როგორი ურთიერთობა აქვს გიორგი გაბუნიას ძმის საცოლესთან

როგორი ურთიერთობა აქვს გიორგი გაბუნიას ძმის საცოლესთან“რუსთავი 2”-ის კედლებში იშვიათი არ არის ორი ადამიანის დაწყვილება. მათ შორის ჟურნალისტი ნია ტყეშელაშვილი და ტექნიკური პროდიუსერი დათა გაბუნიაც არიან. მათი სიყვარული 6 წლის წინ დაიწყო. დათა სკანდალური განცხადებებით ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას, უფროსი ძმაა და, ბუნებრივია, გიორგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მიმართ გულგრილი ვერ დარჩება, განიცდის, თუმცა არაკეთილმოსურნეები თავად მის პირად ცხოვრებაშიც აქტიურობენ, შეყვარებული წყვილისთვის პრობლემების შექმნას ცდილობენ.

ამ ყველაფერზე დათა და ნია “სარკესთან” დაუფარავად საუბრობენ. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ მალე ერთობლივად დაიწყებენ მუშაობას ახალ სატელევიზიო პროექტზე “ვარსკვლავების ომი”.

– როგორ მოხვდით ერთ ტელეკომპანიაში და, საერთოდ, ჟურნალისტიკაში?

ნია: ჟურნალისტი რომ გავმხდარიყავი, ამაზე დიდი გავლენა იქონია ორმა გადაცემამ “პ.ს.”-მა და “დროებამ”. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც სტაჟირებაზე “რუსთავი 2”-ში მოვედი. პირველი დღე ჩემთვის გამაოგნებელი იყო, ვერ მივხვდი, დილის 9 საათიდან ღამის 10 საათამდე რატომ უნდა გემუშავა.

გადაწყვეტილი თუ გაქვს, რომ ჟურნალისტი გახდე, აუცილებლად უნდა გაიარო “კურიერის” სკოლა, ეს არის დაუვიწყარი გამოცდილება. 2 წელი ვიყავი “კურიერში”, შემდეგ გაკეთდა გადაცემა “სხვა ამბები”, შემდეგ იყო “შუადღე”, “ჩემი სამზარეულოს წესები”, “მხოლოდ ქართული” და ახლა ქართული მეგაშოუები, რომლებიც ამ არხზე მალე დაიწყება. პარალელურად შაბათ-კვირის “დილაზეც” ვმუშაობ და მთელ დღეს “რუსთავი 2”-ში ვატარებ.

– დათა, რომელი ძმა უფრო ადრე მოხვდით “რუსთავი 2”-ში?

დათა: ჯერ მე ვმუშაობდი და შემდეგ მოვიდა გიორგი. კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დავამთავრე, ცოტა ხანი “პირველ არხზე” ვიმუშავე და შემდეგ, როდესაც “რუსთავი 2”-ის ტექნიკური ბაზა გაძლიერდა, აქ გადმოვედი. ტექნიკური პროდიუსერი ვარ გადაცემების – “არჩევანი”, “კვირის შუადღე” და “კვირის აქცენტები”, ახალ პროექტებზეც ვმუშაობ. “რუსთავი 2”-ში გიორგის მოსვლაში ალბათ მეც მიმიძღვის წვლილი. მაშინ “მაესტროში” მუშაობდა და მისი სივი ჩემი ხელით მივიტანე კადრებში, საიდანაც დაუკავშირდნენ.

ნია: 20 წლის ვიყავი, როცა ტელეკომპანიაში მოვხვდი და პრაქტიკულად აქ გავიზარდე. კარგად მახსოვს, “კურიერში” რომ ვმუშაობდი, ერთი დღეც არ ვისვენებდი. მეგონა, თუ ერთი დღე მაინც არ მივიდოდი ტელეკომპანიაში, პროდიუსერს დავავიწყდებოდი და სიუჟეტს აღარ დამავალებდა. ცხოვრების ეს წესი დღემდე მომდევს. ვერ წარმომიდგენია, დასვენების დღეს სახლში რა უნდა ვაკეთო, მთელი გონებით სამსახურში ვარ.

– თქვენი გზები როგორ გადაიკვეთა, რომელმა რომელი შეამჩნია პირველად ამ ტელეარხის კედლებში?

ნია: მე თავიდანვე ვმეგობრობდი გიორგისთან და არც ვიცოდი, ძმა თუ ჰყავდა და, მით უმეტეს, აქ მუშაობდა. ნელ-ნელა დათაც გავიცანი, მაგრამ თავიდან ნაკლებად ვიყავით ახლოს. მახსოვს, ერთხელ მივლინებაში მივდიოდით ქობულეთში. თქვა, მეც წამოვალო და ძალიან გამიკვირდა. მართალია, საბოლოოდ ვერ წამოვიდა, მაგრამ სმს-ების წერა დაიწყო. ვერ ვხვდებოდი, რატომ მწერდა, მეგონა, სხვა გოგოები მოსწონდა ჩვენს ტელეკომპანიაში.

ყველაზე მაგარი ისტორიები შოპინგისას შეგვემთხვა თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ საშოპინგოდ წასვლა და დათამაც მოინდომა, გამოგვყოლოდა. ძალიან გამიკვირდა. შევედით ერთ-ერთ მაღაზიაში, ჩემი მეგობარი გასახდელში შევიდა ტანსაცმლის მოსაზომად და ამ დროს დათამ მაკოცა. ისე გავბრაზდი, რომ სახეში გავარტყი. ამის მერე ყველაფერს მივხვდი, რატომ იყო ეს ბიჭი ყველგან, სადაც მივდიოდი.

თავიდან, როცა დათას ასაკი გავიგე, შემეშინდა, 11 წლით უფროსია ჩემზე. სანამ არ დავრწმუნდით ერთმანეთის გრძნობებში, ჩვენს ურთიერთობას ვმალავდით.

– დამალვის მიუხედავად, ალბათ თქვენზე მაინც ჭორაობდნენ.

დათა: ალბათ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. მთავარია, რომ ჩვენ თავად არ ვახდენდით ამის აფიშირებას.

ნია: 6 წელია ერთად ვართ და ჭორები სულ თან დაგვდევს. ძალიან ბევრ სიბინძურეს ამბობდნენ ჩვენზე. ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ ჩემი და გიორგის მეგობრობასაც კი შეეხნენ. დათას პირდაპირ ასე ეუბნებოდნენ “კეთილისმსურველები”, ჯერ შენს ძმასთან იყო და ახლა შენთან არისო. რამდენადაც დადებითი ბევრი აქვს “რუსთავი 2”-ს, მათ შორის გუნდური მუშაობის პრინციპი, იმდენად ბევრია ბოროტი ენები პირად ცხოვრებაზე. მივხვდი, რომ თუ კარგად აიწყობ პირად ცხოვრებას, ბევრი გადაგემტერება.

დათა: დიდ კომპანიებში ყოველთვის ასეა.

ნია: ბევრი ადამიანის ცუდი ენის გამო შექმნილი პრობლემები გადავლახეთ და ვართ ერთად.

დათა: ასეთ ჭორებს არასოდეს ვაქცევ ყურადღებას. მართლა ძალიან ბევრი ცდილობდა ამ ურთიერთობაში შემოჭრას. ეგონათ, რომ თუ რაიმე ბოროტს და საზიზღრობას მეტყოდნენ, ეს ჩემზე იმოქმედებდა.

ნია: დათასგან განსხვავებით, ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი. ალბათ იმიტომ, რომ პატარა ვიყავი. დღეს ამ ყველაფერზე მეცინება.

– რატომ და ვინ ცდილობს თქვენთვის პრობლემების შექმნას?

ნია: სხვებსაც მოსწონდათ დათა და, რომ არ გამოუვიდათ არაფერი, გაბოროტდნენ, მაგრამ მე რა შუაში ვარ? დათას თაყვანისმცემლები დღემდე მერჩიან, ხან მკითხავებთან დადიან, ხან კარტს შლიან იმ იმედით, რომ გაიგონ, როდის დავშორდებით. დღეს უკვე ასეთ რაღაცებზე მეცინება.

– როგორია თქვენი ოჯახური სტატუსი?

ნია: 6 წელია, ერთად ვართ, მაგრამ ერთად არ გადავსულვართ საცხოვრებლად. ჩვენს სახლში სარემონტო სამუშაოები დასრულდა და სულ მალე გადავალთ. ამდენი ხანი ღირდა ლოდინი, რადგან ზუსტად ისეთი სახლი გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა.

დათა: სხვათა შორის, ამ 6 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვიჩხუბია, გაბუტვა და შერიგება არასოდეს გვქონია. ყოფითი საკითხები გვიშლიდა ხელს, რომ აქამდე ერთ ჭერქვეშ გვეცხოვრა. მე ჩასიძების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ამიტომ, სანამ ეს ყველაფერი დავალაგეთ, დიდი დრო გავიდა.

ნია: აქამდე რომ ვერ გადავედით ერთ სახლში და ოფიციალურად არ ვართ ცოლ-ქმარი, სწორედ ეს აძლევს ვიღაცებს იმედს, რომ თავიანთი ენები ატრიალონ. მათ გასაგონად კი, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ დავიშლებით, ვიტყვი – ჩვენ არ დავიშლებით!

– რატომ გაურბიხართ ოფიციალურ ქორწინებას?

დათა: მინდა, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვიცხოვროთ. დიდი ხნით ადრე უნდა გადავსულიყავით ჩვენს სახლში, მაგრამ ყველაფერი მაინც დროში გაიწელა.

ნია: პირადად მე არ მინდა ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება პრინცესასავით ვიზრდებოდი, არასოდეს მიოცნებია ქორწილზე და თეთრ კაბაზე. იმიტომ არ მინდა კიდევ ქორწილის გადახდა, რომ ნახევარი ტელეკომპანია უნდა დავპატიჟო და აქედან ნახევარი არ იქნება ჩვენი ბედნიერებით გახარებული. ამიტომაც მალე მოვაწერთ ხელს ვიწრო წრეში.

დათა: ბუნებრივია, მეც ყოველგვარი ხმაურის გარეშე მინდა ეს ყველაფერი.

ნია: ჩვენ ძალიან გვიყვარს რაჭა და მირჩევნია, წავიდეთ რაჭაში და ნიკორწმინდაში დავიწეროთ ჯვარი. სხვათა შორის, ერთხელ გვქონდა მცდელობა, იტალიაში, რომში დაგვეწერა ჯვარი. უბრალოდ იმ დროს ჩვენი ბედი არ იყო, რადგან, როცა მივედით მართლმადიდებლურ ეკლესიაში, დაკეტილი დაგვხვდა.

– გიორგიმ რა როლი ითამაშა თქვენს ურთიერთობაში?

ნია: რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა ჩვენი ამბავი. მე და გიორგი დღემდე ძალიან მაგარი მეგობრები ვართ. ჩემთვის ის არ არის მაზლი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. მასთან ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, განსაკუთრებით, როცა სამოგზაუროდ მივდივართ.

– გიორგი და დათა ერთმანეთს ძალიან ჰგვანან თუ განსხვავდებიან?

ნია: ძმები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ხმის ტემბრით. ვერავინ არჩევს მათ, ჩემ გარდა. ორივენი ძალიან წესიერი ადამიანები, პროფესიონალები არიან, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბევრ რამეში მე და გიორგის უფრო გვესმის ერთმანეთის, ვიდრე მე და დათას. ეს ყველაზე კარგად მოგზაურობისას ჩანს ხოლმე.

სამივემ ერთად ვიმოგზაურეთ ჯერ რომში და შემდეგ პარიზში. კარგად მახსოვს, როდესაც პარიზში ჩავედით, ფრენამ დაიგვიანა და იმის ნაცვლად, რომ დღე ჩავსულიყავით პარიზში, ღამით მოგვიწია. მე და გიორგიმ სასტუმროში დავყარეთ ბარგი და ქუჩაში გავცვივდით იმისათვის, რომ მეტი გვენახა და დაგვეთვალიერებინა, დათამ კი ამოალაგა ჩემოდანი, მიიღო შხაპი და დაიძინა.

მოგზაურობის დროს ჩვენი პრიორიტეტები განსხვავდება. დათას მოსწონს თანამედროვე ქვეყნები და თანამედროვე ადგილები, მე და გიორგის სიძველეებში ქექვა გვიყვარს.

დათა: ესენი ჩემ გარეშე გეგმავენ უკვე მოგზაურობას. მაგალითად, დაგეგმეს, სამხრეთ საფრანგეთი მოვიაროთ მანქანით. მე უნდა ვატარო მანქანით ესენი.

ნია: ერთადერთი, სადაც სამივენი ძალიან ბედნიერები ვიყავით, ეს იყო დისნეი ლენდი. სამივე გავხდით ბავშვები და ძალიან მაგრად გავერთეთ. მინდა, დისნეი ლენდში კიდევ ერთხელ მოვხვდეთ.

– თქვენ შორის ასაკობრივი ბარიერი დრომ და ურთიერთობამ წაშალა?

ნია: ერთნაირი ფასეულობები და ღირებულებები გვაქვს. ერთნაირად მოგვწონს და არ მოგვწონს ადამიანები, პოლიტიკური მოვლენები. დათასთან ურთიერთობამ ძალიან გამზარდა. სულ ვეუბნები, მე ასაკით დაგაპატარავე, შენ გამზარდე ანუ რაღაცნაირად ორივე შუალედურ ასაკში ვართ-მეთქი.

– რით განებივრებთ და რით გაოცებთ დათა?

ნია: ყველა სურვილს მისრულებს, ძირითადად ეს უცხოური საიტებიდან გამოწერებს ეხება.

დათა: არ არის მომთხოვნი და ჭირვეული. ძალიან კომფორტული ადამიანია. რაღაც შეიძლება უნდოდეს, მაგრამ თუ იცის, რომ ვერ შევუსრულებ, პრობლემას არ შექმნის.

– გიორგი თავისი ხასიათისა თუ გამონათქვამების გამო ხშირად ექცევა ყურადღების ქვეშ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიასაც კი იწვევს. თქვენ როგორ რეაგირებთ ამ ყველაფერზე?

ნია: გიორგის ვინც ცუდად მოიხსენიებს, მზად ვარ, ხელი დავარტყა. ასეთი დამოკიდებულება მაქვს გიორგისა და ნიკა გვარამიასადმი. მეგობრები წამიშლია “ფეისბუქიდან” იმიტომ, რომ ამ ადამიანებზე ნეგატიური აზრი გამოუთქვამთ.

დათა: რა თქმა უნდა, გიორგის გარშემო ატეხილ ამბებს ყოველთვის განვიცდი. მაქვს ჩემი “შავი სია”, სადაც არიან ის ადამიანები, რომლებიც გიორგის მისამართით გამოხატული დაუმსახურებელი აგრესიის გამო ჩემი მტრები გახდნენ. გიორგის ვერაფრით ავნებენ, ის სხვა ფსიქიკის და სხვანაირად სტაბილური ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მე სხვანაირი ტიპაჟი ვარ და შეიძლება გიორგის მსგავსად ეკრანზე ის არ ვთქვა, რასაც ამბობს, არასოდეს მითქვამს, რომ მან შეცდომა დაუშვა. ყოველთვის გვესმის მისი და ვეთანხმებით.

ნია: გიორგის ნებისმიერ საქციელს ლოგიკური ახსნა მოეძებნება. მეც ვთვლი, რომ ხანდახან საჭიროა ხალხს შემოულაწუნო, რომ რაღაცას ყურადღება მიაქციონ.

 ავთო ჩიტიძე, სარკე