მიმართულებით იყო. სწორედ იქ, ერთი სასტუმროს ავტოსადგომზე ჰყავდა გაჩერებული მანქანა და იქიდან დადიოდა ყველგან.

ოჯახის წევრები რამდენჯერმე ვიყავით მასთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ყველაზე ძნელი იყო გზის გაგნება. მე, როგორც შტურმანი, წინ ვიჯექი საგზაო რუკებით ხელში და მიმართულებას ვკარნახობდი. ძალიან ბედნიერი დრო იყო.

– თქვენს ძმას 60 წელი შეუსრულდა. როგორია მისი, როგორც დირიჟორის და სამხატვრო ხელმძღვანელის, საქმიანობა?

– ვატო ძალიან დატვირთულია. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში თანამშრომლობდნენ ისინი, როგორც კომპოზიტორი და დირიჟორი. შემდეგ მამამ უთხრა, მე ბევრს დავდივარ უცხოეთში და ხომ არ შემცვლი პულტზეო.

1983 წელს დაწერა ვატომ ბალეტი “ამორძალები”, რომელიც ქორეოგრაფმა გოგი ალექსიძემ დადგა. პრემიერაზე ჯანსუღმა იდირიჟორა, შემდგომი სამი სეზონი კი ვატო დირიჟორობდა. ასე შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი. 2002 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, მას მეორე, მაგრამ ამჟამად ძირითადი პროფესია დაემატა. თვითონაც ამბობს, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რაც სადირიჟორო პულტთან დავდექი, ახლა საათის მიხედვით და ორკესტრის ცხოვრებით ვცხოვრობო.

ვატოს საიუბილეო კონცერტების სერია 7 მარტს დაიწყო მამაჩემის სიმღერების კონცერტით. 10 მარტს შესრულდა ვატოს სიმფონიური ნაწარმოებები, 17 მარტს იყო მისი კამერული ნაწარმოებების კონცერტი. 23 მარტს კი მისი საგუნდო და ვოკალური ნაწარმოებების კონცერტი გაიმართა.

 ია ქუთათელაძე, სარკე