ეკა ჩხეიძე: ,,მე და ჩემი ქმარი ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ქვეყანას მირჩევნია”

ეკა ჩხეიძე: ,,მე და ჩემი ქმარი ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ქვეყანას მირჩევნია"მსახიობი ეკა ჩხეიძე თავის პირად ცხოვრებაზე ,,კვირის პალიტრასთან” ყვება:

– ცოტა ეჭვიანი ვარ, მარტივად არაფერს ვიჯერებ. ადრე უფრო მიმნდობი ვიყავი. ახლა რაღაცას განა იმიტომ არ ვიმჩნევ, რომ ყურსა და თვალს მიღმა გავატარებ, არამედ იმიტომ, რომ ვცდილობ, გული არ მეტკინოს. ახალგაზრდობაში ბევრი მეგობარი მყავდა, ახლა გაიცხრილა, ვიღაცას შეეშალა, ვიღაცამ გული გატკინა… ამის გამო დისტანციური გავხდი ადამიანებთან. ძალიან მინდა, ცოტა უფრო გულგრილი ვიყო რაღაცების მიმართ, მაგრამ არ გამომდის, ძალიან ემოციური ვარ.

– ჭორებზე როგორ რეაგირებთ?
– იჭორაონ და იყვნენ, რა ვქნა…

– ბევრჯერ გყვარებით?
– ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში სამჯერ თუ ვიყავი შეყვარებული. სულ მყავს ობიექტი, რომლისთვისაც ვიპრანჭები. ქალს სჭირდება ადამიანი, რომლისთვისაც ღირს, რომ თვალები უბრწყინავდეს.

– ძლიერი ქალი ხართ?
– არა. არც მინდა ვიყო ძლიერი ქალი, მირჩევნია, გვერდით ძლიერი მამაკაცი მეგულებოდეს. როცა ასე არ ხდება, მაშინ თვითონ ხდები კაცივით ძლიერი. ზოგი ხასიათით არის ძლიერი. ჩემი შვილი,­ ინანო, ასეთია – ლიდერია, გამტანი. მე სადაც არ მელოდებიან, იქ კარზე არ დავაკაკუნებ, ეს კი წიხლით შეანგრევს და ბევრად მეტსაც აღწევს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ასეთი ხასიათის გამო ბევრს ჩამოვრჩი, თუნდაც თეატრში როლები რომ ავიღოთ, ვერც ერთ რეჟისორს ვერ ვეტყვი, მათამაშე ესა და ეს როლი-მეთქი.

– ამბობთ, რომ საუკეთესო ურთიერთობა გაქვთ მეუღლესთან, თუმცა წლებია ერთად არ ცხოვრობთ.
– ათი წელია, რაც ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ყველას მირჩევნია ქვეყანაზე. მე ეგეთ ადამიანს არ შევხვედრივარ. ალბათ ამიტომაც არ მიყვარდება არავინ… უკეთესი­ ვერც მან ნახა და ვერც მე. ჩვენ შორის არც კატას გაურბენია, არც მესამე პირს, ისე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ოცი წლის თანაცხოვრების შემდეგ. თავისუფლება მივანიჭეთ ერთმანეთს და მეტი არაფერი. აბსოლუტურად თავის თავზე აქვს აღებული ის პასუხისმგებლობა, რაც უნდა ჰქონდეს მეუღლეს და მამას. მოკლედ, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც გვქონდა ერთად ცხოვრების პერიოდში, ოღონდ… უკეთესი.

– თქვენი დიდი ოჯახი ტრადიციულად ერთ საქმეს ემსახურებოდა თაობების განმავლობაში.
– ურთიერთობებში ტრადიციული არასოდეს ყოფილა ჩვენი ოჯახი. ახალი წელი გვაქვს ისეთი სასაცილო, – ვინ ვისი შვილი, ცოლი და ქმარია, ვერ გაიგებ, ჩვენ რომ ვიკრიბებით, მაგრამ ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს. საქმის ერთგულება კი ნამდვილად მოგვდევს ტრადიციულად.

– თქვენც ტრადიციულობის გამოძახილით აირჩიეთ პროფესია?
– მედიკო ჩახავას ძალიან უნდოდა, რომ მსახიობი ვყოფილიყავი. შენ ძალიან მგავხარო. სკოლის მოსწავლეს სულ თან დამატარებდა, რომ შემყვარებოდა მსახიობობა. ერთხელ ინტერვიუში თქვა კიდეც, ეკა, რა თქმა უნდა, ჩემი საქმის გამგრძელებელი იქნებაო და მე გადავირიე, ასე რატომ თქვი-მეთქი. ნახავ ასე თუ არ იქნებაო, მითხრა. პროტესტის ნიშნად ხან ხატვა დავიწყე, ხან ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლა, ხან ექიმობა მინდოდა… თეატრალურის გამოცდებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი, დედაჩემმა მითხრა, სინჯე, მიშა თუმანიშვილს აჰყავს ჯგუფი,­ თუ არ მოგეწონება, წამოსვლას ვინ დაგიშლისო. მეც ვსინჯე და დღესაც ამ გზას მივუყვები.

კვირის პალიტრა